"თუ ჩემსავით არ უყვართ სამზარეულოში "ბზრიალი", ქმრები მიეხმარონ" - გზაპრესი

"თუ ჩემსავით არ უყვართ სამზარეულოში "ბზრიალი", ქმრები მიეხმარონ"

"ვისაც ჩემსავით არ უყვარს სამზარეულოში "ბზრიალი", არა უშავს, ამის გამო თავს ნუ მოიკლავენ, ქმრები მიეხმარებიან", - აღნიშნავს მოდელი და პიარის სპეციალისტი ირინა ონაშვილი, რომელიც კულინარიასა და დიასახლისურ ამბებზე გვესაუბრება. სამზარეულოში საქმიანობა და კერძების მომზადება დიდად არ ხიბლავს და ამისთვის არც დრო აქვს ბევრი, თუმცა, შვილების აღზრდა-განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე დიდი ინტერესით ზრუნავს.

"ეს კარგ დიასახლისობას არ ნიშნავს"

- პრეტენზიული არ ვარ და მომწონს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნება, ექსპერიმენტებსაც არ ვერიდები. ტაილანდში გამისინჯავს, მაგალითად, ნიანგის ხორცი, მწვადის სახით შამფურზე შემწვარი და უგემრიელესი იყო. ასევე, ბაყაყი - ჩინურ სამზარეულოში. გველის ხორცი ჯერ არ მიჭამია, მაგრამ შეიძლება, ეგეც ვცადო. მეგრული კერძები ყველას მირჩევნია. თუმცა, საკმაოდ ბევრია მდიდარი და გემრიელი სამზარეულო, მათგან კი იაპონურს გამოვარჩევდი, ასევე ჩინურს. იაპონიასა და ჩინეთში ვარ ნამყოფი, ასევე, აშშ-ში. სილამაზის კონკურსის დროს, ჩინეთში ერთი თვე ვიცხოვრე და ძალიან საინტერესო იყო იქაური კულტურა, ტრადიციები. რაც იქ ვნახე და გავსინჯე, ძალიან გემრიელი იყო. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რაც ჩინელებს აქვთ, უსაზღვრო შრომისმოყვარეობაა, ყველაზე დაუზარელი ერია, ასევე, იაპონელები.

ევროპული სამზარეულოდან ტრადიციული კერძებიც გამისინჯავს და არატრადიციულიც. საბერძნეთში რომ ვიყავი, იქაური ზღვის პროდუქტებით აღვფრთოვანდი - რვაფეხები, მიდიები, კალმარები, სასწაულად იყო მომზადებული. მიყვარს გემრიელი კერძების დაგემოვნება, გურმანი ვარ. თუმცა, მე დიდად არ მიწევს მომზადება და სიმართლე გითხრათ, არც მიყვარს. რაც გამიკეთებია, ამბობენ, რომ გემრიელი გამომდის, რადგან კარგად შემიძლია გემოების იდენტიფიცირება, პროდუქტის შერჩევა და ა.შ. თუმცა, ეს ცხადია, კარგ დიასახლისობას არ ნიშნავს. ხორცეული უფრო მიყვარს, ტკბილეული არა და არა იმის გამო, რომ კალორიულია და წონის პრობლემებს ქმნის, უბრალოდ არ მომწონს.

