რას არ გააკეთებს თამო ვაშალომიძე სასურველი კონტრაქტის მისაღებად - გზაპრესი

რას არ გააკეთებს თამო ვაშალომიძე სასურველი კონტრაქტის მისაღებად

28 წლის ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ცხოვრების სკანდალური დეტალების თუ ფოტოსესიების გამო, ყოველთვის საზოგადოების ინტერესის სფეროშია. მისი ცხოვრების დევიზია, რომ ბევრი პრობლემის მიუხედავად, არასოდეს დანებდეს და ყოველთვის წინ იაროს. აქვს ბევრი ჰობი, მათ შორის - დრიფტი და ცურვა. რამდენიმე თვეა, რაც მის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავს, რომელიც "გიჟურად" გაიცნო და ამ ამბის გახსენებისას ყოველთვის ეცინება...

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- გააჩნია, როგორ ხასიათზე ვიღვიძებ, საკუთარ თავს როგორ ხასიათზე მყოფი ვუყურებ. არის შემთხვევა, როცა ის ადამიანი, ვინც სარკიდან მიყურებს, საერთოდ, არ მომწონს - მინდა, სხვანაირი იყოს (ხასიათს, გამოხედვას ვგულისხმობ). ზოგჯერ სარკეში ძალიან თავდაჯერებულ ქალს ვხედავ, მომწონს... ალბათ, მაინც ისეთ თამოს ვხედავ, როგორსაც მხოლოდ ახლობელი ადამიანები მიცნობენ.

- დღეს შენი ცხოვრება ისეთია, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდი?

- ბავშვობაში ბევრ რამეზე ვოცნებობდი. საერთოდ, მეგონა, რომ გავთხოვდებოდი და 3 შვილი მეყოლებოდა. გავიზარდე და ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართა. 7-8 წლის რომ ხარ ადამიანი, ბევრი რამე მოგწონს და გინდა. მაგალითად, მომღერლობაც მინდოდა... როცა 15 წლის გავხდი, პრინციპში, უკვე დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე, მერე კი ბევრი რამ თავისთავად მოხდა, გადახარისხდა... ასე რომ, არც ველოდი, თუ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართებოდა, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ.

- სოციალურ ქსელში შენს გამომწერებს შორის, რომელი ცნობილი ადამიანები არიან?

- მაია ასათიანი, ნუკი კოშკელიშვილი, რუსკა ქარქაშაძე... მგონი, სხვა არავინ.

GzaPress

- როგორ ხიბლავ ვირტუალურ და რეალურ სამყაროს? - თავადაც არ ვიცი. ალბათ - იმით, რომ სკანდალური ადამიანი ვარ, ფოტოსესიები მაქვს, "ყვითელი" ამბები ყველას აინტერესებს... ხანდახან მინდა, ჩემს ცხოვრებაში პაუზა ავიღო და ჩემთვის ვიყო, მაგრამ როცა ფართო საზოგადოების წინაშე არ ვჩანვარ, აქტუალურობას არ ვკარგავ... მოკლედ, ალბათ ჯობს, ეს შეკითხვა საზოგადოებას დაუსვათ - არ მინდა, ქედმაღლური პასუხი გამომივიდეს.

- როგორი მამაკაცი ვერ მოიგებს შენს გულს ვერასოდეს?

- ჩამოუყალიბებელი, ცანცარა, რომელმაც არ იცის, ცხოვრებაში რა უნდა. დინჯი, სერიოზული ადამიანები მიყვარს. ასეთმა ადამიანმა ჩემი გული უკვე მოიგო - რამდენიმე თვეა, ერთად ვართ.

- შეიძლება გკითხო - შენი რჩეული ვინ არის?

- ცნობილი ადამიანი არ არის. შოუბიზნესისგან ძალიან შორსაა, თავისი საქმე აქვს. ცდილობს, ერთმანეთს გავუგოთ. ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ და როგორსაც საზოგადოება არ მიცნობს. სულ ამას მეუბნება - ხალხს აჩვენე, რომ "ის თამო" არ ხარ, როგორიც ტელევიზორში ჩანხარო (იცინის)... ალბათ ხალხს თავი ვერ გავაცანი. ჩემი მეგობრები, ახლობლები, შვილი ისეთს მიცნობენ, როგორიც სინამდვილეში ვარ.

- მართლაც, სინამდვილეში როგორი ხარ?

- არასოდეს ვთამაშობ, თუ სადმე (მაგალითად - ტელეეთერში) გამოვდივარ. უბრალოდ, როცა ჟურნალისტები კითხვებს მისვამენ, ადეკვატურ პასუხს ვცემ, რადგან ასეა საჭირო... ძალიან ემოციური ადამიანი ვარ - ყველაფერზე ძალიან ვნერვიულობ. სადღაც სოფელში ვიღაც რომ გარდაიცვალოს, შემიძლია, იმ ადამიანზე 1 კვირა ვინერვიულო. ძალიან განვიცდი ცხოველების ბედს, რადგან ცხოველთა დაჩაგვრის ბევრი შემთხვევაა, სამწუხაროდ... არ მინდა, ჩემს თავზე ვილაპარაკო, როგორი ვარ. ალბათ ამიტომაც არის, რომ რადგან საკუთარ თავს რეკლამას არ ვუკეთებ, ხალხს მაინც ამპარტავანი, ქედმაღალი ვგონივარ. არადა, ასეთი არა ვარ.

- შენ მიერ საინფორმაციო გამოშვებაში მოსმენილი ან სოციალურ ქსელში წაკითხული ბოლო ამბავი, რომელმაც ძალიან აგაღელვა...

- გუშინ წავიკითხე, რომ გრიპის გამო, 31 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ძალიან ავღელდი... პრინციპში, ყველა ნორმალური ადამიანი, ვისაც გული, გრძნობები აქვს, რა თქმა უნდა, ასეთ ამბებს განიცდის. მიმაჩნია, რომ ვისაც ცხოველები და ადამიანები არ უყვარს, ემოციები არა აქვთ, ისინი ბოროტი ადამიანები არიან... მათი არ მესმის. ჩემ გვერდით ასეთი ადამიანები ვერ იქნებიან, ერთმანეთს ვერ შევეგუებით.

- თავად ხომ არ გყავს ოთხფეხა ან ფრთოსანი მეგობარი?

- გალიაში ფრინველების გამოკეტვის ძალიან წინააღმდეგი ვარ, ასევე - ზოოპარკის და ცირკის არსებობის. ჩემს შვილს ცირკში არასოდეს წავიყვან. მგონია, რომ იქ ცხოველებს ძალიან ჩაგრავენ. შინ კატა - 8 წლის სისი მყავს. ვცდილობთ, მთელი ოჯახი შევეგუოთ. სისი მხოლოდ ჩემთან მოდის. სოფია (ჩემი გოგონა) ცდილობს, ეთამაშოს. ხომ იცი, კატები როგორი "ცივები" არიან? ისეთი ცხოველები არიან, რომ პატივი უნდა მივაგოთ (იცინის).

- თავისუფალ დროს ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვარს?

- თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვჭორაობ ან ჩემს შვილს ვეთამაშები. ბარებში იშვიათად დავდივარ, კლუბებში - საერთოდ არა. "პატარა პენსიონერი" ვარ, რადგან.

- კომპლექსი, რომელიც ვერ დასძლიე...

- პატარ-პატარა კომპლექსი ყველას გვაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩემთვის დავიტოვებ (იღიმის). განსაკუთრებული კომპლექსები არ მქონია, მაგრამ რაღაცები იყო, რაც დავძლიე. ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ პუტკუნა სახე მქონდა. სკოლაში ყველა ლოყებზე მჩქმეტდა. იცი, ეს როგორ მეზიზღებოდა?!. დღეს ვინმე ასე რომ მომექცეს, შეიძლება, თავში რაღაც ჩავარტყა (იცინის). კიდევ, ვღიზიანდები, როცა "თამუნას" მეძახიან, რადგან ეს სახელი არ მქვია - ოფიციალურად, თამარი ვარ. როცა "თამუნათი" ან "თამუნიეთი" მომმართავენ, იქ დიალოგი დასრულებულია (იცინის)! როცა ჩემს მეგობრებს სურთ, ნერვები მომიშალონ, გამაბრაზონ, იციან, რაც უნდა გააკეთონ: მობილურ ტელეფონში ჩემს სახელს "თამუნათი" ცვლიან და მეუბნებიან - ნახე, "თამუნა" დავაწერეთო (იცინის)...

- ეპიზოდი შენი ცხოვრებიდან, რომლის გახსენებისას ყოველთვის გეღიმება...

- ასეთი ბევრია, მაგრამ ბოლოდროინდელს გავიხსენებ - "ჩემი ბიჭი" ძალიან გიჟურად გავიცანი. როდესაც ამ ამბავს ვიხსენებთ, მეცინება.

- როგორ ფიქრობ, ეს ნამდვილი სიყვარულია?

- "სიყვარულო", "საყვარელო", "ერთადერთო" - როდესაც დიალოგი ასე იწყება, მაშინვე ყველაფერი ინგრევა და ურთიერთობა უბრალოვდება. ჩვენ ცოტათი სხვანაირი წყვილი ვართ - ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებთ. ჯობია, ყველაფერი ეტაპობრივად განვითარდეს. ყველაფერი 1 დღეში ან 1 თვეში რომ მოენდომებინა, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა.

- დედობამ რა გასწავლა?

- როცა სოფია გაჩნდა, ყველა მეკითხებოდა - შეიცვალეო? თავდაპირველად, ადამიანი ამას ვერ აცნობიერებ - წლები რომ გადის, მერე იცვლები... დედობამ იმ მხრივ შემცვალა, რომ ბევრ რამეზე ორიენტირებული გავხდი, ბევრი რამ "გადავახარისხე", უფრო წინ გავიხედე... 1 დღით წინათაც არ ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა უფრო მეტ რამეზე ვფიქრობ, რაზეც ბავშვის გაჩენამდე არ მიფიქრია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში უკვე სხვა ადამიანი - ჩემი შვილია და პირველ რიგში, მას ვუწევ ანგარიშს. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა და დედობამ ბევრი რამ მასწავლა.

- ბედნიერებისთვის რა გჭირდება?

- ადამიანები, ურთიერთობები... ვფიქრობ, თუ გარშემო ისინი არ გყავს, ვინც გაბედნიერებენ, მათთან გატარებული ეპიზოდებით სიამოვნებას ვერ განიცდი, ეს ბედნიერება არ არის. მაგალითად, 100 მილიონი დოლარი რომ გქონდეს და მარტო იყო, გვერდით ისეთი არავინ გყავდეს, ვისთან ერთადაც წვრილმანებზე იხალისებ, კარგ დროს გაატარებ, ბედნიერებას ვერ იგრძნობ. ბედნიერებისთვის ცოტა მჭირდება - მთავარია, მეგობრები, ახლობლები, საყვარელი ადამიანები ჩემ გვერდით იყვნენ.

- საყვარელი კერძი, რომლის ჭამის ცდუნებასაც დიეტის დროსაც ვერ ერევი...

- უბრალოდ, შემწვარი კარტოფილი სიგიჟემდე მიყვარს! ვიღაც მეტყვის, - გოგო, რა გოიმი ხარ, რა კარტოფილიო?!. მიყვარს, რა ვქნა?..არა, ხინკალიც მიყვარს, მწვადიც... გემრიელად ჭამა ვის არ უყვარს?!.

- თამო, ვთქვათ, ერთ დღეს ყველა ესთეტიკური მედიცინის ცენტრი გაქრა, შენთვის ეს მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება?

- სიმართლე გითხრა, ჩემს ფიგურაზე "გადაყოლილი" არ ვარ. კვების რაციონიდან ცომეული და ტკბილეული ამოღებული მაქვს. ვვარჯიშობ... შესაბამისად, ესთეტიკური მედიცინის ცენტრების არარსებობა ჩემთვის გარკვეული დანაკლისი იქნებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავსუქდებოდი და დავმახინჯდებოდი. თავს რამენაირად მოვუვლიდი.

- შენს ცხოვრებაში მთავარი ღირებულება რა არის, რაც შენს ქმედებებს განსაზღვრავს?

- ძალიან ამაყი ვარ - იმაზე მეტად, ვიდრე უნდა ვიყო. ხანდახან ეს თვისება "ცუდად მიბრუნდება", მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს. ჩემთვის სიამაყე პირველ ადგილზე დგას: მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხარ, შენი "მე" ადამიანმა არასოდეს არავისთან არ უნდა დაკარგო. თუ ამას შეინარჩუნებ, ყველაფერს გააკეთებ. ცუდი პერიოდებიც იქნება, მაგრამ ჯობია, საკუთარი თავის წინაშე ამაყი და "სუფთა" იყო. პირდაპირი ადამიანი ვარ. ჩემი აზრით, ამპარტავნება და სიამაყე ერთმანეთისგან განსხვავდება. სიამაყეა, როცა მაგალითად, კომპანიაში მისულს, კონტრაქტზე ხელს არ მომიწერენ, ხვეწნას არ დავიწყებ - მომიწერეთ-მეთქი. წამოვალ და იქ მეორედ აღარ მივალ. სხვა ადამიანი კონტრაქტის მისაღებად ყველაფერს გააკეთებს, მაგალითად - თანამოსაუბრეს ეტყვის, - რა კარგი ფეხსაცმელები გაცვია, რა სიმპათიური ხარო, რესტორანში დაპატიჟებს, რომ თავისი საქმე გააკეთოს. ასეთი არ ვარ. პირფერობა არ მიყვარს...

ეთო ყორღანაშვილი