გრან-პრის გამარჯვებული გიორგი რევია ევროპის ტურნესთვის ემზადება - გზაპრესი

გრან-პრის გამარჯვებული გიორგი რევია ევროპის ტურნესთვის ემზადება

ქართველი საზოგადოება უკვე კარგად იცნობს გიორგი რევიას, რომელმაც ფიგურულ სრიალში, თავის მეწყვილე მარია კაზაკოვასთან ერთად, წლის ყველაზე პრესტიჟული გრან-პრი მოიგო. წყვილი საქართველოს სახელით ასპარეზობდა. მათ იტალიის ქალაქ ტურინში მიმდინარე მსოფლიოს გრან-პრიზე იუნიორთა შორის მოცეკვავე წყვილების მოკლე პროგრამაც წარმატებით შეასრულეს და თავისუფალი პროგრამაც.

გიორგის რუსეთში ინტერნეტით დავუკავშირდით და ვთხოვეთ, თავისი წარმატებებისა და საერთოდ ცხოვრების შესახებ მოეყოლა.

- ამ გამარჯვების შემდეგ ვიგრძენი, რომ საქართველოსა და მის ფარგლებს მიღმა ძალიან ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს. ეს დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. ყოველთვის ვეცდები მათ იმედები არ გავუცრუო, რადგან გულწრფელი მხარდაჭერა ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს...

- ვიცი, რომ ბავშვობიდან გატაცებული ხართ ფიგურული სრიალით.

- დიახ, ბავშვობაში საკმაოდ ცუდი ჯანმრთელობა მქონდა. ხშირად ვავადმყოფობდი და დედამ გადაწყვიტა, ფიგურულ სრიალზე მივეყვანე. შემდეგ ვერც მივხვდი, ისე გახდა სპორტის ეს სახეობა ჩემი ცხოვრების ნაწილი. თავიდან პატარ-პატარა წარმატებები მქონდა, შემდეგ კი, სტარტი უფრო მასშტაბური მოგებისკენ ავიღე. ალბათ გამიმართლა კიდეც, თუმცა, არც ცდა დამიკლია. სულ რაღაც მესამე სეზონია, რაც მე და მარია ერთად ვასპარეზობთ, მანამდე სხვა პარტნიორებთან ერთად, რუსეთის სახელით გამოვდიოდით.

- მოსკოვში ვარჯიშობთ, არა?

- დიახ, რადგან საქართველოში, ან სულაც რუსეთის სხვა ქალაქში, არ არის ისეთი კეთილმოწყობილი დარბაზი, სადაც მაღალი სტანდარტის ილეთებზე მეცადინეობასა და მათ შესრულებას შევძლებთ. სპეციფიკური დარბაზი გვჭირდება... ოცნებად მაქვს, ჩემს ქვეყანაში ეს სფერო განვავითარო, ახალი თაობა აღვზარდო, რათა მსოფლიო მწვერვალების დაპყრობა შეძლონ. თუმცა, ამისთვის ჯერ ალბათ თავად უნდა მოვემზადო და ის გზა უნდა გავიარო, რომელსაც ჩემი ოცნებების ასასრულებლად გამოვიყენებ.

GzaPress

- სწავლობთ? - დიახ, მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი ვარ... ვარჯიშს ძალიან ბევრ დროს ვუთმობ, თუმცა ვცდილობ, დრო სწორად გადავანაწილო და განათლებაზეც ვიზრუნო.

- მშობლებსა და ოჯახზე გვიამბეთ.

- ემიგრანტების შვილი ვარ. დედ-მამა რუსეთში 90-იან წლებში წამოვიდა და მოსკოვის გარეუბანში, ოდინცოვოში დასახლდა. ორი ძმა მყავს, ჩემზე უფროსები არიან. ჩემი პროფესიისგან შორს დგანან. ორივე ძალიან კარგი ადამიანია. ყოველთვის ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. ოჯახის თანადგომა კი ბევრ რამეში მეხმარება. ბევრი რამ მსმენია საქართველოზე. ბოლო რამდენიმე წელია, ბორჯომში დასასვენებლად ჩამოვდივართ. იქაურობა ძალიან მიყვარს, რადგან მშობლებისა და ნათესავების დამოკიდებულებიდან ვაცნობიერებ, რომ ის ჩემი სამშობლოა. მართალია, რუსეთში დავიბადე, მაგრამ ამას ჩემი ქვეყნის სიყვარულში ხელი არასდროს შეუშლია. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს წარმოვაჩენ.

