"უკვე სამი შვილის მამა ვარ და ეს უმაგრესი შეგრძნებაა" - გზაპრესი

"უკვე სამი შვილის მამა ვარ და ეს უმაგრესი შეგრძნებაა"

გიორგი ყიფშიძესა და ენი გასიევას რამდენიმე დღის წინ შვილი შეეძინათ - დაიბადა კოსმო ყიფშიძე. გიორგისთვის ის მესამე შვილია, ენისთვის კი - პირველი. გიორგის მესამე ქორწინებას და წყვილს შორის დიდ ასაკობრივ სხვაობას ჩვენს საზოგადოებაში ჭორებისა და მითქმა-მოთქმის გარეშე არ ჩაუვლია... გიორგი და ენი შვილის შეძენით გამოწვეულ ბედნიერ ემოციებს გვიზიარებენ და თავიანთი გაცნობის ამბებს "გზის" მკითხველს ექსკლუზიურად უამბობენ.

- პირველ რიგში, გილოცავთ შვილის დაბადებას! როგორია ემოცია? ალბათ, ამ ასაკში კიდევ უფრო სხვაგვარად აღიქვამ და აცნობიერებ, ხომ?

გიო:

- რაღაცნაირად, მთელი ცხოვრება მქონდა მოლოდინი და ზუსტად ვიცოდი, რომ სამი შვილი უნდა მყოლოდა. მართლა გეუბნებით! ესეც ბიჭია! თუმცა, სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სიხარული და შეგრძნება მაინც ერთი და იგივეა - ბედნიერი ხარ! ალექსანდრე 7 წლისაა და როცა ის შეგვეძინა, უკვე საკმაო ასაკი მქონდა, უფრო სხვანაირად აღვიქვი. ნატალია რომ გაგვიჩნდა, რაღაცნაირად დავიბენი, ვერ ვაცნობიერებდი, რას ნიშნავს შვილი, პატარა მეგობარივით უფრო გავზარდე, სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, ჩემი ძმაკაცივითაა (იცინის). ძალიან მაგარი ტიპშაა! მამისა და ქალიშვილის ურთიერთობა სულ სხვა რამეა, რაღაცნაირად შენია. ახლა კიდევ უფრო სხვა განცდა მაქვს, თანაც, უკვე სამი შვილის მამა ვარ და ეს უმაგრესი შეგრძნებაა.

ენი:

- მეც ასე ვარ. ჩემთვის პირველი შვილია და ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა დედა ხდები! სახელი გიომ შეურჩია - კოსმო (ანუ კოზმას თანამედროვე ვერსია).

- თავის დროზე ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა თქვენი ქორწინების შესახებ. როგორ შეხვდნენ თქვენი დაწყვილების ამბავს ოჯახების წევრები?

- ბატონ ზურასთანაც, ქალბატონ ლელესთან, ლენუკასთან, ნატალიასთანაც და ყველასთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. კოსმოს დაბადება, ბუნებრივია, ყველას ძალიან გაუხარდა.

გიო:

- მამაჩემს ენი მაშინ გავაცანი, როცა ის ჩემს სპექტაკლებზე მოდიოდა. ჩვენს თეატრში, საგრიმიოროში შემოდიოდა და იქ გავაცანი, - ჩემი გოგოა-მეთქი. - რამდენი წლის არისო? - მკითხა. - 22-ის-მეთქი. - შენი შვილიო? - 18-ის-მეთქი. - შენ რამდენის ხარო? - 42-ის-მეთქი. - მერე?.. არ გრცხვენია, პედოფილი ხარ (იცინის)? დიდი სხვაობააო... ეს იხუმრა და ახლა, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ენის დედა ჩემხელაა (იცინის). ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვერც აღვიქვამ, რომ ჩემი სიდედრია.

- თქვენ თუ გრძნობთ ამ ასაკობრივ სხვაობას?

- არა და სწორედ ესაა მთავარი. ჩვენ "საკაიფოდ" ვართ და რატომ ჩანს ასე, არ ვიცი. თუ მე ასე კომფორტულად ვარ, რატომაც არა?!

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- დავინახე ძალიან ლამაზი გოგო და პირველად თეატრში დავპატიჟე, ზრდილობიანად, კულტურულად. ენი ჩვენი საერთო ნაცნობისგან გავიცანი და მერე ვხუმრობდი, მას სულ რომ არაფერი გაეკეთებინა ჩემთვის კარგი, მარტო ამის გამო მეყვარებოდა-მეთქი. შემთხვევითობა მოხდა და ძალიან "გაასწორა". მთავარი ისაა, რომ ამხელა ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ერთმანეთს "საკაიფოდ" გავუგეთ. 20 წელი არ არის პატარა სხვაობა. სასაუბრო თემაც ხომ უნდა გქონდეს, მხოლოდ გარეგნობა ხომ არ არის?! მაგრამ ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობთ. რაღაც ეტაპის შემდეგ, მარტო ვიზუალი აღარ არის საკმარისი, რომ ადამიანი შეგიყვარდეს და ურთიერთობა გახანგრძლივდეს. "კომფორტის ზონა" უნდა ვიყოთ ერთმანეთისთვის. თუ რაღაც სიტუაციაში ადამიანს დისკომფორტში აგდებ, იმ სიტუაციაში ყოველთვის კონფლიქტი გექნება, ადრე თუ გვიან.

- რაში გამოიხატება ეს კომფორტულობა?

- სულ ყველაფერში. აბსოლუტურად ვავსებთ ერთმანეთს და ამავე დროს, აბსოლუტურად განვსხვავდებით. ერთმანეთის გამო, ტრანსფორმაცია განვიცადეთ, ანუ რაღაცებზე უარი ვთქვით, რაღაც დათმობებზე წავედით, შევიცვალეთ ერთმანეთის ზეგავლენით და ეს ძალიან მომწონს, "ასწორებს"! მთავარია, მცდელობა "მისთვის" და მე ეს მიღირდა.

GzaPress

- თავს უფრო ახალგაზრდად გრძნობ? - კი, რა თქმა უნდა და ვფიქრობ, ყველა ასეა, როცა შეყვარებულია. ამიტომაც ვეძებთ ადამიანები ერთმანეთს, რომ თავი უფრო ახალგაზრდად ვაგრძნობინოთ. ენის თავისი ენერგეტიკა აქვს, ახალგაზრდული და ეს ჩემზეც აისახება.

ენი:

- გიო როცა გავიცანი, თავიდან რაიმე განსაკუთრებული შეგრძნება არ მქონდა, მაგრამ რამდენიმე ნახვის მერე, ისე განვითარდა ყველაფერი, რომ აი, შედეგს კი ვხედავთ - ერთად ვართ (იცინის). არც რაიმე მოლოდინი მქონდა, არაფერი დაგვიგეგმავს, თავისით, ბუნებრივად განვითარდა ყველაფერი.

გიო:

- ჰო, უბრალოდ, კარგი ურთიერთობა გვქონდა, არანაირი ზე-ქვე აზრებითა და გეგმებით. დავახლოვდით და ვიგრძენით, რომ ერთად თავს კარგად ვგრძნობდით.

ენი:

- იცი, რა, მე ვფიქრობ, რომ ორი ენერგია ვართ, რომლებმაც ერთმანეთი მიიზიდეს და ერთ დიდ ენერგიად გადაიქცნენ.

გიო:

- ენი არის ჩემი ჯადოსნური არსება! ზღაპრიდან გადმოსული "ფეა" "გამეჩითა" და სიბერეში ჯადოსნური საჩუქრები მაჩუქა თოვლის ბაბუამ, ელფმა საჩუქარი მომიტანა (იცინის) - ასეთი შეგრძნება მაქვს. უკვე ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ. ენი ძალიან გემრიელ საჭმელებს მიმზადებს. გავრისკეთ და ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ყველაფერს, სხვების დახმარებისა და შეწუხების გარეშე. როცა ადამიანი გიყვარს, ყველაფერს გააკეთებ, რაც მას ესიამოვნება.

ენი:

- გიორგისთან თანაცხოვრება ძალიან კომფორტულია. არ არის ისეთი ტიპი, რომ დისკომფორტი შეგიქმნას, პირიქით, ცდილობს, სულ რაღაცით მასიამოვნოს.

- ნატალიასა და ენის როგორი ურთიერთობა აქვთ?

გიო:

- სხვათა შორის, მეგობრობენ, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ერთმანეთს გაუგეს, თითქმის ერთი ასაკის არიან (იცინის). ენი 22 წლისაა, ნატალია კი 18-ის. ისე, ხანდახან მე თვითონ "მეუხეშება" ეს ციფრები... მაგრამ ენი ბავშვური ტიპაჟი არ არის, სერიოზულია, ჩამოყალიბებული და თითქოს ვერც იტყვი, რომ 22 წლისაა.

- ენი, რას საქმიანობ?

- კერძო ფოტოგრაფი ვარ. 15 წლიდან ვმუშაობ. მანამდე ვსწავლობდი, ახლა დროებით პაუზა მაქვს, პატარის გამო. ზოგადად, ყველაფერს ვიღებ, ძირითადად, არტ-ფოტოგრაფი ვარ. სხვადასხვა კლუბში ვმუშაობდი, ივენთებს, ქორწილებს ვიღებდი, პირად ფოტოსესიებს; ინტერიერი, ექსტერიერი - მოკლედ, ყველაფერი.

- გიორგი, შემოქმედებითი კუთხით რა სიახლეებია შენს ცხოვრებაში?

- თუმანიშვილის თეატრში სულ ცოტა ხნის წინ ვითამაშეთ "მეფე ლირი" და მიხარია, რომ ძალიან კარგი სპექტაკლი გამოგვივიდა. ახლა "ჰამლეტის" მიხედვით, კიდევ ერთ სპექტაკლზე ვმუშაობთ და ეს შექსპირის პიესის განსხვავებული, ახლებური და საინტერესო ვერსია იქნება. მუსიკაზე ერეკლე გეწაძე მუშაობს და ძალიან მოგვწონს, გემოვნებიანია, თავისი ხელწერა აქვს. საერთოდ, მაგარი თაობა წამოვიდა, სხვანაირად მოაზროვნეები და ნიჭიერები. მოკლედ, კარგი რაღაც გამოდის.

მე თუ მკითხავთ, საინტერესო ცხოვრება მაქვს. ვცდილობ, ყოველი დღე ისეთი მქონდეს, რომ არ ვინანო. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა: ყოველდღე ისე იცხოვრე, თითქოს ბოლო დღეაო. ნაკლებად ვაწყობ ხანგრძლივ გეგმებს, რადგან ეს უმეტესად არ ამართლებს. ამიტომ, მოკლე-მოკლე ნაბიჯებით მივდივარ, მაგრამ - წინ და ეს კარგია.

თამთა დადეშელი