"საკუთარი თავის იმაზე ნაკლებად მჯერა, ვიდრე უნდა მჯეროდეს" - გზაპრესი

"საკუთარი თავის იმაზე ნაკლებად მჯერა, ვიდრე უნდა მჯეროდეს"

სახელი, გვარი: ანა ჯავახიშვილი.

ასაკი: 22 წლის.

პროფესია: მსახიობი.

ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალში - "მისამართის გარეშე".

ჰობი: ცეკვა.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება.

- შენს ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევ?

- ვხვდები, რომ ყველაფერი წინ მაქვს - ჯერ მიღწევად არაფერი არ უნდა ჩავთვალო.

- თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?

- ისეთი კითხვაა, რომ ალბათ არავინ გიპასუხებს, - არაო (იცინის). გარკვეულ საკითხებში გემოვნებიანი ვარ, გარკვეულ საკითხებში კი მირჩევნია, საქმე პროფესიონალს მივანდო, ვიდრე ბოლომდე საკუთარ თავს ვენდო, ანუ ყოველთვის ვიღაც მჭირდება, ვინც მირჩევს ან დამიდასტურებს - კი, გემოვნებიანი ნამდვილად, ეს არისო.

- ყველაზე ხშირად რასთან დაკავშირებით გთხოვენ რჩევას?

- ძირითადად, მეგობრები, რომლებიც ჩემი კოლეგები არ არიან და ჩემს სამუშაო სფეროსთან შეხება არა აქვთ, მაგალითად, სერიალებთან დაკავშირებულ რჩევებს მთხოვენ.

- საკუთარი გვარ-სახელი ბოლოს როდის "დაგუგლე"?

- (იცინის) დაახლოებით ნახევარი წლის წინ. ძირითადად, ამასაც მეგობრების რჩევით ვაკეთებ, რადგან ჩემ შესახებ ამბებს ჩემზე ადრე იგებენ. მერე მეუბნებიან, - შენზე ეს ინფორმაცია "დაიდო" და ნახეო.

- კმაყოფილი ხარ შენი ონლაინრეპუტაციით?

- ჯერჯერობით, კი (იცინის).

- ეპიზოდი შენი ცხოვრებიდან, რომლის გახსენებისას ყოველთვის გეღიმება...

- ყველაზე მეტად მახარებს, რომ ისეთი ეპიზოდი, რომლის გახსენებისას გაღიმება შემიძლია, მართლა ძალიან ბევრია. ძირითადად, პატარა სიურპრიზებს უკავშირდება, რომლებსაც შესაძლოა ყველასთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

- კომპლექსი, რომელიც ჯერჯერობით ვერ დასძლიე...

- ის, რომ ალბათ, საკუთარი თავის იმაზე ნაკლებად მჯერა, ვიდრე უნდა მჯეროდეს. რაღაც დონეზე, ეს კომპლექსია.

- როცა ეკრანზე საკუთარი თავი პირველად ნახე, შენთვის ყველაზე მეტად თვალში საცემი რა იყო?

- ახლაც, როცა ეკრანზე საკუთარ თავს თვალყურს ვადევნებ, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, - არ მომწონს და კმაყოფილი არასდროს ვარ. რაც სხვას თვალში არ ხვდება, მე ვამჩნევ. ძალიან კრიტიკული გახლავართ. როლსაც გააჩნია, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, - ამის უკეთესად გაკეთება შეიძლებოდა, ამ სცენაში შემეძლო უკეთ გამეხედა და ა.შ. ასეთ დეტალებს ვაქცევ ყურადღებას და არ შემიძლია, სიამოვნებით შევხედო. როცა ეკრანზე საკუთარ თავს ვუყურებ, ცალი თვალი მოჭუტული მაქვს (იცინის).

GzaPress

- საყვარელი კერძი... - თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ბავშვობიდან ხორცს არ ვჭამ და "ბუნებრივად" ვეგეტარიანელი ვარ, თითქმის ყველა კერძი მიყვარს, რომელიც ხორცს არ შეიცავს. განსაკუთრებულად, ე.წ. საზაფხულო სალათი მომწონს, რომელიც ბევრი ბოსტნეულისგან მზადდება. შემიძლია ყოველდღე, დღეში რამდენჯერმეც ვჭამო, არ მომბეზრდება.

- ბავშვობაში რამე ხომ არ მოხდა, რამაც ცხოველების მიმართ ემპათიის განცდა გაგიჩინა და ვეგეტარიანელობისკენ გიბიძგა?

- ალბათ მოხდა, მაგრამ იმდენად მცირე ასაკის ვიყავი, რომ არ მახსოვს. რა თქმა უნდა, ცხოველების მიმართ ემპათიის განცდა ჩემი ვეგეტარიანელობის ერთ-ერთი მიზეზია.

- როდის ბილწსიტყვაობ?

- როცა წონასწორობას ვკარგავ. ეს ცუდი ჩვევა მაქვს, რომლის დაძლევასაც ვცდილობ. ძირითადად, გამოუვალ სიტუაციებში ვბილწსიტყვაობ.

- შეყვარებულთან ბოლოს რის გამო იკამათე?

- აუ, ამას თითქმის ყოველდღიური სახე აქვს. კონკრეტულს ვერაფერს დავასახელებ, მაგრამ ბევრი თემაა, თუნდაც - პროფესიასთან დაკავშირებული, რის გამოც ვკამათობთ. წვრილმან საკითხებზე სულ უთანხმოება გვაქვს.

- ყველაზე უცნაური საჩუქარი რა მიგიღია?

- უცნაური - არ ვიცი, მაგრამ საერთოდ, ბევრი სასაცილო და მოულოდნელი საჩუქარი მიმიღია. მაგალითად, ერთხელ დაბადების დღეზე მეგობრებს უნდოდათ, ჩემთვის სიურპრიზი მოეწყოთ და ჩემს სახლთან გულის ფორმის ფრანის დანთება გადაწყვიტეს. ბევრნი იყვნენ. დაანთეს, მაგრამ ფრანი ვერ გაფრინდა და ხეს შეასკდა (იცინის). ლამის "სახანძრო" გამოვიძახეთ. ეს ამბავი მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ ძალიან უცნაური და მოულოდნელი სიურპრიზი იყო.

- რაიმე ფობია გაქვს?

- ფობიის დონეზე - არა, მაგრამ საერთოდ, ბევრი რამის მეშინია, მაგალითად - ზვიგენების. ამიტომ, ზვიგენებზე ფილმები მიყვარს - ადრენალინის გამომწვევი განცდაა (იცინის).

- ბედნიერებისთვის რა გჭირდება?

- ხანდახან ძალიან ცოტა რამ, ხანდახან - ძალიან ბევრი...

ეთო ყორღანაშვილი