მარტა ბარამიძე: "მიზნის მისაღწევად სხვას არასოდეს ვატკენ..."
მარტა ბარამიძე, რომელიც ტელემაყურებელმა კულინარიული შოუდან - "მასტერშეფი" გაიცნო, ახლახან სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მიზანდასახული ჟურნალისტის - დეას როლით გამოჩნდა. მარტა ახლა მსახიობის პროფესიას ეჭიდება, თუმცა ჩვენი საუბრის თემა მხოლოდ ეს არ ყოფილა...
- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებელი იყავი?
- აქტიური მაყურებელი არასოდეს ვყოფილვარ. გარკვეული ეპიზოდები ნაწყვეტებად მქონდა ნანახი. პერსონაჟებსაც ასე ვიცნობდი... ამ სერიალში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ მისი ყურება რომელი სერიიდანაც უნდა დაიწყო, არსს მიხვდები, ანუ თავიდან ბოლომდე ყურება არ გიწევს - ერთი სერიიდანვე ხვდები, როგორი პერსონაჟები არიან, რასთან გაქვს საქმე და ა.შ. ეს რეჟისურაში უნიკალური მიგნებაა. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში რეჟისორებმა ამ დონის პროფესიონალიზმს მიაღწიეს და ასეთი სერიალი შექმნეს. ბევრი უცხოური სერიალი არსებობს, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ მაყურებელი იძულებული არ ხდება, სერიალის თავიდან ყურება დაიწყოს - რომელი სეზონის რომელი ეპიზოდიც უნდა ნახოს, მისთვის უკვე ყველაფერი გასაგებია. ეს ის სიმარტივეა, რაც სერიალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ მოხვდი?
- კასტინგები სულ ცხადდება - მსახიობების ბაზას აგროვებენ. მერე, თუ პერსონაჟზე მოთხოვნა ჩნდება, ეს ბაზა გადაიხედება, მსახიობს გარეგნობის მიხედვით შეარჩევენ და გასაუბრებაზე იბარებენ. მგონი, ჩემი მონაცემები ფოტოებითურთ შარშან გავგზავნე. კასტინგისთვის ახლახან დამირეკეს. მითხრეს, როგორი პერსონაჟი სჭირდებოდათ და მკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ვიდეოკასტინგი გამევლო. მივედი, კასტინგი გავიარე და როგორც ჩანს, მოწონება დავიმსახურე. შემდეგ უკვე ჩვენი თანამშრომლობა შედგა - რამდენიმე დღეში გადაღებები დავიწყეთ.
- აღნიშნე, მონაცემები შარშან გავგზავნეო. მანამდეც გიფიქრია მსახიობის პროფესიაზე?
- ამაზე სულ ვფიქრობდი. უბრალოდ, იმაზე არ მიფიქრია, რომ პროფესიონალი მსახიობი ვყოფილიყავი - ამას განათლება და შესაბამისი ცოდნა სჭირდება, რაც მე არ მაქვს. უბრალოდ, ამ სფეროშიც საკუთარ თავს სიამოვნებით გამოვცდიდი. გარკვეულ რეკლამებში მონაწილეობა მიმიღია, თუმცა რეკლამისთვის გადაღება და სერიალში პერსონაჟის განსახიერება ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, სამსახიობო სფეროში სერიოზული გამოცდილება არ მქონია, ამ საქმეს ახლა ვეჭიდები.
- როგორ ფიქრობ, სერიალში ამ როლზე შენი დამტკიცება შენმა პოპულარობამაც ხომ არ განსაზღვრა?
- ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ამ სერიალში ისეთ პროფესიონალ გუნდთან (რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები...) მაქვს ურთიერთობა, რომ მგონი, მხოლოდ პოპულარობა მათთვის არაფერს წყვეტს. თუ საქმე ისე არ გამოგდის, როგორც მათ სურთ, გაგიშვებენ. ისე, მსახიობობა ძალიან რთული პროფესია ყოფილა. გარედან ხომ ყოველთვის ყველაფერი მარტივად ჩანს? როცა საქმის კეთებას თავად ვიწყებთ, ყველაფერს "შიგნიდან" ვუყურებთ, ბევრ სხვადასხვა სირთულეს ვაწყდებით... ნებისმიერი პროფესიის დაუფლებას, საქმის კეთებას სწავლა, მეცადინეობა სჭირდება. თუ სწავლობ, მეცადინეობ, ზარმაცი ადამიანი არ ხარ და საქმისადმი ინტერესი გაგაჩნია, ამას ყოველთვის შედეგი აქვს. ვცდილობ ვისწავლო, დავიხვეწო, პერსონაჟი "გავხდე"... დანარჩენი - რა და როგორ გამომივა, მაყურებელმა შეაფასოს.
- როგორი გოგოა შენი პერსონაჟი?
- ის არის ჟურნალისტი, მხიარული, ლაღი ადამიანი; გოგო, რომელიც ნებისმიერი რამის ფასად თავისას გაიტანს და გააკეთებს, მაგრამ ამავდროულად, თავის ხასიათს, სილაღეს, ცოტა სიცანცარეს არ დაკარგავს, თუმცა საქმეში პროფესიონალია. მოკლედ, "დიდი", სერიოზული გოგოა, შინაგანად - ბავშვი (თავისი სილაღით).
- გგავს, ხომ?
- მეც გამიკვირდა და - მგავს (იცინის)...
- მიზნის მისაღწევად რას არ გააკეთებ არასოდეს?
- მიზნის მისაღწევად სხვას არასოდეს დავაზიანებ, არ ვატკენ...
- შენი პერსონაჟის ქალურმა მომხიბვლელობამ რესპონდენტზე ზეგავლენა მოახდინა...
- კი და ეს "ჩვენი" მაქსიმე თავბრუდახვეული დარჩა.
- ქალური მომხიბვლელობა რეალურ ცხოვრებაშიც გადგება?
- მგონი, მადგება. რატომაც არა? თუ ადამიანი გარეგნულად მომხიბვლელია, თვალისთვის სასიამოვნო გარეგნობა აქვს, მგონი, ეს ძალიან კარგი რამეა. ლამაზი ყვავილის, ბუნების და საერთოდ, ყველაფერი ლამაზის დანახვა გვსიამოვნებს, ხომ? არ მინდა, რამეს შევედარო, მაგრამ თუ ადამიანს სასიამოვნო გარეგნობა გაქვს, ძალიანაც კარგია - მადლობა ბუნებას ამისთვის (იღიმის).
- შეიძლება, მაქსიმეს მსგავსმა ბიჭმა შენი, როგორც ქალის ყურადღება მიიქციოს?
- არა. სერიალის რომელი ეპიზოდებიც ნანახი მაქვს, იმის საფუძველზე, ვიცი, რომ მაქსიმე ერთი უსაქმური ტიპია, სახლში ზის და თამაშობს. მგონია, ცოტათი დეპრესიაშიც არის. ცხოვრებაში ასეთი ადამიანები არ მიზიდავს.
- მარტა, პოპულარობა კომფორტულია?
- ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ სრულიად უცხო ადამიანებს მოვწონვარ და შეუძლიათ, ჩემ მიმართ დიდი სითბო და სიყვარული გამოხატონ. წინათ ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ. ვაიმე, რით დავიმსახურე-მეთქი? - ასეთი განცდა მეუფლება ხოლმე... მაგალითად, სადმე მივდივარ ან რამეს ვაკეთებ და უცებ, უცხო ადამიანი მოდის - ფოტოს გადაღებას ან ჩახუტებას მთხოვს. ამ დროს მახსენდება, რომ მიცნობს, თორემ პოპულარობა გაცნობიერებული არც მაქვს - ამაზე არასოდეს ვფიქრობ, ცხოვრებას ჩვეულებრივად ვაგრძელებ.
- ცოტა "მასტერშეფზეც" ვისაუბროთ: ამ პროექტში გამარჯვებისთვის შენთვის ხელის შემშლელი რა იყო?
- საერთო ჯამში, ძალიან არათანაბარი კონკურენცია იყო: პროექტში პროფესიონალებიც იყვნენ და არაპროფესიონალებიც. ამ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკულ "მასტერშეფს" კარგი მიდგომა აქვს: კონკურსი პროფესიონალებისთვის ცალკეა, მოყვარულებისთვის - ცალკე. ჩვენ არათანაბარ პირობებში ბრძოლა გვიწევდა. შესაბამისად, პროექტში მე, მოყვარული მზარეული, ჩემი სახლის სამზარეულოდან მივედი. კულინარიის სფეროში განათლება არსად მიმიღია. მზარეულისთვის საჭირო მუშაობის ტექნიკა მაკლდა, რაც განათლებისა და პრაქტიკის ნაზავია. ვისაც ეს განათლება ჰქონდა, ასე თუ ისე, ტექნიკასაც ფლობდა. ჩემი აზრით, გამარჯვებისთვის ხელის შემშლელი ეს იყო და ეს.
- მარტა, "მასტერშეფის" ერთ-ერთი მონაწილის - დიმუს მიმართ სიმპათია მართლა გაგიჩნდა თუ ეს მხოლოდ შოუს ნაწილი იყო? - წლებია, დიმუს ვიცნობ. პროექტამდე მასთან ასეთი ახლო და მეგობრული ურთიერთობა არ მქონია, შორიდან ვიცნობდი. ამ შოუმ უფრო მეტად დაგვამეგობრა. დღემდე ვმეგობრობთ. ჩემსა და დიმუს შორის არასდროს არაფერი ყოფილა და არც იქნება, რადგან მეგობრები ვართ.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- არანაირი სიახლე არ მაქვს... ამ ინტერვიუში ერთი განცხადება ჩამიმატე, რა: ვეძებ კარგ, ჩამოყალიბებულ, ზრდასრულ ადამიანს, რომელმაც იცის, ცხოვრებაში რა უნდა და ჩემი ნომერიც მიაწერე (იცინის).
- არასერიოზული ადამიანები იჩენენ ინტერესს?
- არა. ყველა ადამიანი თავისებური და ძალიან ინდივიდუალურია. უბრალოდ, პირად ცხოვრებაში არანაირი სიახლე არ მაქვს.
- გყვარებია?
- როგორ არა! ამის გარეშე აქამდე როგორ მოვაღწევდი (იღიმის)?.. ეს ისეთი კარგი და მშვენიერი გრძნობაა, რომ მინდა, ყველას ეწვიოს. სიყვარული არის სულის გაზაფხული...
- დღეს ერთად რატომ აღარ ხართ?
- სხვადასხვა ინტერესი, სურვილები, გარკვეული საკითხების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები აღმოგვაჩნდა...
- კულინარიის სფეროში მუშაობას აგრძელებ? რა სიახლე გაქვს?
- ჯერჯერობით, განსაკუთრებული სიახლე არ მაქვს, რადგან ჩამოყალიბების და გარკვევის პროცესში ვარ. გარკვეული იდეები, პროექტები მაქვს, რომლებიც მინდა განვახორციელო, თუმცა ამ იდეებს პასუხისმგებლობა და ფინანსები სჭირდება. პასუხისმგებლობა მაქვს, ფინანსები - არა (იღიმის). ვფიქრობ, რა როგორ განვავითარო, რა ნაბიჯები გადავდგა... მალე სიახლეებიც იქნება - პატარა პროექტებით დაწყებული, გრანდიოზულით გაგრძელებული.
- ძალიან კარგი. წარმატებას გისურვებ!..
ეთო ყორღანაშვილი