რას სწერდა "დანკარას რეალის" "პრეზიდენტი" ლიონელ მესის - გზაპრესი

რას სწერდა "დანკარას რეალის" "პრეზიდენტი" ლიონელ მესის

"ჩემი ცოლის დაქალებში", ქმრისგან თითქმის მიტოვებული თამუნა უცებ საქმიანი ქალი გახდა და ცდილობს, ფეხბურთის გუნდის პრეზიდენტობასაც გაართვას თავი. თამუნას როლის შემსრულებელი, მსახიობი ანა მჭედლიძე რეალურად, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი გახლავთ. ამიტომ სერიალში სიუჟეტის ბოლოდროინდელი განვითარებით ბედნიერია - მისი პროფესია და ჰობი იდეალურად გაერთიანდა... ანამ გვიამბო, როგორ ცდილობდა ლიონელ მესისთვის წერილი გაეგზავნა; რატომ ტიროდა, როცა თბილისში ევროპის სუპერთასის მატჩი გაიმართა და საერთოდ, როგორ შეუყვარდა ფეხბურთი...

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", შენი ეკრანული ქმრის - შოთიკო ნოზაძის გარეშე თავს როგორ გრძნობ?

- უცნაურად, რადგან მე და შოთიკომ ერთად ბევრი დრო გავატარეთ. "ჩემი ცოლის დაქალებში" მის გარეშე ყოფნა ძალიან მეუცნაურება, მაგრამ სერიალში ისეთი კარგი თემა შემოვიდა, გადაღება მსიამოვნებს.

- ფეხბურთის მიმართ შენი ინტერესის შესახებ სცენარისტებმა იცოდნენ?

- არა მგონია, სცოდნოდათ. სერიალის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ამაზე არასოდეს მისაუბრია. "ჩემი ცოლის დაქალებში" ფეხბურთის თემის შემოტანამ გამახარა, რადგან სპორტის ეს სახეობა მიყვარს. მოკლედ, ჩემი პერსონაჟის "ხაზის" ასეთი განვითარებით კმაყოფილი ვარ. სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდება. ველოდები, რა იქნება...

- ფეხბურთის მიმართ ინტერესი როდის გაგიჩნდა?

- დედაჩემი მე და ჩემს დას ფეხბურთს ბავშვობიდან გვაყურებინებდა. რაც თავი მახსოვს, მე და ჩემს დას ფეხბურთი სულ გვიყვარს, რაც დედაჩემის დიდი დამსახურებაა. ის ბავშვობიდან სპორტის ამ სახეობის გულშემატკივარია. ფეხბურთი მამასაც უყვარს, მაგრამ დედა ძალიან აქტიური მაყურებელია. ყველა ქვეყნის ჩემპიონატის საქმის კურსშია. ისეთი თამაშების შესახებ მეკითხება, ანგარიში როგორ დამთავრდაო, რომელთა არსებობის შესახებაც არც კი გამიგონია. ფეხბურთი ძალიან აინტერესებს. ამიტომ, მე და ჩემს დასაც შეგვაყვარა. ჩემი ერთი ბიძაშვილი ფეხბურთელია, მეორე - ფეხბურთელების ექიმი.

GzaPress

- ფეხბურთის რომელ გუნდს გულშემატკივრობ? - 2006 წლიდან "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ. ბავშვობაში ლუიშ ფიგუ მიყვარდა, 2006 წლიდან დღემდე მესის გულშემატკივარი ვარ.

- საქართველოში იმ თამაშს თუ დაესწარი, რომელშიც მესი მონაწილეობდა?

- ამასთან დაკავშირებით სევდიანი ამბავი მაქვს: მატჩზე დასასწრები ბილეთი ძალიან მინდოდა. დილით ავდექი და საიტზე, სადაც ბილეთები იყიდებოდა, შევედი - ჯერ "გახსნილი" არ იყო, რომ მეყიდა. მერე უკვე რიგში "ჩამაგდო" - 4444-ე ვიყავი. უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი. წავედი და ლექციაზე მჯდომი, თან ტელეფონს ვუყურებდი - ჩემს რიგს თვალს ვადევნებდი. ვუყურე, ვუყურე, მაგრამ ისე მოხდა, რომ 4 ათასი ბილეთი ინტერნეტით გაიყიდა და გაყიდვა შეწყდა - დანარჩენი სალაროში უნდა გაიყიდოსო. მივხვდი, "ცოცხალ" რიგში ჩადგომა საშინელება იქნებოდა. ვიფიქრე, იქნებ, რაღაცნაირად, გადამყიდველისგან ვიყიდო-მეთქი... გადამყიდველს დავურეკე. მითხრა: - ძალიან კარგი, 700 დოლარი უნდა გადაიხადოო... ამიტომ თამაშზე ვერ მოვხვდი. ის მატჩი არ მინახავს - თამაშის მსვლელობისას ვტიროდი... სამაგიეროდ, 2012 წელს, როცა ესპანეთის ნაკრები საქართველოში ჩამოვიდა, ფეხბურთელების ვარჯიშსაც დავესწარი და თამაშსაც. "ბარსელონის" ფეხბურთელების ნაწილი ვნახე, რის გამოც უბედნიერესი ვიყავი!.. მოკლედ, მესი - ვერა, მაგრამ სხვები ხომ ვნახე?

- მესისთან პირადი კონტაქტი თუ გიცდია?

- 13-14 წლის ვიქნებოდი, როცა მესის წერილი დავუწერე, ვიღაცას ესპანურად ვათარგმნინე და მისამართს ვეძებდი, სადაც წერილი ფოსტით უნდა გამეგზავნა. რა თქმა უნდა, გადამაფიქრებინეს - რომელი საუკუნეა, წერილი სად უნდა გაგზავნილიყო? ადრესატამდე არც მივიდოდა (იცინის). მესისთან დაკონტაქტების ჩემი მცდელობა მხოლოდ ეს იყო.

- საინტერესოა, წერილში მესის რას სწერდი?

- იმას, რომ მისი გულშემატკივარი ვარ საქართველოდან, ძალიან მიყვარს და მისი თამაშის ნახვა მინდოდა.

- ალბათ, სოციალურ ქსელებში მესის მიმდევრებს შორის ხარ...

- კი, რა თქმა უნდა, მისი მეუღლის გვერდის "ფოლოვერიც" ვარ (იცინის). მესის შესახებ ბავშვობიდან ყველაფერი ვიცი. მისი პლაკატები შინ ოთხივე კედელზე გაკრული მქონდა. კიდევ, ალბომიც მქონდა, რომელშიც ერთ მხარეს ჩემი ფოტო იყო, მეორეზე - მესის. თინეიჯერობისას უბანში, კედელზე ვაწერდი - "ანა მესი" (იცინის). ერთხელ მეგობარმა სპორტული გაზეთის რედაქციაში მიმიყვანა, სადაც მესის ნაცვამი მაისური მოვირგე, მასზე ფეხბურთელის ხელმოწერაც იყო. იმ დღეს ისეთი ბედნიერი ვიყავი, მოსასულიერებელი გავხდი!.. კიდევ, მახსოვს, 2007 წლის 2 იანვარი იყო, როცა "ვაგზალზე" "არგენტინის" მაისური (მესის ნომრით) 20 ლარად ვიყიდე (იცინის). უბედნიერესი ვიყავი. ის მაისური დღესაც შენახული მაქვს.

- ქართველი ფეხბურთელების თამაშებს თუ ესწრები?

- კი. სხვათა შორის, კოლექცია მაქვს - საქართველოს ნაკრების თამაშების ბილეთებს ვაგროვებ. ალბომში ყველა თამაშის ბილეთი ჩაკრული მაქვს. თან, ანგარიშებიც მივაწერე, თითქოს რომ "დაგუგლო", ვერ ნახავ, ესა თუ ის თამაში რა ანგარიშით დასრულდა (იცინის). ჩემს საკოლექციო ალბომში კამპ ნოუს ბილეთიც ჩაკრული მაქვს, მაგრამ ჩემი არ არის - იმ ადამიანმა მაჩუქა, ვინც ამ სტადიონზე იმყოფებოდა.

- შეგიძლია, შენთვის დასამახსოვრებელი აქტიური ქართველი ფეხბურთელი დამისახელო?

GzaPress - გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან კარგი ახალგაზრდაა. ენერგიით სავსეა. მგონია, რომ წინ დიდი წარმატება ელის. ვფიქრობ, ძალიან კარგი ახალი თაობა "წამოვა" და ფეხბურთისთვის ახალი სიცოცხლე დაიწყება... - როგორ ფიქრობ, ქართველებს ფეხბურთში მნიშვნელოვანი წარმატებები რატომ არ გვაქვს?

- დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას მივაღწევთ, რადგან ქართველები კარგი ფეხბურთელები არიან. უბრალოდ, ხელშეწყობა სჭირდებათ, რომ ისე იცხოვრონ, როგორც საჭიროა. ქართველ ფეხბურთელებს ძალიან ვგულშემატკივრობ, პირველ რიგში კი - "დანკარას" (იცინის).

- სერიალში, "დანკარას რეალის" ფეხბურთელები შეაფასე...

- ეს გუნდი ძალიან ჩამორჩენილია. როცა ფეხბურთელებს მოტივაცია აქვთ, უფრო მონდომებულები არიან. ჩემი აზრით, თამუნას (ჩემი პერსონაჟი) სურს, ბიჭებიც მოტივირებულები იყვნენ, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, რომ ეს გუნდი წინ წავიდეს.

- ანუ შენი პერსონაჟის შესაძლებლობებს დადებითად აფასებ?

- თამუნა დიასახლისი იყო. უცბად კომპანიის, "ბათე ჯენერალსის" პრეზიდენტი გახდა. ამას ფეხბურთის გუნდის პრეზიდენტობა დაემატა... მოკლედ, უცბად 2 დიდი საქმე ჩაიბარა. ცხადია, თავიდანვე ციდან ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტს, მაგრამ სურვილი და იმედი რომ აქვს, ყველაფერი კარგად წარიმართოს, მგონია, ყველაფერი გამოუვა. ვფიქრობ, საქმეს გაუმკლავდება, რადგან ეს ძალიან უნდა. ხომ ჩანს კიდეც, არა? სერიალში ჩემი პროფესია და ჰობი იდეალურად "შეიკრა", გაერთიანდა. ეს ამბავი ძალიან მომწონს... რეალურ ცხოვრებაში ასეთ საქმესთან გამკლავებას რაც შეეხება, არ ვიცი - მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის, ხომ? სხვა უნარებიც საჭიროა. ამიტომ ვერ გეტყვით, თავს გავართმევდი თუ ვერა.

- სპორტულ ცხოვრებას მისდევ?

- არა. უბრალოდ, ყოველდღიურად ძალიან ბევრს - 6-7 კილომეტრს გავდივარ. მგონი, ეს ცოტა არ არის.

- ამ მანძილს მიზანმიმართულად გადიხარ?

- არა, ფეხით სიარული მიწევს. ესეც ხომ ჯანსაღი ცხოვრების წესია.

- ფეხბურთი გითამაშია?

- ძალიან გამხდარი ვარ. ბურთს ფეხს ერთხელ რომ დავარტყამ, მერე მთელ დღეს ვკოჭლობ (იცინის). წინათ ფრენბურთზეც დავდიოდი, მაგრამ ისეთი წვრილი ხელები მაქვს, რომ თამაშისას "მწყდებოდა". ასე რომ, სპორტულ ცხოვრებას დიდად ვერ მივდევ, სამწუხაროდ.

- ბოლო დროს, სერიალის გულშემატკივრები რას გწერენ?

- ძალიან უნდათ, რომ გუნდმა - "დანკარას რეალმა" წარმატებას მიაღწიოს - იქნებ ამ ფეხბურთელებისგან რამე გამოვიდესო. მეც ამის იმედი მაქვს და ველოდები (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი