"ვატყობ, ბოლო დროს ცხოვრებაზე წუწუნი ცოტათი შემომეპარა" - გზაპრესი

"ვატყობ, ბოლო დროს ცხოვრებაზე წუწუნი ცოტათი შემომეპარა"

"ჭკვიანი, მაგრამ ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილოა. მას არ უყვარს ჩხუბი. ურჩევნია, დაძაბულ სიტუაციას მშვიდობიანად გაერიდოს, ვიდრე მაგიდაზე მუშტი აბრახუნოს და საკუთარი სიმართლე ამტკიცოს. მისი გაუბედაობა ზოგჯერ ყოველგვარ ზღვარს სცდება. პარტნიორის მიმართ ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია. უყვარს საკუთარი გრძნობების მატერიალური კუთხით აფიშირება, რაც ხშირად, ძვირად ღირებული საჩუქრებით გამოიხატება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი მსახიობ ანა ტყებუჩავას ზოდიაქოს ნიშანია.

- პირადი ჰოროსკოპი ასტროლოგს დაახლოებით 10 წლის წინ შევადგენინე, მაგრამ არ მისარგებლია. როგორც მაშინ გავიგე, სასწორი ვარ, მაგრამ ჩემზე ლომის გავლენაც დიდია.

- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, პირადი რუკით არ გიხელმძღვანელია?

- არა, ასეთ დროს ვცდილობ, არ ვიჩქარო.

- "მოუსვენარია, თუმცა აჩქარება საქმის კეთებისას არ უყვარს".

- მინდა, ყველაფერი ერთდროულად, სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთო. ასეთი რეჟიმის დროს, სულ მგონია, ყელში სპაზმი მაქვს გაჩხერილი. ჩვევა მაქვს, რაზეც ვიტყვი, "უნდა გავაკეთო", ის საქმე აუცილებლად ბოლომდე მიმყავს. ვისწავლე, საქმის კეთებისას არ უნდა ავჩქარდე. ვცდილობ, დავმშვიდდე, გამოვიძინო. ამ დროს ჩემში ყველაფერი ილექება, ლაგდება და მოქმედებაზე მერე გადავდივარ.

- "უყვარს ადამიანები და არა ხალხმრავლობა".

- ნამდვილად ასეა. ჩემთვის საინტერესო და საყვარელი ადამიანები თუ მეგულებიან, შეიძლება ხალხმრავალ ადგილზე წასვლაც მომინდეს, მაგრამ ასეთი ადგილები მალე მბეზრდება. "ტუსოვკებზე" ხშირად არ დავდივარ. ყველაზე მეტად ისეთ ადამიანებთან ყოფნა მსიამოვნებს, ვისთვისაც ჩემი არსებობა მნიშვნელოვანია. მათთან ის ვარ, ვინც მართლა ვარ.

- "ჭკვიანი, მაგრამ ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილოა".

- კი, ასეა (იცინის).

- ადამიანებს იოლად ენდობი?

- ვენდობი, რადგან სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია. თავად არავის მიმართ ცუდი განზრახვა გულში არ მაქვს და მგონია, რომ სხვებიც ასე არიან. მათ ვერასდროს გავუგებ. "მთვარიდან ჩამოსული" ადამიანი გულს ისე ვერასდროს გატკენს, როგორც ახლობელი.

- "კამათის დროს აქვს საკუთარ სიმართლეში დარწმუნების შესანიშნავი უნარი".

- ნამდვილად ასეა. იციან, რომ კარგი მრჩეველი ვარ. თავადაც მიკვირს, ისეთი არგუმენტები მომყავს. სამეგობროში რამდენიმე კარგი მრჩეველი მეც მყავს.

- სხვის რჩევებს ხშირად ითვალისწინებ?

- მეტ-ნაკლებად ვითვალისწინებ, მაგრამ მოსმენით ყოველთვის ვისმენ. ხშირად ცივი გონებით შეხედვაა საჭირო. მნიშვნელოვან საკითხებს ყოველთვის თავად ვწყვეტ.

