"ძალიან ძნელია, როცა იცი, რომ მუხა გყავდა გვერდით და აღარ არის"
font-large font-small
"ძალიან ძნელია, როცა იცი, რომ მუხა გყავდა გვერდით და აღარ არის"
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში

საახალწლო ზეიმის დროს საახალწლო განწყობა ჰქონდა და იმ დღეს მხიარულად ატარებდა, მაგრამ საერთოდ, სცენაზე ყოველი გასვლის წინ ნერვიულობდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს სკოლის დარბაზი იქნებოდა თუ სხვა, დიდი დარბაზი. "მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სრულად 5 წლისაც არ ვიყავი, როცა სცენაზე დავდექი და მას მერე სცენაზე ვარ, ნერვიულობაც ყოველთვის მახსენდება", - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.


- ე.წ. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით, სადაც ბავშვები ერთად ვერთობოდით და ძალიან ვმხიარულობდით. სასაცილოები ვიყავით: ხან გოზინაყს მოვიპარავდით, ხან სხვა სასუსნავს, დავრბოდით და ყველა ოჯახში ცხვირს ვყოფდით. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, თქვენ არ იცით, მე რა სევდა მიპყრობდა. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები სევდის მიზეზს მეკითხებოდნენ. რატომღაც ბავშვობიდან გაცნობიერებული მქონდა, რომ მიმავალი წელი აღარასოდეს დაბრუნდებოდა, ამას ვდარდობდი, ოღონდ დღემდე ასე ვარ... მინდა, ძალიან ჩქარა გაიაროს ხოლმე საახალწლო დღეებმა, რომ მალე შევეგუო წინა წლის წასვლას. ცოტა უცნაურია, მაგრამ ასეა.
- რომელიმე გამორჩეული ახალი წელი გაიხსენეთ.
- ნებისმიერი ახალი წელი, როცა ოჯახის ყველა წევრი სახეზე მყავდა, ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული გვქონდა ერთმანეთის მიმართ და რაც მთავარია, ჩემს ოჯახში დაამკვიდრეს ტრადიცია, რომ 12 საათს სახლში უნდა შევხვდეთ, არ უნდა დავუკეტოთ კარი ახალ წელს! ამ ტრადიციას დღემდე არ ვღალატობ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საკმაოდ მაღალი ჰონორარი შემოუთავაზებიათ. ახალი წელი თითოეულ ოჯახში უნდა შემოვიდეს ისე, როგორც შობას - ანთებული სანთლებით. 1990 წელს შევხვდი გამორჩეულად იმიტომ, რომ დედა გავხდი, მარიამი 9 დეკემბერს დაიბადა - საოცარი განწყობა მქონდა. 1991 წლის 9 დეკემბერს უკვე კოკო გაჩნდა. ეს ორი წელი არის ჩემთვის განსხვავებული და განსაკუთრებული.
- "მზიურის" გასტროლების დროს, ახალ წელს უცხოეთში არ აღმოჩენილხართ?
- ჩემი გოგოები ახალ წელს საზღვარგარეთ შეხვედრიან, მაგრამ მე ზოგადად გასტროლები არ მიყვარდა. ძალიან ხშირად სხვადასხვა მიზეზს ვიგონებდი კიდეც, რომ არ წავსულიყავი. თუ ვიცოდი, რომ ახალ წელს სხვა ქვეყანაში უნდა შევხვედროდი, ამ დროს ხომ საერთოდ არ მივდიოდი. ასე რომ, "მზიურსაც" ვღალატობდი.
- ნაძვის ხის აწყობა თქვენთვის რიტუალია?
- ნამდვილად რიტუალია. საერთოდ, ძალიან მენანება მოჭრილი ნაძვი, მაგრამ ვეგუები, რადგან უკვე გამეტებულია. იყოს ჩემს სახლში, სადაც ბევრს მოვეფერებით. ამიტომ წელსაც ასე გავაკეთე. მამაჩემი ყიდულობდა ნაძვის ხეს და იმის გარდაცვალების მერე, მე გავაგრძელე ტრადიცია. ძალიან სასაცილოა, როცა ნაძვის ხე მაქვს მანქანაზე შემოდებული და მომაქვს, თუმცა მთავარია მისი ატანა ბინაში. ამაში ჩემი შვილი და მისი მეგობრები მეხმარებიან. ზოგჯერ, ვისგანაც ვყიდულობ ნაძვს, იმათ მოაქვთ. ჩემთვის რიტუალია მისი მორთვა, ყოველ წელს განსხვავებულად, განწყობის შესაბამისად ვრთავ. არ ვაქცევ ყურადღებას ასტროლოგების მიერ დასახელებულ, მომავალი წლის აქტუალურ ფერებს. თუმცა, ძალიან ხშირად ემთხვევა მათ რჩევებს ჩემი სათამაშოების ფერები. ე.ი. გაცილებით ადრე, შინაგანი განწყობით არჩეულ ფერებს ვიყენებ. ჩემთვის ნაძვის ხის გაწყობა უდიდესი სიამოვნებაა. ამაში უკვე ჩემი შვილიშვილი ელენეც ჩაერთო. წელს რატომღაც არ მინდოდა განათებების გამოყენება, ამიტომ ცისფერ-ნაცრისფერ-თეთრი ფიგურებით მოვრთე. ელენემ თქვა: რა აზრი აქვს სახლში ნაძვის ხის ქონას, თუ ის არ იკაშკაშებსო? ამიტომ იძულებული გავხდი და განათება დავამატე (იცინის).
