"ბინა რომ მოეგო, აქ გადმოვიდოდა საცხოვრებლად" - გზაპრესი

"ბინა რომ მოეგო, აქ გადმოვიდოდა საცხოვრებლად"

ვერკა ჯაჯანიძისა და იაკობ ყუფუნიას წყვილმა ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა კონკურსზე არაერთი წარმატება მოიპოვა. ისინი ახლახან დაბრუნდნენ იტალიიდან, მალე მინსკში კიდევ ერთ ტურნირზე გაემგზავრებიან. "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-9 სეზონში ვერკასა და გია ფერაძის წყვილს ბევრი გულშემატკივრობდა. მათთვის მოულოდნელი და გულდასაწყვეტი აღმოჩნდა პროექტის ფინალი, სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად გამოხატავდნენ კიდეც გულისწყრომას ამის გამო.

- წლების წინ, როდესაც ეს პროექტი დაიწყო, იმ ეტაპზე ჩემს მეწყვილესთან ერთად პროფესიულ განვითარებაზე კი არა, შოუებზე ვიყავი გადართული და რაკი "ცეკვავენ ვარსკვლავები" შოუს ელემენტებზეა აწყობილი, მონაწილეობა რთული არ აღმოჩნდა. ასეთი სახის პროექტებშიც აუცილებელია ტექნიკური მხარე და სისუფთავე ცეკვაში. სულ 4 სეზონში ვიცეკვე, ხან საქართველოში არ ვიყავი, ხან მეწყვილე ერთი კვირით ადრე მოხსნეს პროექტიდან, თითქოს არ მიმართლებდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის შენი მეწყვილე. გამიმართლა მეხუთე სეზონზე, როცა 8 ტური ვიცეკვე იოანე არაბულთან ერთად, მაქსიმალურად წარმოვაჩინე თავი და წყვილიც კარგი იყო. მე-7 სეზონზე შემხვდა ჯასპერ ბლექი, რომელსაც ცეკვა უჭირდა. ახლა, როცა დამირეკეს პროექტიდან, საკმაოდ ბევრი ვიფიქრე, ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებდი - მე და იაკობს ახალი დაწყებული გვქონდა წყვილში ვარჯიში და იმდენად კარგი შედეგი გვქონდა მოკლე დროში, რომ ვფიქრობდი, დავთანხმებულიყავი თუ არა მონაწილეობაზე. თუ ვარჯიშს 2 და 3 თვით შეწყვეტ, ყველაფერი წყალში გეყრება. თან არ იცი, როგორი მეწყვილე შეგხვდება, ღირს თუ არა...

- მგონი გაგიმართლა მეწყვილეში, რას იტყვი?

- მართლაც ძალიან გამიმართლა, არაჩვეულებრივი ადამიანი შემხვდა, ხასიათით, საქმისადმი მიდგომით... მეც თავშეკავებული, უბრალო ვარ ურთიერთობებში და გიაც ასეთივეა, კარგად გავუგეთ ერთმანეთს. მგონი, ერთადერთი წყვილი ვიყავით, ვისაც არ უჩხუბია (იცინის). გია მოვიდოდა და 2 საათი შეუსვენებლად მუშაობდა, მხოლოდ წყალს თუ დალევდა. ასეთ კონკურსებში ყოველთვის არის შურისა და დაძაბულობის მომენტი, ის კი სულ ცდილობდა, დადებითი აურა შემოეტანა, ხუმრობდა, ყველას აღიმებდა. ჩემთვის წარმატებული იყო ეს სეზონი, თუმცა დიდი იმედგაცრუებით დასრულდა. ამაზე სოციალურ ქსელშიც ბევრი დაიწერა. უბრალოდ, მე ვიყავი ძალიან უხერხულად, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. იმას კი არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც გია ფერაძეს უნდა გაემარჯვა, უბრალოდ, უფრო ლამაზად შეიძლებოდა ამ პროექტის შეფუთვა და დასრულება. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვიდექი, რაღაცნაირად ზეკმაყოფილი მაინც არ ვყოფილვარ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჟიურიში პროფესიონალი არავინ იყო, ლიზი მორის გარდა და ისიც ყოველთვის არ იჯდა იქ. გიამ იმდენად კარგად იცეკვა "პასადობლეც" და "ჩა-ჩა-ჩაც", რომ ბევრ პროფესიონალ მოცეკვავეს აჯობა. შეფასება კი ასეთი იყო: მეტი მოძრაობა რომ გაგეკეთებინა, უკეთესი იქნებოდაო. გია ძალიან პლასტიკურია და კარგად ფლობს სხეულს.

GzaPress

- თვითონ რა თქვა პროექტის შესახებ? - ნათესავებმა და ახლობლებმა გიას პატივსაცემად სუფრა გააკეთეს, ყველა ერთად შევიკრიბეთ. გია აღფრთოვანებას ვერ მალავდა და ამბობდა, რომ ეს პერიოდი იყო ძალიან კარგი, მაგრამ თვითონაც იმედგაცრუებული იყო. გამარჯვება ვის არ უნდა, თუმცა გიას გამარჯვებაზე მეტად უნდოდა, სახლი ჰქონოდა საქართველოში. ვფიქრობ, ბინა რომ მოეგო, აქ გადმოვიდოდა საცხოვრებლად. ძალიან შეიყვარა ქართველი ხალხი.

- საერთოდ ვერ საუბრობს ქართულად?

- მიჭირს, გამართულად ვისაუბრო რუსულად. რატომღაც ხაზი გაუსვეს, რომ რუსული არ ვიცი. ცეკვას ნაწილობრივ მე ვუდგამდი, ვასწავლიდი და როგორ შევძლებდი გიასთან კონტაქტს, მუნჯურად ხომ არა? 11 წელია, რაც საქართველოში ჩამოდის დასთან, ნათესავებთან და ბევრი რამ ესმოდა, რასაც ქართულად ვეუბნებოდი: გაშალე ხელი, მოიწიე აქეთ, მარჯვნივ წადი, ასე გააკეთე, მაგრამ მასაც ის პრობლემა ჰქონდა, რომ გამართულად ვერ საუბრობდა. გაიგე, გია? - ვეტყოდი ზოგჯერ. შემომხედავდა და კი, კი, გავიგეო, მიპასუხებდა.

- პროექტის დასრულებიდან 2 კვირაში იაკობთან ერთად იტალიაში იყავი, მოგვიყევი კონკურსის შესახებ?

- ამ სფეროში მუდმივად უნდა ვარჯიშობდე და შრომობდე, ისე წინ ვერ წახვალ. 29 წლის ასაკში თუ ისევ აქტიურად გავაგრძელებდი ცეკვას, ვერ ვიფიქრებდი. ეს იაკობის და თეა გობეჯიშვილის დიდი დამსახურებაა. შრომამ შედეგი მალევე გამოიღო - პირველივე კონკურსზე მოვიგეთ საქართველოს თასი, ჩინეთში მესამე ადგილი დავიკავეთ წარმატებული მოცეკვავეების გვერდით, ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე პირველ ადგილზე გავედით, მოსკოვში კი - მსოფლიოს ძლიერ 245 წყვილს შორის მე-17 ადგილზე, რაც ჩვენთვის დიდი შედეგი იყო. რუმინეთში მესამე ადგილზე გავედით. რაც შეეხება იტალიას, რომ ჩავედი და დავინახე, ვის, როგორ წარმატებულ წყვილებს ვეჯიბრებოდით, ცოტა არ იყოს, შევშინდი. ისეთი მსაჯები იყვნენ, ვის ნახვას ვერც კი ვიოცნებებდი. 90-ზე მეტი წყვილი ვცეკვავდით. ფინალში ვერ მოვხვდით, 6 წყვილს ირჩევდნენ და ჩვენ მერვე ადგილზე ვიყავით, მაგრამ ეს დიდი წარმატება იყო.

- წყვილი რომ შედგეს, მთავარი რა არის?

- მთავარია ურთიერთპატივისცემა, უნდა გაუგო მეწყვილეს. დიდი მნიშვნელობა აქვს გარეგნობასაც. ხდება ისე, რომ ცალკე გოგო და ცალკე ბიჭი კარგად ცეკვავენ, მაგრამ წყვილი არ არის კარგი, არ უხდებიან ერთმანეთს. თუ აგრესიულად ხარ განწყობილი მეწყვილის მიმართ და მუდმივად კამათობთ, ერთად დიდხანს ვერ გაძლებთ. არ მეზარება საქმის კეთება, პასუხისმგებლიანი ვარ. ხელს არ მოვკიდებ ისეთ რამეს, რისი იმედიც არ მაქვს, რომ გამომივა.

- ოჯახისა და მეუღლისგან ალბათ განსაკუთრებული მხარდაჭერა გაქვს.

- მშობლებმა 5 წლისა შემიყვანეს სამეჯლისო ცეკვებზე და მაქსიმუმს აკეთებდნენ, წარმატებისთვის რომ მიმეღწია. ახლა უკვე ჩემი მეუღლე და მისი ოჯახი დამიდგა გვერდით - დედამთილიც და მამამთილიც. ოჯახის მხრიდან არანაირი დაძაბულობა არ მქონია. როდესაც ირაკლის ვუთხარი, რომ იაკობი მეწყვილეს ეძებდა და მე შემომთავაზა, უარი არ უთქვამს. იცის, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, თუმცა რთულია - სულ ვარჯიშობ, სახლში არ ხარ, მეუღლე თითქმის ვერ გხედავს, კონკურსების გამო რამდენიმე დღით ქვეყნიდან გასვლა გიწევს. შენ გვერდით თუ არ არის ადამიანი, ვინც გაგიგებს, რთულია. ამ ყველაფერს პროექტიც რომ დაემატა, საერთოდ ვეღარ მხედავდნენ სახლში. ირაკლიმ მითხრა ერთხელ, იქნებ დღეს მაინც არ ივარჯიშო, ადრე მოდი, დაიძინე, დაისვენე, ჩვენ არაფერი გვინდა, შენ ხარ ცოდოო. დედამთილი ხშირად მირეკავდა, - აუტსაიდერებში რომ იდექი, შენს მამამთილს წნევამ აუწია, ნერვიულობდაო. ვიცი, ყველანი ჩემ გვერდით არიან, მაგრამ გული იცით, რაზე მწყდება? - ჩემს შვილს დილით ვტოვებ დაძინებულს და მხვდება დაძინებული. ჩამეხუტება ხოლმე და მკოცნის, ვენატრები. ერთხელ ირაკლიმ დამირეკა, ვერ ვაჩერებთ, ტირის და იძახის, დედასთან მინდაო. მომიყვანეთ-მეთქი სტუდიაში. ჩამიჯდა კალთაში, მეფერებოდა და ასე ჩავატარე გაკვეთილი. ვფიქრობ, ჩვენი თუ ბავშვის მომავლისთვის სწორად ვიქცევით. მაშინ სამსახურზეც, კარიერაზეც უარი უნდა ვთქვა, მაგრამ რომ მახსენდება რა პირობებში ვვარჯიშობდი, უშუქოდ, მასწავლებელი ჯოხის კაკუნით რომ გვითვლიდა ამა თუ იმ კომბინაციას, მენანება ის შრომა. ამას წინათ ერთ ჟურნალისტს უკითხავს ირაკლისთვის, როგორ უძლებ ვერკას გრაფიკსო? ცოტა არ იყოს, ეწყინა. გასაძლები რა მაქვს ან ცუდს რას აკეთებსო? კი, დიდ დროს ვერ ვატარებ ოჯახთან, მაგრამ ყველაფერი ერთად არ გამოდის.

- როგორი მამაა ირაკლი?

- ძალიან კარგი მამაა. ახლა, რაც დედაჩემი ვეღარ გვეხმარება დემეს გაზრდაში, ვფიქრობდით, ძიძისთვის დაგვეტოვებინა, მაგრამ ისე ავეწყვეთ, რომ აღარ დაგვჭირდა. დემე ბაღში მივიყვანეთ, იქიდან ირაკლის გამოჰყავს, მე კი ორივესთვის ყველაფერს გამზადებულს ვტოვებ.

GzaPress

- თავის მოვლას როდისღა ასწრებ? - სულ სალონებში ვზივარ-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ, მაგრამ თავს ვუვლი. კონკურსზე ერთი და იმავე კაბის ჩაცმა არ მიყვარს. ვყიდულობ ქსოვილს და ჩემი დიზაინით ვაკერვინებ მკერავს. სტუდიის ბავშვები ძირითადად უმაკიაჟოდ მხედავენ და უკვირთ, როცა ზოგჯერ მაკიაჟს გავიკეთებ და გამოვიპრანჭები, კომპლიმენტებს მეუბნებიან, მასწ., რა ლამაზი ხართო. სტუდენტობისას სულ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, ფორმაში ვიყავი და მეგობრები მეხუმრებოდნენ, ალბათ ტრანსპორტში რომ ადიხარ, ხალხს ქორწილში ჰგონია თავი, ისე გამოიყურებიო. ახლა ამისთვის ნაკლები დრო მრჩება. კონკურსებზე კი დიდ ყურადღებას ვაქცევ ყველაფერს, მოწესრიგებული ვარ ამ მხრივ. ერთხელ კონკურსის წინადღეს ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა უნდა ჩამეცვა. სტუდიაში გაკვეთილიდან გაკვეთილამდე, 40 წუთი შესვენება მქონდა. გავქრი სტუდიიდან, გავიქეცი მაღაზიაში, ვიყიდე 2 კაბა, ფეხსაცმელი, მოვედი და ყველას ვაჩვენე. თეა გაგიჟდა, როდის მოასწარიო? ახლა იტალიაში რომ მივდიოდი, ჩემთან წყალი შეწყდა, თმის შეღებვა ვერ მოვახერხე, საღებავი იტალიაში წავიღე და იქ შევიღებე. როცა შესაბამისად არ გამოვიყურები და არ მომწონს საკუთარი თავი, ცუდ ხასიათზე ვდგები, თავდაჯერებულობა მეკარგება.

- დემეს თუ უყურებია შენი გამოსვლისთვის?

- ერთ დღეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" დედაჩემთან ერთად წავიყვანე. ნახევარფინალში, ცეკვის შემდეგ ჟიური გვაფასებდა, ხოაკინ კორტესი ისეთ რამეს ამბობდა, წესით, არ უნდა გამცინებოდა, მაგრამ ამ დროს, სრულ სიჩუმეში დემეს ხმა გაისმა: "დე, დე, შენ იცი რა მაგარი ხარ? მაგრად იცეკვე, დე..." სიცილს ვერ ვიკავებდი, რა უნდა მექნა? მოკლედ, ასეა, მოსწონს ჩემი ცეკვა და თვითონაც უყვარს, მუსიკალური სმენა კი აქვს და ალბათ მალე შემოვიყვან სამეჯლისო ცეკვების შესასწავლად, ჯერ პატარაა.

ნინო ჯავახიშვილი