ტრისტან სალარიძის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები
font-large font-small
ტრისტან სალარიძის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები
ლამაზი და საოცარი დამთხვევაა მის დაბადების დღისა და წლის აღმნიშვნელ ციფრებში: 05.05.1955. ერთხელ უკითხავთ კიდეც, - ბატონო ტრისტან, ჩააწყვეთო?
ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში დაიბადა. იმდენად უყვარს იქაურობა, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავს, იქით მიეშურება. ყოველი წასვლის წინ, მსახიობი ტრისტან სარალიძე ოჯახში ასეთ მინიშნებას იძლევა: "მატარებელი #255 თბილისი-აბანოთუბანი მიემგზავრება ახალდაბაში, მსურველებს შეუძლიათ წამოვიდნენ. მატარებელი გადის ნახევარ საათში".

მეგობრობა უნიკალური გრძნობაა
- დედისერთა ვარ. მამა სამი წლისას გარდამეცვალა. ბავშვობაში დაბადების დღეებით განებივრებული არ ვყოფილვარ. სტუდენტობისას ზოგჯერ, ბიჭებს ბოთლ არაყსა და 20 ხინკალზე გვიქეიფია. მერე დრო გავიდა და ნელ-ნელა მეტის საშუალება მომეცა. 30 წლისამ მეგობრები მოვიწვიე. ისინი ჩემი ცხოვრების თანამგზავრები არიან და მათი სიყვარულით ვხარობ. გურამ საღარაძე - ჩემი პედაგოგი და დიდი მეგობარი, ძმაკაცი გახლდათ. ძალიან მიყვარდა როგორც ადამიანი, მის შემოქმედებაზე აღარაფერს ვამბობ. ვფიქრობ, საქართველოში მისნაირი მკითხველი არ დაბადებულა. 50 წლის ასაკში დიდი დაბადების დღე გადავიხადე, უახლოესი მეგობრები დავპატიჟე. ჩემი შვილის ნათლიამ, აკადემიკოსმა შოთა ჯაფარიძემ (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი) შუა ქეიფის დროს მომილოცა ეს დღე, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ლალიმ კი მითხრა: ჩვენი ოჯახების სიყვარულის ნიშნად ბეჭედს გჩუქნი და ატარეო. თავიდან ცოტა მეხამუშებოდა, მერე ძალიან მივეჩვიე. დავხედავ ხოლმე და ის ხალხი მახსენდება. მეგობრობა ჩემთვის უნიკალური გრძნობაა. ფილმში "სიყვარული ყველას უნდა" რომ გადამიღეს, სულ მალე ნუცუბიძის ქუჩაზე კინომსახიობთა საერთო საცხოვრებელში ერთი ოთახი მომცეს. ბინა რომ დაესუფთავებინა, დედა გამოვიძახე. მე კი არ ვეხმარებოდი, ხელს ვუშლიდი, ამიტომ დედამ მითხრა, - მომშორდიო. მეც, რესტორანში წავედი. ამ დროს ჩემთან გურამ ფირცხალავა მოსულა მანქანით. ის უკვე პოპულარული მსახიობი იყო. მეორე სართულზე ვცხოვრობდი და გურამი დაბლიდან მეძახის: "ტრისტან, შვილო!" (ასე მომმართავდა). რომ აღარ გაჩერდა, დედას გამოუხედავს: თუ გოგია ხარ, 1958 წლიდან შენ გელოდები და თუ ეშმაკი ხარ, აქედან გადაშენდიო. ამის შესახებ რომ გავიგე, დედას ვეხუმრებოდი, - გოგიას სანაცვლოდ, რა ლამაზი კაცი ამოგირჩევია-მეთქი!
GzaPress
ბედისგან გათამამებული
- ვხუმრობ: თბილისში რომ ჩამოვედი, სამი დღე თეატრალურ ინსტიტუტს ვეძებდი-მეთქი. ბედისგან გათამამებული კაცი ვარ. რუსთაველის თეატრში 1979 წელს მოვედი, სადაც უდიდესი მსახიობები დამხვდნენ: ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ედიშერ მაღალაშვილი, კარლო საკანდელიძე, გოგი გეგეჭკორი, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა; მომდევნო თაობის - კახი კავსაძე და ჯემალ ღაღანიძე, უფრო ახალგაზრდები: ჟანრი ლოლაშვილი, ავთო მახარაძე, გოგი ხარაბაძე. აბა, როგორია, ასეთ თეატრში მისვლა? ფოიეს კარს ფრთხილად გავაღებდი ხოლმე, - ეს ბუმბერაზი მსახიობები თუ სხედან, ხელი არ შევუშალო-მეთქი და შესვლას ვერ ვბედავდი. უცბად, გამანაწილეს ნახუცრიშვილის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში "ნაცარქექია", სადაც ეროსი მთავარ როლს თამაშობდა. მე პირველი შეგირდი ვიყავი. ეროსის გმირს კიკილა ერქვა. უნდა მეთქვა: "კიკილ, კაცო, შენა ჭკუაზე როგორა ხარ?" ვერ ვეუბნებოდი იმიტომ, რომ ეროსი იყო. მიხვდა, პარტნიორობა მიჭირდა და ასეთი რამ მოიფიქრა: ჩემთან წამოდი, საქმე თუ არა გაქვსო. ვიფიქრე, ალბათ ავეჯი ექნება გადასაადგილებელი და მოხმარება სჭირდება-მეთქი. ჩავსხედით მის "ნივაში". ვიცი, რომ ვაკეში ცხოვრობს, ის კი სანაპიროს ქუჩით მიდის. - ბატონო ეროსი, თქვენ ხომ ვაკეში ცხოვრობთ-მეთქი? - მანქანა ჩემია, საითაც მინდა, იქით მივუხვევ და მოვუხვევო. ხმა აღარ ამომიღია, ასეთ შესანიშნავ ადამიანთან ყოფნას რა სჯობდა?! თურმე კასპში, მეგობრებთან ძაღლი ჰყავდა მიბარებული და იქ მიდიოდა. დიდი პურმარილი გაიშალა. რა თქმა უნდა, ეროსი თამადად დააყენეს. მთელი საღამო ერთ თემას მიუძღვნა: "ტრისტან სარალიძე არის უნიჭიერესი ადამიანი (ამ დროს, ჯერ არაფერი გამიკეთებია), რომელიც რუსთაველის თეატრში მოვიდა". გაოცებისგან თვალები შუბლზე მქონდა. მერე მივხვდი, მას უნდოდა გავთამამებულიყავი. ჰოდა, გაიბა კიდეც ჩვენ შორის მეგობრობის ძაფი. ასე მოქცევა მხოლოდ დიდ არტისტებს შეუძლიათ...

რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად სცენაზეც და კინოშიც მითამაშია. ურთიერთობის აგება იცოდა, "პადაჩებს" გაწვდიდა, კარგად ხუმრობდა და შესანიშნავად ჰყვებოდა ამბებს... ბავშვობის ოცნება იყო და სიზმარშიც კი ვერ წამოვიდგენდი კახი კავსაძესთან და გივი ბერიკაშვილთან შეხვედრას. ახლა კახისთან ვმეგობრობ და როცა ვხვდები, თითქოს მზე ამოდის, ისე მიხარია. გივის ხომ ხალხი აღმერთებს. ასეთი ხუმრობა გამიგონია - კახეთში ერეკლე მეფის ძეგლი არ უყვართ იმიტომ, რომ გივი ბერიკაშვილს არ ჰგავსო. იგი თავისთავად, სახალხო მსახიობია, ყოველგვარი წოდების გარეშე.

60-მდე როლი
GzaPress- რამდენიმე ფილმია, რომელთა სათაურშიც არის სიტყვა "სიყვარული". ესენია: "სიყვარული ყველას უნდა", "სიყვარული ვენახში", "ჩემი პირველი სიყვარული", "სიყვარული და კარტოფილი". ამაზე ვამბობდი, - ბატონო, როდის შეგაწუხეთ ჩემი ტემპერამენტით-მეთქი? "ლომა, დავიწყებული მეგობარი" უსაყვარლესმა რეჟისორმა, ბიძინა რაჭველიშვილმა გადაიღო. ძაღლი ზოგიერთ მსახიობზე უკეთ თამაშობდა. ერთ სცენაში მე და ვახო ფანჩულიძე მიტოვებული სახლიდან, რომელსაც ლომა ყარაულობს, კრამიტს ვიპარავთ. სახურავზე ავვარდით, ეპიზოდი გადავიღეთ, მაგრამ ვეღარ ჩამოვდივართ, რადგან ლომა თავს არ გვანებებს. მოგვაშორე ძაღლიო! - ვეძახდით რეჟისორს, მაგრამ ვიდრე მწვრთნელი არ მოვიდა, იმ სიცივეში სახურავზე ვისხედით...

"სიყვარული ყველას უნდას" გადაღებისას, მე და გივი სასტუმროს გვერდიგვერდ ნომრებში ვცხოვრობდით. ღამის სამ საათზე კაკუნი მომესმა. გავიხედე. კარში თუშური ქუდით კაცი დგას და ხელში ოცლიტრიანი ბოცა უჭირავს. - გივი შინ არის? - მეკითხება. - გივი თბილისში წავიდა-მეთქი (სპექტაკლი ჰქონდა). - თქვენ ვინ ხართო? - მსახიობი ვარ და ფილმში ვთამაშობ-მეთქი. - ჰოდა, ძალიანაც კარგი, შემოვალო. შემოვიდა. მარტო ღვინო გვაქვს. შუაღამით რა გინდა, რომ იყიდო? გამახსენდა, ჯიბეში 20 კაპიკის მზესუმზირა მეყარა. თეფშზე დავყარე და დილამდე ვიქეიფეთ. ერთმანეთს დილის შვიდ საათზე დავემშვიდობეთ...

"ბატონი ავანტიურისტები" - ჯეიმს ბონდზე ფილმი-პაროდია ბიძინა ჩხეიძემ გადაიღო. მთავარ როლებს მე და მამუკა კიკალეიშვილი ვთამაშობდით. გაურკვეველი ეროვნების მეცხვარე ბაბადული ვიყავი, რომელსაც ვერტმფრენი იტაცებდა. მაშინ საქართველოში ასეთი ტრიუკები არ კეთდებოდა. ტროსზე დაკიდებული, დაახლოებით ას მეტრ სიმაღლეზე ამიყვანეს. სამი დუბლი გადავიღეთ და მეოთხეზე მფრინავი არ დაგვთანხმდა, რადგან ქარი ამოვარდა... 60-მდე როლი ძირითადად, 90-იან წლებამდე ვითამაშე, მერე ქვეყანა აირია და კინოსთვის არავის ეცალა. ახლაც, დიდად არ სწყალობენ.

"არ მჯერა"
- ლილი იოსელიანი ჩემი პედაგოგი გახლდათ. ვისაც მისი სკოლა ჰქონდა გავლილი, მისთვის გზა ხსნილი იყო. ლილის სახელი ბრენდის ტოლფასია. იგი გვეუბნებოდა: ძალიან კარგად დააკვირდით ცხოვრებას, ის ჩემზე უკეთესი მასწავლებელია. თქვენ გვერდით დადიან ადამიანები, რომლებიც სცენაზე გამოგადგებიანო. ერთხელ, რაღაც როლს ვთამაშობდი. რეჟისორს ჩემი გმირი მოსწონდა, მაგრამ მე შინაგანად უკმაყოფილო ვიყავი. მახსოვს, რუსთაველის გამზირზე მივდიოდი და დავინახე, შლაპიანი კაცი როგორ ესალმებოდა ნაცნობებს. მან ჩემი ყურადღება მიიქცია. ქუდს კი არ იხდიდა, ხელს მოჰკიდებდა და თავს დაბლიდან გამოყოფდა, მერე ისევ შეყოფდა. დამახასიათებელი ჟესტი იყო და ამ დეტალს "ხელი ვტაცე". მართალია, ზუსტად ის ჟესტი არ გამომიყენებია, მაგრამ იმ კაცის ხასიათი მოვარგე როლს... სამაგიეროდ, შემდეგ შვარცის პიესა "ჩრდილი" დადგეს, სადაც შლაპიანი კაცის ჟესტი ძალიან გამომადგა.

ლილის ძალიან ვუყვარდი, მაგრამ კონფლიქტიც გვქონია. ერთხელ ეტიუდი დამავალა: ოთახში შედიხარ და ჭერზე სისველეს ხედავ, მეზობელმა წყალი ჩამოუშვა. ამის შეფასება გამიკეთეო. გავაღე კარი, არც შემოვსულვარ და ისმის, - "არ მჯერა". კარი მეორედ გავაღე, იგივე ფრაზა გაიმეორა. - რა არ გჯერათ, ქალბატონო ლილი, ჯერ არ შემოვსულვარ-მეთქი. აბა, თავიდან დაიწყეო და ერთი ათჯერ რომ გავიმეორე, მერე მითხრა: კულისებიდან კი არა, შორიდან წამოდი, ვითომ დაღლილი ხარო. მეც, ჯერ მეორე სართულზე ჩავედი, შემდეგ პირველზე და ბოლოს, ქუჩაში რომ გავედი, აღარ შევბრუნდი. ორი საათი (ლექცია მსახიობის ოსტატობაში ამდენ ხანს გრძელდებოდა) სახინკლეში ვიჯექი, ლუდსა და ხინკალს მივირთმევდი. მერე გავიგე, ლილის უთქვამს, - ეტყობა, ემზადებაო. 18 წლის ბიჭს კი მინდოდა არტისტობა, მაგრამ ეს ხომ ჩემი საგვარეულო პროფესია არ იყო და გამოცდილებაც არ მქონდა, ამიტომ პირველ წელს ვიფიქრე კიდეც: იქნებ აქ ჩემი ადგილი არ არის-მეთქი?! მაგრამ ქალბატონი ლილის დამოკიდებულებამ და იღბალმა, რაც ნიჭთან ერთად, მსახიობისთვის აუცილებელია, აქამდე მომიყვანა. ევროპაში ქვეყანა არ დარჩენილა, სადაც რუსთაველის თეატრთან ერთად არ ვყოფილვარ და სხვა კონტინენტებიც "დავიპყარით". ვერასოდეს ვიფიქრებდი, არგენტინაში თუ აღმოვჩნდებოდი.Bდედამიწის მეორე მხარეს, ბუენოს-აირესში რომ ჩავსულიყავით, 24 საათი ვიფრინეთ...

მსახიობს ძალიან ლამაზი და ამავე დროს, რთული ცხოვრება არგუნა ბედმა, მუდმივად გამოცდას ვაბარებთ. როცა მაყურებელი გცნობს და პატივს გცემს, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ. მისი სიყვარული რომ არ დაკარგო, გაათმაგებული შრომაა საჭირო.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"პოპულარობის გამოყენებას ყოველთვის ვერ ვახერხებ"
"ქუჩაში გასვლისას ყველა ფერს შევხარი, რაც კი ბუნებაშია"
ვინ ასაჩუქრებს ტკბილეულით მსახიობს
რა იციან და რა - არა ერთმანეთის შესახებ გიორგი ორბელაძემ და მისმა მეუღლემ
"ბიძინა ივანიშვილისა" და "სალომე ზურაბიშვილის" მხიარული ინტერვიუ
მძლეოსნობის ეროვნული ნაკრების წევრი, 29 წლის ნათია რიგიშვილი მრავალგზის ევროპის ჩემპიონია ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში.
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის ცეკვას მისი ქმარ-შვილი
"ბატარეასავით ვარ, რომელიც იასთან დარეკვისას იმუხტება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი