ერეკლე დეისაძის თავისუფლება, სირცხვილი და მონატრება - გზაპრესი

ერეკლე დეისაძის თავისუფლება, სირცხვილი და მონატრება

"ამ ქალაქში, თითზე ჩამოსათვლელთა შორის, უკანასკნელი რომანტიკოსი ვარ. რამდენადაც მძიმე გახლავართ, შეყვარებულს ყოველთვის სიმსუბუქის შეგრძნება მეუფლება, ეს ძალიან მაგარი განცდაა. "კარნავალურობით", გულების დახატვებით არ გამოვირჩევი. ვიზუალურ მხარეზე მეტად, მთავარი შინაარსი მგონია", - ამბობს ერეკლე დეისაძე. რა ენატრება ყველაზე მეტად წარსულიდან, რა განცდა აქვს, როცა მასზე ცუდს ლაპარაკობენ, რას საყვედურობდნენ მშობლები, რა დროს რცხვენია ყველაზე მეტად და რა არის მისთვის თავისუფლება? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 2 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მწერალი. ავტორების სახელები და გვარები, რომლებიც ჩემზე გავლენას ახდენდნენ, სულ იცვლებოდა, მაგრამ ყოველთვის ვიღაც იყო. ბოლოს მივხვდი, რომ ლიტერატურა მიყვარს, თან ძალიან! ვაღიარებ, ისე კარგად ვერ ვწერ, როგორც მიყვარს.

- დღეს, როცა ბავშვობის დროინდელ ჩანაწერებს ვეცნობი...

- ...არაფერი მომწონს, გარდა იმისა, რომ ყველა ეტაპზე სულ განსხვავებული ვარ. ყველაზე მეტად ცვლილებების მცდელობები მომწონს.

- ჩემზე ამბობენ...

- ...აუ, რას აღარ ამბობენ. არაფერია ისეთი, რაც ჩემს თავზე არ გამიგონია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან ცოცხალი, ქმედითი ვარ და მიხარია. მარტო ვცხოვრობ, ჩემებურ დისციპლინას ვარ მიჩვეული, ყველაფერი დამატებითი ნერვებს მიშლის. მგონია, აუტანელი ვარ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, ადამიანი ჩემთან ძალიან ბევრ დროს თუ გაატარებს. გარეთ სხვებთან იმ დოზით ვურთიერთობ, რა დოზითაც მე მინდა, ამიტომ აუტანლობის არაფერი მეტყობა. როცა ადამიანთან ერთად, ერთ სახლში ხარ, იცი, ის როგორია დაღლილი, გამოუძინებელი, გამოძინებული... ამ დროს შეიძლება მასში ბევრი რამ იოლად აღმოაჩინო.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გავჩნდი სწორ დროს, სწორ ადგილზე. მყავს კარგი ოჯახი, მეგობრები და საკუთარი თავი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...სიახლის შეგრძნების, განცდის და მუდმივად ამის ძიებაში ვარ. ხშირად სიახლე არის ბევრი კითხვა, მოგზაურობა, ახალი ნაცნობობა. ახალ გამოწვევაზე უარს არასდროს ვამბობ, ცხოვრება ამითაა საინტერესო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მიმტევებელი ვარ, თავდაჯერებულიც. როცა ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ, უკან დახევის ერთი პროცენტიც არ არსებობს. თავგანწირვა მიყვარს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ნევროზი მაქვს, მაგრამ თან კარგია, რომ მაქვს: იმის ნიშანია, რომ ცოცხალი ვარ და განცდები არ დამბლაგვებია, რეფლექსები და შეგრძნებები ჯერ კიდევ შემრჩა.

- დაშვებულ შეცდომებზე...

- ...ვფიქრობ, ვაანალიზებ და ვცდილობ, გამოვასწორო. როგორც დაშვებული შეცდომა, ისე მისი გამოსწორების შანსები, ადამიანებს საკუთარ ძალებში გვარწმუნებს. როცა ამ საზოგადოების გაცნობას ვიწყებდი, ყველა პიროვნებას სხვადასხვა მხრიდან ვუყურებდი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ადამიანი თუ გიყვარს, მის შეცდომებთან ერთად უნდა გიყვარდეს.

