ვინ სძულს და რომელი პოპულარული მომღერალი არ მოსწონს გიორგი გასვიანს - გზაპრესი

ვინ სძულს და რომელი პოპულარული მომღერალი არ მოსწონს გიორგი გასვიანს

სკოლის მოსწავლეობის პერიოდში დაბრუნება რომ შეეძლოს, ფიქრობს, რომ თანაკლასელების გამო, ბევრ მასწავლებელს საკადრის პასუხს გასცემდა, რადგან 90-იან წლებში, პედაგოგებს მოსწავლეებთან მიმართვის ცუდი ფორმები ჰქონდათ... მსახიობისა და ტელეწამყვანის - გიორგი გასვიანის შესახებ საინტერესო დეტალები შევიტყვეთ...

- როგორ ფიქრობთ, მსახიობი უკეთესი ხართ თუ ტელეწამყვანი?

- ჩემთვის ორივე პროფესია ისეთი ღირებულია, რომ მათ გამო შემიძლია, ყველაფერი დავთმო, ბევრი რამ გვერდზე გადავდო (პირადიც კი). ჩემთვის მსახიობობაც და ტელეპროფესიაც ძალიან მნიშვნელოვანია. მსახიობს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მათ შორის - ტელეწამყვანობაც. ისე, მგონი ორივე საქმეში მაგარი ვარ (იცინის). ჩემი საქმიანობა ძალიან მიყვარს და გაორებული ვარ ისევე, როგორც ალბათ, ამ სფეროებში მომუშავე ყველა ადამიანი: ჩემი "შინაგანი თეატრი" ტელევიზიაზე ეჭვიანობს, ჩემი "შინაგანი ტელევიზია" კი - თეატრზე.

GzaPress- ბოლოს ვისგან და რის გამო მიიღეთ შენიშვნა?

- ავტომობილი ცუდად გავაჩერე. ამის გამო, შენიშვნა კი მივიღე, მაგრამ თან, ჩემი საქციელით პროტესტი გამოვხატე - ქალაქში მანქანის გასაჩერებელი ადგილი არსად იყო. პანაშვიდზე ვიყავი მისული. რა უნდა მექნა?!.

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- ცხოვრებაში ამის დრო არ მქონია, რომ ამაზე მეფიქრა. 14 წლიდან თეატრში ვთამაშობდი, შტატში ვიყავი - ხელფასი დამინიშნეს. ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო!.. შემდეგ, ინსტიტუტში ჩავაბარე. იმ პერიოდიდანვე სულ ვმუშაობდი (ბევრ ადგილას). ადამიანმა საკუთარი თავის უსარგებლობაზე რომ იფიქრო, ეს საშინელება იქნება? შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდე ან საერთოდ, სიცოცხლის ხალისი დაკარგო. ერთადერთი, დეტექტორზე თუ დასვამ ადამიანს და ამ შეკითხვას დაუსვამ, შეიძლება ქვეცნობიერად, დადებითი პასუხი "ამოხტეს", რადგან შესაძლოა, ქვეცნობიერად ამაზე ყველას გვიფიქრია, მაგრამ ცნობიერად, არასოდეს მიფიქრია, რომ უსარგებლო ვარ.

- როცა საკუთარი თავი "სიცრუის დეტექტორის" წამყვანის ამპლუაში ეკრანზე ნახეთ, პირველად რა ხარვეზი შენიშნეთ?

- თავდაპირველად, 1-2 კითხვის დასმის ინტონაცია არ მომეწონა. საკუთარი თავის შემოწმების, კონტროლის მიზნით, ჩემს გადაცემას სულ ვუყურებ. ამიტომ შეიძლება, მცირე დეტალიც არ მომეწონოს. გადაცემას ვუყურებ, როგორც ცოცხალ პროცესს - კონკრეტულ დეტალზე ორიენტირებული არ ვარ. მთავარია, კონტექსტი მთლიანად კარგი იყოს. მემონტაჟეებმა "ჩემი ენა" ზუსტად იციან: გადაცემა როგორც მიმყავს, ისე ამონტაჟებენ. რაც ზედმეტია, ის უნდა "ამომიჭრან".

- საკვები, რომელიც თქვენს მაცივარში ყოველთვის არის...

- მწვანილი და კიტრი. "ვაფრენ", ოხრახუში და კიტრი ისე მიყვარს!.. საერთოდ, მწვანე პროდუქტი და მწვანილი შემიძლია, მთელი დღე ვჭამო. ჩემთვის ჩიფსივით არის, როგორი სასაცილოც უნდა იყოს.

- პოპულარული მომღერალი, რომელიც არ მოგწონთ...

- ფილიპ კირკოროვი არ მომწონს.

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- სხვადასხვანაირს: ძალიან უცნაურს, მისტიკურსაც... კეთილი ადამიანი ვარ და კოშმარები არ მესიზმრება (იცინის).

- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?

- ალბათ, მაგალითად - რამე კარგის თქმა... ჩემი პროფესიით - ის, რომ დრამატურგის, რეჟისორის ჩანაფიქრს ჩემს ჩანაფიქრს ვუმატებ და სცენაზე ვამბობ. ადამიანი, ტელეწამყვანი ხარ თუ მსახიობი, მაყურებლებს სიხარულს ანიჭებ, ინტერესს უკმაყოფილებ, როცა ისინი შენს გადაცემას უყურებენ. თუ შენი გადაცემის ყურება არ უხარიათ, მაშინ შენს საქმეს აზრი არ აქვს.

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევით?

- ძალიან ადეკვატურად ვპასუხობ: თუ არ მომწონს, ვახვედრებ, რომ თავი დამანებოს.

- კმაყოფილების განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლათ?

- ბევრი რამის გამო... ჩვენ ხომ იმისთვის ვიბრძვით, რომ კმაყოფილების განცდა გვქონდეს სექსით, საჭმლით, ტანსაცმლით, გაკეთებული საქმით?.. ბოლოს, შემთხვევით, ძალიან გემრიელი კერძი მოვამზადე: მწვანე ლობიო იყო გამზადებული, მოხარშული. მხოლოდ შეკაზმვა სჭირდებოდა. ჰოდა, ისეთი ინგრედიენტები (ნიგოზი, მწვანილი, სუნელები, მწვანე აჯიკა...) დავამატე, რომ სასწაულად გემრიელი გამოვიდა. ვიფიქრე, - ამას ხალხი წლობით აკეთებს, მე კი ასეთი კარგი შემთხვევით გამომივიდა-მეთქი. კმაყოფილი ვიყავი.

- კერძებს ხშირად ამზადებთ?

- არა და კმაყოფილი სწორედ ამიტომ ვიყავი. ბევრი კერძის მომზადება არ ვიცი. გუშინ კორკოტის მომზადება მინდოდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი: სახლში ხორბალი მოხარშეს. მინდოდა, მისთვის თაფლი და ნიგოზი გამეკეთებინა, მაგრამ ვერ მივხვდი, როგორ. პატარა ჭურჭელში ვცადე, მაგრამ ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მსურდა. ვერ ვხვდები, ამას როგორ აკეთებენ.

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავთ?

- შვიდი, მაგრამ ერთსა და იმავე დროს არ ვიძინებ. ისე, ძილი ძალიან მიყვარს.

- თქვენ შესახებ გავრცელებული უცნაური ჭორი...

- ერთ-ერთი ჰიპერმარკეტის პრეზენტაცია გავაკეთე - "ინფლუენსერიც" ვარ და მაღაზიას "ვაპიარებდი". ერთ-ერთი რედაქციის ჟურნალისტებს ეგონათ, რომ ის ჰიპერმარკეტი ჩემი იყო. თურმე, ამ თემას თათბირზე განიხილავდნენ...

- ეს ჭორი გეწყინათ თუ გესიამოვნათ?

- მომეწონა.

- რა არის თქვენი მთავარი ფასეულობა ცხოვრებაში, რაც თქვენს საქციელს განსაზღვრავს?

- ძალიან გულწრფელი ვარ. ადამიანს სათქმელს პირდაპირ ვეუბნები. ხანდახან ამის არ სჯერა, მაგრამ მერე, როცა ხვდება, რომ სიმართლე ვუთხარი, უფრო აფასებს.

- ადვილად გწყინთ?

- კი.

- წყენას როგორ გამოხატავთ?

- გამოხატვის სხვადასხვანაირი ფორმა მაქვს: ზოგჯერ ძალიან აგრესიული ვარ, ზოგჯერ - არაფერს შევიმჩნევ, მაგრამ წყენის დამალვა არ მიყვარს, აუცილებლად უნდა გამოვხატო. ამ დროს "ვიცლები". ეს ჩემი წესია.

- სკოლაში სწავლისას, უსამართლობის მსხვერპლად გიგრძნიათ თავი?

- მაგალითად, ბულინგის მსხვერპლი არასოდეს ვყოფილვარ.

GzaPress

- იქნებ დაუმსახურებლად, თქვენთვის დაბალი ნიშანი დაუწერიათ? - ალბათ, დაუწერიათ, მაგრამ ვერ ვიტყვი, მეხსიერებაში ხინჯად ჩამრჩა-მეთქი, რადგან სკოლაში ცუდად არ ვსწავლობდი. "ფრიადოსანიც" არ ვყოფილვარ. ბავშვობიდანვე მოზარდ მაყურებელთა თეატრის სტუდიაში ვიყავი, ამ საქმეზე გადართული გახლდით. სკოლაში იმ საგნებს ვსწავლობდი, რაც ძალიან მაინტერესებდა - თითქოს ვიცოდი, რა უნდა მესწავლა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო: ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია... ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა ჩვენს სკოლაში გაძლიერებულად ისწავლებოდა. ამიტომ მე-8 კლასამდე ყველაფერს მართლა კარგად ვსწავლობდი. მერე, ცოტათი მოვეშვი, ქიმია-ფიზიკის ამოცანების ამოხსნა დიდად არ მჭირდებოდა. ამ საგნებში მთავარი რაც უნდა მესწავლა, ყველაფერს კარგად ვსწავლობდი... ის ტიპი არ ვიყავი, რომ ვინმე დაუმსახურებლად მომქცეოდა: სკოლაში სულ სცენაზე ვიდექი, ღონისძიებები მიმყავდა და პოპულარული ბავშვიც გახლდით... ამიტომ კონკრეტულად ვერ ვიხსენებ, უსამართლობის განცდა როდის დამეუფლა. ასეთი შემთხვევები, სხვა კლასელების შესახებ უფრო მახსენდება და მათ ნაცვლად ვბრაზდები.

- გამოსარჩლებიხართ ვინმეს სკოლაში?

- კი. მასწავლებელი ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩამიყენებია. მისთვის მითქვამს, რომ არასწორად იქცეოდა და შერცხვენია. ახლა იმ ასაკში და იმ დროში დაბრუნება რომ შემეძლოს, ზოგ მასწავლებელს როგორ მოვექცეოდი, ვინ იცის!.. მაშინ, 90-იან წლებში ბავშვებს უხეშად მიმართავდნენ, რაც ახლა იკრძალება. კი, ბავშვები უყვარდათ, კარგი მასწავლებლები იყვნენ, თაობები მართლა გაზარდეს, მაგრამ მოსწავლეებთან მიმართვის საოცარი ფორმები ჰქონდათ.

- ვინმე გძულთ?

- რუსი პოლიტიკოსები მძულს, ოღონდ - მართლა.

- რაზე ოცნებობთ?

- სულ მინდა, რომ სადაც ვცხოვრობ, იმ ქალაქში ზღვა იყოს...

- ბოლოს როდის თქვით გულწრფელი ბოდიში?

- მინდოდა, "ბოდიში" მეთქვა, მაგრამ ჩემი შინაგანი მწუხარება თუ სინანული უფრო მეტი იყო, ვიდრე სიტყვა "ბოდიში". ხანდახან ამ სიტყვას ვერ ამბობ, იცი? სინამდვილეში, შინაგანად უფრო განიცდი... ასეც ხდება, ძალიან ცუდია... ამას ჯობია, "ბოდიში" თქვა, მაგრამ უბრალოდ რომ თქვა, არ გინდა, ბანალური იყოს, ემოციები "შიგნით" უფრო მეტად დუღს... ბოდიშის მოხდა არასოდეს მიჭირს. შეიძლება, დღესაც ვინმეს მოვუბოდიშე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სულ რაღაცას ვაშავებ? ძალიან ახლობელ ადამიანებთან ბოდიშის მოხდა არ მიწევს, მაგრამ მუშაობისას, შემთხვევით თუ ვინმეს რამე უხეშად ვუთხარი და ვიცი, ამის გამო გული ეტკინა, ვებოდიშები, აბა, რა! ჩემი ბოდიში ყოველთვის გულწრფელია, რა თქმა უნდა.

ეთო ყორღანაშვილი