ანკა ვასაძე "მშვიდობის მტრედის" სტატუსით და აფეთქება "გურულად" - გზაპრესი

ანკა ვასაძე "მშვიდობის მტრედის" სტატუსით და აფეთქება "გურულად"

"აქვს ქარიზმა და შეუძლია თავი მოაწონოს მისთვის საჭირო ადამიანს. თითქოს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ საკუთარი სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო, ზოგჯერ უსუსურ სიტუაციაშიც ვარდება. გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება უჭირს. ის იშვიათადაა ინიციატორი, ურჩევნია ყოველთვის ვინმეს მიერ გაკვალული ბილიკებით იაროს. რომანტიკული პარტნიორია, ოჯახისა და მეგობრებისადმი მისი ერთგულება უსაზღვროა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი მსახიობ ანკა ვასაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ ამ მეცნიერებას არ ვუღრმავდები. ვიცი, როგორ ახასიათებენ ჩემი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. პირადი ჰოროსკოპიც შედგენილი მაქვს.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ კუროები უზომოდ შრომისმოყვარეები არიან. ასეა?

- ნამდვილად ასეა. ცნობისმოყვარეობა და სიჯიუტეც მჩვევია. ამავდროულად ერთგული და თბილი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ წლების წინ ისეთივე შრომისმოყვარე ვიყავი, როგორიც დღეს, ეს უნარი დროთა განმავლობაში გამომიმუშავდა. როცა ვაკეთებ საქმეს, რომელიც ჩემი ინტერესის სფეროა, უზომო შრომისმოყვარეობას ვიჩენ, მით უმეტეს - პროფესიაში თავს არ ვზოგავ.

- "ხელოვნების სფეროში მოღვაწეობის განსაკუთრებული უნარითაა დაჯილდოებული, ის მრავალმხრივი და ნიჭიერია".

- მსახიობობის გარდა, სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებს ძალიან უნდოდათ, სხვა რამე ამერჩია.

- "თითქოს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ საკუთარი სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო, ზოგჯერ უსუსურ სიტუაციაშიც ვარდება".

- მართალია. რამდენადაც თავისუფალი და კომუნიკაბელური ვარ, იმდენად მორიდებულიც. მარტივად ვურთიერთობ ადამიანებთან, მაგრამ დგება მომენტი, როცა სიმორცხვე მძლევს. ეს თავისთავად ხდება.

- "გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება უჭირს".

- ვერ ვიტყვი, რომ მიჭირს. ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მაქვს მიღებული. თუმცა შეიძლება უმნიშვნელო დეტალმაც კი ისე დამაფიქროს, რჩევა სხვას ვკითხო. უმეტესად - ჩემს დას, დედას და მეუღლეს. ვთქვათ, გადაცემის ჩაწერაზე მივდივარ და რა ჩავიცვა? გადაწყვეტილებების მიღების დროს მეხმარება ინტუიცია, რომელიც მაღალ დონეზე მაქვს განვითარებული. ეს ჩემს პროფესიაში განსაკუთრებით საჭიროა. როცა ახალ როლზე მუშაობას ვიწყებ, ინტუიცია პერსონაჟის ხასიათის ამოცნობაშიც მშველის.

GzaPress

- "პესიმიზმისკენაა მიდრეკილი". - ხანდახან, როგორც ყველა ადამიანს, მეც პესიმიზმი შემომიტევს ხოლმე, მაგრამ ჩემს ხასიათში სილაღე გაცილებით დიდი დოზითაა. ფიქრი უცნაური რაღაც არის, თუ გაჰყევი, შეიძლება ძალიან ჩაგითრიოს. პესიმიზმის შემოტევა მხოლოდ 1 ან 2 დღე თუ მიგრძელდება.

- მშვიდი ხარ?

- მშვიდი ნაკლებად, ნელი უფრო ვარ, შეიძლება რაღაც გავაჭიანურო. ვცდილობ მშვიდად ვილაპარაკო, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის.

- "თუ რამეში არ გეთანხმება, რაც უნდა გაუკეთო, ვერაფერს დაუმტკიცებ. თავი დაანებე და ბედნიერი იქნება".

- მთლად ასეც არ არის. ჯიუტი ვარ, მაგრამ ისეთი ჯიუტიც არა, სწორი მსჯელობის ან არგუმენტის მოყვანის შემდეგ ჩემი გადარწმუნება რომ ვერ შეძლონ. შესაძლოა რაღაც პერიოდი გავჯიუტდე, რაღაც ვამტკიცო, მაგრამ შემიძლია დავფიქრდე და ისიც ვაღიარო, რომ მართალი არ ვარ. ამის მაგალითი ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა. ეს მხოლოდ ხასიათი არ არის. ადამიანები როცა ვიზრდებით, თავადვე ვკლავთ ჩვენს თავში იმას, რაც არ მოგვწონს. ბავშვობის ასაკში უფრო ჯიუტი ვიყავი.

- როგორი გაბრაზება იცი?

- ოოო!

- "თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, ის სტიქიასავით დაუნდობელია და გზად შემხვედრს ყველას და ყველაფერს ანადგურებს".

- მიუხედავად იმისა, რომ სანათესავოსა და სამეგობროში "მშვიდობის მტრედის" სტატუსი მაქვს, ადამიანი ზღვარს თუ გადავა და წითელ ხაზს გადაკვეთს, მერე ჩემში საოცრება ხდება. ერთი ავფეთქდები, მაგრამ გურული ვარ და ბრაზი მალე გადამდის. შვილი მეხუმრება, ერთ წუთს მეჩხუბები და მეორე წუთში აღარ გახსოვს, რაზე მეჩხუბებოდიო. მართლა ასეა, არ მახსოვს. ჩემს ძალიან ახლობელს რომ ვინმემ გული ატკინოს და გააბრაზოს, შესაძლოა ეს უფრო მეტად დამამახსოვრდეს.

- ამაყი ხარ?

- არა. სულ მეუბნებიან, თავი მეტად დაიფასეო და ამას ვერ ვხვდები. ადამიანებთან ძირითადად ისე ვიქცევი, როგორც თავად მექცევიან. ვინმეს ამპარტავნებას თუ შევამჩნევ, მის მიმართ თავმდაბალი ვერ ვიქნები და შესაძლოა, ჩემში იგივე მანაც დაინახოს.

- ბევრი ადამიანის საიდუმლო იცი?

- კი, სანდო ვარ. როცა იცი, ადამიანი გენდობა, ეს დასაფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ და რთული პროფესია მაქვს, სხვის გამო ჩემი საქმის გადადებაც კი შემიძლია. მეგობრებს იშვიათად ვნახულობ, მაგრამ ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, ასე წლების განმავლობაშიც რომ გაგრძელდეს, ამ ურთიერთობას მაინც არაფერი დააკლდება.

- "ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტა მეგობარი ჰყავს".

- ყველასთან თანაბრად თბილი ურთიერთობა ვერ გექნება, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ ენდობი. დროთა განმავლობაში ბუნებრივად ხდება, ვიღაცას ერქმევა შენი ახლო მეგობარი, ვიღაცას უბრალოდ ნაცნობი, ან - კარგი ნაცნობი. ჩემს ძალიან ახლო მეგობრებს შორის არიან ისეთები, რომლებიც ბავშვობიდან მომყვებიან და ისეთებიც, რომელიც მერე შევიძინე.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ძალიან ბევრ ადამიანს მოაწონე თავი. მათგან მიღებულმა მხარდაჭერამ თქვენი წყვილის გამარჯვება განაპირობა.

- ამ პროექტის დაწყებიდან დღემდე, იმდენ მესიჯს ვიღებ, იმდენი თბილი სიტყვა მესმის, არ ვიცი, რომელი შეიძლება გამოვყო. ამდენი სითბო და პოზიტივი ნეტავ მართლა რით დავიმსახურე? ვცდილობდი ბუნებრივი ვყოფილიყავი; რა ემოციაც მქონდა, მეჩვენებინა. ცეკვის შემდეგ ემოციისგან იმდენად დაცლილი ხარ, შეუძლებელია, თამაში მოახერხო. ყველაზე მეტად იმის ხაზგასმა მახარებს, რომ აღნიშნავენ, ეს დამსახურებული გამარჯვება იყოო. შეიძლება სხვას გულშემატკივრობდნენ, მაგრამ ამბობენ, რომ მე ღირსეულად გავიმარჯვე და ეს მაბედნიერებს.

GzaPress

- პროექტის დასაწყისში, საკუთარი თავისგან როგორი მოლოდინი გქონდა? - პროექტის დასაწყისში ფინალში ცეკვაზე ალბათ ვერ ვფიქრობდი, მაგრამ პირველივე ტურიდან ისეთი შეფასებები მოვისმინე, იმედი გამიჩნდა. ყოველთვის ვფიქრობდი, ცეკვა სრულყოფილი ყოფილიყო. ოჯახის წევრები და ახლობლები მირჩევდნენ, მეაქტიურა, სოციალურ ქსელში ბევრი ფოტო დამედო, რომ საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო, მე კი ყველაზე მეტ დროს რეპეტიციებზე ვატარებდი და ორიენტირებული ვიყავი შედეგზე, ყოველი ნომერი კარგი გამომსვლოდა.

- ფაქტია, ეს მიდგომა გამართლებული აღმოჩნდა.

- კი, ასე გამოვიდა.

- "ხშირად ის რომანტიკული პარტნიორია. მას გვერდით ყოველთვის სჭირდება ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს და თავდაჯერებულობის ამაღლებაში დაეხმარება".

- თავდაჯერებულობის ამაღლებაში დედას და ჩემს დას ვერავინ შეეჯიბრება. მეჩხუბებიან, ჩემგან მეტ სითამამეს ითხოვენ. ზოგჯერ მორიდებულობის გამო, უაზროდ ვიმორცხვებ.

- "თუ სითბო მოაკლდება, ჯუჯღუნა და პრეტენზიული ხდება".

- ბუნებით თბილი ვარ. ოჯახში, სანათესავოში ძალიან თბილი დამოკიდებულება გვაქვს, ერთმანეთის მხარში დგომა გვჩვევია. სითბოს, მზრუნველობას და ჩახუტებას ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, ეს არც არასდროს მომკლებია.

- "უყვარს წუწუნი, სხვებისთვის გულის აჩუყება".

- ყველა ჩვენგანს ალბათ ერთხელ მაინც ჰქონია პერიოდი, გადაღლილობის დროს, ახლობლებთან რაღაც წაუწუწუნია, გამონაკლისი მეც არ ვარ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამარჯობის თქმის შემდეგ წუწუნს იწყებენ, ეს ზედმეტია.

- "აქვს მოთხოვნილება რჩევებს ეკითხებოდნენ. როცა ასე ხდება, უხარია".

- რჩევას ხშირად მეკითხებიან, მაგრამ თავად არასდროს მაქვს ამის მოთხოვნილება, მით უმეტეს, არ არის აუცილებელი ყველამ ჩემი რჩევა გაითვალისწინოს.

- "ის იშვიათადაა ინიციატორი. ურჩევნია ყოველთვის ვინმეს მიერ გაკვალული ბილიკებით იაროს".

- ასეც ვერ ვიტყვი. ახლობლებს სულ ვეუბნები, რაღაც ახალი გააკეთონ და ვნანობ იმ დროს, რომელიც ფუჭად დამიკარგავს. გუშინ მეგობარს ისეთი ტექსტი მივწერე, მითხრა, მსგავსი სამოტივაციო წერილი არ წამიკითხავს, დიდი სტიმული მომეციო.

- "აქვს ქარიზმა, თავი მოაწონოს მისთვის საჭირო ადამიანს".

- სიტყვას "საჭირო" ვერ ვიტყვი, ზოგადად მაქვს მოთხოვნილება, მაყურებელს თავი მოვაწონო. იმასაც ვაცნობიერებ, რომ ყველა ადამიანი შენ მიმართ კეთილგანწყობილი ვერ იქნება. პიროვნულ თვისებებს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

- "ზოგჯერ ზედმეტად თავხედია, რაც საზოგადოებაში ცუდ რეპუტაციას უტოვებს".

- ჩემს ოჯახში ზრდილობას იმდენად დიდი ყურადღება ექცეოდა, ბავშვობაში მოსმენილი ფრაზები ისევ გონებაში მაქვს ჩაბეჭდილი. ვიცი, რომ უფროს ადამიანს არ უნდა შევეპასუხო, არ ვიუზრდელო, არადა, უკვე პატარა ბავშვი აღარ ვარ და ზოგჯერ საჭიროა, ადამიანებს საკადრისი პასუხი გასცე. "ანკა თავხედურად მოიქცაო" - ეს არასდროს არავისგან გამიგია.

- აი, ასეთია შენი ასტროპორტრეტი... სანამ დაგემშვიდობები, გკითხავ, ბინა, რომელიც მოიგე, უკვე ნახე?

- ჯერ არ მინახავს. არ დამკავშირებიან, ველოდები.

- შენი და ოთოს მეგობრობა გაგრძელდა?

- რა თქმა უნდა. ოთო არაჩვეულებრივი ბიჭია, ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე, სანდო, საამაყო და ერთგულია. შეუძლებელია, მას იცნობდე და არ გიყვარდეს. ოთო უზომოდ შრომისმოყვარე, დადებითი და პატიოსანია, ადამიანში ეს ყველაფერი ერთად იშვიათობაა.

- ამ პროექტიდან შემოთავაზება სხვა დროსაც გქონდა?

- არა, შემოთავაზება პირველად წელს მივიღე და დავთანხმდი.

- ამ წინადადებას მეუღლე როგორ შეხვდა?

- დიდად არ გაუხარდა, ისედაც გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ მან იცის, ჩემი პროფესია როგორ მიყვარს და შესაბამისად, ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო.

თამუნა კვინიკაძე