- პატიება...

- ...ყველას უნდა შეგვეძლოს, დოზა ინდივიდუალურია. არსებობს გარემოება, კონტექსტი და რეაგირება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...აწმყო უფრო მომწონს, რადგან საშუალებას მაძლევს, ვიფიქრო მომავალზე. ხანდახან ადამიანები აწმყოზე იმდენად მიწებებულები არიან, მომავალზე ვერ ფიქრობენ, ზოგი წარსულზეა მიწებებული და სულ მას მისტირის, ეს არ მომწონს.

- ვიბნევი...

- ...იშვიათად. სხარტი რეაქციები მაქვს. ეს ღრმა ბავშვობაში გამომიმუშავდა.

- ვნანობ...

- ...რომ ბავშვობაში არ ვისწავლე ინგლისური ენა. ამ შეცდომის გამოსწორებას ახლა ვაპირებ.

- ამწუთას ძალიან მინდა ვიყო...

- ...ამსტერდამში. არასდროს ვყოფილვარ და მაინტერესებს.

- ჩემი ჰობია...

- ...წიგნებში საყვარელ ადგილებს ყოველთვის ფანქრით ვინიშნავ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მხოლოდ საყვარელ გოგოს და სხვას არავის. სხვას იმხელა მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგო.

- სიყვარული ეს...

- ...რეცეპტორები და ფორმა ყველას ინდივიდუალური აქვს, მთავარი ჩემთვის, ადამიანის მისი ნაკლით შეყვარებაა. გამოსწორება პირობითი ცნებაა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან მორცხვი ვიყავი. სკოლაში ვსწავლობდი, ის გოგო ჩემზე უფროსი იყო. ვფიქრობდი, ხატს ვაჩუქებ, ამაზე უარს ვერ მეტყვის, ყვავილი შეიძლება არ გამომართვას-მეთქი. მის რელიგიურ გრძნობებზე ვითამაშე. ბოლოს მაინც სირცხვილმა მძლია და ის ხატი ვერ ვაჩუქე.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ. ეს ადამიანი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ამ ქალაქში, თითზე ჩამოსათვლელთა შორის, უკანასკნელი რომანტიკოსი ვარ. რამდენადაც მძიმე ვარ, შეყვარებულს ყოველთვის სიმსუბუქის შეგრძნება მეუფლება. ეს ძალიან მაგარი განცდაა. "კარნავალურობით", გულების დახატვებით არ გამოვირჩევი. ვიზუალურ მხარეზე მეტად, მთავარი შინაარსი მგონია. ყოველთვის ბუნებრიობის მომხრე ვიყავი, ამიტომ განსაკუთრებულის მოფიქრება არ დამჭირვებია. ჩემი ურთიერთობა სიტყვაზე, კონტაქტზე იყო დამყარებული. გოგოს ლექსს რომ დაუწერ, ეს ფეიერვერკზე მაგარი მგონია.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

GzaPress - ...მოსაწევმა. - მაკვირვებს...

- ...უკვე ძალიან ცოტა რამ. ისეთ მტაცებლურ გარემოში ვცხოვრობთ, მხოლოდ გამორჩეულად ბუნებრივი ადამიანების არსებობა მაკვირვებს. სამწუხაროდ, ცოტანი არიან, მაგრამ ბედნიერებაა, რომ ჯერ კიდევ არიან.

- ვრისკავ...

- ...ყოველთვის, ეს ჩემი ერთ-ერთი ჰობია. რისკი ადამიანს საკუთარ თავში გარწმუნებს და ისეთ რამეს აღმოგაჩენინებს, მანამდე ყურადღების მიღმა რომ გრჩებოდა. რისკი ბეწვის ხიდზე გავლას გაიძულებს. კონკრეტული ამოცანის და მოცემულობის წინაშე გაყენებს, ამიტომაც მიყვარს; მგონია, რომ პიროვნულად მზრდის.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ყველაზე დიდი სისუსტეა, რომლის უნარიც მაქვს (თან გაერითმა).

- ვამაყობ...

