"ის ცხოვრებას და საუკეთესო წლებს გართმევს - არ გასინჯო!" - გზაპრესი

"ის ცხოვრებას და საუკეთესო წლებს გართმევს - არ გასინჯო!"

ნიცაში ცხოვრებაზე, მკურნალობასა და სამომავლო შემოქმედებით გეგმებზე მსახიობი და მომღერალი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ ჟურნალ "გზის" მკითხველს ექსკლუზიურად უამბობს. ის თითქმის ხუთი წელია სამშობლოდან შორს, საფრანგეთში ცხოვრობს და ამ დროის განმავლობაში, რა სირთულეებიც გამოიარა, ქართველი მკითხველისთვის ცნობილია. თავდაპირველად, ევროპას სამკურნალოდ მიაშურა და სასურველი შედეგი მიიღო კიდეც. როცა უკვე დაბრუნებას აპირებდა, ფრანგმა სამართალდამცველებმა სწორედ მაშინ დააკავეს, ე.წ. ქართული ბანდის წევრობისა და ქურდობის ბრალდებით. ერთწლიანი პატიმრობის მიუხედავად, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მაინც არ შეწყვეტილა და ბოლო ერთი წელია ელოდება, როდის მიეცემა უფლება, ქვეყანა დატოვოს, თავის ოჯახსა და თეატრს დაუბრუნდეს.

- მეხუთე წელია აქ ვარ. თავიდან ხომ სამკურნალოდ წამოვედი. ახლა უკვე ნორმალურად, კარგად ვარ... ერთადერთი, რაც ძალიან მინდა, ჩემი ოჯახისა და ჩემი შვილების ნახვაა, ძალიან მენატრებიან! თეატრი, მუშაობა მენატრება. მაგრამ ჩემს საქმეზე ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვარ და არ ვიცი, როდის დასრულდება. ვზივარ და ველოდები. წესით, დიდხანსაც აღარ უნდა გაიწელოს და აპრილამდე მოგვარდეს. ვნახოთ.

- საფრანგეთში რა მეთოდებით მკურნალობენ? რამე განსხვავებულია?

- არაფერი, ჩვეულებრივად, რაღაც წამლებია, ოღონდ მე აზრზე არ ვარ, რა არის.

- ფსიქოლოგიური და მსგავსი ხასიათის საუბრები თუ მიდის ნარკოდამოკიდებულ პაციენტებთან?

- არავითარი, ჩემთან მსგავსი არაფერი ყოფილა. აქ არავინ არაფერს გესაუბრება. თბილისში კი, ბაზარი არ არის, ნარკოლოგიურში ფსიქოლოგებიც გელაპარაკებიან. აქ, როგორც ასეთი, ნარკოლოგიური დაწესებულებაც არ ჰქვია, სხვა "ბაზარია".

- ზოგადად, ფსიქოლოგი რამდენად გეხმარება ამ დროს? რამე დადებით გავლენას ახდენს?

- რა ვიცი, მაგ დროს ისეთი გაბრუებული ხარ წამლებით, ის ფსიქოლოგიც როგორ იგებს შენს მდგომარეობას, კაცმა არ იცის.

- ანუ ამ ეტაპზე, თქვენს შემთხვევაში უკვე ყველაფერი დამთავრებულია, ხომ?

- კი, დასრულებულია! ვისაც გვჯერა, გაგ-ვა-ტა-რეთ! მე მჯერა, რომ ასეა! "დალშე", ვისაც არ სჯერა, კარგად ბრძანდებოდეს. სულ მაგას მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომ გაითვალისწინონ ჩემი მაგალითი და იგივე არ გაიმეორონ! მთავარია, თვითონ მიხვდნენ, შეიგნონ, რომ ეს საშინელებაა, არ ვარგა და "ქაქში" არიან, ეს თუ თვითონ არ გააცნობიერეს, არაფერი გამოვა, ვერ შეეშვებიან, გამორიცხულია. მათ გონებამდე უნდა დავიდეს, რომ ძალიან ცუდ დღეში არიან. მართლა "ქაქია" და არ შეიძლება ამის კეთება! ცხოვრებას გართმევს, საუკეთესო წლებს, დროს - ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით ამ ყველაფერს და გაითვალისწინეთ.

რას გარბოდაო? - ადრე ჩემზე უთქვამთ ვიღაცებს. მე აქ კონკრეტული მიზნით ჩამოვედი, სამკურნალოდ, არსად გამოვქცეულვარ. ხალხი კი მართლაც გამორბის და საქართველოსკენ გახედვაც არ უნდათ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ქუჩაში ცხოვრობენ. მანდედან ბევრ რამეს სხვანაირად ხედავენ. ჩემზეც ხომ რაღაცები დაწერეს. მე არ წამიკითხავს, მაგრამ "კეთილისმსურველებმა" მიამბეს, რაებს წერდა ხალხი ჩემზე. თურმე, როგორი სამარცხვინოები ვართ მე და ჩემი მეგობრები. სასაცილო ხალხი, პატარა ტიპები. ჩამოვიდნენ აბა აქ, როგორც მე მომიწია ცხოვრებამ (ძალიან ცოტა დროით, მაგრამ მომიწია), ისე იცხოვრონ ერთი თვე და მერე ვნახავ, როგორ დაიწყებენ ჭიკჭიკს.

GzaPress- როგორია მანდ ქართველების მიმართ დამოკიდებულება?

- ისეთ სურათს ხატავენ, ვითომ ქართველები ქვეყანას აქცევენ, ამოჩემებული ჰყავთ აქაც, გერმანიაშიც, ყველგან. ახლა ვიღაც იტყვის, აბა, რას იზამენ, ძმაო, მანდ ქურდობენ და მამაძაღლობენო. ვინ? ქართველები? მე ციხეში მოლდაველები ვნახე, გული გამისკდა, რომ მოჰყვნენ, რა და რამდენი ჰქონდათ მოპარული. სხვა ერები კიდევ უარესებს აკეთებენ. ქართველები ვერც მივლენ იმათთან, არც დაიჯეროთ ან განა რამდენი ქართველი უნდა ჩამოვიდეს ევროპაში, რომ ესენი შეაწუხონ? ისედაც რამდენი ვართ.

- ნიცაზე გვიამბეთ, როგორი ქალაქია? რა მოგწონთ?

- უმაგრესია! ძალიან ლამაზია, აქ ცოტა ქაოსია და თუ უფრო სიწყნარე, სიმშვიდე გინდა, ახლომახლო ქალაქებიც ძალიან კარგია. კანიც მაგარია. ეს საფრანგეთში ყველაზე კარგი მხარეა. სერიოზული შთაბეჭდილებები მაქვს, ძალიან შემიყვარდა აქაურობა, მაგრამ მაინც სახლში მინდა...

ისე, საოცარი რამეებიც ვნახე. ფინანსურადაც მაგრად უნდა იყო, რომ კიდევ ბევრი კარგი რამ ნახო. როგორც ყველგან, რა. თუმცა, აქ გართობა დიდი ფულის გარეშეც შეიძლება. ისეთი ქალაქები ვნახე, არანაირი კორპუსი რომ არ დგას, ძველი სახლებია და ძველი მანქანები დადის, ოღონდ, კარგ მდგომარეობაში. იცი, როგორი ტიპები არიან? მაგალითად, აქ სტუდენტს მაგარი მანქანით ვერ დაინახავ. მოხუცები და ასაკოვანი ხალხი უფრო დადის კარგი მანქანით. ძალიან საინტერესო ადგილებია. საოცარი შატოებია. სამზარეულო უგემრიელესი აქვთ! ზღვის პროდუქტები განსაკუთრებით, ხორცეულიც. ღვინის მოყვარული დიდად არ ვარ, ამიტომ, არც ვსვამ, ჩემი ჯანმრთელობის ამბავშიც. რაღაცები გავსინჯე, ე.წ. სვეცკი ღვინოები და ძალიან მომეწონა.

- ახლა ბევრი დრო გაქვთ და მანდ ახალ სიმღერებსაც ხომ არ წერთ? - კი, ტო. ახლაც ჩავწერეთ მე და "მასტერმა": მე აქ, მან კი საქართველოში. ვიდეოც მალე გვექნება. ოპერატორს ვეძებ, ჯადოსნური ფასები რომ არ მითხრას, ისეთს, რომ საფრანგეთში კარგი კადრები გადავიღო. მასტერი კი მანდ ააწყობს.

- რაც შეეხება კინოს: როგორც ვიცი, ბოლოს 2012 წელს, "ბოლო გასეირნებაში" მიიღეთ მონაწილეობა. მისი რეჟისორი კი ზაზა ურუშაძე იყო, რომელიც შარშან დაიღუპა... როგორ გაიხსენებთ მას?

- რიტორიკას და ბანალურობას არ დავიწყებ და მოკლედ ვიტყვი, რომ ზაზა უნიკალური პიროვნება იყო! ძალიან თბილი, კარგი და ნიჭიერი ადამიანი, ნამდვილი თბილისელი.

- თბილისში ჩამოსვლის შემდეგ რომელ რეჟისორთან ითანამშრომლებთ, ვინ გახსენდებათ პირველი?

- რა თქმა უნდა, ჩემი ლევანიკო, წულაძე. ასევე, სანდრო ელოშვილი. კინოში კი ნებისმიერთან ვითანამშრომლებ, რადგან ძალიან მომენატრა, უზომოდ! ყველაფერი მენატრება, რეპეტიციები, პრემიერები, ჩემი ამბები. თუ საშუალებას მომცემენ და კახა აბუაშვილი კიდევ ენდომებათ, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ ყველასთან! ამის იმედი მაქვს.

- რომელი როლია ახლა თქვენთვის ყველაზე სასურველი და ასაკისთვის შესაფერისი? საქართველოში რომ ჩავალ, ნეტავ, ეს მათამაშაო, რომ გაიფიქრებ...

- იმდენად მინდა, რაღაც ვითამაშო, რომ რაიმე კონკრეტულზე არც კი მიფიქრია. რომეოზე ვერ ვიოცნებებ, ასაკი წავიდა (იცინის). სიმართლე გითხრა, რაზე ვფიქრობ, იცი? ჩემი ფილმის გადაღებაზე, ჩემს ამბებზე რომ იყოს. ეს იდეის დონეზეა, ოღონდ, დიდი ხანია აკვიატებული მაქვს. ვინმე ჯიგარი სცენარისტი მინდა, დავსხდეთ და რაღაცები ვწეროთ, თან დამარიგოს. ვნახოთ, რა იქნება, თუ საინტერესო გამოვა, მერე ნიჭიერ რეჟისორსაც ვნახავთ. მოკლედ, კარგი გეგმები მაქვს და თუ გასაქანი მომეცა, აუცილებლად გავაკეთებ.

- მანდ თუ გქონდათ რომელიმე თეატრში წასვლის შესაძლებლობა?

- ვერა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლამდე, აუცილებლად წავალ სადმე, უეჭველი ვნახავ რომელიმე სპექტაკლს. აქამდე ამის ხალისიც არ მქონდა.

- ფინანსურად ვინ უზრუნველგყოფთ?

- ჩემი მშობლები, მეგობრები, თბილისიდანაც და აქაური ქართველებიც, მხარში მიდგანან, ყურადღებას მაქცევენ. დიდი მადლობა ყველას, კარგები არიან და ჩემები არიან. წარმოიდგინე, როგორი სირცხვილია, 45 წლის კაცს ფულს რომ გიგზავნიან. საშინელებაა. მუშაობის უფლებაც არ მაქვს, თორემ აუცილებლად ვიმუშავებდი, არაფერი მეთაკილება. ლაპარაკიც მიტყდება ამაზე... ძალიან მინდა, ასე არ ვიყო, მაგრამ მომიწია.

- ამ სიტუაციას ალბათ ყველაზე ემოციურად დედა აღიქვამს, ხომ? რას გეუბნებათ ხოლმე?

- ვეღარც ვერაფერს მეუბნება, შენ ნუ ნერვიულობო, ყველაფერი კარგად იქნებაო, ამოუჩემებია. სხვას რას მეტყვის. ხომ ხვდები, მამხნევებს. იცის, როგორ ვნერვიულობ.

- ყველაზე მეტად რა გენატრებათ საქართველოში?

- ჩემი შვილები, დედაჩემი და მამაჩემი, ჩემი ოჯახი, ჩემი საძმო, მეგობრები.

- როგორ ფიქრობთ, როცა ჩამოხვალთ, პირველ რიგში, რას გააკეთებთ?

- თეატრში წავალ. აუცილებლად დავიწყებ კონცერტისა და ალბომისთვის მზადებას.

- წარმატებებს და მალე დაბრუნებას გისურვებთ!

თამთა დადეშელი