"თავქარიანი ბიჭი ვიყავი" - გზაპრესი

"თავქარიანი ბიჭი ვიყავი"

"ამბიციური, კარიერისტი და ამაყია. მას აქვს საოცარი ნიჭი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს. უყვარს საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება. მისი აზრით, მთელი ცხოვრება საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება. პირველსავე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი შოუმენ გიორგი გაბუნიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიურ პროგნოზს ხშირად არ ვკითხულობ, მაგრამ როცა ხელში ჩამივარდება, ყოველთვის ვეცნობი. ეს მეცნიერება მაინტერესებს. ნიშნის დახასიათებიდან ჩემს ხასიათს ბევრი რამ მართლა ემთხვევა.

- საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება გიყვარს?

- ჩემი აზრის გამოხატვა მიყვარს. შესაძლოა, ეს ვინმემ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრებად აღიქვას. ეს თვისება ბავშვობიდან მაქვს. უაზროდ არასდროს არავის ვეწინააღმდეგები. ვაღიარებ, მომწონს, როცა ჩემს შთაბეჭდილებებსა და აზრებს სხვას თავს ვახვევ, სულ მაქვს სურვილი მიჯერებდნენ.

- "მასთან ურთიერთობისას, ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ".

- ჩემს ხასიათში სპონტანურობა ერთ-ერთი დომინანტი თვისებაა. ხომ გაგიგია, რომ ამბობენ, ამას "შვიდი პარასკევი აქვსო". მეც ადამიანების ამ კატეგორიას განვეკუთვნები. მიყვარს, როცა მომავალს ვგეგმავ, მაგრამ მომენტში შეიძლება ისეთი გადალაგებები გავაკეთო, თავად ჩემთვისაც კი მოულოდნელობა იყოს. ხშირ შემთხვევაში, კმაყოფილი დავრჩენილვარ, გამმართლებია და მერე მიფიქრია, როგორც დაგეგმილი მქონდა, ისე რომ გამეკეთებინა, ასეთ კარგ შედეგს ვერ მივიღებდი-მეთქი. იმპროვიზაცია და სპონტანურობა მიყვარს, ამაზე უარს არც შოუს წაყვანის დროს ვამბობ.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- "სხვისთვის".

- ასტროლოგებისთვის ეს სიტყვაა "ცნობისმოყვარე".

- ცნობისმოყვარე ვარ, მაგრამ ძალიან - არა. მთელი ჩემი ცხოვრება სულ სხვაზე ზრუნვაა, სხვისი კარგად ყოფნის სურვილია; სხვისი სიხარულით, წარმატებით გახარებაა. როცა სხვას ვასიამოვნებ, ამით ყველაზე დიდ სიამოვნებას თავად ვიღებ. ცხოვრებაში პრობლემები ყველაზე ხშირად, სხვისთვის გაკეთებულის გამო მქონია. პერიოდულად ამისთვის საკუთარ თავს ვეჩხუბები, მაგრამ მაინც ვერ გადავეჩვიე, ეს თვისება ისე მყარადაა ჩემში გამჯდარი.

- "როგორც კი ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს, მერწყული იმ ნივთისა თუ ადამიანის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს, რაც მგრძნობიარე პიროვნებას შესაძლოა შეურაცხმყოფლად მოეჩვენოს".

- ეს ძალიან ცუდი თვისებაა, ადრე მქონდა და კიდევ კარგი, აღარ მაქვს. როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა. ამ დროს საკუთარი თავი მეზიზღებოდა. ყოველთვის ვცდილობ, სხვას გული არ ვატკინო. ამას შეგნებულად არასდროს ვაკეთებ. ინტერესის დაკარგვის შემდეგ მიწევდა თამაში, ვითომ მიყვარდა და ეს კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში მაყენებდა. ვცდილობდი, ურთიერთობა ისე დამემთავრებინა, მისთვის ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო; მოვქცეულიყავი ცუდად, რომ იმას ეთქვა "წადი". მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. სხვათა შორის, მსგავსი დამოკიდებულება ნივთების მიმართ არასდროს მქონია.

