თვითნებური დიეტები - გზაპრესი

თვითნებური დიეტები

თვითნებური დიეტების მავნებლობის შესახებ თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ ეს საკითხი დღესაც სერიოზული პრობლემაა: ადამიანები, ჯანმრთელობის "ნგრევის" ხარჯზე, წონაში დაკლებას კვლავ ცდილობენ. ინტერნეტში ხშირად წააწყდებით კვების სხვადასხვა რაციონს, რომლითაც თურმე ვიღაცამ მოკლე პერიოდში ზედმეტი წონის დაკლება შეძლო. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია ან წონაში დაკლების სურვილი ისეთი ძლიერია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი პრობლემების სირთულეს ვეღარ აცნობიერებენ...

რადგან ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, მომატებულ კილოგრამებთან ბრძოლა კიდევ უფრო აქტუალურია, რამდენიმე ადამიანს ვკითხეთ - როგორ აკონტროლებენ საკუთარ წონას და ოდესმე თუ მიუმართავთ თვითნებური დიეტებისთვის?

"ასეთ დიეტებს მანამდე შევეშვი, სანამ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას შემიქმნიდა"

GzaPress

თამუნა ლეკვეიშვილი: - ახალი წლის დღესასწაულები ისეთია, მგონი, კვებასთან დაკავშირებით, ადამიანმა თავი არ უნდა შეიზღუდოს. ძალიან მიყვარს გოზინაყი, საცივი და ა.შ. წონაში აშკარად მოვიმატე, მაგრამ ზუსტად არ ვიცი - რამდენი კილოგრამი. ჯერჯერობით, ზედმეტ წონასთან ბრძოლა ვერ დავიწყე, მაგრამ ამას ვარჯიშითა და კვების რაციონის მცირე შეზღუდვით ვაპირებ.

- კვების რაციონის შეზღუდვას დამოუკიდებლად აპირებ თუ სპეციალისტის დახმარებით?

- დამოუკიდებლად, რადგან უკვე ყველანაირი დიეტის, სწორი კვების დიდი გამოცდილება მაქვს.

- ვიდრე ამ გამოცდილებას მიიღებდი, დიეტას თვითნებურად იცავდი?

- კი და მივხვდი, რომ ეს ცუდია, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ უფრო მეტს ჭამ და წონაშიც იმატებ. საბოლოო ჯამში, ცოტათი სპეციალისტების დახმარებით, ცოტათი - მეგობრების რჩევით, ჩემთვის სწორი კვების რეჟიმს მივაგენი.

- აღნიშნე, თვითნებური დიეტები ცუდიაო. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა შეგიქმნა?

- თვითნებურ დიეტებს მანამდე შევეშვი, სანამ სერიოზულ პრობლემას შემიქმნიდა.

"ამ მეთოდს საკმაოდ ცუდი შედეგი ჰქონია" GzaPress

ნია წივწივაძე: - საერთოდ, ჭამა ძალიან მიყვარს - გურმანი ვარ. შეიძლება ორგანიზმისთვის მავნე საკვებიც მივირთვა. ამიტომ ვცდილობ, ჩემი კვება ვარჯიშით დავაბალანსო. ჯანსაღად კვებას ვერ ვახერხებ, რადგან ის მიყვარს, რაც ორგანიზმისთვის ცუდია. მაგალითად, გაზიანი სასმელები... ვერ ვიტყვი, რომ ახალი წლის დღესასწაულებზე წონაში ძალიან მოვიმატე (მაქსიმუმ - 2 კილო). არ მეტყობოდა. თან, საახალწლო დღესასწაულები რომ გავიდა, ვარჯიში გავაგრძელე და ის 2 კილო საკმაოდ იოლად დავიკელი. საერთოდ, ცხოვრებაში დიეტა არ დამიცავს. უბრალოდ, თუ 2-3 კილოს მოვიმატებ, ვცდილობ, საღამოს 6-7 საათის შემდეგ არ ვივახშმო და ე.წ. 16-საათიანი დიეტა დავიცვა, ანუ მაგალითად, დღის 12 საათამდე არაფერი ვჭამო. ეს ყველაზე იოლად გამომდის და ამ მეთოდით, წონაში ყველაზე კარგად ვიკლებ.

- ამ "16-საათიანი დიეტის" შესახებ საიდან შეიტყვე და ორგანიზმზე რაიმე მავნე ზეგავლენა ხომ არა აქვს?

