მხიარული და განსხვავებული სტილის მქონე ბასა ფოცხიშვილი - გზაპრესი

მხიარული და განსხვავებული სტილის მქონე ბასა ფოცხიშვილი

"ერთი მაგალითია ისტორიაში ცნობილი: როდესაც საკონცენტრაციო ბანაკში ყველა ქალბატონს ფორმა ეცვა, მაშინაც კი ერთი ქალი იმდენს ახერხებდა (ან ვარცხნილობას იკეთებდა განსხვავებულად, ან რაღაც დეტალით გამოირჩეოდა), რომ მუდამ ლამაზი იყო..." - ამბობს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქალი ყოველთვის უნდა ახერხებდეს ფორმაში ყოფნას... იგი მუდამ განსხვავებული და საინტერესო ჩაცმულობით გამოირჩევა...

- თქვენი დაკვირვებით, რა არის უმთავრესი იმისთვის, რომ ადამიანს დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდეს?

- ალბათ უმთავრესია გარემო, სადაც ის იზრდება და ასევე, კარგი განათლება...

- ხშირად ამბობენ, რომ კოკო შანელი სიღარიბეში გაიზარდა, მაგრამ მან მთელ მსოფლიოს ჩამოუყალიბა დახვეწილი გემოვნება...

- კოკო შანელი ზუსტადაც რომ ძალიან ლამაზ გარემოში და ქვეყანაში გაიზარდა... გარემოს დიდი მნიშვნელობა რომ აქვს, ამის მაგალითად ხევსურეთიც შეგვიძლია მოვიყვანოთ. ამ კუთხეში ხომ ულამაზესი ბუნებაა და ადამიანები, რასაც ირგვლივ ხედავენ, ისეთსავე საოცრებებს ქმნიან - ულამაზეს ფარდაგებს ქსოვენ, სამოსს ქარგავენ...

- თუშურ წინდაშიც ხომ საოცარი ფერების შეხამებაა?

- დიახ, ნამდვილად ულამაზესია და ზუსტად ეგ არის, რასაც ვამბობ: ბუნების სილამაზე მათ გემოვნებაზე აისახება... გარემო გადამწყვეტია, მაგრამ აუცილებელია კარგი განათლება, რომელიც გემოვნებას ხვეწს!

- ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ... თქვენთვის რომელი უფრო მიმზიდველია, სადაც მდიდარი ისტორიული წარსულია თუ თანამედროვე მიღწევები? ვთქვათ, იაპონია...

- იაპონიაში მიმუშავია და მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მიღწევებით ძალიან განვითარებული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად საოცრად წინ წასული, ამავდროულად შენარჩუნებული აქვს ტრადიცია! იაპონურ თანამედროვეობაშიც იგრძნობა დახვეწილი გემოვნება და ყველა ნიუანსშიც! ვფიქრობ, ადამიანისთვის ყველანაირ გარემოში მუშაობა საინტერესოა! დიდი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანაშიც მიყვარს მუშაობა და იქაც, სადაც თანამედროვე, ახალი ტექნოლოგიებია... მთაშიც, ზღვაზეც, უდაბნოშიც მომწონს ყოფნა, მთავარია რას ვაკეთებ! ძალიან მიყვარს სიახლეები და მოგზაურობაზეც ვგიჟდები! შეიძლება უსახურ ქალაქში ვიყო, მაგრამ იქ ჩემთვის საინტერესოს ყოველთვის აღმოვაჩენ!

GzaPress

- ხაშურში დასვენებაზე რა აზრის ხართ? - ხაშური სულაც არ არის ასე ხელწამოსაკრავი... გაიარეთ თუნდაც ზაფხულში და ნახავთ, რა სილამაზეა იქ... ულამაზესია ჰამაკებით, ეზოებით და ა.შ. ასე რომ, ხაშური ძალიან მიყვარს, ლამაზ ქალაქად მივიჩნევ!

- გეთანხმებით... ახლახან მონაკოში იყავით, სოციალური ქსელი თქვენმა ულამაზესმა სცენებმა მოიცვა... რას იტყოდით ამ გლამურულ ქვეყანაზე?

- მონაკო რომ ულამაზესია, ეს მთელ მსოფლიოშია ცნობილი... საოცარი ბუნებაა და არაჩვეულებრივი არქიტექტურა. იქ ძალიან სასიამოვნო ხალხიც ცხოვრობს... იმ დარგის მოღვაწეები, რომელ სფეროშიც მე ვმუშაობ, ყველა ქვეყანაში ერთნაირები არიან. შემოქმედ ხალხს ერთი მიზანი აერთიანებს: ყველა დაინტერესებულია, რომ მაღალი ხარისხი იყოს და განსაკუთრებულად კარგი პროდუქცია. ამიტომ მონაკოში მუშაობა ჩემთვის საინტერესო, სასიამოვნო და საამაყო იყო.

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებულად კარგი შთაბეჭდილება, გემოვნებიანი მოსახლეობის მიხედვით?