- "მერყევია, გადაწყვეტილების მიღებამდე საქანელასავით ირწევა".

- შეიძლება ასე ითქვას, ვმერყეობ, მაგრამ თუ გავსწორდი და გადაწყვეტილება მივიღე, შემდეგ მას აღარ განვიხილავ. ამ გადაწყვეტილების წინაშე ჩემს თავს მეორედ აღარ ვაყენებ, ეგრევე ვმოქმედებ - პირადი იქნება თუ საქმიანი ურთიერთობები, თუმცა საქმიანი ურთიერთობების დროს, ლავირების უნარი ძალზე მნიშვნელოვანი და საჭიროა. პირდაპირობა ხშირად არავის მოსწონს.

- "საკითხის ყველა მხრიდან შესწავლის, ნერვების კონტროლისა და მიზნის ზუსტი დაგეგმარების საფუძველზე, შესწევს უნარი, ნებისმიერი ბრძოლა მოიგოს".

- უპასუხისმგებლობა არ მჩვევია. საქმე ჩემს პროფესიას თუ არ ეხება, ის საკითხი კარგად უნდა შევისწავლო, ბევრი უნდა წავიკითხო, რომ თამამად ვიყო. მიზნისკენ მიმავალი გზის დაგეგმვაც მჩვევია.

- "ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია".

- რა თქმა უნდა, ასეა.

- ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?

- (იცინის) მართალია.

- ეს დამღლელი არ არის?

- რა თქმა უნდა, ძალიან დამღლელია. როცა რამეს ვაკეთებ, წვრილმან გადაწყვეტილებებზეც კი ძალიან ბევრს ვფიქრობ. ამ ბოლო დროს მოდური გახდა სიტყვა "დაიკიდე". ეს არ შემიძლია. უნდა დავჯდე, დავფიქრდე, ავწონ-დავწონო, დადებითი და უარყოფითი მხარეები გავაანალიზო.

- "მისი გაუბედაობა ზოგჯერ ყოველგვარ ზღვარს სცდება".

- მიუხედავად იმისა, რომ ჰგონიათ, მსახიობები ძალიან უკომპლექსოები და სითამამით გამორჩეულები ვართ, ეს ხშირად სიმართლე არ არის. გამბედავი ვარ ჩემს პროფესიაში; პროფესიის მიღმა დიდი გამბედაობით არ გამოვირჩევი, დამთმობი მეტად ვარ.

- ამ თვისებას დაუზარალებიხარ?

- კი. "ახალი კარის" შეღებას ამ ბოლო დროს უფრო მივეჩვიე, რისკზე წასვლა კარგი აღმოჩნდა, მომეწონა და ნელ-ნელა ვსწავლობ.

- "ნაკლებად და უხალისოდ ცრუობს, რადგან შემდეგ ამ ტყუილით ცხოვრება უძნელდება".

- მაქსიმალურად ვცდილობ, ტყუილის თქმის საჭიროების წინაშე არ აღმოვჩნდე. სიმართლე რაც უნდა მწარე იყოს, ტყუილს მაინც მირჩევნია.

- "მას იშვიათად ახასიათებს ვინმესთან ქიშპობისა და გაჯიბრების სურვილი. მშვიდობიანი ადამიანია, რომელიც გულმოწყალედ იტანს სხვების ნაკლოვანებებს და იშვიათად წუწუნებს ცხოვრებაზე".

- პირველობისთვის ომი, ქიშპობა და შეჯიბრების სურვილი ჩემში საერთოდ არ არსებობს. აი, ცხოვრებაზე წუწუნი კი, ვატყობ, ამ ბოლო დროს ცოტათი შემომეპარა, განსაკუთრებით - დაღლილობის დროს და ვიცი, ეს ძალიან ცუდი თვისებაა. ვცდილობ, აღარ ვიწუწუნო.

GzaPress

- "სიტყვაძუნწი უფროა, ვიდრე მჭევრმეტყველი, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შესაძლოა მისგან თავი დიდი ხნის მანძილზე ვეღარ დაიძვრინოს". - ასეა (იცინის). ზოგჯერ გამოვდივარ და ისე ვლაპარაკობ, თითქოს სცენაზე მონოსპექტაკლს ვთამაშობდე, ზოგჯერ ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ, განსაკუთრებით, იმ საკითხების განხილვისას, რომლებშიც საფუძვლინად ვერ ვერკვევი. როცა პოლიტიკაზე კომენტარს მთხოვენ, უარს ვამბობ. მოვლენებში არ ვარ კარგად ჩახედული. არ მინდა, გამოვიდე და სულელივით ვილაპარაკო. ჩემი პოზიცია მხოლოდ ახლობლებს შეიძლება გავუზიარო. საჯაროდ ყველაფერზე აზრის დაფიქსირება არა მგონია, საჭირო იყოს.

- "მატერიალისტია, კომფორტის სიყვარულით გამოირჩევა. ქონებას თავს ნაბიჯ-ნაბიჯ უყრის და ფულსაც მონდომებით აგროვებს".

- სურვილები და მიზნები მაქვს. ვიცი, დასახულს უნდა მივაღწიო, საამისოდ ვშრომობ. ფუფუნების მოყვარული და ქონებას ჩაბღაუჭებული არა ვარ. ვაიმე, მანქანა არ გამეკაწროს-მეთქი, - პანიკაში არ ვვარდები. მინდა, ის იყოს ჩემთვის და არა მე - მანქანისთვის. მსურს, ჩემ გარშემო ყველამ მშვიდად, კარგ გარემოში იცხოვროს.

- "მას ცოტა მეგობარი ჰყავს, მაგრამ იმ მცირერიცხოვანი ადამიანებისადმი, ვისაც თავისი გულისა და სახლის კარს უღებს, მაქსიმალური ერთგულებით გამოირჩევა".

- ყველას მეგობარს ნამდვილად ვერ დავარქმევ. ძალიან ბევრი კარგი ნაცნობი და ახლობელი მყავს. მეგობარი ჩემთვის ოჯახის წევრია.

- "პარტნიორის მიმართ ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია. უყვარს საკუთარი გრძნობების მატერიალური კუთხით აფიშირება, რაც ხშირად ძვირად ღირებული საჩუქრებით გამოიხატება".

- ბოლო დროს ვამბობ, ჩემი ჰობი საჩუქრების ყიდვაა. როგორც კი ხელფასი მერიცხება, ეგრევე ამ მიმართულებით ფიქრს ვიწყებ. ადამიანს პატარა საჩუქარიც ხომ აბედნიერებს და დღის განწყობას უქმნის, ამაზე რატომ არ უნდა იზრუნო?! კაცი რომ ვყოფილიყავი, ქალებს ფუფუნებაში ვაცხოვრებდი. საჩუქრის გაკეთებას გამორჩეული დღეები არ სჭირდება, მცირე თანხითაც შეიძლება ახლობელს ერთი ჩვეულებრივი დღე დღესასწაულად უქციო.

- ტემპერამენტიანი და ფიცხი ხარ?

- შეიძლება ადვილად აღვშფოთდე, ემოციურად ვილაპარაკო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ დიდი ამბავი მოხდება.

- "არ უყვარს ჩხუბი. ყოველთვის ურჩევნია, დაძაბულ სიტუაციას მშვიდობიანად გაერიდოს, ვიდრე მაგიდაზე მუშტი აბრახუნოს და საკუთარი სიმართლე ამტკიცოს".

- დიდი ხანია, საკუთარ სიმართლეს აღარავის ვუმტკიცებ. ეს მომენტი შესაძლოა ადამიანს გარდატეხის ასაკში გქონდეს, ამ დროს ხომ ადამიანებს მუდმივად რაღაცას უმტკიცებ, სხვა ემოციები გმართავს.

- "არის დღეები, როცა სიზარმაცისკენ მანიაკალურადაა მიდრეკილი".

- ყოველთვის შეიძლება, იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე აკეთებ. ვერ ვიტყვი, რომ ზარმაცი ვარ, ეს თვისება ჩემს ხასიათში დომინანტი ნამდვილად არ არის.

თამუნა კვინიკაძე