"უკან ჩუმ-ჩუმად დამყვებიან, მითვალთვალებენ" - გზაპრესი

"უკან ჩუმ-ჩუმად დამყვებიან, მითვალთვალებენ"

მსახიობი გიორგი ტაბიძე თავისუფალ თეატრში რამდენიმე სპექტაკლში თამაშობს. პარალელურად, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ჩიკას მეამბოხე შვილს - სანის როლს ასრულებს. ამჟამად სანი, ცოტა არ იყოს, რთულ სიტუაციაშია: იმ გოგონას მიმართ სიმპათია გაუჩნდა, რომელიც მის ძმაკაცს უყვარს... ვიდრე სანი თავის გრძნობებში გაერკვევა და ურთიერთობებს "დაალაგებს", მანამდე მსახიობს პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ...

- სერიალში, სანისთან დაკავშირებული სიუჟეტის ასეთი განვითარებით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან საერთოდ, ჩემი პერსონაჟი თავგადასავლების მოყვარულია, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდება, სულ რაღაც სიახლე უნდა... სანის "ხაზი" სცენარისტმა საინტერესოდ განავითარა: სულ რაღაც სიახლეები ხდება, რაც ჩემთვის საინტერესოა.

- სანის თეორიაზე, რომ ნებისმიერ 2 ადამიანს შეიძლება, ერთმანეთი შეაყვარო, რას ფიქრობ?

- ჩემს პერსონაჟს არ ვეთანხმები, რადგან ასეთი რამ - ნებისმიერ 2 ადამიანს ერთმანეთი შეაყვარო - არ არსებობს. ყველა ადამიანი ხომ განსხვავებული, ინდივიდუალურია? ასე რომ, შეიძლება, ერთმანეთს ვერ გაუგონ.

- რა არის სიყვარული?

- მგონია, რომ სიყვარული მოიცავს ურთიერთპატივისცემას, გარკვეული საკითხების მიმართ საერთო შეხედულებებს, მსოფლმხედველობას... წყვილმა ერთმანეთი არ უნდა მოატყუოს... როცა ეს ყველაფერი არის, ამ შემთხვევაში, რაღაც ურთიერთობა, გრძნობა უკვე იბადება...

- გოგონას გაცნობისას, პირველად რა იქცევს შენს ყურადღებას?

- ალბათ - თვალები. ძალიან ვაფასებ და მომწონს, როდესაც გოგოს თვალის განსხვავებული ფერი ან ჭრილი აქვს. საქციელს რაც შეეხება, არ მომწონს, როდესაც ზედმეტად აქტიურობენ. სურთ, ყურადღების ცენტრში იყვნენ, ოღონდ - ამას ზედმეტად აკეთებენ. ჩემს ყურადღებას ეს ნამდვილად იქცევს, მაგრამ - უარყოფითი თვალსაზრისით.

- სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, გოგონებში პოპულარული ბიჭი იყავი?

- კი, კი...

- შენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავდნენ?

- ჩანთაში წერილები ბევრჯერ დამხვედრია - ინკოგნიტო თაყვანისმცემელი ვარ და აბა, ჩემს ვინაობას თუ მიხვდებიო? წერილი სახლთანაც დამხვედრია... მოკლედ, უკან დამყვებოდნენ (იცინის). ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა გოგონა პირდაპირ მოსულა და უთქვამს: - აღარ შემიძლია. მინდა, ჩემი გრძნობები გაგიმხილოო...

- როგორ ფიქრობ, გოგონებს რატომ მოსწონდი, მათ ყურადღებას რით იქცევდი?

- არ ვიცი. ალბათ, უფრო გარეგნობის გამო მოვწონდი, რადგან ხშირად მეუბნებოდნენ, - სიმპათიური ხარო (იცინის).

- ზრდასრულობის ასაკში ყოფილა შემთხვევა, როცა გოგონა სიყვარულში გამოგტყდომია?

- თავად მივმხვდარვარ, რომ მოვწონვარ, თორემ ზრდასრულობის ასაკში, ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი არავის გადმოუდგამს. მაგალითად, მიგრძნია, რომ მიყურებდა. მისკენ გამიხედავს და უცებ, სხვა მხარეს გაუხედავს (იცინის)...

- როგორ ფიქრობ, როგორი რეაქცია გექნება, თუ გოგონა სიყვარულში პირველი გამოგიტყდება?

- ალბათ, განსაკუთრებული რეაქცია არ მექნება. თუ ისეთი დრო მოვიდა, რომ გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობთ, რატომაც არა? შეიძლება, ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი გოგომ გადმოდგას, არანაირი პრობლემა არ მექნება.

- შეგიძლია, გაიხსენო - პირველად როგორ გამოუტყდი გოგონას სიყვარულში?

- 13-14 წლის ვიყავი, როცა გოგოს სიყვარული პირველად ავუხსენი. ჩემს მეგობრებს რომანტიკულობის გამომხატველი ცნობილი შოკოლადი დავურიგე. ვიცოდი, ის გოგო რომელ ქუჩაზე გაივლიდა... როცა გაიარა, ყოველ 10 მეტრში ჩემი მეგობრები ხვდებოდნენ და ამ შოკოლადს აძლევდნენ - ხმასაც არ სცემდნენ, ქუჩის ბოლოს კი მე "გავეჩითე" (იცინის). ასე ავუხსენი გოგოს პირველად სიყვარული. ბავშვური იდეა იყო...

