რატომ თვლიან გიორგი გაგლოევს ყველაზე მდიდარ ადამიანად ბიძინა ივანიშვილის შემდეგ - გზაპრესი

რატომ თვლიან გიორგი გაგლოევს ყველაზე მდიდარ ადამიანად ბიძინა ივანიშვილის შემდეგ

ტელერადიოწამყვანსა და მსახიობს, გიორგი გაგლოევს საინტერესო გეგმები აქვს - როგორც გვითხრა, მალე სხვა ამპლუაში ვიხილავთ. მანამდე გულწრფელი პასუხები გასცა ჩვენს კითხვებს რუბრიკისთვის "აფორიზმები და რეალობა". მაშ ასე, როგორია მისთვის იდეალური ცხოვრება, რამ ჩააგდო ზუსტად ორწამიან დეპრესიაში, რით იტყუებენ ქალები და რატომ თვლიან მას ყველაზე მდიდარ ადამიანად ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, - ინტერვიუდან შეიტყობთ.

- "კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი - აი, იდეალური ცხოვრება" (მარკ ტვენი).

- ჩემს შემთხვევაში ასე ვიტყოდი: საუკეთესო მეგობრები, კარგი სასმელი და ჯანსაღი ურთიერთობა. წიგნები ამოვიღე საერთოდ, ხომ არ გინდათ, რომ რაღაცები მოვიტყუო?! ამჟამად, მოუცლელობის გამო, ვერ ვკითხულობ. განსაკუთრებით, კონსტანტინე გამსახურდია და ილია ჭავჭავაძე მიყვარს, ასევე გატაცებული ვარ თეოლოგიით. აი, რაც შეეხება სინდისს, ჯანსაღ ურთიერთობებში ეგეც ვიგულისხმე, ამის გარეშე რანაირად ააწყობ ურთიერთობას?

- "ბავშვობაში ჩვენ ფულზე არ ვოცნებობდით" (ზიგმუნდ ფროიდი).

- გითხრათ, მე რაზე ვოცნებობდი? მინდოდა, გავმხდარიყავი პოპულარული მსახიობი, ხალხი რომ სცნობს ქუჩაში, ესალმებიან და ა.შ. ამიხდა, მაგრამ უფრო დიდ მასშტაბებზე ვფიქრობ (იცინის). ერთ ადგილას არასდროს უნდა გაჩერდე. ვოცნებობდი პარიზში გამგზავრებაზე და "დისნეილენდში" მოხვედრაზე - ეს ოცნებაც ამიხდა, ოღონდ 30 წლის ასაკში და მშვენივრადაც გავერთე, 7-8 საათი არ გამოვსულვარ იქიდან. ფულს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჯერ ყველაფერი არ ამსრულებია და იმედია, ახდება.

- "ადამიანი ახალგაზრდაა, როდესაც სისულელეების ჩადენის ჯერ კიდევ არ ეშინია" (პიოტრ კაპიცა).

- გამოდის, რომ მე ჯერ ბავშვი ვარ, რადგან ხშირად ჩავდივარ სისულელეს, საქმესა თუ პირად ურთიერთობებში. შეიძლება, იმ მომენტში მომინდეს და რაღაც დეგენერატობა გავაკეთო. ერთი კარგი გამოთქმა არსებობს - სჯობს, გააკეთო და მერე ინანო, ვიდრე არ გააკეთო და ინანოო. ბევრჯერ რაღაც მნდომებია, არ გამიკეთებია და მერე გული დამწყვეტია. საერთოდ, სხვის შეცდომებზეც მისწავლია და საკუთარზეც, თუნდაც კარიერაში.

- "ექსცენტრიკულები იყავით ახლავე. ნუ დაელოდებით სიბერეს, რათა ღია წითელი ტანსაცმელი ჩაიცვათ" (დალაი ლამა).

- მაგისთვის სიბერე ნამდვილად არ მჭირდება, ისედაც, ნახე, რამდენი აქსესუარი მაქვს ასხმული! გამოპრანჭვა და ჩაცმა-დახურვა, თავის მოვლა მომწონს. 3 წელი იქნება, ჯინსი არ მცმია. მიყვარს შაბიამნისფერი შარვლები, ფერად-ფერადი შარფები, ღია ფერის პიჯაკები და პერანგები. სახლში უამრავი კრიტიკოსი მყავს - დედა, მამიდა, და, ძმა, რძალი. გიორგი, მოდი, სხვა შარფი გაიკეთე, ეს ამაზე არ მიდის, ის არ გიხდება, - სულ რაღაცას მირჩევენ.

