"შტანგისტმა ძალოსნობის გამო ხელში ცოცხი ავიღე და თბილისის ქუჩებს ვასუფთავებ"
19 წლის ზურაბ ბალიაშვილი წარმოშობით გორიდან არის, თუმცა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ძალოსანია, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარჯიშობს და უკვე წარმატებებიც აქვს - საქართველოს ორგზის პრიზიორია. პატარაობიდანვე ხატწერით დაინტერესდა და სამების სამრევლო სკოლაში ხატმწერის პროფესიას ამჟამადაც ეუფლება. პარალელურად კი "თბილსერვის ჯგუფშია" დასაქმებული. მის ასაკში ბევრი ვერ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და არც მასავით მიზანდასახული არ არის, რაც მართლაც სამაგალითოა.
- ხატწერით როდის დაინტერესდი?
- ბავშვობიდან დავინტერესდი. ბებო მორწმუნე ქალია და მირჩია, რაკი ხატვა გეხერხება, მოდი, ესეც ისწავლეო. 13 წლისამ დავიწყე ხატწერის შესწავლა, ახლა ჩემი ხელფასით ვყიდულობ მასალებს. 11 წლის უკვე მედავითნე ვიყავი და ჩემს მოძღვარს ტაძრის მშენებლობაში ვეხმარებოდი, პატარა წვლილი მეც შევიტანე. სამების სამრევლო სკოლაში 2019 წელს განვაახლე სწავლა და მაცხოვრის 3 ხატი დავწერე. ახლა ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსის, საკვირველმოქმედი სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატს ვწერ. სხვათა შორის, ეს საქმიანობა ძალიან მეხმარება სპორტში. ხატწერის დროს მშვიდი და გაწონასწორებული უნდა იყო, ლოცვით უნდა წერდე ხატს. მერე ასეთი დამშვიდებული მივდივარ დარბაზში და იქ თითქოს შეუპოვარი ვხდები. ვაკვირდები, რომ რაც უფრო მშვიდად ვარ, მით უფრო კარგად ვვარჯიშობ. ძალიან მინდა ერთი ტაძარი მაინც მოვხატო, ხატწერაში ძვირფასი თვლები გამოვიყენო და წმინდა გიორგის ხატი დავწერო, ლომისის სალოცავს რომ შევწირო. მიზნად მაქვს, სპორტში სერიოზულ წარმატებებს მივაღწიო.
- მაინცდამაინც ძალოსნობამ რატომ მოგხიბლა?
- ბავშვობაში ბიჭები ხშირად ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და ვინც უფრო დიდსა და მძიმე ქვას დაძრავდა, გამარჯვებულიც ის იყო. მე გამხდარი ვიყავი, მაგრამ მაინც არ მეშინოდა და ყველაზე დიდ ქვებს ვეჭიდებოდი. ლაშა ტალახაძის ერთ-ერთ გამოსვლას რომ ვუყურე, მომეწონა, დავინტერესდი სპორტის ამ სახეობით და რატომღაც ვიფიქრე, რომ მეც წარმატებას მივაღწევდი. ადრე რაგბიზე დავდიოდი, მაგრამ გუნდურმა თამაშმა არ მომხიბლა, მარტო მინდა ყველაფრის მიღწევა. ერთხელ ვინატრე, ღმერთო, სპორტის ისეთ სახეობაში მომახვედრე, წარმატებას რომ მივაღწიო-მეთქი. მალევე შემთხვევით გელა მახარაშვილს შევხვდი დარბაზში და ვუთხარი, ჩემს ძმას უნდა თქვენთან მოსვლა და იქნებ ვარჯიში დააწყებინოთ-მეთქი. თუ გინდა, შენც იარეო. ჩემმა ძმამ რამდენიმე თვე იარა, მე კი დავრჩი.
- წარმატების მისაღწევად მთავარი რა არის?
- მონაცემები კი მაქვს საიმისოდ, მაქსიმალური შედეგები რომ დავდო ძალოსნობაში. პირველ რიგში, გჭირდება ბევრი შრომა, ვარჯიში და მწვრთნელის თანადგომა, რაც ნამდვილად მაქვს და რაც დიდი სტიმულია ჩემთვის. შემდეგ უკვე მონდომებაა, მადლობა ღმერთს, რომ მონდომებულიც ვარ. ჩემი მწვრთნელი, გელა მახარაშვილი სწორედ ჩემი შრომისმოყვარეობით მარჩევს და მხარში მიდგას, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. ვხუმრობ ხოლმე, შტანგისტმა ძალოსნობის გამო ხელში ცოცხი ავიღე და თბილისის ქუჩებს ვასუფთავებ-მეთქი. ჩემი მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ. საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს, ამიტომაც ჩემი სახსრებით გამაქვს თავი, თუმცა ძალოსნობის ფედერაცია ყურადღებას გვაქცევს. მადლობლები ვართ კახი კახიაშვილის, სავარჯიშოდ ახალი აღჭურვილობა რომ გვაქვს.
- დატვირთული გრაფიკი გაქვთ სპორტსმენებს. როგორ ასწრებ ამდენი საქმის კეთებას?
