რას ჰყვება მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის ბავშვობაზე და სად ნახავთ თემირლანის უკანასკნელ რეკორდს - გზაპრესი

რას ჰყვება მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის ბავშვობაზე და სად ნახავთ თემირლანის უკანასკნელ რეკორდს

"თემირლანი სახელმწიფოს მიერაა მოკლული და დღემდე საქმე ვითომ გამოძიებაშია. ამ ჭორებითა და სიცრუით ხალხს თვალში ნაცარს აყრიან. სანამ ცოცხალი ვიქნები, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა და არ დაისჯებიან, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ჩვენთან საუბრისას შვილის ცხოვრებაზე, მასთან ურთიერთობაზე, სპეცოპერაციის დღესა და მის უდიდეს ტკივილზე გვესაუბრება:

- თემირლანი პროფესიულ კოლეჯში სწავლობდა ბოლო წლის განმავლობაში და იქ ყველამ იცის, როგორი ბავშვი იყო, ხეობაში კი ყველას უყვარდა, ისეთი გამორჩეული თვისებები, ბუნება და მენტალიტეტი ჰქონდა. კაცთმოყვარე, მეგობრული იყო, ძალიან უყვარდა ცხოველები და პატარა ბავშვები. მერე გავიგე, თურმე, თემირლანზე ხმები დადიოდა, ეს ახალგაზრდა დიდხანს არ იცოცხლებსო, იმდენად გამორჩეული იყო ხეობაში.

GzaPress

- რატომ ამბობდნენ ამას? რა მხრივ იყო გამორჩეული? - ადამიანებთან ადვილად შედიოდა კონტაქტში, სხვანაირი მიდგომა ჰქონდა და ყველას ეხმარებოდა. სახლში რემონტი დავიწყე, რომელიც დღესაც დასამთავრებელი მაქვს და რამეს რომ ვაკეთებდით, დედას ეუბნებოდა, რად გვინდა ამდენი რამე, ყველაფერი საკმარისად გვაქვს, ხალხი ჩვენზე გაჭირვებულია და იმათ მისცესო. ჩემთან მეტი რიდი ჰქონდა. 18 წლის განმავლობაში, არ მახსოვს, თემირლანს ჩემთვის თვალებში შემოეხედოს. მიჭირს მისი აღწერა, სხვა ბავშვებისგან ძალიან განსხვავებული იყო. რაც უნდა ბევრი ფული მიმეცა, საღამოს ყველა "კაპიკს" დაარიგებდა.

თემირლანი გვიან გაგვიჩნდა და სულ თან ვყვებოდი. ჩაცმასთან დაკავშირებით, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ბრენდული და ძვირი ტანსაცმლის ჩემზე მეტად მოყვარული შეიძლება ძალიან ცოტა ადამიანი იყოს. ასე ვარ გაზრდილი და ბავშვებსაც ასე ვზრდიდი. როცა გროზნოში ვცხოვრობდით, ყველა იმას მეუბნებოდა, ამ ბავშვებს ასეთ ძვირფას ტანსაცმელს ნუ აცმევ, მოიტაცებენ და მერე, გამოსასყიდს მოგთხოვენო. მაშინ ჩეჩნეთში დიდი ამბები იყო ხოლმე... თავისი ტანსაცმელი მეორე-მესამე დღეს უკვე გაჩუქებული ჰქონდა. საუბარი დიდად არ უყვარდა.

- გულჩათხრობილი ადამიანი იყო?

- დიახ, თუმცა, მეგობარიც ბევრი ჰყავდა, როცა წამოიზარდა, ხეობაში მისი თანატოლი ბიჭები სულ ჩვენს სახლში მოდიოდნენ. თემირლანი საკმაოდ მაღალი და ძლიერი იყო ტანად, თითქმის 2 მეტრი; 13 წლის ასაკში უკვე 194 სმ იყო. სულ ვარჯიშობდა.

მას თვალების პრობლემა ჰქონდა და ეს თავისებურ დისკომფორტს უქმნიდა. ოპერაცია გავუკეთეთ, ერთი წელიც არ იყო გასული, თვალები რომ გაახილა და სამყაროს სილამაზეს, ფერებს სრული მხედველობით შეხედა, მაგრამ ვინ დააცადა?! მოკლეს! ჩემთან მაღალი თანამდებობის პირებიც მოვიდნენ და მითხრეს, ვიცით, რომ თემირლანი დამნაშავე არ იყო, ჩატაევთან კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ ასეთი ფაქტი მოხდა და გვითხარით, რა გავაკეთოთ, რა არის გამოსავალიო? მე ვეუბნები, რომ გამოსავალი არ არის, მე ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ სახელმწიფო მედიის წინაშე არ იტყვის, რომ თემირლანი დამნაშავე არ იყო. სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული!

ოპერაციის შემდეგ, თემირლანისთვის სამი წელი არ შეიძლებოდა ვარჯიში. სხვათა შორის, გარეთ რომ აპარატები დგას, მუშტი რომ უნდა დაარტყა ბურთს, მისი დატოვებული რეკორდი ახლაცაა ფილარმონიასთან ერთ-ერთ აპარატზე.

- აღნიშნეთ, ყოველთვის საუკეთესოს ვაცმევდიო, მაგრამ მის სულიერ განვითარებაზე როგორ ზრუნავდით? რა ინტერესები ჰქონდა, რა მოსწონდა? მაგალითად, რა სახის ლიტერატურით ინტერესდებოდა?

- ძალიან უყვარდა და აინტერესებდა საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ენების სწავლის სურვილი ჰქონდა - რუსული, ინგლისური, არაბული იცოდა, ქართულადაც ნორმალურად ლაპარაკობდა. ქისტებში დიდად არ არის მიღებული მამასთან ზედმეტი გახსნილობა, პირდაპირი საუბარი. თუმცა, ვიცოდი, რომ კარგ სასიძოდ ითვლებოდა ხეობაშიც და რამდენიმე უცხოელ გოგონასაც მოსწონდა. მისთვის ნათქვამი მქონდა, მნიშვნელობა არა აქვს ეროვნებას, რელიგიას, ვინც მოგეწონება, შეგიძლია იმაზე დაქორწინდე-მეთქი.

ბოლოს, მისი სურვილი და ოცნება იყო, 19 წლის როგორც კი გახდებოდა, ავტომობილი ეყიდა და ცოლი მოეყვანა. ეს იყო მისი ოცნება.

- მორწმუნე იყო?

- ხეობაში დღეს, 90% სალაფიტია, 10% კი ტრადიციული ისლამის მიმდევარი, მათ შორის ვარ მეც. თემირლანი და ახალგაზრდობა სალაფიტური ისლამის მიმდევრები არიან. ჩემთვის ორივე მისაღებია. ლოცვის საათებსაც ზუსტად იცავდა. მას გასინჯულიც კი არ ჰქონდა სპირტიანი სასმელი, არც რაიმე სახის მოსაწევი ან სიგარეტი, რაიმე მათრობელა. პატარაობიდან რეჟიმში გვყავდა - რომელ საათზე უნდა ევარჯიშა, ეჭამა, წიგნი წაეკითხა, კომპიუტერთან რა დროს და რამდენ ხანს უნდა დამჯდარიყო, ტელეფონი რამდენი საათით უნდა სჭეროდა და ა.შ. 19 წლის განმავლობაში, ერთხელ არ მახსოვს, ჩემს შვილს ჩემთვის უკმაყოფილება გამოეთქვას რაიმეზე, ზედმეტი სიტყვა არ ახსოვს მისგან ოჯახის არც ერთ წევრს. სხვებთანაც ასეთი იყო.

სანამ მოკლავდნენ, ინგოროყვას კლინიკაში დაცვაში უნდა ემუშავა. ფორმის ზომებიც კი აღებული ჰქონდა.

GzaPress

- თემირლანი საზღვარგარეთ დადიოდა სადმე? რაიმე კონტაქტები თუ ჰქონდა? - მისი და გერმანიაში ცხოვრობდა, რამდენჯერმე მეც მოვინდომე, რომ წასულიყო და 18 წლის იქ გამხდარიყო, მაგრამ ევროპაში წასვლა არ მოინდომა. საზღვარგარეთ ერთადერთი, თურქეთში იყო, ჩემთან ერთად, სამუშაოდ. მისი ოპერაცია ძალიან ძვირი დამიჯდა, თანაც, ახლობლის მანქანით ავარია მოუვიდა, თბილისში ბიზნესიც ჩამივარდა და ფინანსური პრობლემები შემექმნა, ამიტომ, თურქეთში ორჯერ ჩავიყვანე ოცკაციანი ბრიგადა და თხილზე ვმუშაობდით. თემირლანი იქ იმისთვის წავიყვანე, რომ ემუშავა, დავსაჯე იმის გამო, ავარია რომ მოახდინა. შენი ფულით უნდა აანაზღაურო-მეთქი, - ვუთხარი.

- თქვენს შვილს საეჭვო ქცევებს, საეჭვო ადამიანებთან კავშირს თუ ამჩნევდით? თუნდაც, თურქეთში ყოფნისას ან თბილისში, როცა ის ნაქირავებში ცხოვრობდა, სპეცოპერაციამდე?

- ყველაზე მეტად რაც მიკლავს გულს, სწორედ ისაა, რომ მსგავსი არაფერი შემიმჩნევია მისთვის. როგორი თემირლანიც იყო, ისეთივე წავიდა ალაჰის წინაშე. სანამ მოკლავდნენ, იმ დღეს, ტყეში ერთად ვიყავით სარების მოსაჭრელად. საღამოს ვუთხარი, წასულიყო და ის სარები გადმოეტანა. ჩვეულებრივი დღე იყო, რაიმე ცუდის წინათგრძნობაც კი არ მქონია, როცა სხვა შემთხვევაში სულ მქონდა, ან ცუდ სიზმარს ვხედავდი ხოლმე...

რა გითხრათ, ჩემს შვილს არაფერი ეტყობოდა, რომ საეჭვო ხალხთან ჰქონდა კონტაქტი. გვიან სახლში არასდროს მოდიოდა, საღამოს მეჩეთში იყო ხოლმე სალოცავად და იქიდან სახლში ბრუნდებოდა. ბოლო წლის განმავლობაში, თბილისში ყოფნისას, კოლეჯში ერთი ლექციაც კი არ გაუცდენია. ნაბიჯი არ გადაუდგამს ისე, რომ დედისთვის არ დაერეკა - აქ მივდივარ, აქ ვიქნებიო. ჩემთან მორიდებული იყო და რაც სათქმელი ჰქონდა, დედას ეტყოდა, რომ მას ეთქვა ჩემთვის. უდიდეს პატივს მცემდა.

ეღიარებინათ ეს დანაშაული და მოეხადათ ჩემთვის ბოდიში. ჩემი შვილი მთელ სამყაროზე ძვირფასია ჩემთვის, როგორ მოვიქცეოდი, თუ ბოდიშს მომიხდიდნენ, არ ვიცი, მაგრამ იქნებ მაინც რაღაც დათმობებზე წავსულიყავი. თემირლანთან დაკავშირებით, ჩემი ძმაც რომ იყოს დამნაშავე, არც მას ვაპატიებ და არც არავის შერჩება მისი სისხლი, ვისაც თუნდაც მცირე წვლილი მიუძღვის ამაში.

თამთა დადეშელი