GzaPress

- იმავე გრძნობით გიპასუხა? - რა თქმა უნდა, მისგან დადებითი პასუხი მივიღე. ასეთ რამეს რომ გაუკეთებ, როგორ შეიძლება, უარი გითხრას (იღიმის)?!

- თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა? სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა?

- სხვათა შორის, არა. მაინც უფრო ბავშვური ამბავი იყო... მალევე, 1-2 თვეში დასრულდა. მივხვდით, რომ ეს მხოლოდ გატაცება იყო, სხვა არაფერი.

- სერიოზულად, ძლიერად გყვარებია?

- კი, ერთხელ: ჩემი სკოლელი იყო. დაახლოებით 17 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. თავდაპირველად, ვმეგობრობდით, შემდეგ უფრო დავახლოვდით... მოკლედ, შემიყვარდა. მასაც შევუყვარდი. 3 წელი ერთად ვიყავით - ბედნიერი 3 წელი გვქონდა (იღიმის), მაგრამ მერე, რაღაც-რაღაცების გამო, ურთიერთობაში ორივეს პრობლემები შეგვექმნა. 3 წლის შემდეგ, ეს ურთიერთობა დაინგრა, რაც ორივესთვის საწყენი იყო, მაგრამ ასე მოხდა...

- ცალმხრივად გყვარებია?

- არა, არასოდეს. გულწრფელი სიყვარულით მართლა ერთხელ მიყვარდა და ამის შესახებ გიამბეთ... გატაცება მქონია, მაგრამ ცალმხრივი - არა. უბრალოდ, ყოფილა შემთხვევა, როცა მეგონა, გოგო მომწონდა, მაგრამ მაგალითად, ერთ კვირაში მივმხვდარვარ, რომ თურმე, ეს წამიერი გატაცება იყო.

- "ჩემი ცოლის დაქალებში", როგორც ჩანს, შენს პერსონაჟს ელენეს მიმართ სიმპათია გაუჩნდა, თუმცა სანი მამუკასთან, ვისაც ელენე უყვარს, ძმაკაცობს. ამ უხერხულ სიტუაციაზე რას ფიქრობ?

- სანი რთულ ამბავშია "გაჭედილი". ბოლომდე თვითონაც ვერ ხვდება, ეს გოგო მოსწონს თუ არა. მამუკასთან მეგობრობის დაკარგვაც არ სურს. მომავალში რა იქნება, ვერ ვხვდები... თავდაპირველად ვფიქრობდი, ელენეს მიმართ საკუთარი გრძნობების შესახებ სანი მამუკას გაუმხელს, მამუკა კიდევ სცემს და ამით დასრულდება-მეთქი (იცინის), მაგრამ ჯერჯერობით, ასეთი რამ არ ხდება. ჯერ სცენარისტმაც არ იცის, ამ "ხაზს" როგორ გააგრძელებს. ეს მეც მაინტერესებს...

- ასეთ სიტუაციაში (როგორშიც ახლა შენი პერსონაჟი იმყოფება) თავად როგორ მოიქცეოდი?

- ალბათ, მაინც მეგობრობისკენ გადავიხრებოდი. ყოველ შემთხვევაში, ახლა ვფიქრობ, რომ მეგობრობას ავირჩევდი, თუმცა სიყვარული ისეთი ეშმაკური გრძნობაა, რომ შეიძლება, მეგობრობა გადაწონოს.

- შენს პერსონაჟთან დაკავშირებული ამბების გამო, სერიალის მაყურებლები რას გწერენ?

- სხვათა შორის, ამ თემაზე არაფერს მწერენ. ძირითადად, მწერენ - მოგვწონხარ, კარგი ტიპი ხარო (იცინის).

- ახლა, რეალურ ცხოვრებაში შენ მიმართ ყურადღებას გოგონები როგორ გამოხატავენ?

- სხვათა შორის, ახლა უფრო აქტიურები არიან და პირდაპირ მწერენ - მიყვარხარო. რამდენიმე დღის წინ, ჩემი კორპუსის წინ დამიწერეს - "მიყვარხარ, სანი". ვინ დამიწერა, არ ვიცი. ჩუმ-ჩუმად უკან დამყვებიან, მითვალთვალებენ (იცინის)... ძალიან მაინტერესებს, ვინ არის, მაგრამ ჯერ ვერ დავადგინე.

- გოგონა ინტერნეტით გაგიცნია?

- კი, როგორ არა! იმ გოგონას სანის გამო არ მოუწერია, შენი გაცნობა მინდაო. უბრალოდ, თეატრში ვიყავით და შემდეგ მომწერა - დღეს თეატრში დაგინახეო. შემდეგ დავმეგობრდით... ახლა ახლო მეგობრები ვართ. რომანტიკული პაემანი და სასიყვარულო ურთიერთობა არ გვქონია.

- ამჟამად, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ზუსტად მეც არ ვიცი. თითქოს ერთ ადამიანთან რაღაც იწყება, მაგრამ ჯერჯერობით, ღიად მაინც ვერ ვისაუბრებ, რადგან რაღაცებში დარწმუნებული თავადაც არ ვარ. თუმცა შეიძლება, საინტერესო ურთიერთობა გამომივიდეს...

ეთო ყორღანაშვილი