- "ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან" (კონფუცი).

- ყველა ალბათ, როგორც ძალიან მხიარულსა და პოზიტიურს, ისე მიცნობს, არავის ახსოვს, დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი. მეგობრები ამბობენ, ერთადერთხელ გვახსოვს, გიორგის დეპრესია რომ ჰქონდა და ისიც სულ ორწამიანი იყო, სევდიანი თვალები ჰქონდა, ჭიქა აიღო, დალია და დეპრესიამ გაუარაო. მაშინ მართლაც ცუდი პერიოდი მქონდა - ტელეკომპანიაში ვმუშაობდი და სამსახური დავკარგე, იმავდროულად, თეატრიდანაც წამოვედი და კერძო სამსახურიდანაც. კარგი შემოსავალი მქონდა და უცებ მივხვდი, რომ ჩემი ჯიბე ცარიელდებოდა, რაც სასიამოვნო არ იყო, ამიტომაც ჩავვარდი ორწამიან დეპრესიაში.

- "ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია - მოღალატეები არიან. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება - ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია" (მარკუს ავრელიუსი).

- პირად ურთიერთობაში ნაკლებად ყოფილა ღალატის შემთხვევა, საქმიანში - კი, ბატონო, თუმცა იმას უფრო მეტი დააკლდა ამით, ვიდრე მე. თუ ვინმესთან სერიოზული კონფლიქტი მომდის და დამნაშავე თვითონ არის, არასდროს აღარ მაქვს მასთან ურთიერთობა. ჰოროსკოპით მორიელი ვარ და ამ მხრივ, ცოტა მძიმე ხასიათი მაქვს - მორიელები ბოღმიანები ვართ, მაგრამ სამართლიანები. ვიდრე შურს არ ვიძიებ, პირდაპირ არ ვეტყვი, რასაც ვფიქრობ და გულს არ მოვიფხან, ვერ მოვისვენებ. თვითონ უკონფლიქტო ვარ, ამას თამამად ვამბობ. ერთი ადამიანიც კი ვერ იტყვის, გიომ მაწყენინაო.

- "შეიყვარო ქალი მთელი გულით? - არ ღირს, არადა, სხვანაირად არ გამოდის" (სალვადორ დალი).

- აბსოლუტურად ვეთანხმები. მთელი გულით ვინ რისი ღირსები ვართ, არავინ ვიცით, მაგრამ თუ შეგვიყვარდა, ესე იგი, დაიმსახურა. ძალიან დიდი ხანია, არავინ მყვარებია. როცა მიყვარს, უერთგულესი ვარ. სიყვარულზე სულ ამედეო მოდილიანის სიტყვები მახსენდება, ჟანა ებიუტერნისადმი მიძღვნილი: "შენს თვალებს მაშინ დავხატავ, როდესაც შენს სულს შევიცნობ".

GzaPress - "ქვეყნად უამრავი ქალია, რომელთანაც შეიძლება დაიძინო და საკმაოდ ცოტა, ვისთანაც შეიძლება ისაუბრო" (ერნესტ ჰემინგუეი). - გამონათქვამის პირველ ნაწილს ვერ დავეთანხმები და მეორეს - კი. ყველასთან დაძინება ნამდვილად არ შემიძლია. არ მიყვარს გაუნათლებელი და "კეკელკა", სნობი ქალები. მათთან ვერც დავწვები და ვერც დავჯდები. საკმაოდ ცოტაა, ვისთანაც შეიძლება ისაუბრო, მით უმეტეს, ჩემს სფეროში - მსახიობებს ვგულისხმობ. მსახიობს განსაკუთრებით ეტყობა გაუნათლებლობა. ვერ ვიტყვი, რომ ყველა სფეროში დეტალებში ვერკვევი, მაგრამ ზოგადი განათლება უნდა გქონდეს ადამიანს.

- "ქალები კაცების შეტყუებას ღიმილით ცდილობენ და ცრემლებით ინარჩუნებენ" (კონსტანტინ მელიხოვი).

- მე ვერ მიტყუებენ ვერაფრით (იცინის), მით უფრო - ღიმილით. არ ვიცი, კონკრეტულ სიტუაციაში რა მომეწონება, შეიძლება ისე მოიქცეს, რომ უცებ "დავიკერო". ცრემლებს კი ვერ ვიტან და არასდროს ამიტირებია ვინმე. პრინციპში, დიდი "ლავ სთორები" არც მქონია.