GzaPress

- "მისი აზრით, მთელი ცხოვრება საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება". - აბა რა. სულ ვფიქრობ, სულ ვეძებ, სულ ამოხსნას ვცდილობ. ჩემში ეს თვისება არ მომწონს, მღლის, მარტივი გადაწყვეტილებების მიღებასაც კი მირთულებს.

- "ყველაფერი ძველი დრომოჭმულად და გამოუსადეგრად მიაჩნია, ყველაფერს ახალს და გამოუცნობს პირველი აღიარებს".

- სიძველეები მიყვარს, ვეტრფი, თუნდაც ადამიანური და მატერიალური თვალსაზრისით. ხშირად ვამბობ, სოფლის კაცი ვარ-მეთქი. მიყვარს სოფელი, ძველი იმერული ოდები, ბუხარი, სუფრასთან უფროსებთან ერთად ჭიქა ღვინის აწევა. იქ ძველ სიმღერებს მღერიან, ამ ყველაფერზე ვგიჟდები. ამავდროულად ასეთივე სიმძაფრით მიყვარს სიახლეები. არასდროს არც ერთ გამოწვევაზე უარს არ ვამბობ. გამოწვევებს რომ დავეფრთხე და შევეშინებინე, დღეს იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ.

- "მიუხედავად იმისა, რომ მას გარს უამრავი ნაცნობი ახვევია, მეგობარი თითქმის არ ჰყავს".

- სისულელეა, ბევრი მეგობარი მყავს.

- "მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია. არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ძნელია აზრი შეაცვლევინო".

- თუ ადამიანი მიყვარს, მასთან გარკვეულ დათმობებზე ყოველთვის მივდივარ, მაგრამ ეს ყველაფერზე თავის დახრას არ ნიშნავს. მიყვარს, როგორც ვამბობ, ყველაფერი ისე რომ კეთდება, მაგრამ თუ განსხვავებულ აზრს ვისმენ და ვხვდები, ის აზრი უკეთესია, ამ დროს დათმობაზე წასვლა რთული სულაც არ არის. ყველაზე მეტად რაც მაშინებს, ეს თავისუფლების შეზღუდვაა. ამის ფობია მაქვს, თან - ძალიან მძაფრად. ჩარჩოებში ყოფნა სულს მიხუთავს. ხომ მაგარია, შეყვარებული რომ ხარ, მასაც უყვარხარ. მადლობა ღმერთს კარგი ადამიანი ვიპოვე. მინდა ოჯახი შევქმნა, მაგრამ თან თავისუფლების შეზღუდვის ალბათობა მაშინებს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამ თვალსაზრისით, იდეალური მდგომარეობა მაქვს.

- "ის პირველსავე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს".

- ადამიანის გაშიფვრა ძალიან მარტივად და მალე შემიძლია, ეს ცხოვრებამ მასწავლა. 10 ადამიანიდან შემიძლია 8 ზუსტად გამოვიცნო, რისი გამკეთებელია, როგორია და მისგან რას უნდა ველოდო. ინტუიციაც მიწყობს ხელს.

- მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილება შენი სუსტი წერტილია?

- ეს წარსულში დავტოვე. თავზე ხელაღებული ბიჭი ვიყავი, სულ საკუთარ სიამოვნებაზე ვფიქრობდი, ოჯახს არაერთხელ ვაწყენინე. ალკოჰოლს ვიღებდი, ხან სად ვიყავი, ხან - სად.

- ნარკოტიკი იყო შენს ცხოვრებაში?

- არასდროს. მავნე ჩვევებში მხოლოდ ალკოჰოლსა და თავქარიანობას ვგულისხმობ. დღეს ალკოჰოლს იშვიათად ვიღებ, აღარ მჭირდება, უალკოჰოლოდ ქეიფიც შემიძლია.

- "მერწყული იშვიათად ტყუის საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას და მოსწონს გოგონები, რომლებიც მისთვის გამოცანად რჩებიან".

- ნამდვილად ასეა. ორ ადამიანს შორის ურთიერთობაში ტყუილი არ უნდა იყოს, ეს საშინელებაა. სჯობს მწარე იყოს, ოღონდ სიმართლე მითხრა, ასე მირჩევნია. ჩემთვის გოგო პატარა დოზით მაინც თუ არ არის ამოუცნობი, ურთიერთობას უინტერესოს ხდის. ეს პატარა "აღმოჩენები" ურთიერთობას აცოცხლებს, საჭიროა. თუ მისი ყველა ნაბიჯი ვიცი, სულ ბანალურია, ინტერესი დამეკარგება. ახლა ძალიან მაგრად ვარ.

- "ის უყვარს, რაც ცხრაკლიტულშია. რაც მეტად წვალობს საიდუმლოების ამოხსნაზე, რაც მეტია იდუმალება, უკეთესია".

- არ ვიცი, აბა, რა გითხრა? სიმარტივეში საინტერესოს ვერაფერს ვხედავ. მარტივად მიღწეულიც უინტერესოა. მიზნისთვის რაც უფრო მეტს ვწვალობ, მეტ რამეს ვაკეთებ, ის უფრო მეტად მეძვირფასება.

- "ეჭვიანი არ არის".

- მართალია.

- როგორ ფიქრობ, რის ხარჯზე ხარ წარმატებული?

- ესაა შრომა, ნიჭი და გამართლება...

- "ის ამბიციური, კარიერისტი და ამაყია".

- კარიერისტი ნაკლებად ვარ, ამბიციური - უფრო მეტად. შეიძლება ურთიერთგამომრიცხავ რამეს ვამბობ, მაგრამ გულწრფელი ვარ.

- "მას საკუთარ თავზე მითების შექმნაც ხშირად სჩვევია".

- არა, მაგრამ როცა სხვები ჰყვებიან, "მისწორდება". სულ მაინტერესებს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ირგვლივ მყოფი ადამიანები ჩემზე რას ფიქრობენ. სულ ვცდილობ, კარგი რაღაცები ვაკეთო, რომ კარგი ილაპარაკონ. ჩემთვის შექება ყოველთვის დიდი სტიმულია.

- გულუბრყვილო ხარ?

- ნაკლებად. გულჩვილი ვარ, შეიძლება სხვას არ დავანახვო, მაგრამ ჩემთვის ჩუმად, სადღაც გავიდე და ვიქვითინო.

- შენი მოტყუება ადვილია?

- უფ! აბა, ვინმემ სცადოს.

- "მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, საამისოდ ჩაცმის ორიგინალურ სტილსა და უჩვეულო ვარცხნილობასაც მიმართავს".

- მართალია, ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან მიყვარს და მომწონს, მაგრამ ამ ფორმით ყურადღება არასდროს მიმიქცევია.

- "მას ღრმად სწამს, რომ მართალია და მასზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ გააკეთოს".

- ეს თვისება მცირე დოზით მაქვს.

- აგრესიას ხშირად ავლენ?

- იშვიათად.

- აგრესიული რა დროს ხდები?

- ვერ ვიტან, მეზიზღება, როცა ადამიანს კარგად ექცევი, სულით, გულით მასზე ზრუნავ და ის გულს გტკენს. უმადურობა საშინელებაა. ჩემს თავს ვეჩხუბები, ჭკუა როგორ ვერ ვისწავლე? თან არავის უნდა გადაჰყვე, ეს ვიცი, მაგრამ არ გამომდის...

- იმ ადამიანს არ ეჩხუბები?

- მასაც ვეჩხუბები, მაგრამ უფრო მეტად - საკუთარ თავს. უმადურობა და დაუნახაობა ყველაზე მეტად მაღიზიანებს.

- "მას აქვს საოცარი ნიჭი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს".

- ეს "გზის" მკითხველმა განსაზღვროს.

- "ის კარგად ფლობს საკუთარ სისწორეში სხვების დარწმუნების ხელოვნებას".

- მართალია, მეგობრები ხშირად მეუბნებიან, მკვდარს გააცოცხლებო. საერთო ენის გამონახვა ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია, მერე მათი უმრავლესობის - ჩემს აზრზე "დასმა".

- "მას აქვს ნიჭი ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავოს".

- ასე არ არის, მაგრამ ძალიან მინდა, ეგ ნიჭი მქონდეს.

თამუნა კვინიკაძე