რა სიურპრიზს უმზადებს მერაბ სეფაშვილი მისი შემოქმედების მოყვარულებს?
font-large font-small
რა სიურპრიზს უმზადებს მერაბ სეფაშვილი მისი შემოქმედების მოყვარულებს?
"ინდოეთში ყოფნისას უგემრიელესი კერძი მომართვეს, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დიდი კობრა შემიჭამია!"

მერაბ სეფაშვილი საქართველოში ცნობილი მომღერალია, მაგრამ მის შემოქმედებას სხვა ქვეყნებშიც თბილად ხვდებიან. ამბობს, რომ თავისი პროფესიის წყალობით მთელი მსოფლიო აქვს შემოვლილი და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი აქვს, მაინც არის რამდენიმე ქვეყანა, რომელთანაც განსაკუთრებული შთაბეჭდილებები აკავშირებს. დღეს მერაბ სეფაშვილი ამ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.


- მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთია, როცა უცხოეთში ტურისტის ამპლუაში მიდიხარ და სულ სხვაა, როცა საქმიანი ვიზიტი გაქვს. თითქმის ყველა ქვეყანას, სადაც ნამყოფი ვარ, საქმიანი ვიზიტით ვსტუმრობდი, მაგრამ მათ დათვალიერებას მაინც ვახერხებდი. ნებისმიერ ქვეყანას თავისი ხიბლი აქვს, გააჩნია, რა თვალით შეხედავ. ძალიან ბევრ ეგზოტიკურ ქვეყანაში ვყოფილვარ, რომლის არქიტექტურა, მუსიკა, ხელოვნება უაღრესად საინტერესო და განუმეორებელია. ბავშვობიდან ვმოგზაურობდი ბალტიის ქვეყნებში, უკრაინასა და რუსეთში, მერე კი, ჩემი არეალი გაფართოვდა. თითქმის მთელ მსოფლიოში ვარ ნამყოფი, გარდა ჩინეთისა და იაპონიისა. ეს ქვეყნებიც გემრიელ ლუკმასავით მაქვს შემონახული და იმედს არ ვკარგავ, რომ იქაც მოვხვდები. ასე მგონია, ეს სულ სხვა სამყაროა და ძალიან მინდა იქ ერთხელ მაინც მოვხვდე.
GzaPress
- ბატონო მერაბ, რომელი ქვეყანაა თქვენთვის ყველაზე ახლობელი და გამორჩეული?
- უკვე გითხარით, რომ ყველა ქვეყანას თავისებური ეგზოტიკა აქვს. მეძნელება, რომელიმე მათგანი გამოვყო, მაგრამ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ისრაელი ჩემთვის ძალზე ძვირფასი და ახლობელი ქვეყანაა. ეს ის ქვეყანაა, სადაც უფალი დაიბადა, იქ არის ადგილები, რომლებიც ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის ძალიან ძვირფასია. თუნდაც მარტო გოლგოთა და ქრისტეს საფლავი რამდენს ნიშნავს... ამ ადგილების მონახულების შემდეგ რაღაც საოცარი, ზებუნებრივი განცდა გეუფლება, იქ პირველად რომ ვიყავი, ცრემლები მომერია. იქ ყოფნისას ცხოვრებისეული ტვირთისა და ცუდი აურისგან თავისუფლდები და თითქოს, გაოგნებული რჩები. ამ შთაბეჭდილებას ისიც ემატება, რომ ისრაელში ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც თავისი ქვეყანა არანორმალურად უყვარს. რიცხობრივად და ტერიტორიით ისრაელი საქართველოს ტოლი ქვეყანაა. თავისი სამშობლოს მიმართ ასეთი ერთგულება და სიყვარული იშვიათად მინახავს. ებრაელებმა ამდენი განსაცდელი გამოიარეს და მაინც შეძლეს, საკუთარი სახელმწიფო შეექმნათ. ძალიან ამაყობენ, რომ ეს მათი სამშობლოა, მათი აშენებული ქვეყანაა. სხვათა შორის, უგემრიელესი სამზარეულო აქვთ, რომელიც ძალიან მიყვარს. თვითონაც ძალიან უყვართ საქართველოში ჩამოსვლა და არა მარტო ქართველ ებრაელებს - ყველას ძალიან მოსწონს საქართველო. ზოგს აქ სახლი აქვს, ზოგის ნათესავები და ახლობლები ცხოვრობენ, ბევრმა ბოლო წლებში იყიდა აქ ბინა, როცა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა გაადვილდა. იქ რომ ჩავდივარ, მეც ყველა თბილად მხვდება. ისრაელში ბევრი მეგობარი მყავს, ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და ჩვენს ქვეყნებს შორის რაღაცნაირად ხიდი გავდეთ. ამიტომ, ისრაელში მეც და სხვა ქართველი მომღერლებიც ხშირად ჩავდივართ. ისრაელის შემდეგ ინდოეთს დავასახელებ, რადგან ესეც არანაკლებ ლამაზი და ძველი კულტურის მქონე ქვეყანაა.