- ყოველდღე ვვარჯიშობთ კვირის გარდა, დღეში 3-4 საათს. მაისში საქართველოს ჩემპიონატია და ამისთვის მაქსიმალური დატვირთვით ვემზადები. მინდა პირველი ადგილი ავიღო და საქართველოს ჩემპიონი გავხდე. "თბილსერვის ჯგუფიდან" რომ არ მქონდეს ხელშეწყობა, ნამდვილად ვერ შევძლებდი ვარჯიშს. ეს კი ჩემი უფროსების დამსახურებაა - ტარიელ ჩურღულია და ილია სალია რომ არა, სპორტს ვერ გავყვებოდი.
- ახლა შენს სამსახურზე მითხარი - როგორ მიიღე გადაწყვეტილება?
- მშობლების გარეშე ვიზრდებოდი, ფაქტობრივად, ეკლესიამ გამზარდა, უფრო ზუსტად, ბებომ და ეკლესიამ. მშობლები საზღვარგარეთ იყვნენ. ბევრი რამ გამოვიარე... სკოლა რომ დავამთავრე, 2 არჩევანი მქონდა - ან სწავლა უნდა გამეგრძელებინა, ან სპორტს გავყოლოდი, მაგრამ თუ არ ვიმუშავებდი, ვარჯიშს ვერ შევძლებდი. მე ხომ უამრავი საკვები დანამატი, კარგი კვება მჭირდებოდა, გარდა ამისა, ჩემი ჯიბის ფულიც მინდოდა. კონსულტანტად რომ დამეწყო მუშაობა, გრაფიკის გამო ვეღარც ვივარჯიშებდი, ვეღარც ვისწავლიდი. წირვაზე რომ მივდიოდი, ვხედავდი, მეეზოვეები ქუჩებს როგორ ასუფთავებდნენ. ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს და მაშინ გადავწყვიტე, - მოდი მეც დავიწყებ მუშაობას, თან ჩემს ქალაქს დავეხმარები და დავასუფთავებ, თან საკუთარ თავსაც გამოვადგები-მეთქი. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ოჯახის წევრებს რომ ვუთხარი, მამაჩემმა, - ახალგაზრდა ბიჭი ხარ, საქორწინო და მანდ რა გინდაო? ბებომ, მანდ პატიმრებს ამუშავებენო. დედას ეწყინა, საერთოდ არ მცემდა ხმას. ჩემს მეგობარს, თათიას რომ ვუთხარი, მე მაგისთვის ვერ გაგიმეტებო, მითხრა. მოკლედ, ჩემ გარშემო არავის მოეწონა ეს აზრი, ეჭვით შეხედეს ჩემს გადაწყვეტილებას. მწვრთნელმაც, - ვეღარ ივარჯიშებ, თუმცა შენი გადასაწყვეტიაო. მოკლედ, განცხადება დავწერე, მაგრამ 2 თვის განმავლობაში პასუხი არ მიმიღია, მერე პირადად ვნახე ბატონი ილია სალია, რომელმაც მითხრა, რომ ყოველთვის ხელს უწყობდა სტუდენტებს და მეც დამეხმარებოდა. ასე დავიწყე მუშაობა მეეზოვედ. ჩემი უფროსები ისე მიფრთხილდებიან და ისე ზრუნავენ ჩემზე, მგონი, საკუთარი მშობლები არ ზრუნავენ ასე.
- უხერხულობის მომენტი ხომ არ გქონდა?
- კი, სხვათა შორის, თავიდან ძალიან მრცხვენოდა. ისიც კი გამიფიქრებია, ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი ნაბიჯი გადავდგი-მეთქი, მაგრამ ასე არ არის. ყველაზე სწორი ნაბიჯი მაშინ გადავდგი, როდესაც მუშაობა დავიწყე. დავფიქრდი და გავაანალიზე, რომ სამარცხვინო ამაში არაფერი იყო და ეს კომპლექსიც მომეხსნა - სახეც გამოვაჩინე, მანამდე ნიღაბი მეკეთა; ქუდიც მოვიხადე და ასეთი პატარა ბიჭი რომ დამინახეს, ყველა პატივისცემით განეწყო. მცნობენ, მესალმებიან, კმაყოფილები არიან, რომ მათი უბანი ყოველთვის დაწკრიალებულია და თვითონაც უფრთხილდებიან იქაურობას. ძალიან რთული სამუშაოა, იოლი ნამდვილად არ არის. დილით ადრე ადგომას უკვე მივეჩვიე. ყოველდღე 6 საათზე ვდგები, ლოცვებს ვკითხულობ, 7-ის ნახევარზე უკვე სამსახურში ვარ და ჩემს უბანს ვაწესრიგებ. ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, ძირს რომ არ უნდა დაყაროს ნაგავი, რაზეც გული მწყდება.
დილის 7-ის ნახევრიდან 9-ის ნახევრამდე ვმუშაობ. კოლეჯშიც ვასწრებ მისვლას, მერე კოლეჯიდან - ხატწერაზე, ხატწერიდან - ვარჯიშზე. 9 საათზე ვამთავრებ ყველაფერს და ისეთი დაღლილი ვბრუნდები სახლში, არაფრის თავი აღარ მაქვს, მაგრამ მაინც არ ვემდური ბედს. ვიცი, ყველაფერი უკეთესად იქნება - სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივ კოლეჯში მეორე კურსზე ვარ და სამომავლოდ, ძალოსნობის მწვრთნელიც ვიქნები.
- წარმატებები!
ნინო ჯავახიშვილი