- "არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი" (გოეთე).

- რასაც ვერ შევძლებ, ეს არის ადამიანის მოკვლა, თუმცა, ისიც უთქვამთ, არასოდეს თქვა "არასოდესო". არ იცი, აფექტურ მდგომარეობაში როგორ მოიქცევი.

- "შურიანები კვდებიან, მაგრამ შური - არასოდეს" (მოლიერი).

- მართალია, თუმცა მე არ ვარ შურიანი. ამას ბევრი ჩემი კოლეგაც აღნიშნავს. ალბათ იმიტომ, რომ მეც იოლად შემიძლია, იმავეს მივაღწიო, რასაც სხვები აღწევენ. ბევრისგან მიგრძნია, უთქვამთ, რატომ მე არ ვჩანვარ ეკრანზე, რატომ მე არ გამიმართლა ასეო?! - ალბათ ასე იყო საჭირო და ამიტომ-მეთქი, - ყოველთვის მშვიდად ვპასუხობ.

- "ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი - ძუნწი" (შამფორი).

- ასეა, ღარიბს ისედაც არაფერი აქვს და მოუფრთხილდება ყველაფერს, იძუნწებს. მდიდარი კი იმიტომ არის მდიდარი, რომ მომჭირნეა. თუმცა, მყავს შეძლებული მეგობარი, რომელიც ყოველთვის მხარში მიდგას.

- "მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ" (ნიცშე).

- ამ ნიშნით არ ვარჩევ მეგობრებს და ამ შემთხვევაში არ ვეთანხმები ნიცშეს. შეიძლება, ვისთანაც ჩემი მეგობარი მეგობრობს, ის სულაც არ მომწონდეს, მაგრამ...

- კორეული ანდაზაა: მარტოხელა კაცი ყოველთვის ბოროტიაო.

- სწორია. მარტოხელას შეიძლება თავისებური ხასიათი დასჩემდეს, ეგოისტური, პედანტური, მაგრამ ჯერ დრო მაქვს.

- "მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში" (შექსპირი).

- ვერაფერს ვიტყვი - სასიამოვნო გრძნობა ნამდვილად არ არის. ბევრჯერ შემშინებია. მაგალითად, როდესაც 2008 წლის ომში უნდა წავსულიყავი, როგორც რეზერვისტი, შემეშინდა. 21 წლის ბიჭმა არ ვიცოდი, ომი რა იყო. 32 წლისამ შარშან პირველად გავიკეთე ოპერაცია და მეშინოდა, მაგრამ ეს შიში დავძლიე.

- "ქალისა და კაცის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება" (ოტო ბისმარკი).

- არასწორია! მყავს რამდენიმე მეგობარი ქალი, ვისთანაც წლების განმავლობაში სუფთა და კარგი ურთიერთობა მაქვს.

- "მიჰყევი შენს გზას და ადამიანებმა, რაც ენებოთ, ის ილაპარაკონ" (დანტე ალიგიერი).

- სწორედ ასე ვცხოვრობ. არანაირი რეაქცია არ მაქვს ჭორებზე. მახსოვს, პირველი გადაცემის შემდეგ ძალიან გამლანძღეს და მაგინეს კიდეც. მაშინ გავბრაზდი და მეც მწარე კომენტარი დავწერე. მერე მივხვდი, რომ სხვების ლაპარაკს არ უნდა ავყოლოდი. რაც შეეხება ჭორებს, ყველაზე სასაცილოს გეტყვით: ერთმა მომღერალმა მითხრა, აქამდე ვიცოდი, რომ მატერიალური შესაძლებლობებით ჯერ ბიძინა იყო ივანიშვილი, მერე - მე და მერე დანარჩენი საქართველო და ახლა გავიგე, ბიძინას შემდეგ შენ ყოფილხარო. მართლაც, ბევრს ჰგონია, რომ შეძლებული ვარ. ვერ წარმოიდგენთ, რა მესიჯები მხვდება, - იქნებ თანხა გადმოგვირიცხოთ; იქნებ, ჩემს შვილს სწავლის ფული გადაუხადოთ; იქნებ 400-500 ლარი მომცეთო, - და ასე შემდეგ. კი, ბატონო, კარგი შემოსავალი მქონდა - ვმოგზაურობდი კიდეც, ვშოპინგობდი კიდეც, ავტომობილსაც ვყიდულობდი, კარგადაც ვიცვამდი და ალბათ ამიტომ ვეგონე ხალხს შეძლებული და მდიდარი.

ნინო ჯავახიშვილი