ვინ არიან ქართველი მენტორ-შემსრულებლები თურქულ "ვოისში" - გზაპრესი

ვინ არიან ქართველი მენტორ-შემსრულებლები თურქულ "ვოისში"

ბრიტანულ "ნიჭიერში" საეთერო ტურში გადავედი და საბუთებს ვაგროვებდი, რომ იქ წავსულიყავი, საბოლოო ჯამში კი საელჩომ ამის შესაძლებლობა არ მომცა", - გვიამბობს ქართველი მომღერალი თათია კობალაძე, რომელსაც ქართველი საზოგადოების გულშემატკივრობა ახლა განსაკუთრებით სჭირდება, რათა მეზობელი ქვეყნის მუსიკალურ პროექტში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა მოახერხოს. თათიას მენტორი ცნობილი თურქი მსახიობი, შოუმენი, პროდიუსერი და იუმორისტი - ბეიაზით ოზთურქი გახდა, რომელიც წარმოშობით ქართველია, მამის მხრიდან (ალი რიზა ოზთურქი).

- თათია, როგორ აღმოჩნდით თურქულ "ახალ ხმაში"?

- თურქულ "ვოისში" მონაწილეობის მიღება სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე. ბრიტანულ "ნიჭიერში" საეთერო ტურში გადავედი და საბუთებს ვაგროვებდი, საბოლოო ჯამში კი საელჩომ ამის შესაძლებლობა არ მომცა, ვიზა არ ჩამირტყა. ეს ჩვენს მეგობარს ვუთხარი, რომელსაც ჩემთვის ლონდონში ჩასაფრენი ბილეთები უნდა ეყიდა, რადგან მე ამის საშუალება არ მქონდა. მითხრა, მოდი, ვცადოთ და ანკეტა თურქულ "ვოისში" შევავსოთო. მე თურქული არ ვიცი და თვითონვე შემივსო. ეს ადამიანია გია კანდელაკი, დიზაინერი, რომელსაც თურქეთში თავისი საწარმოები აქვს. უზომოდ მადლიერი ვარ მისი! ასევე, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის დირექტორის, რომელთანაც ერთხელ დავრეკე და დახმარების ხელი უსიტყვოდ გამომიწოდა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, საელჩოდან არ გამიშვეს, - ფინანსურად არასტაბილური ადამიანი ხარ და უარს გეუბნებითო. გული ძალიან დამწყდა. თუმცა, თურქეთში წამოვედი!

ანკეტის შევსებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ გიას "ვოისიდან" დაურეკეს და უთხრეს, ხვალ მოდითო. რაც ხელში მომხვდა, პატარა ჩანთაში ჩავყარე და თურქეთში გამოვფრინდი. ბილეთებიც გიამ შემიძინა. კასტინგზე ვოკალის პედაგოგებმა მომისმინეს და მითხრეს, პასუხზე დაგირეკავთო. ისევ საქართველოში წამოვედი და დაახლოებით ერთ კვირაში დამირეკეს, ორ დღეში გელოდებიანო. ჩავედი. ამ დროს უკვე ორკესტრის ხელმძღვანელთან იყო შეხვედრა, ექვსი სიმღერა უნდა ჩამოგვეწერა. შესანიშნავი ორკესტრი ჰყავთ! რამდენიმე დღე დაველოდე და დარეკეს! ბენდთან ერთად გენერალური რეპეტიცია გავიარეთ და მეორე დღეს უკვე გადაღება შედგა. "ჭჰატს უპ" შევასრულე, ჟიურის ყველა წევრი შემოტრიალდა, ჩემი მენტორი კი ბეიაზით ოზთურქი გახდა, შესანიშნავი პიროვნებაა, ნამდვილი პროფესიონალი. არ ველოდებოდი, რომ ხალხი მოითხოვდა, კიდევ იმღეროსო და მეორედაც მამღერეს! ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო, თუმცა, უკრაინის "იქს ფაქტორში" იმხელა გამოცდილება მივიღე, რომ აქ ტირილი აღარ დამიწყია და ცუდად არ გავმხდარვარ (იცინის).

GzaPress

- ასეთ მოკლე დროში და ენის ბარიერის გამო ადაპტირება ხომ არ გაგიჭირდათ? - ძალიან რთული იყო, მაგრამ ექსტრემალური სიტუაციები მხიბლავს. არ მიყვარს, როცა ერთ ადგილს ტკეპნი და ელოდები, თავისით როდის დაგეცემა ვარსკვლავი. პირიქით, უნდა ვიბრძოლოთ, ყველაფერი ვცადოთ. საქართველოში ბევრი მაგარი მომღერალია, რომლებმაც იმედი გადაიწურეს და დანებდნენ, მხოლოდ რესტორანში მღერიან ან იქაც არა, რადგან გარკვეული მიზეზების გამო არ უმართლებთ. მე კი ვურჩევდი, არ დანებდნენ! პირიქით, მაქსიმალურად უნდა იბრძოლონ, თუნდაც, სხვა ქვეყანაში სცადონ ბედი.

ენა რომ არ ვიცი და აქ ქართულად ვისაუბრე, ეს ცალკე სენსაცია იყო (იცინის). ძალიან მაგარი ხალხია და წამითაც არ ვნანობ, რომ წამოვედი.

- ახლა რა ეტაპზე ხართ?

- სიმღერებს ვამზადებთ, რეპეტიციები გვაქვს დილიდან საღამომდე, გადაღებები და მალე "ლაივებიც" დაიწყება. პროექტი თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

- სხვა მონაწილეებზე რას გვეტყვით? ბევრი უცხოელია თურქულ "ვოისში"?

- კი, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან. ასე რომ, მხოლოდ მე არ ვარ, ვინც თურქული არ იცის (იცინის). ქართველებიდან კი სოფი სააკაშვილია. ის სხვის გუნდშია. იმედია, ქართველები ამოგვიდგებიან მხარში და გაგვამხნევებენ. მგონია, რომ სუპერფინალში რომელიმე მაინც გავალთ. მასაც წარმატებას ვუსურვებ.

- როგორი სიტუაციაა, კონკურსანტებს როგორი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთის მიმართ?

- სცენის მიღმა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სცენაზე როცა გადიხარ, იქ უკვე ყველა საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მეც, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. ჩემმა მენტორმაც და სოფის მენტორმაც ერთი და იგივე რამ გვითხრეს - ჩემპიონი უნდა გახდე და ჩემს გუნდში უნდა წამოხვიდეო! ცხადია, ყველა გამარჯვებისთვის მივდივართ იქ. იმედია, თურქი ხალხის სიყვარულს მოვიპოვებ. პირობას ვდებ, რომ ერთ თურქულ სიმღერას აუცილებლად ვიმღერებ!

ამ კონკურსის დიდი პლუსი ისიცაა, რომ სიმღერებს შენი გემოვნებით ირჩევ, ჩამოწერ და შესაძლებელია, სწორედ იქიდან შეგირჩიონ ის, რაც შენი ხმისთვის, შენთვის უფრო მისაღებია. შენ უნდა იგრძნო თავი კომფორტულად. სიმღერის დაუკითხავად შერჩევა არ ხდება; ისეთ რამეს არ "შემოგაჩეჩებენ", რაც არ იცი, არ გინდა ან არ ჯდება შენს ტემბრში. სხვათა შორის, საქართველოსა და უკრაინაში ეს პრობლემა ნამდვილად არის.

GzaPress

- თურქეთში გამგზავრებამდე თბილისში რას საქმიანობდით? ახალ სიმღერებს თუ წერდით? - როგორც მომღერლების უმეტესობა, მეც რესტორანში ვმღეროდი. სიმღერებს ვერ ვწერდი, რადგან მოგეხსენებათ, ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ზოგი მეუბნება, ხელფასიდან გადადე თანხაო, მაგრამ არ გამოდის, ვერ ახერხებ... ამიტომ, ვინაიდან ამ გზით ვერ მივიწევ წინ და ახალ სიმღერებს ვერ ვწერ, კლიპს ვერ ვიღებ, ვცდილობ, ეს დანაკლისი კონკურსებით შევივსო, მეტი გამოცდილება მივიღო. იმედი მაქვს, ამდენი ბრძოლის ფონზე, ერთხელაც, დამეცემა ეს ვარსკვლავი და ბრძოლა წყალში არ ჩამეყრება.

- როგორც მახსოვს, ორი შვილი გყავთ. რას ამბობენ პროექტში თქვენს მონაწილეობაზე?

- დიახ, 10 წლის ბიჭი და 6 წლის გოგონა მყავს. როცა ბავშვებს ვუთხარი, ხვალ სტამბოლში მივდივარ და მამიკოსთან უნდა დარჩეთ-მეთქი, ძალიან გაუკვირდათ, შოკში ჩაცვივდნენ (იცინის). ახლა უხარიათ, ჩემს გამოსვლას რომ უყურეს. დედაც, მეუღლეც და პატარებიც ძალიან მგულშემატკივრობენ! ახლა მეუღლე უკვე ჩემ გვერდითაა სტამბოლში. დედა ემიგრანტია...

დიდი მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობს! იმედი მაქვს, ქართველი ემიგრანტებიც დამიჭერენ მხარს, რომ ამ პროექტში ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო!

თამთა დადეშელი