- ორი ნაძვის ხე რომ დადგათ ხოლმე?
- დიდი ნაძვი მე შევიძინე და ორი ულამაზესი - თეთრი და ოქროსფერი ნაძვის ხე მაჩუქეს. ორივე საშუალო ზომისაა, ისინიც მოვრთე და ადგილი მივუჩინე. მორთულ ნაძვის ხეებს სხვა თვალით ვუყურებ, კრიტიკულად ვაკვირდები, რა მომწონს, რა არა? მოკლედ, დიდხანს ველოლიავები. მარტო ნაძვის ხეს არა, ოთახსაც ვრთავ.
- უცნაურად მორთული ნაძვის ხე გინახავთ?
- ყველას თავისი ხედვა აქვს, მაგრამ უცნაურად მორთული არ შემხვედრია. ძირითადად მაინც, ნაძვის ხეს სათამაშოებით აწყობენ. ნაკლებად დახუნძლული და გემოვნებით აწყობილი ნაძვი მიყვარს. მაგალითად, მომწონს ჩემი დების ნაძვის ხეები, ყოველთვის ლამაზად რთავენ. მინახავს უგემოვნოდ მორთული, უბრალოდ რომ აქვს შეყრილი ყველაფერი.
- ბავშვობის საახალწლო ზეიმები მოგწონდათ?
- ნაძვის ხის ზეიმებზე ვყოფილვარ სპორტის სასახლეში, პიონერთა სასახლეში, კულტურის სახლებში. ამ ზეიმებზე კარგი განწყობა კი მქონდა, საჩუქრებსაც გვაძლევდნენ, მაგრამ მაინც სახლი მერჩივნა. არადა, იქ ლამაზი გარემო იყო: ბევრი ბავშვი ვიყავით ერთად, თოვლის ბაბუა, ფიფქია, მოდიოდნენ სტუმრები...
- რა სიმღერას ასრულებდით ახალი წლის დადგომისას?
- ჩემს სახლში აუცილებლად ისმოდა მრავალჟამიერი. მამაჩემი თვითონ იყო კაცი-ზეიმი, 14 წელია ვერ შევეგუე მის წასვლას ამ ქვეყნიდან. ძალიან ძნელია, როცა იცი, რომ მუხა გყავდა და აღარ არის. ეს როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ქართული სიმღერის საფუძველი არის ბანი, რაზეც იგება დანარჩენი ორი ხმა. ჩვენ ყოველთვის გვყავდა გარანტირებული ბანი მამას სახით და მის მერე, ძალიან გამიჭირდა. თუმცა, მრავალჟამიერი მაინც იმღერება ჩვენთან. ვთვლი, რომ მამის ტრადიციას არ ვუღალატე. მას უყვარდა და ამაყობდა ამით, ამიტომ რაღაც პერიოდი ბანს მე ვამბობდი, სასაცილო ვიყავი, მაგრამ მაინც. ახლა კოკო წამომეწია (ხმა დაუდაბლდა) და ბანს ის გვეუბნება.
GzaPress
- თქვენი შვილიშვილები თოვლის ბაბუას წერილებს სწერენ?
- ჯერ ერთ კურიოზს მოგიყვებით: მაშინ მარიამი და კოკო პატარები იყვნენ. ახალ წელს სახლში შევხვდით, მერე მე და გია სტუმრად წავედით და დილისკენ მოვედით, ბავშვებს ეძინათ. დაგვახვედრეს ისრები, რომელთა დახმარებით მივედით ნაძვის ხემდე, სადაც იდო მათი წერილები კონვერტებში. კოკო კომპიუტერს გვთხოვდა, რაც მაშინ ძვირი სიამოვნება იყო და საგონებელში ჩაგვაგდო, მაგრამ მარიამის წერილი ისეთი სასაცილო იყო. ეწერა: ძვირფასო თოვლის ბაბუა, გილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარი... (და კიდევ, დიდი სურვილების ჩამონათვალი). მე ძალიან მინდა მომიტანო თოჯინა, რომელიც ძალიან ჰგავს ნამდვილ ბავშვს (ახალი შემოსულია ბარბის თოჯინები). შემდეგ ერთი ხაზი გამოტოვა და ქვედა ხაზზე დაუწერია: თოვლის ბაბუა, ვიცი ძალიან იღლები და თუ ვერ მოახერხე თოჯინის შეძენა, ამ კონვერტში 30 ლარი ჩადე და მე თვითონ ვიყიდი (იცინის). მე და გიას რა დაგვემართებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ... რა თქმა უნდა, თოვლის ბაბუამ შეძლებისდაგვარად შეუძინა, რაც უნდოდა.