- ამაში მავნებელი არაფერია. სხვადასხვა საიტზე ამოვიკითხე, ასევე - ცნობილი ადამიანებისგანაც გამიგონია. პირიქით - კარგია, როცა საღამოს 7 საათის შემდეგ არ ვახშმობ და სავსე კუჭით არ იძინებ. თუ დიეტის დაცვა მჭირდება, ეს ჩემთვის მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც შემიძლია. დღევანდელ მოდურ ტენდენციას - წონაში დასაკლებად რაღაცებს რომ სვამენ, არ ვემხრობი. ბევრჯერ გამიგონია, რომ ამ მეთოდს საკმაოდ ცუდი შედეგები ჰქონდა. ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის კვების ჯანსაღი რეჟიმი და ჯანსაღი საკვები ყველაზე კარგია.

"შეიძლება, უარესი დაგემართოს" GzaPress

თაკო კორინთელი: - თვითნებურ დიეტებს არ მივესალმები. მიმაჩნია, რომ როცა დიეტის დაცვას იწყებ, კონსულტაცია აუცილებლად კომპეტენტურ ადამიანებთან უნდა გაიარო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, უარესი დაგემართოს. კვების რაციონი დიეტოლოგთან უნდა შეათანხმო, რადგან ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია: ზოგს რაღაც აწუხებს და მისთვის კვების ესა თუ ის რაციონი მავნეა...

- თავად წონას როგორ მართავ?

- საერთოდ არ ვმართავ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა აუცილებლად მჭირდება (იცინის). დიეტას მაინც ვერ ვიცავ. წონაში ხან ვიკლებ, ხან - ვიმატებ, ოღონდ - მიზეზი არ ვიცი. მაგალითად, დილით აუცილებლად ვსაუზმობ და ჩემი რეჟიმის გამო, ღამით ვვახშმობ. რომ შემეძლოს, დიეტას აუცილებლად დავიცავდი, კვების ჯანსაღი რეჟიმი მექნებოდა.

- რომელი დიეტის დაცვას გულისხმობ?

- სპეციალისტთან კონსულტაცია არ გამივლია, მაგრამ ჩემი აზრით, კვების რაციონში ცომეულს თუ შევზღუდავ და საღამოს 6 საათის შემდეგ არ ვივახშმებ, წონას უფრო გავაკონტროლებ. ეს უკვე გავრცელებული მეთოდია. პლუს - ცურვას, ტანვარჯიშს ან ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშსაც თუ მივაშველებ, ურიგო არ იქნება.

- ახალი წლის დღესასწაულებზე რამდენი კილოგრამი მოიმატე?

- სხვათა შორის - არც ერთი, რადგან საქართველოში არ ვყოფილვარ და გოჭის ხორცი, საცივი "კეფაზე არ მირტყია" (იცინის). ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე, ახალ წელს სხვა ქვეყანაში შევხვედროდი და მგონი, ძალიანაც მივქარე, რადგან 7 დღიდან 4 ლოგინში გავატარე - ავად ვიყავი, მაღალი სიცხე მქონდა...

"ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემა შემექმნა" GzaPress

ბაბი კირკიტაძე: - თვითნებური დიეტებისთვის ბევრჯერ მიმიმართავს, მაგრამ ვფიქრობ, ეს არასწორია, რადგან ცუდი რამ დამემართა: ამ თვითნებურმა დიეტებმა ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული დიდი პრობლემა შემიქმნა. ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. ბუნებრივია, ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია. ყველაზე სწორი გამოსავალი კონკრეტულ ადამიანზე მორგებული კვების სწორი რეჟიმია.

- თვითნებურ დიეტებს მოზარდობის პერიოდში მიმართავდი?

- ჰო, როცა უკვე გარდატეხის ასაკში მყოფმა აღმოვაჩინე, რომ მსუქანი ვიყავი და რაღაც არ მომეწონა... მახსოვს, პირველი დიეტა, რომელიც დავიცავი, ე.წ. უგულავას დიეტა იყო. სულ გულწასული ვეგდე... შედეგად, ჩემი ორგანიზმი გამოიფიტა. უხეშად რომ ვთქვა, ჩემი თავი დიეტებით გავაუბედურე. ყველაზე დიდი - 76 კილო ვიყავი.

- დღეს შენს წონას როგორ მართავ?

- რომ გითხრა, სწორად ვიკვებები-მეთქი, მოგატყუებ, რადგან ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს: ზოგჯერ ჭამას ვერც ვასწრებ და მთელი დღე მშიერი ყოფნა მიწევს - ჩაის და შოკოლადს თუ მივირთმევ... ღამით ვჭამ, როცა შინ მივდივარ - ესეც არასწორია. ვცდილობ, შესვენებების დროს ჯანსაღად ვიკვებო. ჩემი ორგანიზმი მიეჩვია - ბოსტნეული, წიწიბურა და მსგავსი საკვები შეიყვარა. შესაბამისად, არაჯანსაღი საკვების მიმართ ძლიერი მოთხოვნილება არ მაქვს.

- ზედმეტი კილოგრამების დაკლება რომ შეძელი, ეს სპეციალისტების დამსახურებაა?

- არა. არასწორი დიეტებით, ჯანმრთელობის ხარჯზე, წონაში დავიკელი. საბოლოო ჯამში მივხვდი, ჩემს ორგანიზმს რა როგორ სჭირდებოდა. მეგობარი ენდოკრინოლოგების რჩევები გამოვიყენე - ჩემთვის კარგი და ცუდი რა იქნებოდა. ჩემი კვების რაციონი ასე "დავალაგეთ". ადამიანები თანდათან ვსწავლობთ, ჩვენს ორგანიზმს რა უხდება და რა - არა. მაგალითად, ზოგს წიწიბურის ჭამა ასუქებს. არადა, ძალიან სასარგებლო, საჭირო პროდუქტია - უამრავ ვიტამინს შეიცავს... მოკლედ, ორგანიზმზეა დამოკიდებული, რომელ საკვებს იღებს სწორად და რომელს - არა.

- საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, ზედმეტი კილოგრამები შენთვისაც აქტუალურია?

- სხვათა შორის, არა. რამდენიმე წელია, ახალ წელზე გაგიჟება-გადარევა არ მჭირს - საცივში თავით ჩახტომა, გოჭები და მწვადი აღარ მიყვარს (იცინის). ამ დღესასწაულებზე ისევე ჩვეულებრივად ვიკვებები, როგორც დანარჩენ დღეებში. ერთადერთი, გოზინაყი მიყვარს, ჩემს ორგანიზმს კი ნიგოზი და თაფლი (მით უმეტეს - ერთად) არ უხდება... ამ სირთულეს ვერ ვერევი (იცინის).

"ვცდილობ, წონაში

ბედნიერ განწყობაზე მყოფებმა მოიმატონ"

ამიკო ჩოხარაძე: - დიეტა არასოდეს დამიცავს - საერთოდ არ ვიცი, ეს როგორ "მუშაობს", მაგრამ ვფიქრობ, ექიმთან კონსულტაცია მაინც აუცილებელია, რადგან ყველა ადამიანს ჯანმრთელობის ინდივიდუალური მდგომარეობა აქვს. შესაბამისად, დიეტის დაცვამდე ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თორემ შესაძლოა, რომელიმე საკვების ნაკლებობამ ორგანიზმი ცუდ შედეგამდე მიიყვანოს.

- დიეტის დაცვა არ დაგჭირვებია თუ უბრალოდ, არ დაგიცავს?

- მგონი, არ დამჭირვებია. შეიძლება, ოდნავ მოპუტკუნებული, გასუქებული ვყოფილვარ, მაგრამ დიეტის ხარჯზე წონაში არ დამიკლია. ალბათ ბევრი ვირბინე (იცინის)... ახალი წლის დღესასწაულებზე ვცდილობ, ახლობლებმა წონაში ბედნიერ განწყობაზე მყოფებმა მოიმატონ - იქ ვარ და მათ ვართობ ხოლმე (იცინის). ასე რომ, ახალი წლის დღესასწაულებზე ჭამა ნაკლებად მიწევს - მეტს ვმუშაობ, ბოლომდე ვიხარჯები... ალბათ, გამხდარი ამიტომ ვარ...

"გზის" მკითხველებისთვის ჩემი რჩევაა: კვების ჯანსაღი რეჟიმი დაიცავით, მაგრამ გარდა ამისა, ფორმაში ყოფნისთვის კიდევ ბევრი სავარჯიშო არსებობს. გამიმართლა, რომ ბათუმელი ვარ - პლაჟზე D ვიტამინს ვიღებდი, ვსეირნობდი, დავრბოდი... საღამოს ვარჯიში კარგია, დილით თავი არ უნდა დაიტვირთო... მოკლედ, ფორმაში ყოფნისთვის ფიზიკური დატვირთვა კარგია - ჯანმრთელობასა და სხეულის ფორმაში ყოფნაზე იზრუნეთ.

ეთო ყორღანაშვილი