მზია ორველაშვილის ნახევრად გამხელილი საიდუმლო - გზაპრესი

მზია ორველაშვილის ნახევრად გამხელილი საიდუმლო

სამეჯლისო სპორტული ცეკვების ძლიერი შემსრულებელი - მზია ორველაშვილი, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალშიც გვინახავს და გამარჯვებულის ამპლუაშიც, გულახდილად გვესაუბრა ტელეშოუს ბოლო სეზონზე და ასევე, იმ მიზეზზე, რის გამოც შარშანწინ პროექტში მონაწილეობისგან თავი შეიკავა... აღმოჩნდა, რომ ცეკვა ერთადერთი სფერო არ არის, რითიც მზიას საზოგადოებისთვის თავის დამახსოვრება სურს...

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო სეზონს როგორ შეაფასებ?

- მგონი, საინტერესო გამოვიდა, ანუ ცუდი არ იყო, როგორც ზოგი წერს... კარგი ვარსკვლავები შეიკრიბნენ, მეგობრული "სასტავი" "შეიკრა". ამ სეზონით კმაყოფილი ვარ. ჩვენი წყვილის ნახევარფინალში გასვლა ნოდარისთვის დიდი გამარჯვებაა, მისი ტრავმების ფონზე. ჩემი ცეკვით კმაყოფილი არ ვარ, რადგან შესაძლებლობების 30% პროცენტი ვიცეკვე: ცეკვას მეწყვილეს "ვუწყობდი", რომ მისთვის ხელი არ შემეშალა, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ვარსკვლავების შოუა და არა - მოცეკვავეების. მგონი, კარგად გამოგვივიდა. ხალხს ძალიან შევუყვარდით. ამას ვგრძნობ და მსიამოვნებს. ჩემთვის ხალხის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.

- ამ პროექტში მონაწილეობისას, მოცეკვავისთვის ყველაზე დიდი სირთულე რა არის?

- მუშაობა: შენი მეწყვილე 5 დღეში ცეკვის ნომერს როგორ ისწავლის და მაყურებლამდე როგორ "მიიტანს", რაც დიდ შრომად და წვალებად გვიჯდება.

GzaPress

- ფინალში, გამარჯვებულის ამპლუაშიც გვახსოვხარ. ახლა თქვენი წყვილი ფინალში რატომ ვერ მოხვდა? - ეს "ესემესებზე" იყო დამოკიდებული. სიმართლე რომ ვთქვათ, ნახევარფინალში ისე არ გვიცეკვია, რომ ფინალში გადავსულიყავით. ეს ჩემი აზრია. შეცდომების გარეშე რომ გვეცეკვა და მაყურებელს მოსწონებოდა, დაგვიმესიჯებდნენ და ფინალში გადავიდოდით, მაგრამ ისეთი სამეული "შეიკრა", რომ ცეკვა ჩვენ არ გვეკუთვნოდა. რაც გვეკუთვნოდა, ის მივიღეთ. პირადად მე, კმაყოფილი ვარ, რომ ნახევარფინალში მოვხვდით. რა თქმა უნდა, ადამიანს გული გტკივა, როცა ფინალში ვერ ხვდები, მაგრამ არა უშავს - იმედია, შემდეგ სეზონზეც მიმიწვევენ და ფინალში ვიქნები - გააჩნია, ჩემი მეწყვილე ვარსკვლავი როგორ მოიწადინებს...

- წინა სეზონზე ამ პროექტში არ გიცეკვია, თუმცა მახსოვს, ბავშვი ახალი გაჩენილი გყავდა და როცა პროექტში მონაწილეობის შესახებ გკითხე, მიპასუხე, რომ მონაწილეობას სიამოვნებით მიიღებდი, თუ შემოგთავაზებდნენ...

- შემომთავაზეს, მაგრამ ორსულობის შემდეგ, ფორმაში ჩადგომა ვერ მოვასწარი. პირდაპირ ვიტყვი: თავს ნამდვილად ვერ "გავიპაზორებდი" და 97-კილოგრამიანი პირდაპირ ეთერში ვერ გამოვჩნდებოდი, ეს ლამაზი არ იქნებოდა. ამის გამო, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისგან თავი შევიკავე. 1 წელიწადში 56 კილოგრამამდე დავიკელი. ცოტათი გავზარმაცდი და მაინც ისე ვჭამდი, როგორც მინდოდა (იცინის). ახლა უკვე ნებისმიერ პროექტში მონაწილეობა თამამად შემიძლია.

- დიეტას იცავდი?

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას ისეთი რეჟიმი გვაქვს, რომ ფაქტობრივად, ჭამასაც ვერ ვასწრებთ, დილიდან რეპეტიციებია: შოუს გახსნის ცეკვებსაც ვამზადებთ, მეწყვილესაც ბევრ დროს ვუთმობთ და ა.შ. დღეში ერთხელ ჭამას თუ მოვასწრებდი, მადლობა უნდა მეთქვა. მოკლედ, ეს პროექტი დიეტისთვის ზედგამოჭრილია (იცინის). ამ დროს დიეტაც არ გჭირდება - წონაში მაინც იკლებ, რადგან ბევრ ენერგიას ხარჯავ.

- ვიდრე პროექტში მონაწილეობას დათანხმდებოდი, ფორმაში ჩადგომა როგორ მოახერხე?

- რა თქმა უნდა, პროექტის დაწყებამდე დიეტას ვიცავდი, რადგან ნამდვილად არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, - ვაიმე, ნახე, როგორ გასუქებულაო... ხომ იცი, "ენას ძვალი არ აქვს" და ხალხი მაინც ყველაფერს ამბობს, თუმცა ამ სეზონზე ჩემი ან ნოდარის მიმართ ნეგატიური კომენტარები არ ყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი პოზიტიურად განწყობილი იყო. მგონია, ჩვენი წყვილი ამ შოუს ძალიან ალამაზებდა - ძირითადად, მხიარული, შოუსთვის შესაფერისი ნომრები გვქონდა... დიეტას რაც შეეხება, წლების განმავლობაში ვცეკვავ და ვიცი, რა ვჭამო, რა გავაკეთო, რომ წონაში დავიკლო. საჭიროდ არ მივიჩნიე, წონაში დასაკლებად სპეციალისტისთვის მიმემართა. როგორც სამოსის შერჩევისას, ადამიანმა თავად ყველაზე უკეთ იცის, რა უხდება, ასევეა კვების დროსაც - ადამიანი თავად ხვდები, უკეთეს შედეგს რისი ჭამა გაძლევს.

- ცეკვის ნომერზე მუშაობისას, მეწყვილესთან კონფლიქტი გაქვს ხოლმე?

- საერთოდ, მეწყვილეებს შორის კონფლიქტი არის, მაგრამ პირადად მე, ასეთი ერთადერთი შემთხვევა მქონდა. მის ვინაობას არ დავასახელებ - თავად მიხვდება, თუკი ამ ინტერვიუს წაიკითხავს. თითქმის ყოველ გაკვეთილზე ვკამათობდით. მიუხედავად ამისა, დღეს ერთმანეთს კარგ "გამარჯობას" ვეუბნებით და იმ ამბებს სიცილით ვიხსენებთ... ნოდართან კონფლიქტური სიტუაცია საერთოდ არ შემქმნია. 1-2-ჯერ რაღაცაზე ვიკამათეთ, მაგრამ ისე - არა, რომ რეპეტიციაზე ერთმანეთს აღარ დავლაპარაკებოდით. ნოდარი ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანია და თავში ტვინი არც მე მაკლია, რომ ბუტიაობა დამეწყო, რადგან ასეთ რამეს არ იმსახურებდა.

- როგორც ვიცი, შშმ ბავშვებთანაც მუშაობდი - მათ ცეკვას ასწავლიდი...

- დიახ, დღემდე ვმუშაობ. უბრალოდ, პროექტის გამო, გაკვეთილების გაცდენა ხშირად მიწევდა. ჩემს ნაცვლად, ჩემს სტუდიებში ასისტენტები მუშაობდნენ. თებერვლიდან ყველაფერს თავის კალაპოტში ჩავსვამ. შშმ ბავშვებთან მეცადინეობასაც აუცილებლად განვაახლებთ, რადგან ჩემთვის ამ ჯგუფთან მუშაობა ბევრს ნიშნავს. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მათ არასოდეს მივატოვებ. მაქსიმალურს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ ისინი გავაბედნიერო.

- მათთვის ცეკვის სწავლა უფასოა?

- რა თქმა უნდა, ეს საქველმოქმედოა და უფასოა.

GzaPress

- მათთან მუშაობის ოცნება რატომ გაგიჩნდა? - იმედია, ჟურნალ "გზის" მკითხველები ძალიან სწორად გამიგებენ, როცა ამ ინტერვიუს წაიკითხავენ: ჩემი ბავშვობის პერიოდში, რამდენჯერმე ისეთ სიტუაციას შევესწარი, როცა შშმ ბავშვის (რომელიც მშობელთან ერთად ყოფილა) მიმართ აგრესიულად უთქვამთ, - ნახე, იმ ბავშვს რა სჭირსო... ასეთი დამოკიდებულების მიმართ ყოველთვის პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, რადგან შშმ ბავშვები ჩვეულებრივი ადამიანები არიან! ხომ შეიძლებოდა, ჩვენც რაღაც დაგვმართოდა?.. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ როდესაც მშობლები სტუდიას ჩამაბარებდნენ ან საკუთარი სტუდია მექნებოდა, ამ პატარებისთვის ცეკვის შესასწავლ წრეს აუცილებლად გავაკეთებდი. არავინ იცის, ჩვენ ხვალ რა გველოდება... ყველანი ერთნაირები, თანასწორები ვართ.

- ამდენი საქმის ფონზე, შვილებზე ზრუნვას როგორ უმკლავდები?

- "ცეკვავენ ვარსკვლავებზე" მუშაობას ყოველთვის ბევრი დრო სჭირდება, ეს ყველამ ვიცით. პლუს, ჩემი სტუდიები მაქვს. ყველაფერს თავს ვერ გავართმევდი. დედიკომ შემომთავაზა: - მოდი, ლევანი (ჩემი უფროსი ვაჟი) ჩემთან გადმოიყვანეო. ჩემი მშობლები აგარაკზე, კაჭრეთში ცხოვრობენ. გადავწყვიტეთ, რომ ლევანმა წელს სკოლაში სწავლა იქ დაასრულოს. 12 წლის არის. ახლა ძალიან დიდი მეთვალყურეობა სჭირდება, რადგან მისი ასაკის ბავშვები "ბლატაობის" ხასიათზე არიან. კიდევ კარგი, ჩემი შვილი სწავლაშია ჩაბმული. რაც კახეთში გადავიყვანე, სკოლაში "10-იანზე" ნაკლები ქულა არ მიუღია - სწავლას მოუმატა... უმცროს შვილს რაც შეეხება, მასზე ზრუნვაში ძიძა მეხმარება, რომელიც ჩვენთვის უკვე ისეთი ახლობელი ადამიანია, ოჯახის წევრად მივიჩნევთ. "ცეკვავენ ვარსკვლავების" პერიოდში რეჟიმი ძალიან ავურიე - ქალი ისე დაიღალა, რომ აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა... ვცდილობდი, შვილისთვის ყურადღება რაღაცნაირად მიმექცია, მაგრამ ახლა ბავშვი ისეთი მონატრებულია, როცა მხედავს, ტირის, მეხუტება...

- მეუღლე როგორ გგულშემატკივრობდა?

- ჩემმა მეუღლემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჩემს ნომრებშიც იცეკვა და სხვისაშიც. პროექტში 100%-ით ჩაერთო. საერთოდ, ჩემი ცეკვა ძალიან უყვარს. თავადაც მოცეკვავე, ხელოვანი ადამიანია. ესმის, რას ვგრძნობ, როცა არ ვცეკვავ. ანალოგიურად, მისი მეც მესმის. ყველანაირად მხარში მიდგას და ცდილობს, ჩემი საქმე არ მივატოვო... თავად ქართული ცეკვების შემსრულებელია: აჭარის სახელმწიფო ანსამბლშიც ცეკვავდა და "სეუს" ანსამბლშიც - ორივეგან სოლისტი იყო. ახლა სამეჯლისოები ვაცეკვე. სხვათა შორის, ცუდად არ გამოსვლია.

- საბოლოოდ ხომ არ გადმოიბირე?

- რაღაცებს საიდუმლოდაც დავტოვებ და ცოტას გაგიმხელ: გეგმები გვაქვს და ნელ-ნელა "შემოგაპარებთ"... ასევე, ძალების მოსინჯვას სხვა სფეროებშიც ვაპირებ. მინდა, ხალხს საკუთარი თავი სხვა კუთხითაც ვაჩვენო. სხვადასხვა პროექტში გამოჩენას ვფიქრობ...

- ანუ ისეთი საქმიანობით ხარ დაკავებული, რაც არ ვიცით? ბარემ გაგვიმხილე...

- სიმღერა დავიწყე. ეს მხოლოდ ჩემი ნება არ ყოფილა - ჩემმა ქმარმა, ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა დაიჟინეს - მიდიო... ჩემს ვოკალის პედაგოგსაც ძალიან მოვწონვარ. ვნახოთ, რა გამოგვივა. ჯერ უნდა მოვემზადო. თუ რომელიმე მუსიკალურ პროექტში ვცდი ბედს, კარგად გამოვალ. თუ მზად არ ვიქნები, მონაწილეობას არ მივიღებ. როდესაც "იმედზე" "2 ვარსკვლავი" გადიოდა, მასში მონაწილეობა ძალიან მინდოდა, მაგრამ ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი.

- ახლა "ვოისს" ხომ არ უმიზნებ?

- ეგ ძალიან დიდი განაცხადი იქნება (იცინის). არ ვიცი. გააჩნია, თუ საკუთარი თავით (მუსიკალური თვალსაზრისით) კმაყოფილი ვიქნები, რატომაც არა?

- ისღა დამრჩენია, წარმატება გისურვო!..

ეთო ყორღანაშვილი