ახლა ჩემი შვილიშვილები ელენე და მარიამი სწერენ წერილებს თოვლის ბაბუას და ისინიც ახალი წლის ღამეს იღებენ საჩუქრებს. კალათაში დევს ეს საჩუქრები და სახელი აწერია. მაგრამ საჩუქარი მარტო მათთვის არაა, ყველას ეკუთვნის სანტასგან. კარგი ტრადიციაა, რადგან ბავშვებიც ფიქრობენ იმაზე, თუ რა მოუმზადონ უფროსებს, რათა ასიამოვნონ. მარტო პატარები არ არიან გამორჩეული და ცოტა ეგოისტური მომენტი, რომ მხოლოდ პატარებზე ზრუნვაა საჭირო, უკვე გამოირიცხა და ეს მომწონს.
- ოჯახი როცა შექმენით, საახალწლო კერძებს თავიდანვე თქვენ ამზადებდით?
- კი, ჩემს თავზე ავიღე საახალწლო სამზადისი, თეორიულად მზად ვიყავი. ჩვენ ნოემბერში დავქორწინდით, მოვინდომე და პირველსავე ახალ წელს, ყველაფერი თავად გავაკეთე. ბავშვობაში სულ მაინტერესებდა და დედას ვუყურებდი, როცა სამზარეულოში ფუსფუსებდა. არ ვერეოდი, უბრალოდ ვაკვირდებოდი. ყველასთვის ცნობილია და აღიარებული დედაჩემის განსაკუთრებული "ხელი", როგორ აკეთებს იმავე საცივს თუ გოზინაყს...
- მეკვლედ ვინმეს ირჩევთ ხოლმე?
- მე ვარ ჩემი ოჯახის მეკვლე. თუკი მე არ შემოვდივარ პირველი სახლში, ბედობა დღეს უცნაური შეგრძნება მაქვს. და რატომ? ყოველთვის ისეთი განწყობაა, რომ როცა მეკვლე ვარ, არავის გაუჭირდება. ეს ისე მაქვს გამჯდარი სისხლსა და ხორცში, რომ ყოველთვის მინდა მეკვლეობა ვიტვირთო. ვფიქრობ, რომ ჩემნაირად არავის შეუძლია სიყვარულის გაცემა და თავდადება ოჯახის წევრების მიმართ. ამიტომ ამ საკითხს დიდ ყურადღებას ვაქცევ. მე რომ შემოვალ, მერე ვინც გინდა მოვიდეს (იცინის). იმავეს ვაკეთებ ბარბარობის დღესაც. შარშან 16 დეკემბრის საღამოს მარიამი სპექტაკლიდან დაბრუნდა და დაღლილს ჩაეძინა. მე ლობიანებს ვაცხობდი. დადგა 12 საათი და მეკვლე ხომ გვინდა? ვნახე, რომ ელენესაც სძინავს. სანთლითა და ლობიანებით ხელში სახლიდან გარეთ გამოვედი, მერე დავაკაკუნე ჩემი ბინის კარზე, შევედი და ვთქვი: შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი და მარტომ ვითამაშე გიჟობანა, რადგან ხმის გამცემი არავინ მყავდა. სასაცილო სიტუაციაში ვიყავი, მაგრამ რიტუალი მაინც ჩავატარე.
- რას ისურვებთ 2020 წლისთვის?
- პირველ რიგში, ვულოცავ მთელ საქართველოს ახალ წელს! ვისურვებ, რომ დაგვიბრუნდეს ერთმანეთის გატანის და სიყვარულის ნიჭი. ვთხოვ ყველას, წელს განსაკუთრებით გავიაზროთ, რომ ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ და ამდენი მტრობა აღარ შეიძლება.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ძაღლი თავად უნდა გყავდეს ადამიანს, რომ მიხვდე, როგორი გულთბილი არსებაა
"კარგ და პოზიტიურ ამბავშიც ცუდს ეძებენ, ეს გულს მიკლავს"
"ბევრი ადამიანი ხაფანგს დაგიგებს, გეტკინება, მაგრამ ყველაფერი უნდა გადალახო"
"მამამისმა მისი ემოციების ამსახველი ვიდეო გამომიგზავნა..."
"უხერხულია, როგორ შეიძლება, ეს შეკითხვა უცხო ადამიანს დაუსვა"
"მადლობა ღმერთს, რომ ვახერხებ, სცენას არ მოვწყდე!"
"კერძს რომ ვაკეთებ, ვეფერები, გულში ვლოცულობ"
რომელი ცუდი თვისება გამოასწორა ვერიკო ტურაშვილმა და რატომ არ სჭირდება სხვებისგან შენიშვნები?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი