ბევრი კომპლექსით დაჯილდოებული ადამიანი ვარ და საჯარო "ტიპობა" არ მხიბლავს - გზაპრესი

ბევრი კომპლექსით დაჯილდოებული ადამიანი ვარ და საჯარო "ტიპობა" არ მხიბლავს

"მხოლოდ ქართულის" მონაწილე ლაშა ნანობაშვილს პროფესიული მუსიკალური განათლება არ მიუღია, თუმცა სიმღერა, განსაკუთრებით ქართული, ყოველთვის უყვარდა. ამიტომაც გადაწყვიტა მეგაპროექტში მონაწილეობა. რატომ თვლის თავს ლაშა ბევრი კომპლექსით დაჯილდოებულ ადამიანად, რისი შიში აქვს და როგორი უნდა იყოს "მისი ადამიანი", ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

- სტრესული პერიოდია ჩემთვის, სულ დაძაბული ვარ. კონკურსანტის ამპლუაში არასდროს ვყოფილვარ და ვღელავ. ბავშვობიდან ვმღერი - ხან ჯანსუღ კახიძის კაპელაში, ხან სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლში, პატრიარქის გუნდშიც ვგალობდი, ტრიოშიც ვმღეროდი, კვარტეტშიც, მაგრამ მუსიკალურ სასწავლებელში არ მისწავლია. 19-20 წლიდან ამ სფეროს უკვე ჩამოვშორდი, თუ არ ჩავთვლით მაცაცო სებისკვერაძის საიუბილეო კონცერტს ჩოხატაურში, სადაც გუგა მარგველაშვილთან, ლუკა შარაშენიძესა და ლუკა ხუბულაშვილთან ერთად ვიმღერე.

- რომელი ჟანრის მუსიკას უსმენდი, თუ ყოველთვის ქართული სიმღერა გხიბლავდა?

- თითქმის ყველანაირი ჟანრის მუსიკას ვუსმენდი, მაგრამ რასაც ვმღეროდი, ეს იყო ქართული, რადგან ჩემად ვთვლიდი. ბავშვობაში ფორტეპიანოზე დაკვრასაც ვსწავლობდი ჩემით, მაგრამ მერე გიტარა უფრო მომეწონა. თვითნასწავლი გიტარისტი ვარ, მოკლედ.

- თუმცა, მშვენივრად უკრავ, გიორგი უშიკიშვილმა შეგაქო კიდეც, მახსოვს.

- კონცერტის დროს ისეთი გათიშული ვარ ხოლმე, ნაკლებად მახსოვს, ჟიურის წევრები რას მეუბნებიან; არც ის მესმის, რამდენ პროცენტს აცხადებენ და თუ დამიჯერებთ, არასდროს მინახავს არც ერთი ჩემი გამოსვლა, არც კომენტარებს ვკითხულობ. უბრალოდ მინდა, ერთხელ ღირსეულად წარვდგე მაყურებლის წინაშე, "პრესტიჟის გოლს" რომ ეძახიან, აი, ასეთი გოლი გავიტანო. თითქოს რაღაცისგან ვერ ვთავისუფლდები, არ ვიცი, რა მჭირს.

GzaPress

- რატომ, ამის მიზეზი რა არის? - საერთოდ, ბევრი კომპლექსით დაჯილდოებული ადამიანი ვარ და საჯარო "ტიპობა" არ მხიბლავს. "მხოლოდ ქართულის" პირველ სეზონში ამიკლეს მეგობრებმა, მონაწილეობა მიიღეო. მივედი და ათეულში ვეღარ გადავედი. მეორე სეზონი გამოვტოვე, არც კი მიფიქრია ცდა, მესამეზე კი რატომღაც თვითონ გადავწყვიტე, რაღაცამ მიბიძგა და პრეკასტინგზე მივედი. სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა არეულობა ტელევიზიის ირგვლივ და ვიდრე ახალი ტელევიზია შეიქმნებოდა, დიდი ხანი გავიდა. ვიფიქრე, აღარ დარეკავდნენ და გადავწყვიტე, საზღვარგარეთ წავსულიყავი სამუშაოდ. პროექტმა სულზე მომისწრო. სხვათა შორის, რამდენჯერაც ქვეყნიდან წასვლა მოვინდომე, იმდენჯერ ხელი შემეშალა. ვიფიქრე, ეტყობა, ღმერთს არ უნდა, წავიდე საქართველოდან-მეთქი. სიახლე, ახალი ცხოვრების დაწყება მინდოდა და, აჰა, ამის შესაძლებლობაც მომეცა. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. უკმაყოფილო ვარ ჩემით. აქამდე მეგონა, მხოლოდ 2 რამის მეშინოდა - სიმაღლისა და გველის. აღმოჩნდა, სცენის შიშიც მქონია. 30 წლის ვხდები და ამის შემდეგ ამ სფეროში შესაძლებლობების ცდა, ვფიქრობ, უკვე გვიანი იქნებოდა. ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ უფრო მეტი შემიძლია - თუ ვინმესთვის რამის დამტკიცება გინდა, უნდა გააკეთო, ხომ ასეა?

- როგორც ჩანს, ემოციური ხარ...

- ასეა, ნერვიულობაც არის და ნერვიულობაც, სცენაზე გავდივარ და არ ვიცი, რა მემართება. მგონი, საჭიროზე მეტს ვფიქრობ.

- ბევრი პრობლემა მქონდაო, სიუჟეტში ამბობდი.

- უამრავი, არ მინდა ბევრ რამეზე საუბარი... რამე არასტანდარტული, რაც სხვას არავის გადახდენია, ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. უბრალოდ, ბევრი პრობლემა ერთად დაგროვდა და თან დიდხანს გაგრძელდა ეს პერიოდი, არა და არ დასრულდა. ალბათ ამომეწურა ენერგია, დენთიც, მაგრამ ვცდილობ, ნაპერწკალი მაინც არ ჩაქრეს. ერთხელ თუ ავივსე, მაგ მომენტს აღარასდროს გავუშვებ და აღარ "დავიცლები".

- ვინ გყავს ოჯახში, შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?

- ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედაა. რამდენიმე თვის წინ წავიდა იტალიაში და იშვიათად ვსაუბრობთ ამ პროექტზე, ერთმანეთს არ ვძაბავთ. დედმამიშვილები არ მყავს, რადგან მშობლები წლების წინ გაშორდნენ ერთმანეთს.

GzaPress

- დედისერთა ბიჭებს განსაკუთრებით ანებივრებენ ხოლმე. შენს შემთხვევაშიც ასე იყო? - (იცინის) არც მთლად ასეა საქმე... კერძო საბავშვო ბაღში დავდიოდი, სკოლაც კერძო დავამთავრე. მაინცდამაინც გადასარევად არ ვსწავლობდი, იყო საგნები, რაც მაინტერესებდა. ამ დღებში შემეხმიანა ერთი ჩემი კლასელი - მახსოვს, ნიჭიერი იყავი, სასწაულ თემებს წერდი და მიუხედავად საშინელი კალიგრაფიისა, მაინც ათიანებს გიწერდნენო. მე-9 კლასის შემდეგ კინოხელოვნების კოლეჯში ვსწავლობდი, დრამის მსახიობი ვარ. მერე ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო სწავლა ვეღარ გავაგრძელე. ასე რომ, უმაღლესი განათლება არ მიმიღია. ამჟამად "პროფილაქტიკაში" ვმუშაობ ოსტატის თანაშემწედ, ძრავების შეკეთება ვისწავლე. "პროფილაქტიკა" ბიძაჩემისაა, ვისთანაც ბავშვობა მაქვს გატარებული, უმრავლესობა ერთმანეთის ნათესავები ვართ და ყველანაირად ხელს მიწყობენ. ახლა ავტომანქანის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას ვისწავლი და ფიზიკურად მუშაობა აღარ მომიწევს.

- როგორც ვხვდები, დაოჯახება შენს უახლოეს გეგმებში არ შედის?

- ოჯახის შექმნაზე კი ვფიქრობ, მაგრამ კონკრეტულად - არავისზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა სიმშვიდე, ოჯახი და შვილი, პასუხისმგებლობებს ამ ეტაპზე თავს ვარიდებ. ურთიერთობებში საკმაოდ მომთხოვნი ადამიანი ვარ. როცა მომთხოვნი ხარ, შესაბამისად, თვითონაც ბევრს უნდა გასცემდე. ამჟამად კი შესათავაზებელი ბევრი არაფერი მაქვს. რაც უნდა კარგად გრძნოდეს ჩემ გვერდით ვინმე თავს და არაფერს მთხოვდეს, მე ხომ ვიცი, რა სჭირდება მას და როცა ვერ ვაძლევ, ამას ძალიან განვიცდი. ისე, არასტანდარტული გოგონები მომწონს, ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ ვაფასებ ერთგულებას, ყურადღებას, პატივისცემას, სიმშვიდესა და სიყვარულს. გარეგნულად, გამხდარი, შავგვრემანი გოგოები მომწონს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ქერა მომეწონოს. რაც მთავარია, "ჩემი ადამიანი" უნდა იყოს, ჩემთვის დაბადებული.

- ლაშა, კონკურსანტებზე რას მეტყვი?

- ძალიან კარგი ადამიანები არიან, მარტო ამიტომაც ღირდა "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობა. გული დამწყდება, როცა ამ პროექტში აღარ ვიქნები და ყოველდღიური ურთიერთობა აღარ მექნება არა მხოლოდ კონკურსანტებთან, არამედ პედაგოგებთანაც.

P.S. სამწუხაროდ, ჩვენი საუბრის შემდეგ გამართული ტურის შედეგად ლაშა ნანობაშვილი კონკურსს გამოეთიშა.

ნინო ჯავახიშვილი