- ...ჩემი მშობლებით, ოჯახით და მეგობრებით.

- ბოლოს ვიტირე...

- ...როცა მეგობარი გეკარგება, ამ დროს ყველა ტირის, ეს ბუნებრივი რეაქციაა. ხშირად წიგნის კითხვის ან მუსიკის მოსმენის დროსაც ვტირი. როცა ნაწარმოებს ამ მდგომარეობამდე მიჰყავხარ, ის უკვე ძალიან მაგარია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...გულის სიღრმეში მსიამოვნებს, მაგრამ ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს მერიდება.

- როცა ჩემზე ცუდს ლაპარაკობენ...

- ...მსიამოვნებს. ეს უფრო იმ ადამიანებზე მეტყველებს, ვიდრე - ჩემზე.

- მეშინია...

- ...საკუთარი ნიჭის, რომელმაც შესაძლოა, თვითგამორკვევის გარდა, თვითგანადგურებამდეც მიმიყვანოს.

- ვმალავ...

- ...არაფერს. ძალიან ღია და გახსნილი ადამიანი ვარ.

- მსაყვედურობენ...

- ...დღეს უკვე ნაკლებად, ამ დრომ ჩაიარა. საყვედურს ხშირად მშობლებისგან ვიღებდი, ერეკლე დეისაძის მშობლობა ადვილი არ არის. ჩვენი ურთიერთობა ორმხრივი პროცესია. ჯერ მათ გამზარდეს, შემდეგ მეც გავზარდე.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს, რადგან ყველაზე მეტად ბუნებრიობა მომწონს.

- ვუფრთხილდები...

- ...საყვარელ ადამიანებს მეტად, ვიდრე - საკუთარ თავს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ფორტეპიანოზე დაკვრა. ვუკრავ, მაგრამ ეს სხვა დონეა, პროფესიონალი მინდა ვიყო. ამ სურვილს აუცილებლად ავისრულებ.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...როცა პური მიობდება და იძულებული ვარ, ურნაში ჩავაგდო. ამ დროს, ის ძალიან ბევრ ადამიანს ენატრება. ამის გააზრებისას სულ მრცხვენია.

- თავისუფლებაა...

- ...როცა შენ არ ხარ მჩაგვრელი. თავისუფალი ადამიანი სხვის უფლებებს არასდროს შელახავს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვკითხულობ ან ვწერ, ვმუშაობ... სულ ამ რეჟიმში ვარ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძალიან ბევრი? ბიძინა ივანიშვილს ვიყიდდი.

- მენატრება...

- ...ეპიზოდები ლაღი ბავშვობიდან. დროთა განმავლობაში ეს სილაღე გაქრა, ცხოვრების სისასტიკემ უდარდელობა ჩაკლა. მაშინ არ მყავდნენ გარდაცვლილი მეგობრები, გარემოც და განწყობაც მეტად ფერადი იყო. რომ ვიზრდებით, მერე ტრაგედიებსაც ვეჩვევით, ამისთვის თითქოს მზადაც ვართ. ის დრო მენატრება, როცა ეს განცდა არ მქონდა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ჩაკეტვა საუკეთესო წამალია. ამ დროს ვცდილობ, ჩემი ნეგატივი სხვაზე არ გადავიდეს, სხვა არ დავაზიანო. ამიტომ მირჩევნია, საკუთარ თავთან განვმარტოვდე, ეს თერაპიაა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...უმეტესად მშობლებისგან მომისმენია. მთხოვდნენ, არ ვყოფილიყავი იმ გარემოს ნაწილი, რომელშიც ვცხოვრობდი და ვიზრდებოდი. ჩემ გარშემო ზოგჯერ დანაშაულსაც სჩადიოდნენ. მშობლები კი მეუბნებოდნენ, რომ საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ამეღო; თუ დავაშავებდი, პასუხიც თავად მეგო. მაშინ შვილების დანაშაულის დროს ხშირად მშობლები დარბოდნენ და მათ დასახსნელად ფულს იხდიდნენ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი გვაქვს, გთხოვთ, პირუტყვებს ნუ დავემსგავსებით!

თამუნა კვინიკაძე