- სიყვარულით ყველაზე მეტად, ჩემი სამშობლო მიყვარს და ყველაზე კარგი შთაბეჭდილებაც საქართველოზე მაქვს! ასევე, ძალიან მიყვარს იტალია! რაც შეეხება მოსახლეობის გემოვნებას, ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი ნიშან-თვისება აქვს, მაგრამ იაპონიაში მასობრივად გემოვნებიანი ადამიანები არიან... იტალია ნომერი პირველი ქვეყანაა და მერეა სხვა დანარჩენი, მაგრამ გემოვნებიანი ხალხის თვალსაზრისით, იაპონიას გამოვარჩევდი. საქართველოშიც ძალიან გემოვნებიანი მოსახლეობაა!

მიყვარს ადამიანი რომ თვითმყოფადია და ისე იცვამს, როგორც სურს! იაპონელი დიზაინერები შეუდარებლები და განსაკუთრებულები არიან! აბსოლუტურად შეუხამებელ რამეებსაც ისე გემოვნებიანად შეუხამებენ ერთმანეთს, რომ საოცრებებს ქმნიან! ტოკიოსა და ოსაკაში რაც მინახავს, ასეთი რამ სხვაგან არც შემიმჩნევია! 12 მილიონი ადამიანი მოდის ქუჩაში და ყველა ლამაზია! ადამიანი მოსაწყენი არ იყო! აქვე დავძენ, ზედმეტ მოვლილობაშიც არის რაღაც უარყოფითი, ცოტა არ იყოს უსაქმურობის ელფერი დაჰკრავს ასეთ ადამიანს...

- ცნობილი ქართველებიდან ვის გამოარჩევდით, როგორც მისაბაძად გემოვნებიანს?

- სათითაოდ ვერ დავასახელებ და საბედნიეროდ, ძალიან ბევრი მისაბაძი ადამიანი გვყავს ქართველებს! მართლაც თვალში საცემია ქართული გემოვნება! საქართველოში თუნდაც უკიდურესი გაჭირვების დროსაც კი ლამაზად და მოხდენილად იმოსებიან... ახლა ბევრი ადამიანი მახსენდება, მაგრამ რომ ჩამოვთვალო და ვინმე გამომრჩეს, მერე უნდა ვინერვიულო, ამიტომ თავს შევიკავებ.

- ბევრი ჩემი რესპონდენტი ქართველ მამაკაცებს უწუნებდა ჩაცმულობას. ამბობენ, რომ ადრე უფრო თამამად იმოსებოდნენ, მზად იყვნენ სიახლისთვის...

- ვერაფრით დავეთანხმები კრიტიკოსებს, რადგან ახალგაზრდა ბიჭები არაჩვეულებრივად იმოსებიან...

- თავადაც ყოველთვის განსაკუთრებულად გემოვნებიანად და საინტერესოდ იმოსებით... რამ მოახდინა თქვენს გემოვნებაზე გავლენა?

- არ ვიცი, ალბათ ყველაფერი თავისთავად ხდება... რაც მომწონს, იმას ვიცვამ, ჩაცმის სტილი კი ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული... მამაჩემს უცხოეთიდან ჩემთვის ძალიან ლამაზი ტანსაცმელი ჩამოჰქონდა და განსხვავებულად ჩაცმა ალბათ, აქედან მოდის, ბავშვობიდან მივეჩვიე...

- კომუნისტურ პერიოდში ცოტა ბავშვს თუ ჰქონდა ამის ფუფუნება. ცდილობდნენ თქვენთვის მოებაძათ?

- მიბაძვით არა, მაგრამ ბავშვებს მოვწონდი ჩემი ჩაცმულობის გამო... პატარებს ახლაც მოვწონვარ და დიდებს - არ ვიცი (იცინის)... მხიარული ვიყავი, ვარ და როგორიც ვარ, ისეც ვიცვამ! კარგ ტანსაცმელს ვყიდულობ მაშინაც კი, როდესაც ამის საშუალება არ მაქვს. არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული იყოს, მაგრამ ერთს ვყიდულობ და კარგს! ინგლისელებს აქვთ კარგი გამოთქმა: არც ისე მდიდარი ვარ, იაფფასიანი ნივთი რომ ვიყიდოო... რასაც შევიძენ, კარგი ხარისხის უნდა იყოს! ხარისხიანი მხოლოდ სამოსი კი არა, იუმორით გეტყვით და, ადამიანიც უნდა იყოს!

ორასი წლის წინანდელი ხის კარადა გამოიყურება საუკეთესოდ და ხელოვნური - ორი წლის მერეც აღარ ვარგა... ამიტომ ვაქცევ ხარისხს ძალიან დიდ ყურადღებას და ხელოვნური ქსოვილები არ მიყვარს...

- ფერები, აქსესუარები?

- ვერ ვიტყვი, გამორჩეულად რომელიმე ფერი მიყვარს-მეთქი! აქაც ზომიერებაა საჭირო, კარგი შეხამება რომ იყოს და "ჭყეტელაში" არ გადადიოდეს... ზომიერება თუნდაც სიგიჟეში, ეპატაჟშიც აუცილებელია!

რაც შეეხება აქსესუარებს, განსაკუთრებულად ქუდი და სათვალე მიყვარს! ამ აქსესუარების წყალობით თითქოს, დაცული ვარ! ჩასწევ თავს და რაც არ გინდა დაინახო, თითქოს ვერ ხედავ! თან ძალიან მცივანა ვარ და ზამთარ-ზაფხულ ქუდი ან თავსაბურავი სულ მაქვს...

- ძალიან გიხდებათ ნამზეური და მგონი, სულ გაქვთ...

- მზე ძალიან მიყვარს! ამბობენ, რომ ნამზეურის ხშირად მიღება არ არის სასარგებლო, მაგრამ მგონია, რაც სიამოვნებას განიჭებს, ის სასარგებლოც არის! მზე როგორ შეიძლება საზიანო იყოს, რომელიც ენერგიით გავსებს?! ექიმები ამბობენ, რომ დიდი რაოდენობით არ არის სასარგებლო და ზომიერება, როგორც ყველაფერში, ალბათ აქაც საჭიროა...

- საქართველოს პირველად ჰყავს ქალი პრეზიდენტი და მის ჩაცმულობაზე, გემოვნებაზე რას იტყვით?

- ძალიან ლამაზი, არაჩვეულებრივი ქალბატონია! ინაუგურაციაზე მართლაც ულამაზესი იყო! მე ვფიქრობ, რომ გემოვნებაც კარგი აქვს... პრეზიდენტს ხომ ისეთი თანამდებობა აქვს, ყოველთვის ჩარჩოებშია მოქცეული და ამ ჩარჩოებს ყოველთვის იცავს... პრეზიდენტი ვერასოდეს ჩაიცვამს როგორც როკვარსკვლავი და სალომე ზურაბიშვილსაც ისე აცვია, როგორც ეტიკეტი მოითხოვს...

- რას ურჩევთ ქალბატონებს, რათა ყოველთვის გემოვნებიანად გამოიყურებოდნენ?

- მე ვერ მივცემ თავს უფლებას, ვინმეს რამე ვურჩიო... ერთადერთი, იმას გეტყვით, რომ აუცილებლად, ყოველთვის ლამაზად უნდა იყვნენ, მიუხედავად გარემო პირობებისა...

ადამიანი როგორი ბუნებისაც არის, ისე უნდა გამოიყურებოდეს. ძალით არაფერს არ უნდა აკეთებდეს! ყველას აქვს თავისი სტილი, რომელიც მისი ხასიათიდან გამომდინარეობს... ყოველთვის უადგილოდ და უშნოდ მიმაჩნია, როდესაც ადამიანს შეუფერებლად აცვია თუნდაც, მოდური სამოსი. ის, რასაც მოირგებ, შენს სტილს უნდა შეესაბამებოდეს. როგორებიც არიან, ისეთები უნდა იყვნენ! ლამაზი კი ყველა სიტუაციაში უნდა დარჩნენ!

- ზოგიერთი ქალბატონი მტკივნეულად განიცდის წლების მატებას... როგორ შეიძლება ქალმა ეს შიში დაამარცხოს?

- ვაიმე, წლების მატებაში რა თქმა უნდა, საშიშროება ის არის, რომ ძალიან მძიმე აღსაქმელია! იმდენს ვეღარ აკეთებ, რამდენსაც ადრე, სწრაფად იღლები... ხალისი ადამიანზეა დამოკიდებული, ზოგიერთს ოცი წლის ასაკშიც ყველაფრის ხალისი დაკარგული აქვს და ზოგი 70 წლისაც ხალისიანია. საერთოდ კი, წლების მატება რომ კარგი არ არის, ამას ვაღიარებ და საპირისპირო რომ ვთქვა, გულწრფელი არ ვიქნები! თუმცა, შეიძლება ახალგაზრდად დიდხანს დარჩე! სადამდეც შეგიძლია, წლებს უნდა ებრძოლო, არ უნდა მიიღო! ბოლომდე წელში გამართული უნდა იდგე, სანამ ძალა შეგწევს და მერე ალბათ, დგება ის პერიოდი, როდესაც მოგიწევს მიიღო!

- ალბათ საქართველოშია უფრო მტკივნეული, თორემ ევროპაში ასაკოვანი ადამიანები მუდმივად მოგზაურობენ, ლაღად ატარებენ ცხოვრებას...

- ევროპაში სხვა სოციალური პირობებია და იმედი მაქვს, ოდესმე ქართველებიც შეძლებენ თავიანთი დანაზოგით იმოგზაურონ და ცხოვრებით დატკბნენ! თუმცა, წლების მატება ყველგან მტკივნეულია ადამიანებისთვის: საქართველოშიც, საფრანგეთშიც, ამერიკაშიც... ამ ტკივილს არც ფული შველის, არც შვილები და არც არაფერი! მოკლედ, სადამდეც შეგვიძლია, წლებს უნდა ვებრძოლოთ და ახალგაზრდებად დავრჩეთ!

მანანა გაბრიჭიძე