"ბავშვებს მავნე საკვებს არ ვაჭმევ!" - დიდ ყურადღებას ვაქცევ ჯანსაღ კვებას და თვითონ პროდუქტის სიჯანსაღეს. მოვიტყუები, რომ გითხრათ, პირადად ჩემი კვებითი რეჟიმი ყოველდღიურად საათობრივად მოწესრიგებულია-მეთქი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, გარკვეული წესები ბავშვების შემთხვევაში ზედმიწევნით დავიცვა. ეს ისეთი თემაა, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ არასდროს "გამიხალტურებია". "ჯანქ ფუდს" არ ვაჭმევ, მხოლოდ წახალისების მიზნით, ისიც ძალიან იშვიათად. ბავშვს როგორც მიაჩვევ, ისე იკვებება, ჩემებს თავიდანვე არ ვაკარებდი ამ არაჯანსაღ საჭმელს, რაღაც მეტსახელიც კი შევარქვით და ვერიდებით სნეკებს, ჟელატინებს, შოკოლადებს და სხვა სახის ტკბილეულს. ორცხობილებს კი ვაჭმევ მაწონთან ერთად. გაზიანი სასმელი თითქმის არ გაუსინჯავთ და მოთხოვნილებაც არ აქვთ. საბას დაულევია, მაგრამ არ უყვარს, არც ითხოვს. არ ვყიდულობ და როგორც მიეჩვია ამ რეჟიმს, ისე აგრძელებს. თუ მიაჩვიე, რომ ერთხელ ძეხვითა და პურით გადაატარე საუზმეზე ან ვახშამზე, მერე აუცილებლად ასეთ კვებას მოითხოვს. ამიტომ, საუზმე ჰგავს საუზმეს, სადილზე კი ყოველთვის წვნიანს მიირთმევენ და ვახშამზეც შესაბამის საკვებს. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდეთ, ოღონდ ასეთ საკითხებზე ექიმებთან ან დიეტოლოგებთან არ დავდივარ, ზოგად წესებს ვიცავ, ისიც ზედმეტად - არა.

GzaPress "ჩემებური მიდგომები მაქვს, რაც სიმშვიდეს მინარჩუნებს" - გარკვეული ადგილები მაქვს შერჩეული, სადაც ვიცი, რომ მეტ-ნაკლებად ნატურალური პროდუქტია და იქ უნდა შევიძინო თევზი, ხორცი, რძის პროდუქტი. მაგალითად, ე.წ. სოფლის მაწონს ვაჭმევ, ქარხნულს - არა. ერთი და იმავე ადამიანისგან ვყიდულობთ, უკვე წლებია. ბოსტნეულიც აუცილებლად ქართული უნდა იყოს, "გაპრანჭულ" ხილს არასდროს ვყიდულობ. ჩემებური მიდგომები მაქვს, რაც ასე თუ ისე, ერთგვარ სიმშვიდეს მინარჩუნებს ამ საკითხში. გამზადებულს რასაც ვყიდულობ, ერთადერთი არის პელმენი ან ბლინი, ძირითადად, ყველით, ზოგჯერ, ხინკალიც, რომელიც ყველა ბავშვს უყვარს. ოღონდ, ესეც იშვიათად ხდება.

საოჯახო ნივთების შოპინგი - რა თქმა უნდა, ყველას მოსწონს, როცა სუფრა, ნივთები, ჭურჭელი ესთეტიკურად გამოიყურება, მაგრამ ეს არ არის ჩემი ცხოვრების მთავარი მიმართულება. ათასში ერთხელ, ასეც ხდება, მაგრამ მე დიდად არ მიყვარს ამაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება. არსებობენ გამუდმებით ამ ამბებში ჩართული დიასახლისები - ახლა ეს მინდა ახალი, ახლა - ის... მე ამის დრო ფიზიკურად არ მაქვს, სამწუხაროდ.

"ერთმანეთი ძალიან გვენატრება ხოლმე" - ჩვენ დიდი ოჯახი ვართ და ერთი სული მაქვს ხოლმე, შაბათ-კვირა როდის მოვა, რომ ჩემი დები მოვიდნენ და ბავშვებმა ერთად ითამაშონ, გაერთონ. მთელი კვირა ყველა ვმუშაობთ და ერთმანეთი ძალიან გვენატრება. ამიტომ, ეს ჩვენთან ტრადიციაა.

"ჩემი ქმარი სიამოვნებით მეხმარება!" - ბავშვები გასართობად ძირითადად, ეზოში ჩაგვყავს. ძალიან ლამაზი ეზო გვაქვს და დღის განმავლობაში პატარას იქ ვასეირნებთ, როცა ძიძასთან ერთადაა. კარგი საქანელებია, სასრიალოები, ველოსიპედები, ქვიშაში სათამაშო, ნაძვები და ა.შ. ამის წყალობით, ყოველკვირეულად პარკებსა და სხვა გასართობ ადგილებში ბავშვების ტარება არ მიწევს. საბა სკოლაშია და ამისთვის ბევრი დრო არ აქვს. ისე კი გასართობ ცენტრებშიც დავდივართ, დაბადების დღეებზე. ასევე, თეატრში, საბავშვო სპექტაკლებზე. შაბათ-კვირას მთელი ოჯახი ვიკრიბებით, ზოგჯერ ქალაქიდანაც გავდივართ ან უბრალოდ, სახლში გვიხარია ერთად ყოფნა და სამზარეულოს თემა ამ დროსაც აქტუალურია. როგორ წარმოგიდგენიათ ოჯახის შეკრება გემრიელი კერძების გარეშე? ჰოდა, ჩემი ქმარი ძალიან მეხმარება, უგემრიელესად ამზადებს და ამ საკითხს ასე ვაბალანსებთ. ამას, რა თქმა უნდა, სიამოვნებით აკეთებს და არა საჭიროების გამო, ძალიან მოსწონს რაიმეს მომზადება, წიწაკებითა და სუნელებით შეზავება. მართალია, მე დიდად არ მიყვარს, მაგალითად, ხორცთან სუნელები, დისკომფორტია, მაგრამ ლადოს მომზადებულს მაინც სიამოვნებით მივირთმევ. უფრო მეტად, "კაცური" საჭმელები ეხერხება, ხორცეული, ღუმელში მომზადებული, სტეიკები და სხვა. ამას წინათ ძალიან გემრიელი სოუსი გააკეთა. ზოგჯერ ვეკითხები, ეს როგორ მზადდება-მეთქი? - ამაზე ეცინება. ვერ გეტყვით, რომ რაიმე სპეციალური კურსი გაიარა და ისე ისწავლა. უბრალოდ, როცა რაიმეს ინტერესი გაქვს, უფრო უღრმავდები და სწავლობ, თორემ მე, მთელი ბავშვობა ვუყურებდი, როგორ ამზადებდა დედა უგემრიელეს კერძებს, მაგრამ არ მაინტერესებდა. რაც გაინტერესებს, იმას იოლად სწავლობ და ადვილადაც აკეთებ.

GzaPress "როცა მინისტრი იყო, უცხოეთში ხშირად დავდიოდით" - სხვათა შორის, ევროპაში ბევრ ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი და სიამოვნებით წავიდოდი. საფრანგეთსა და გერმანიაში ვიყავი. ბევრი რამ ჯერ კიდევ სანახავი მაქვს და იმედია, წავალ იმ ლამაზი ქალაქების დასათვალიერებლად, მაგალითად, იტალიასა და ესპანეთში. ბევრი ქვეყანაა, სადაც დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი. მე და ლადო ადრე უფრო ხშირად დავდიოდით, რადგან მოქმედი მინისტრი იყო და როცა მსოფლიოს საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები იმართებოდა, მეც მივყვებოდი. ახლა შედარებით იშვიათად ვმოგზაურობთ. თანაც, რაც პატარები გვყავს, ცოტა რთულია მათი დატოვება და სადმე წასვლა. გვინდა, დროის უმეტესი ნაწილი შვილებთან ერთად გავატაროთ.

რჩევები დიასახლისებს - ჩემი უმთავრესი რჩევა იქნება, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ ბავშვების ჯანსაღ კვებას. ნუ მიაჩვევთ იკვებონ "ჯანქ ფუდით" და სხვა მავნე "სასუსნავებით". მათი ზრდისა და ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი და ჯანსაღი საკვების შერჩევა. ამიტომ, ყველაფერი გადადონ გვერდზე. მართლა არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული პროდუქტის შეძენა. მავნე საკვები, დამიჯერეთ, გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე გლეხისგან შეძენილი პროდუქტი. ეს დიდ ფინანსებს არ მოითხოვს. ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, რაც ისედაც ყველა მშობელმა იცის. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჯანსაღი თაობა გაიზარდოს. თუ ჩემსავით არ უყვართ სამზარეულოში "ბზრიალი", არა უშავს, ამის გამო თავს ნუ მოიკლავენ, ქმრები მიეხმარონ (იცინის).

თამთა დადეშელი