- მოსკოვში ვარჯიშობთ, შეჯიბრებებზე კი საქართველოს სახელით მონაწილეობთ. რუსეთის საციგურაო ფედერაციას რა დამოკიდებულება ჰქონდა ამაზე?

- როდესაც საქართველოს სახელით ასპარეზობის გადაწყვეტილება მივიღე, 17 წლის ვიყავი, შემეძლო დამოუკიდებლად მემოქმედა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქვეყნის შეცვლის გამო, ერთი წელი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აკრძალული მქონდა, სხვა გართულება არ ყოფილა. შემდეგ ყველაფერი დალაგდა... არასდროს მინანია ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ვფიქრობ, ყველა ადამიანი ოდესმე თავის ფესვებს, თავის სამშობლოს უბრუნდება.

- ქართულად ვერ საუბრობთ, არა?

- სამწუხაროდ, მშობლიური ენა არ ვიცი და ძალიან განვიცდი, მაგრამ აუცილებლად ვისწავლი. ეს გადაწყვეტილი მაქვს. როდესაც გავაცნობიერე, რომ გრან-პრი მოვიგე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. ძალიან მიხაროდა, როდესაც მიკითხავდნენ და მითარგმნიდნენ ჩემი ქართველი გულშემატკივრების კომენტარებს, თუმცა გული მწყდებოდა, რომ მათთვის პასუხის გაცემა თავად არ შემეძლო... ბოლო ტურნირზე ჩვენსა და ამერიკულ დუეტს შორის ძალიან მძიმე ბრძოლა გაიმართა. ძლიერი წყვილია, საოცარი ტექნიკით, დახვეწილი მანერებით და კარგად მომზადებული ნომრით გამოვიდა... როდესაც შეფასებები გამოცხადდა და გაირკვა, რომ ჩვენ პირველ ადგილზე გავედით, მე და ჩემს მეწყვილეს ასე გვეგონა, ბედნიერებისგან რამდენიმე მილიმეტრით ჰაერში ავიწიეთ. ეს ამოუხსნელი განცდა იყო. ძალიან ამაყები ვიყავით, რადგან შევძელით ჩვენი პატარა ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა. ეს იყო გამარჯვება, რომელიც ჯერ არა მაქვს გაცნობიერებული, თუმცა მინდა, ასეთი დღეები ბევრი მქონდეს.

- ალბათ ბევრს მუშაობთ, არა?

- დიახ, საკმაოდ - კვირაში 6-ჯერ, დღეში სამ-სამ საათს ან მეტს ვვარჯიშობ. თუმცა, მეტიც შეიძლება... გააჩნია, რომელ ცეკვას ვეუფლებით, ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება. ეს იქნება კლასიკური, ფოლკლორი, ქუიკ-სტეპი... ჩემთვის არც ლეკური აღმოჩნდა რთული. აჭარულის მოსამზადებლად, რომელიც ბოლო ნომერში წარმოვადგინეთ, სულ რამდენიმე დღე გვქონდა. ერთი რამ უნდა გაგიმხილოთ: როდესაც ქართულ ტრადიციულ სამოსს, განსაკუთრებით კი ჩოხას ვიცვამ, სულით-ხორცამდე ქართველი ვხდები, ისიც მავიწყდება, რომ ქართულად ვერ ვსაუბრობ... რაც შეეხება ვარჯიშს, მეტი წარმატებისთვის კიდევ მეტია საჭირო. ხშირად მეკითხებიან, ამდენს ვარჯიშობ, მეტი რაღა უნდა დაამატო, ამდენი ძალა და ენერგია სად გაქვსო?.. მთავარი ძალა კი არა, სურვილი და მონდომებაა, მერე სხვა დანარჩენიც იქნება.

- თქვენს მეწყვილეზე რას გვეტყვით?

- მარია ძალიან კარგი გოგოა, მსუბუქი, მოქნილი, სხარტი და, რაც მთავარია, მენდობა. ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რაც მთლიანობაში გვეხმარება იმაში, რომ ნომერი შედგეს და ისეთი გამოვიდეს, როგორიც ჩაფიქრებული გვაქვს. ჩვენი გზები საკმაოდ საინტერესოდ გადაიკვეთა: როდესაც ჩემს ადრინდელ მეწყვილესთან, ევა ხაჩატურიანთან დავასრულე ცეკვა, რაღაც დროის განმავლობაში მარტო ვსრიალებდი; შემდეგ გავიცანი მარია, რომელიც ასევე, უკვე აღარ ცეკვავდა ძველ მეწყვილესთან. მე თითქოს ერთად ცეკვის შანსი გავუშვი, რადგან ამაზე არც მიფიქრია, მან კი დამირეკა და ძალიან თამამად შემომთავაზა, ერთად ხომ არ გვეცეკვაო?.. ეს იყო რისკი, რომელმაც გაამართლა. მარია ჩემზე გაცილებით დაბალია და ეს თავიდან მძაბავდა, მაგრამ მალე შევეჩვიეთ ერთმანეთს.

- რა არის თქვენი უახლოესი და გრძელვადიანი გეგმები?

- უახლოესი გეგმები ასეთია: ერთ კვირაში, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში ევროპის ჩემპიონატზე მივდივართ და გეგმაში გვაქვს, იქაც ვასახელოთ საქართველო. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს - საერთოდ, სხვა სპორტსმენებისგან განსხვავებით, კონკრეტული მიზნები და ოცნებები არ მაქვს. ოლიმპიადის მოგებასა და მსგავს წარმატებებზე არ ვოცნებობ, ამის მისაღწევად ვმუშაობ, თავდაუზოგავად და მთელი ძალით... რაც შეეხება ოცნებას - თავი დავამახსოვრო ყველას, დრო, წლები გავიდეს და ჩვენ ყველას ვახსოვდეთ. საქართველოში თქვან, - ჩვენებურია, ქართველია, წარმატებებს მიაღწიაო, - მის ფარგლებს მიღმა კი ასე გამიხსენონ, - ყველაფერი გააკეთა, რომ თავისი ქვეყანა ესახელებინაო. ასევე ძალიან მინდა საქართველოში ფიგურული სრიალი განვავითაროთ და ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ. ვიღაცამ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს და იქნებ ჩვენ ვიყოთ ეს ვიღაც, ვინც ამ დარგზე იზრუნებს, სკოლას გახსნის, ბავშვებს დააინტერესებს, სპეციალისტებს მოიწვევს და ამ მხრივ საფუძვლიანად იმუშავებს.

- საქართველოში მუშაობაზე მარიაც თანახმაა?

- დიახ, მარიაც თანახმაა... ნახევრად ხუმრობით გეტყვით, ის ერთხელ იყო საქართველოში და ქართული კერძები ისე მოეწონა, აქ საცხოვრებლად სიხარულით გადმოვა. ეს ხუმრობით, ისე კი, ჩვენს პროფესიას დიდი სმა-ჭამა მაინცდამაინც არ უხდება.

- თავისუფალი დრო გრჩებათ?

- თითქმის არა, რადგან, როგორც გითხარით, ვსწავლობ კიდეც. შესაძლოა, ეგოისტურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ იმ მცირედ თავისუფალ დროსაც საკუთარ თავს ვუთმობ. შემიძლია, სპორტდარბაზში ვიარო, აუზზე ან სულაც კლუბში, რადგან ის ასაკი მაქვს, როდესაც ჩემი თანატოლები ცხოვრებით და გამოწვევებით ტკბებიან, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ახლა ჩემი კარიერა არც ერთი წუთის დაკარგვას არ მაპატიებს. ისე კი მეგობრებთან შეხვედრებიც მიყვარს. ხანდახან ამაზე უარს ვერ ვამბობ, ვსაუბრობთ, მთელ ღამეს სიცილსა და გართობაში ვატარებთ. ეს დასვენების წინა დღეებში ხდება და არა ვარჯიშისას.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- თუ ამას გულისხმობთ, ჯერ სიყვარულზე საუბარი ნაადრევია. ჩემი გონება სხვა რამეებით არის დაკავებული. ცხოვრება წარმატებისთვის ერთ შანსს აძლევს ადამიანს და მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს.

ლალი პაპასკირი