- ინდოეთში ყოფნისას რამ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?
- ინდური ეროვნული მუსიკა, მათი რიტმები ჩემთვის განუმეორებელია. საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ ინდური მუსიკა ის არის, რაც პოპულარული ინდური ფილმებიდან გვესმის, მაგრამ ცდება: იქ შეიძლება მოისმინო საოცრად ღრმა და ლამაზი, ნამდვილი ინდური მელოდიები, რომლის წყალობითაც ისეთ სიღრმეებში მიდიხარ, რომ ენით ვერ გადმოსცემ. მათი მუსიკა და საერთოდ, ინდური კულტურა ძალიან ღრმაა. ინდური სამზარეული კი ძალიან ჰგავს ქართულ სამზარეულოს. ამან გამათამამა და ჩემს მეგობრებთან ერთად სუფრასთან რომ მოვხვდი, ერთი უგემრიელესი კერძი დავაგემოვნე. მითხრეს, ქათმის რულეტიაო და მოგვიანებით გამიმხილეს, რომ თურმე დიდი კობრა შემიჭამია. ისე გემოვნებით იყო შეზავებული, რომ ვერც კი გავიგე, რა იყო. ბაყაყის ხორცი უკვე მქონდა დაგემოვნებული და ვიცოდი, რომ ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ კობრას თუ შევჭამდი და ასე მომეწონებოდა, ვერასოდეს ვიფიქრებდი. გველის ხორცს თუ ოდესმე გავსინჯავდი, არ მეგონა.
- კიდევ რომელი ქვეყანა გახსენდებათ, საიდანაც საინტერესო მოგონებებით დაბრუნდით?
- არასოდეს დამავიწყდება აფრიკა: 16-17 წლის ვიყავი, როცა ამ დაუვიწყარ კონტინენტზე მოვხვდი, სადაც 2-3 თვე დავრჩი. აფრიკის ბოლო წერტილშიც კი ვარ ნამყოფი - მადაგასკარზე. ძალიან ლამაზია და იქაურ ეგზოტიკას ვერაფერს შევადარებ. კენიაში არის მთელ მსოფლიოში ცნობილი ზოოპარკი, რომლის ნახვას არაფერი ჯობს. არაჩვეულებრივი ბუნებაა უგანდაში, რუანდაში, მადაგასკარზე და ბევრ ადგილას. ყველაზე მეტად ცეცხლოვანმა აფრიკულმა რიტმებმა მომაჯადოვა. შესაძლოა ვიღაცას ეგონოს, რომ აფრიკა ნაკლებად განვითარებული კონტინენტია, მაგრამ მე იქ ძალიან საინტერესო და ეგზოტიკური სამყარო ვნახე. იქ სულ სხვა ბუნება და ურთიერთობებია, სულ სხვა ემოციების და სხვა ბუნების ხალხი ცხოვრობს. მაგალითად: ეთიოპიაში ყოფნისას განცვიფრებული დავრჩი, იმდენად ლამაზი აღნაგობის ხალხი ვნახე, ისინი თითქოს ჩამოსხმულები არიან და თან, ძალიან მუსიკალურები! საელჩოდან ისეთ ტომთან წაგვიყვანეს სტუმრად, სადაც დიდსა თუ პატარას სხეულზე მხოლოდ ქსოვილი ჰქონდა აფარებული. ძალიან მომეწონა მათი რიტუალები, როგორ ცეკვავენ, როგორი მუსიკა და ფოლკლორი აქვთ... წინასწარ ვისკი დავლიეთ, რომ მალარიის ან სხვა დაავადებებისგან დაცული ვყოფილიყავით, ეტყობა ეს ვისკი მოგვეკიდა და ბოლოს დავიკარგეთ. ძლივს გვიპოვეს და საელჩოს მანქანით წამოგვიყვანეს, თორემ ჯუნგლებში რა მოგვივიდოდა, ვინ იცის. აფრიკის სრულყოფილი დათვალიერება კარგი იქნებოდა, მაგრამ საქმიანი მიზნით ჩავედი და ნაკლები დრო მქონდა, რომ იქაურობა ნამდვილი მოგზაურივით შემომევლო.
ალბათ მკითხველიც დამეთანხმება, რომ ძალიან საინტერესო ქვეყანაა ეგვიპტე, სადაც რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. უდაბნოში აღმართული ეგვიპტური პირამიდები ხომ დიდებული და შეუდარებელია. ულამაზესი ქალაქებია რომი და ვენეცია, სადაც კლიპიც მაქვს გადაღებული, ალბათ გახსოვთ ეს სიმღერა - "შენ ყველა ქალების ღმერთო". ვფიქრობ, რომ იტალია სრულიად განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც ასევე განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს თავისი ტემპერამენტით, გემოვნებით, ჩაცმის სტილით და ბევრი სხვა რამით.
GzaPress
- ესე იგი, ძველისძველი კულტურის მქონე ქვეყნები უფრო მოგწონთ?
- არა, რატომ, ამერიკაც მომწონს. ეს სულ სხვა მოვლენაა, სულ სხვა რიტმი და სულ სხვა ცხოვრებაა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ძველი კულტურებისგან. ნიუ-იორკის ნახვა ჩემი თაობის ოცნება იყო და ამ ქალაქში პირველად რომ მოვხვდი, აღტაცებული დავრჩი. შესანიშნავი ქალაქია ჩიკაგოც. ძალიან ვნანობ, რომ ამერიკაში ნამდვილი ტურისტივით ვერასდროს ჩავდივარ, თანაც, ერთსა და იმავე ქალაქში მეორედ და მესამედ რომ ჩავალ, ისეთი მძაფრი განცდა აღარ მაქვს, ასე მგონია, რომ იმ ქალაქში ადრე უკვე მიცხოვრია.
- ბატონო მერაბ, ოჯახის წევრებთან ერთად თუ ახერხებთ უცხო ქვეყნების მონახულებას?
- მოგზაურობა ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს, ერთად ამერიკაშიც ვიყავით, ისრაელშიც. როცა ამის საშუალება გაქვს, კარგია, მაგრამ იშვიათად ვახერხებთ. ორი ვაჟი მყავს, ისინი უკვე დიდები და ძალიან დაკავებულები არიან, ამიტომ მათთან ერთად მოგზაურობას ვერ ვახერხებ.
- დაბოლოს, შეგიძლიათ, მკითხველს თქვენი გეგმები გაუმხილოთ?
- თებერვალში ისრაელში მივდივარ და იქიდან რომ ჩამოვალ, კონცერტს თბილისშიც გავმართავ. ეს იქნება ახალი ალბომის პრეზენტაცია, სადაც ზოგი ახალი სიმღერაა შესული, ზოგიც - ძველი, ოღონდ შეცვლილი და თანამედროვე ვერსიით წარმოდგენილი. მხოლოდ "თეთრი გედი" არ შემიცვლია, ამ სიმღერას არ ვეხები. ჩემი აზრით, ძალიან კარგი პროექტი გავაკეთეთ, რომელიც მუსიკის მოყვარულთათვის საინტერესო იქნება. კონცერტის გამართვას მარტში ვაპირებ და იმედი მაქვს, რომ ქართული ესტრადის მოყვარულთათვის ეს დაუვიწყარი და ლამაზი სიურპრიზი იქნება.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა ენატრება ყველაზე მეტად საქართველოდან შორს მყოფ კაბუს
რაც თითქოს ვიცით, მაგრამ მაინც პრობლემაა...
"უარყოფითი მოვლენების მიუხედავად, საკუთარ თავში სიკეთე და სიყვარული უნდა ვიპოვოთ"
"ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამბობენ, დამსახურებულად გაიმარჯვაო"
"ჩემსა და დიმუს შორის არაფერი ყოფილა და არც იქნება"
ბებიას ეშმაკობები, ანუ რატომ ეშინია კობა ბარათელს თაგვების
"თურქულ "ვოისში" მონაწილეობა სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2465 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი