ნატო მეტონიძის ბედნიერება, ინტუიცია და შიში, რომელსაც მალავს - გზაპრესი

ნატო მეტონიძის ბედნიერება, ინტუიცია და შიში, რომელსაც მალავს

ნატო მეტონიძის გამორჩეული ხმის ტემბრი და შესრულების კულტურა მსმენელს ხიბლავს, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესიც დიდია. იმ მიზეზით, რომ საჯაროობა დიდად არ ხიბლავს, ინტერვიუზე ხშირად უარს ამბობს. ის ახლა "დიდი სცენის" ჟიურის წევრია. ეს პროექტი მოსწონს და თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. კონკურსანტებს შორის ჰყავს ფავორიტებიც.

რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, როგორ იხსენებს პირველ სიყვარულს, რა ვერ ისწავლა დღემდე, რის გამო იღებს საყვედურებს და რას მიიჩნევს თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1972 წლის 2 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი. ექიმობა და კოსმონავტობა არასდროს მნდომებია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მშვიდიაო. ახლობლები ბევრნაირად მამკობენ, მაგას აღარ ვიტყვი. გარეგნულად მართლაც მშვიდი ვარ, შინაგანად საპირისპირო. შეგნებულად არასდროს ვცდილობ, გარეგნული სიმშვიდე შევინარჩუნო. ეს ალბათ ჩემი ბუნებაა, ბავშვობიდან ასეთი ვარ, ხშირად - იმპულსურიც, მაგრამ ვცდილობ, ამით სხვა არ შევაწუხო.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...მუსიკაში ყოფნაა. როგორც შემსრულებელი, სულ მუდამ ეჭვებში ვარ, თვითკმაყოფილება არასდროს მაქვს. გამიმართლა, ყოველთვის ისეთ მუსიკოსებთან ვთანამშრომლობ, რომლებიც კარგ პარტნიორობას მიწევენ. საკუთარი თავით აღფრთოვანებული კი არასდროს ვარ.

- ჩემთვის მუსიკა არის...

- ...სიამოვნება. მუსიკა უნდა აბედნიერებდეს შემსრულებელსაც და მსმენელსაც. სცენაზე ყოველ გასვლას საოცარი ნერვიულობა ახლავს. ადრე ვფიქრობდი, გამოცდილება რომ მომემატება, ეს ღელვა გამივლის-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. "დიდი სცენის" კონკურსანტებს ხშირად არ ვეუბნები, ნუ ნერვიულობ-მეთქი, ზუსტად ვიცი, ღელვა საქმეს როგორ უფუჭებს. თავად დღემდე ძალიან ვნერვიულობ, ეს განცდა ვერ იქნა და ვერ მოვიშორე და მე ვის რა უნდა ვუთხრა?!

GzaPress - პროექტი "დიდი სცენა"... - ...ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში ძალიან ეხმარება. ჟიურიში ყოფნა, ჩემი კომფორტის ზონა ნამდვილად არ არის. ადამიანების საჯაროდ გაკრიტიკება მიჭირს. საერთოდ, ნაკლებად კრიტიკული ვარ, განსაკუთრებით - ახალგაზრდების მიმართ. ბუნებით დემოკრატი ვარ. კონკურსანტებს ის ასაკი აქვთ, ზუსტად იმ პროცესში უნდა იყვნენ, რა პროცესშიც ახლა არიან. მათ გაუმართლათ, რომ ასეთი შანსი მიეცათ. ჩემს თაობას ეს ფუფუნება ნამდვილად არ ჰქონდა. არ ვიცი, კონკურსანტები ამას რამდენად აცნობიერებენ. ეს კონკურსი მათ ბევრ რამეში ეხმარება, მიგნებებს, საკუთარი თავის პოვნას აჩქარებს. მუსიკა სულ ექსპერიმენტია. თუ ჩემი ერთი რჩევაც კი ვინმესთვის სასარგებლო იქნება და მიეხმარება, მგონია, რომ ჟიურიში ყოფნას გამართლება აქვს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გავჩნდი ამ ქვეყანაში, დავიბადე ამ ოჯახში და ცხოვრების გზაზე შემხვდნენ ადამიანები, რომლებთანაც ჩემი ბედნიერების დიდი წილია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ჩემი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელად იყვნენ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს.

- მომთმენი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო.

- ეს იმპულსურობაა.

- დაშვებული შეცდომები...

- ...ხშირად მახსენდება. ზოგჯერ ვფიქრობ, იყო კი ის შეცდომა? ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, შევცვლიდი რაიმეს თუ არა? ამ შეკითხვას ხან დადებითად ვპასუხობ, ხან საპირისპიროდ ვფიქრობ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ, თუმცა, ერთი და იგივე შეცდომებიც დამიშვია.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ამ თემისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს. რომ მკითხოთ, ბოლოს, როდის მეწყინა და გავბრაზდი, ვერ გავიხსენებ. ნებისმიერი ადამიანის ქმედებას გამართლებას ვუძებნი და ვპოულობ. ამიტომ საქმე პატიებამდეც არ მიდის.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ეს ძალიან იშვიათად ხდება. (პაუზის შემდეგ) მაშინებს.

- ვიბნევი...

- ...როცა ვერ ვხვდები, ადამიანი იტყუება თუ არა. როგორც წესი, ადვილად ვტყუვდები.

- ვნანობ...

- ...რაღაც-რაღაცებს.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...მქონდეს საშუალება, უნარი, სხვა ადამიანებს მეტად დავეხმარო, ვიდრე დღეს ვახერხებ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. ამ დროს ჩემს დამოკიდებულებას ყოველთვის გამოვხატავ, მიუხედავად იმისა, რომ დიდად გაბედული და პირდაპირი არა ვარ.

- მეზარება...

- ...ხანდახან არ მიმიწევს გული კონცერტზე, რადგან ის სივრცე, სადაც მეპატიჟებიან, არ არის ჩემთვის კომფორტული. ამ დროს ყოველი წუთი სიზარმაცითაა გაჟღენთილი.

- სიყვარული ეს...

- ...ძალიან მაგარი გრძნობაა, რომელიც ადამიანს აბედნიერებს, მერე ცხოვრება ბევრად ადვილია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...თინეიჯერი ვიყავი. გრძნობას არ ვმალავდი, გამოვხატავდი, ვაგრძნობინებდი, მეტყობოდა... მერე ეს ურთიერთობა დასრულდა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ტრავმა მივიღე. განცდები, რა თქმა უნდა, ახლდა, მაგრამ იმდენად კარგ და სასიამოვნო მოგონებად დამრჩა, სულ ვამბობდი, ჩემი პირველი სიყვარული ძალიან ღირსეული იყო.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი. სამწუხაროდ, ბოლო დროს, სულ ცუდი მოვლენები ჭარბობს, ბევრი არასასიამოვნო ინფორმაცია გვესმის. საზოგადოებაში სიყვარულის, თანაგრძნობის დეფიციტია. პასუხისმგებლობით არ გამოირჩევიან ის ადამიანები, რომლებზეც სხვა ადამიანების კარგად ყოფნაა დამოკიდებული, პოლიტიკოსები, ექიმები და ა.შ. ზოგჯერ ნეგატივი ერთმანეთს ისე მიეწყობა, ადამიანი უკვე ფიქრობ, რომ დიდ უბედურებაში ხარ, აღარ გინდა, ამ სამყაროს ნაწილი იყო და ამ დროს, სრულიად შემთხვევით, შენს ცხოვრებაში გამოჩნდება სრულიად უცნობი ადამიანი, რომელიც ამოგასუნთქებს, გაგათბობს. ჩემს ცხოვრებაში ასე ხშირად ხდება. ეს ყველაფერს წონის, იმ ნეგატივის ნიაღვარსაც. ის გამშვიდებს, გაიმედებს, ჰაერს ჩაგბერავს, გაგაცოცხლებს... ასეთი ადამიანების არსებობა ჩემთვის დიდი შვებაა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სენტიმენტალობაა.

GzaPress - ბოლოს ვიტირე... - ...ახლახან, კარგი ნამღერის გამო.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...უხერხულობის განცდა მაქვს. მსიამოვნებს, როცა ისეთ კომპლიმენტს მეუბნებიან, რომელიც ახლოს არის რეალობასთან, მაგრამ არა - საჯაროდ.

- მეშინია...

- ...იმის, რისიც ყველას ეშინია.

- ვმალავ...

- ...ამ შიშს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სიზარმაცის გამო.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

- ვუფრთხილდები...

- ...ადამიანებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური.

- ვიტყუები, როცა...

- ...საჭიროა.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...უმეტესად, სხვისი უღირსი საქციელის გამო მრცხვენია.

- ვამაყობ...

- ...ღირსეული ქართველებით.

- თავისუფლება არის...

- ...ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ სამყაროში. თუ შეიძლება, ადამიანმა ცხოვრებაში რამეს მიაღწიოს, ეს არის თავისუფლება.

- ინტუიცია...

- ...მაქვს ძალიან კარგი. ზოგჯერ ჩემი ინტუიციისთვის ყური არ დამიგდია, მერე მივმხვდარვარ, რომ არასწორად მოვიქეცი.

- როცა მარტო ვარ...

- ...უფრო მეტი სიმშვიდეა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ამის მოთხოვნილება დიდად არ მაქვს, რომ მქონდეს, ალბათ ბევრ ადამიანს წაადგებოდა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ამაზე არასდროს მიფიქრია. ბოლო დროს, რამდენჯერმე რუსეთში გასტროლზე უარი ვთქვი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაც ასე უნდა მოიქცეს. ყველამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. სურვილი არა მაქვს, ჩავიდე და ვიმღერო, ეს არ მესიამოვნება, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, ვინც მიდის, რამეს აშავებს.

- მენატრება...

- ...ყველა ის ადამიანი, რომლებიც გზადაგზა დავკარგე.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს გამოსავალს თავად ვპოულობ. არ მინდა, ახლობლებს ჩემი პრობლემები თავს მოვახვიო, მათგან "ტაიმ-აუტს" ვიღებ და ჩემთვის ვარ, ეს მე მჭირდება. თუ მიმიხვდნენ, მერე თავად აღარ მშორდებიან და მეც ვიღებ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ყველაზე ხშირად ჩემს დას ვუსმენ. ის სულ ზუსტ რჩევებს მაძლევს. იმის გამო, რომ ძალიან ემოციური ვარ, მირჩევს, საკუთარ თავს ყოველთვის ვფლობდე.

- დაბოლოს გეტყვით...

- ...ყველაზე დიდი ჯილდო და სცენაზე ყოფნის გამართლება ხალხის სიყვარულია. სიმღერაზე კარგად არაფერი გამომდის, ამაზე მეტად არაფერი მიყვარს.

თამუნა კვინიკაძე