ნიკა ქავთარაძის კომფორტის ზონა და თავისუფლების ფასი - გზაპრესი

ნიკა ქავთარაძის კომფორტის ზონა და თავისუფლების ფასი

"ეს პერსონაჟი ამაზრზენი ტიპაჟია. საინტერესოა, სადამდე გაგრძელდება მისი უსინდისობა. მაყურებელი ამ მარათონში მომყვება", - ამბობს ნიკა ქავთარაძე. სერიალის მაყურებელთაგან არავინ შემხვედრია ისეთი, რომელიც ნიკას გარდასახვას დადებითად არ აფასებდეს. როგორ შეიქმნა ეს პერსონაჟი, რა ენატრება ყველაზე მეტად, რის გამო იღებს საყვედურებს, რა არის სიყვარული, თავისუფლება და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1978 წლის 19 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მაშინ კონკრეტულ პროფესიაზე არ ვფიქრობდი, გადაწყვეტილება საკმაოდ გვიან მივიღე, უკვე ბავშვი აღარ ვიყავი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კეთილი და მხიარული ადამიანიაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...დაახლოებით 90%-ს იმავენაირად ვიცხოვრებდი. იმ 10%-ში შეცდომებს - არა, დროის დაკარგვას ვგულისხმობ. შეცდომების გარეშე ცხოვრება უინტერესოა.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...მაშინ, როცა მამაჩემმა დაიჯერა, რომ "კავეენის" თამაში სისულელე არ არის. ეს კი მაშინ მოხდა, როცა მისმა საყვარელმა მომღერალმა, ლაიმა ვაიკულემ შეგვაქო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს სამეგობრო წრეს, ვისთან ერთადაც ამ წარმატების გზაზე სიარული დავიწყე

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ადამიანების კარგ ხასიათზე დაყენება შემიძლია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიმოგზაურო. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ. ახლა საამისოდ ყველა პირობა რომ მქონდეს, ამერიკაში წავიდოდი. ერთხელ ვარ ნამყოფი და ბოლომდე ვერ შევიგრძენი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პატიების უნარია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

GzaPress - ...სიფიცხე. - დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვნანობ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ შეცდომების დაშვება უბედურება არ არის. ყველა თავისუფალი ადამიანი შეცდომებს უშვებს. შეცდომები თავისუფლების ფასი მგონია.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ყოველთვის შემიძლია, ჩემთვის "თუ" არ არსებობს. ოღონდ შეგნებულად დაშვებული ქმედება შეცდომა არ არის, დაზიანების მცდელობაა, თუმცა ამის პატიებაც შეიძლება. შეცდომები უმეტესად უნებლიეთ ხდება. იმას, რაც დაგეგმილია, შეცდომა აღარ ჰქვია. პატიების უნარი ჩემი კომფორტის ზონაა.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს, მომავალში რა და როგორ იქნება.

- ვიბნევი...

- ...როცა მაქებენ. ამ შემთხვევაში სიხარულიც არის, მაგრამ ესეც დაბნეულობის ნაწილია, აღარ ვიცი, რა ვთქვა.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...მოგზაურობაში.

- ვნანობ...

- ...უამრავ რამეს, შეცდომებს ვინანიებ. ამ ქვეყანაში წარმოუდგენელია, დროის დაკარგვის გარეშე იცხოვრო.

- ჩემი ჰობია...

- ...საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი ნაცნობობა, ახალი ურთიერთობები.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ეგ განწყობაზეა დამოკიდებული. შეიძლება უმნიშვნელო დეტალმაც კი ამაფეთქოს, მაგრამ ამ კონდიციამდე ჩემი მიყვანა მხოლოდ საყვარელ ადამიანებს შეუძლიათ, უცხო ამას ვერაფრით მოახერხებს.

- მეზარება...

- ...ეს თვისება ჩემს ხასიათში დომინანტი არ არის. ზარმაცი არ ვარ. ბევრი რამ კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მოკლედ, განწყობებისა და ხასიათის კაცი ვარ.

- სიყვარული ეს...

- ...არის ის, რაც ამ სამყაროში სხვა ცოცხალი არსებებისგან განასხვავებს ადამიანს. ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს ისეთი რამ, რაც არასდროს გვინახავს. სიყვარულის უნარი ჩვენი პლუსია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ბაღში დავდიოდი. ჩემი ჯგუფელი მიყვარდა და მინდოდა, სულ მასთან მეთამაშა.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების შესაძლებლობები, როგორც დადებითი, ისე - უარყოფითი მიმართულებებით. საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევაში, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვრჩები.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ეს საინტერესო ადამიანთან საუბარს შეუძლია. ეს ბედნიერება ხშირად მაქვს, მე ხომ სულ ასეთ ადამიანებს ვეძებ.

- ვრისკავ...

- ...უამრავჯერ, მაგრამ ბრმად - არასდროს. ყურს ვუგდებ შეგრძნებებს, ინტუიცია რას მეუბნება... რისკი მიყვარს, მომწონს, მაფხიზლებს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ჩემი ხასიათია, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით დადებითი იყოს, მაგრამ მაინც სისუსტედ მიმაჩნია.

- ვამაყობ...

- ...ოჯახით, ცოლით, შვილებით, მშობლებით, დედმამიშვილებით...

- ბოლოს ვიტირე...

- ...ჩემი ატირება მარტივია. ცრემლი ბანალურ ჰოლივუდურ ფილმზეც შეიძლება წამომივიდეს. როცა ვუყურებ ან ვკითხულობ, ჩემი ნერვული სისტემა მაქსიმალურად ღიაა. ფაქტებს ცივად და ზედაპირულად არ ვუდგები, ამიტომ ჩემში ემოციის გამოწვევა რთული არ არის. ძალიან მგრძნობიარე ვარ.

- მეშინია...

- ...სიკვდილის.

- ვმალავ...

- ...იმას, რომ ბევრი რამ არ ვიცი.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რესურსის არასწორად გამოყენებისთვის. ოჯახიდან, მეგობრებისგან სულ ეს მესმის... ამ ქვეყანაში რთულია, მაგრამ მაინც ითხოვენ, რომ მეტი უნდა გავაკეთო, რადგან შემიძლია.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...მხოლოდ წონას და სხვას არაფერს.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ფულის ეკონომია. მომჭირნე არ ვარ, ფლანგვის რესურსიც არ მაქვს, მაგრამ ცუდი ფინანსური მენეჯერი ვარ, ამის დაბალანსებაში მეუღლე მეხმარება.

- ვიტყუები, როცა...

- ...ამის შანსი არის. რამდენად ხშირად? გააჩნია ტყუილს და გარემოს. ზოგადად, გულწრფელი ადამიანი ვარ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უმნიშვნელო ტყუილი რაღაცებს აგვარებს, სიმართლის თქმას სჯობს.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...სხვის გამო. ვინმე ცუდად რომ ხუმრობს, მრცხვენია.

- თავისუფლება არის...

- ...ის, რაც ადამიანს აქცევს ადამიანად. ის, ვინც არ არის თავისუფალი, არ არის სრულყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ მის სხეულში ბიოლოგიური პროცესი მიმდინარეობს.

- როცა მარტო ვარ...

- ...გააჩნია რა პერიოდია, დღის რა მონაკვეთია, დიდხანს მარტოობა არ მიყვარს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ცხოვრების დარჩენილ წლებს მოგზაურობაში გავატარებდი. ახლობლებს საჭიროებების მიხედვით უზრუნველვყოფდი. მოგზაურობაში მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ხომ არ ვივლიდით დაუსრულებლად, სხვებსაც წავიყვანდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...საკუთარ მსოფლმხედველობას, პრინციპებს ვერ ვუღალატებ.

- მენატრება...

- ...სოხუმი, თან - ძალიან ხშირად. დედაჩემი სოხუმიდან იყო და ყოველ ზაფხულს ამ საოცარ ქალაქში ვატარებდი. ბოლოს ალბათ 12 წლის ასაკში ვიყავი. ჩემს გონებაში აფხაზეთთან დაკავშირებული ბევრი კადრი და სასიამოვნო მოგონებაა შემორჩენილი. მახსოვს ადამიანები, ქუჩები, სუნებიც კი... სამეზობლო, ბაბუა, ბებია, ბიძაჩემის მეგობრები. ყავას ყოველთვის სახლებში ფქვავდნენ, მეზობლები იკრიბებოდნენ, ადუღებდნენ... ყოველ დილით, დედაჩემისთვის ყავა უნდა დამეფქვა, გარეთ გასვლა რომ დამემსახურებინა. სამწუხაროდ, ვისთან ერთადაც მაშინ ვთამაშობდი, იმ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობა არ მაქვს; ერთმანეთს სადმე თუ შევხვდებით, ძალიან გვსიამოვნებს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს ვცდილობ, ახალ საქმეებზე, იდეებზე ვიფიქრო და ამაზე გადავერთო. განმარტოება საუკეთესო წამალი ნამდვილად არ არის.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემი და ჩემი დედმამიშვილების აღზრდისას, დედა ჩვენი თავისუფლების ხარისხს როგორ უდგებოდა. საკუთარ შვილებთან თავადაც იმავეს ვაკეთებ, მათ სრული თავისუფლება აქვთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მეტად ვიურთიერთოთ ერთმანეთთან. ერთად გავიგოთ, რაზე დგას ადამიანების განსხვავებულობა. ვისურვებ, თითოეულ ჩვენგანს გვქონდეს იმის ძალა, მეტად გავიცნოთ და შევიყვაროთ ადამიანი, როგორც ჩვენიანი.

თამუნა კვინიკაძე