რატომ მისდევდა საბჭოთა მილიცია მანანა კოზაკოვას - გზაპრესი

რატომ მისდევდა საბჭოთა მილიცია მანანა კოზაკოვას

დღეს თუ მშობლებს მოზარდებისთვის წიგნის კითხვის დაძალება სჭირდებათ, საბჭოთა რეჟიმის პერიოდში, წიგნი ფუფუნების საგანი იყო. მსახიობ მანანა კოზაკოვას ახსოვს აკრძალული ლიტერატურის "გემო" და ის დაძაბულობა, რომელიც მაშინ დაეუფლა, როცა აკრძალული წიგნი ბებიის მეგობართან მიჰქონდა...

- დღესდღეობით, სამწუხაროდ, წიგნს ჩემს ცხოვრებაში ისეთი დიდი ადგილი არ უჭირავს, როგორიც - წინათ... დღეს ინტერნეტით უამრავი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, უამრავი ტელეგადაცემა არსებობს, გართობის ბევრი საშუალება გვაქვს, ცხოვრების ტემპიც ძალიან აჩქარდა, მაგრამ სინამდვილეში, ადამიანი ხომ მარტოა უამრავი პრობლემის წინაშე? ამ მარტო ყოფნას ხალხი ვეღარ უმკლავდება, როგორც ვხედავ: სულ ვირტუალურ სამყაროში, "ფეისბუკში" ჩართულები არიან... განა სოციალური ქსელების წინააღმდეგი ვარ? იქიდანაც უამრავ რამეს შეიტყობ, მაგრამ წიგნის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. განათლებაზე რომ ვილაპარაკო, ბანალური იქნება - რა თქმა უნდა, წიგნი განათლებისთვისაა, მაგრამ კიდევ - იმისთვის, რომ ადამიანს მარტო ყოფნა, ლიტერატურულ ნაწარმოებთან მარტო დარჩენა უნდა შეგეძლოს, რომ წიგნის გმირები დაინახო, ნაწარმოებში აღწერილი სამყაროს ფერები აღიქვა, სურნელი შეიგრძნო, იმ სამყაროს რეჟისორი იყო და ა.შ.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- ჩემს ბავშვობაში რომელი ნაწარმოებებიც არ იყო, ახლა ვკითხულობ. მაგალითად, უელბეკი, ფამუქი. კიდევ, ამას წინათ, ერთი წიგნი წავიკითხე, რომლის ავტორის სახელიც დამავიწყდა: წიგნი ავღანეთში ცხოვრების შესახებაა. ჟურნალისტი ქალების უფლებებზე, საშინელ ყოფასა და იმაზე გვიყვება, ამ ნანგრევებშიც როგორ ჩნდება სიყვარული, რომელიც თავის ძალას პოვებს...

- წიგნთან "ურთიერთობა" როდის დაიწყეთ?

- ჩემს ბავშვობაში, განათლებას, წიგნის კითხვასაც თავისი დისციპლინა ჰქონდა. მაგალითად, ჯერ "ფორსაიტების საგა" უნდა წაგეკითხა, თომას მანის ნაწარმოებები კი - მოგვიანებით... წასაკითხ წიგნს ნებაყოფლობით არ ვარჩევდით, რის გამოც ახლა მადლიერი ვარ. რაღაც წიგნების წაკითხვის უფლებას არ გვაძლევდნენ - ჯერ ადრეა, პატარა ხარო... ნაწარმოების სპონტანურად არჩევა და წაკითხვა არ შეგვეძლო - ამას თავისი სისტემა ჰქონდა.

- ეს წესი, სისტემა დაგირღვევიათ?

- თითქმის არ დამირღვევია, ძალიან დამჯერი ბავშვი ვიყავი. საბჭოთა რეჟიმის დროს, ბევრი გასართობი არ იყო, წიგნის კითხვით კი ძალიან ვერთობოდით. ვფიქრობდი, მოძველდა, ინტერნეტი გაჩნდა-მეთქი, მაგრამ მგონი, ასე არ არის - წიგნი ისევ საჭიროა, ის ინტერნეტს არ ჩაუნაცვლებია.

- გახსოვთ თქვენ მიერ წასაკითხად დამოუკიდებლად შერჩეული პირველი ნაწარმოები რომელი იყო?

- ასეთი ჟურნალი - "უცხოური ლიტერატურა" არსებობდა, რომელშიც საბჭოთა რეჟიმის პერიოდშიც, რაღაც უცნაური ნაწარმოები "გაძვრებოდა" ხოლმე. მახსოვს, დაახლოებით 15 წლის ვიყავი, "პარფიუმერი" რომ წავიკითხე. გავგიჟდი, ისე მომეწონა! ამ ნაწარმოებით ვცხოვრობდი, მის გავლენას დიდხანს ვგრძნობდი. თან, სენსიტიური ყნოსვითი მგრძნობელობა მაქვს. თითქოს ჩემთვის სამყარო სხვაგვარი გახდა... იყო წიგნები, რომლებსაც კრძალავდნენ. დოლიძის ქუჩაზე ვცხოვრობდით, ბებიაჩემის მეგობარი კი - ხილიანზე. მახსოვს, ბებიამ მეგობართან წიგნი გამატანა, თავშალში გაახვია... ის გზა არასოდეს დამავიწყდება - მეგონა, დაუსრულებელი იყო (იღიმის)... მერაბ მამარდაშვილის წიგნებსაც კრძალავდნენ, წარმოგიდგენიათ? საბჭოთა კავშირის პერიოდში, წიგნი ფუფუნება იყო...

- აკრძალული ლიტერატურის კითხვას როგორი "გემო" ჰქონდა?

- რა თქმა უნდა, ძვირფასი, ძალიან ტკბილი და რბილი...

- თქვენს მსოფლმხედველობაზე ზეგავლენა რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა?

- ძალიან ბევრმა. ბულგაკოვის ნაწარმოებზე - "ოსტატი და მარგარიტა" გადავირიე! ეს წიგნი ახალი წაკითხული მქონდა, როცა მოსკოვში მოვხვდი. ზუსტად იმ სადარბაზოში, იმ მისამართზე წამიყვანეს, რომელიც ნაწარმოებშია აღწერილი. დისიდენტი ახალგაზრდები იმ სადარბაზოს კედლებზე "ოსტატი და მარგარიტადან" ამონარიდებს, ციტატებს წერდნენ - მთელი სადარბაზო აჭრელებული იყო. შემდეგ, საბჭოთა მოხელეები კედლებს წარწერებს აშორებდნენ, საღებავს მიასხამდნენ, იქაურობას დაასუფთავებდნენ, მაგრამ ბავშვები მაინც შედიოდნენ და ისევ წერდნენ. მახსოვს, მილიცია გამოგვეკიდა. ბევრი ვირბინე... მგონი, გასაგებია, ამ წიგნს ჩემს ცხოვრებაში რამხელა ძალა და მნიშვნელობა ჰქონდა...

GzaPress

- თქვენთვის ბავშვობასთან რომელი ნაწარმოები ასოცირდება? - ბევრი, მაგრამ "მერი პოპინსს" დავასახელებ. მიზეზსაც გეტყვით, როგორ მივხვდი, რომ ეს ნაწარმოები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ჩემი შვილი - თინათინი რომ გავაჩინე, ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ მყოფს, თავი მერი პოპინსი მეგონა - ყველაზე ბედნიერ წუთებში, როცა დედა გავხდი, ჩემს ქვეცნობიერში ეს პერსონაჟი ამოტივტივდა...

- ძალისხმევა დაგჭირდათ, რომ თინათინს წიგნის კითხვა შეჰყვარებოდა?

- კი. გარკვეულ სიტუაციაში მივხვდი, რომ ის წესები, რომლითაც მე გავიზარდე, მისთვის რთული იყო, რადგან ცხოვრების ტემპი მართლა ძალიან აჩქარდა... მერე თინათინმა "ჰარი პოტერი წაიკითხა" და წიგნის კითხვა შეუყვარდა. მივხვდი, საქმე რაში იყო: "ჰარი პოტერს" მეტი დინამიკა აქვს. არის ნაწარმოებები, რომლებიც დროს ვეღარ უძლებს, ზოგი კი უკვდავია. მაგალითად, ბავშვობაში ტოლსტოის ნაწარმოებს - "ომი და მშვიდობა" რომ ვკითხულობდი, ომის სცენებს წაუკითხავს ვტოვებდი (თითოეული თავის ბოლოს, მოკლე შინაარსი ეწერა და იმას ვეცნობოდი), რადგან არ მაინტერესებდა. მერე, როცა "ომი და მშვიდობის" თინათინთან ერთად კითხვა დავიწყე (ბავშვობიდან სახლში წიგნის ხმამაღლა კითხვის ტრადიცია გვქონდა, რაც ჩემს ოჯახშიც დავნერგე), მივხვდი, რა "ექშენი" იყო - გაოფლილი ცხენის სუნიც კი ვიგრძენი, ყველაფერი ისე აქვს აღწერილი ტოლსტოის... მოკლედ, თინათინმა კითხვა უფრო მეტად შეიყვარა, როცა თავისი დროების წიგნს მიაგნო. გავაცნობიერე, რომ წესები, რომლებიც მე მქონდა, აღარ ვარგოდა - ჩემი შვილი თანამედროვე ლიტერატურით მოიხიბლა...

- მცირე ასაკში თქვენი შვილი რას კითხულობდა?

- მაშინ მწირი არჩევანი იყო. სათამაშოსაც ვერ იპოვიდი, რომ გეყიდა... ახლა უამრავი წიგნია. ჩემი დისშვილი ძალიან წიგნიერია. ამას წინათ, ჩემი და მეუბნებოდა, - მთელი რესურსი ჩემი შვილისთვის წიგნების გამოწერაზე იხარჯებაო... თინათინის ბავშვობაში, 90-იან წლებში ახალ ლიტერატურას ვერ მოიპოვებდი - ყველაფერი დეფიციტი იყო...

- საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ გმირს ამსგავსებთ?

- გარკვეულ ეტაპზე, ნატაშა როსტოვა "ვიყავი"... კონკრეტული პერსონაჟების დასახელება მიჭირს, მაგრამ მახსოვს, ნაწარმოებებში აღწერილი სამყარო მიტაცებდა და ვიგონებდი, ამა თუ იმ სიტუაციაში პერსონაჟები როგორ მოიქცეოდნენ. როგორც მათ "ვხედავდი", ისე ვიქცეოდი - ვბაძავდი...

- არსებობს ისეთი ლიტერატურული პერსონაჟი, რომლის განსახიერებაც ძალიან გინდათ, მაგრამ ამის საშუალება არ მოგეცათ?

- ალბათ, ასეთი ბევრია, მაგრამ ხშირად მსახიობები ვცდებით, როდესაც გვგონია, რომ ამა თუ იმ პერსონაჟს აუცილებლად განვასახიერებთ. მსახიობს როლი მაშინ გიყვარდება, როდესაც მისი თამაში კარგად გამოგდის. გაუცნობიერებლად, ყველაფერს (წაკითხული წიგნებიდან მიღებულ განათლებას, ცხოვრებისეულ გამოცდილებას...) იგროვებ, მერე კი შეიძლება, რამეში გამოგადგეს. წიგნი ამიტომ არის კარგი, რომ პრიმიტიული არაა: მხოლოდ სიგარეტის მოწევის ვიღაცის მანერას არ "იღებ" - გაცილებით საინტერესოა, როცა ნაწარმოები წაკითხული გაქვს და გსურს, პერსონაჟი უფრო სიღრმისეულად განასახიერო...

- რთულ სიტუაციაში წიგნი დაგხმარებიათ?

- ძალიან. რთულ სიტუაციაში წარმოიდგენ, წიგნის ესა თუ ის პერსონაჟი როგორ მოიქცეოდა. მაგალითად, რაღაცის გამო გაბრაზდი. ფიქრობ, რაფინირებული ლიტერატურული გმირი ამას არ გააკეთებდა, რადგან უხერხულია, უზნეოა, მიუღებელია. ზრდილობის, აღზრდის თამასა ზემოთ იწევა, რაც ადამიანს ხშირად გშველის - შეგიძლია, სიტუაციას უფრო განზოგადებულად, ჭკვიანურად შეხედო.

- შინ მრავალფეროვანი ლიტერატურა გაქვთ?

- ძალიან ბევრი წიგნი გვქონდა. ოქროყანაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, წიგნები თეატრში, ლევანის კაბინეტში გადაგვაქვს - იქ უფრო სჭირდება. ისე, ლევანი "აიპედით" მუშაობს. პირადად მე, ელექტრონული წიგნების კითხვა არ მიყვარს. სხვათა შორის, "კინდლიც" ვიყიდე, მაგრამ ვერ "მოვერგე". ალბათ, მიჩვევის ამბავია...

- მოდურობის გამო, წიგნი წაგიკითხავთ?

- რა თქმა უნდა. მახსოვს ფილოსოფოსების წიგნების კითხვა, ფრაზები "ბრახაბრუხი" ძალიან მოდური იყო - ადამიანები ერთმანეთს თავს ამით აწონებდნენ. შემრცხვა, რომ წაკითხული არ მქონდა. წავედი და ჰეგელის ნააზრევს შევეჭიდე, მაგრამ 2-3 ფრაზის გარდა, ვერაფერი გავიგე. რაც შემეძლო, ვიკითხე... სხვათა შორის, დღეს უვიცობა უხერხული აღარ არის. პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებმაც კანონმდებლობა არ იციან. ადამიანს სხვა პროფესია აქვს, მაგრამ სხვა სფეროში მუშაობს. არ შეიძლება, ის საქმე აკეთო, რომელიც არ იცი. ალბათ, დრომ მოიტანა, რომ უვიცობა სირცხვილი აღარ არის, უხერხულობის განცდას აღარ იწვევს... ეს სისტემური პრობლემაა. ყველა რეიტინგის ძიებაშია - განათლების, კულტურის ამაღლებაზე არ ფიქრობენ... როცა ყველაფერს მიღეჭავ, მიპრიმიტიულებ, მეც ასეთი ვხდები... ყველა სფეროში უვიცობა გახდა ტრენდული. როგორ შეიძლება, სპორტსმენი, მსახიობი ვწყვეტდე, ქვეყნის განვითარებისთვის რა სჯობს, როცა კანონმდებლობის აზრზე არ ვარ? რეიგანი მაგალითად აღარ გამოდგება: ის ერთი იყო ამერიკის ისტორიაში. მის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, მსახიობობის პარალელურად, ის კაცი პროფკავშირებს სათავეში ჩაუდგა და ა.შ. საერთოდ ვამბობ - არ შეიძლება, ყველამ ყველაფერი აკეთოს. რაღაცებში მეც ვერკვევი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ვქადაგებ. სამწუხაროდ, ყველა ქადაგად არის ქცეული...

ეთო ყორღანაშვილი