რა არ იცის ერთმანეთის შესახებ მოცეკვავე ცოლ-ქმარმა - გზაპრესი

რა არ იცის ერთმანეთის შესახებ მოცეკვავე ცოლ-ქმარმა

ამჯერად გამოვცადეთ მოცეკვავე ცოლ-ქმარი - მზია ორველაშვილი და ტატო ხანთაძე, რომლებსაც უკვე ოთხწლიანი თანაცხოვრება აკავშირებთ. წყვილს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...

- მისი არსებობის შესახებ როგორ შეიტყვე? მან როდის შეიტყო შენ შესახებ?

ტატო:

- ვიდრე პირადად გავიცნობდი, რა თქმა უნდა, სატელევიზიო შოუდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ვიცოდი, მზიკო ვინ იყო და რას წარმოადგენდა. მან ჩემი არსებობის შესახებ სეუ-ში გაიგო: იქ, დარბაზში რეპეტიციას გადიოდა, მე კი ანსამბლში ვცეკვავდი. ერთმანეთს სეუ-ში გადავეყარეთ.

მზიკო:

- ტატო სეუ-ში შემთხვევით გავიცანი: ანსამბლის სოლისტი იყო და გველოდებოდა, ჩვენს რეპეტიციას როდის დავასრულებდით, რომ დარბაზში შესულიყო. ვიტრინის მიღმა რომ დავინახე, ვიფიქრე, - ეს ბიჭი ვის ელოდება-მეთქი? როცა ვკითხე და გავარკვიე, რომ ჩვენ გველოდებოდა, ვუთხარი, - არ გვიშლი, შემოდი და შენც "ირეპეტიციე"-მეთქი... ტატო ასე გავიცანი. მერე, ისე კარგად იცეკვა, რომ ჩვენთან ერთად ცეკვა შევთავაზე. დაგვთანხმდა. ასე დავმეგობრდით... როგორც მითხრა, თავად, "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გამიცნო.

- პირველ პაემანზე როგორ გამოიყურებოდა? შენ როგორ გამოიყურებოდი?

ტატო:

- მახსოვს, ზღვის პირას ვიყავით. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ლუდი მასაც მაგრად უყვარს. ლუდს ვსვამდით, ვსაუბრობდით... თუ არ ვცდები, მუქი ლურჯი შორტი და მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, მე - ჯინსის შარვალი და შავი მაისური.

მზია:

- ჩვენი პირველი პაემანი ბათუმში იყო: ზღვის პირას ვისხედით, ვსაუბრობდით. ლუდი ორივეს გვიყვარს და ვსვამდით. ძალიან უბრალოდ, "ზღვის სტილზე" გვეცვა: მას - ჯინსის მოლურჯო შარვალი და შავი მაისური, თავზე შავი, მოდური კეპი ეხურა, მე კი - ლურჯი შორტი და იმავე ფერის მაისური მეცვა. საუბარში დაგვათენდა. ეს ის დღე იყო, როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით.

- შენს გარეგნობაში ყველაზე მეტად რა მოსწონს? შენ რა მოგწონს მის გარეგნობაში?

ტატო:

- მზიკოსი ყველაფერი მომწონს. სიმართლე გითხრათ, პირველად მისმა თვალებმა მიმიზიდა: საოცარი ფერის თვალები აქვს, "ქამელეონს" რომ ეძახიან - მომწვანო, მოლურჯო... დავინტერესდი და ვკითხე კიდეც: ნუთუ, თვალის ფერი მართლა გეცვლება თუ მე მატყუებს თვალი-მეთქი?.. ასევე, მისმა ღიმილმა მომხიბლა. მას ჩემი გარეგნობიდან რა მოსწონს? ალბათ, გამოხედვა. იქნებ, აღნაგობა? მოდი, ღიმილს დავასახელებ.

მზია:

- პირველ რიგში, მისი გამოხედვა შევნიშნე და ეს მომეწონა, შემდეგ - ყველაფერი... ტატო სულ მეუბნებოდა, - ლამაზი არა, მაგრამ ძალიან ეშხიანი ხარო. როცა ვეკითხები, ჩემში რა მოგწონს-მეთქი? ყოველთვის მპასუხობს - ყველაფერიო.

- რა არის მისი მავნე ჩვევა? შენი?

ტატო:

- ძალიან ხშირად ნერვებს მიშლის: მაგალითად, რომ ეტყვი, - მოდი, ასე გავაკეთოთ-თქო, მას პირიქით სურს... ამის გამო, ერთმანეთს ავყვებით ხოლმე, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი უნდა გაიტანოს. სიჯიუტე ახასიათებს... ჩემი მავნე ჩვევა გულმავიწყობაა, მაგალითად - მნიშვნელოვანი თარიღები მავიწყდება. ამის გამო იბუტება ხოლმე.

მზია:

- მისი მავნე ჩვევა ის არის, რომ ჩემი წვალება უყვარს: ზოგჯერ ისეთ რამეს მეტყვის, რომ "წაიგველებს", მე კი ვბრაზდები. ჰოროსკოპით მორიელი ვარ. მეც მიყვარს, როცა ადამიანს ვაწვალებ: ზოგჯერ მეც რამე "ისეთს" ვეტყვი, უფრო მეტად კი - ვჩქმეტ, ვუღუტუნებ... ამის გამო ბრაზდება: - კარგი, გოგო, უკვე აღარ შემიძლია, სული ამომხდა, თავი დამანებეო, - სულ ამას მეუბნება (იცინის).

GzaPress

- დაასახელე თქვენი ქორწინების თარიღი... ტატო:

- 2016 წლის 28 სექტემბერი.

მზია:

- 28 სექტემბერი, 2016 წელი.

- რომელ უცხო ენებს ფლობს? შენ რომელს ფლობ?

ტატო:

- რუსული, უკრაინული, ინგლისური და ასე თუ ისე, იტალიურიც იცის. მე - რუსული და ინგლისური, თუმცა ინგლისურს ისე კარგად არ ვფლობ, როგორც - მზიკო, მაგრამ თავს ვართმევ.

მზია:

- ტატომ რუსული და ინგლისური იცის, მე - რუსული, უკრაინული, ინგლისური და ცოტათი - იტალიური. ბელორუსულიც მესმის, რადგან იქ ვცხოვრობდი.

- ცეკვა, რომელიც ორივეს ძალიან გიყვართ...

ტატო:

- "აჭარული" ორივეს ძალიან გვიყვარს. ხშირად გვიცეკვია.

მზია:

- როგორც ვიცი და უთქვამს, "პასადობლე" და "რუმბა" მოსწონს. ეს ცეკვები მეც ძალიან მომწონს. ქართულიდან "აჭარული" ორივეს გვიყვარს.

- დაბადების დღე როდის აქვს? შენ როდის გაქვს?

ტატო:

- მას - 26 ოქტომბერს, მე - 6 სექტემბერს.

მზია:

- მას 6 სექტემბერს (მამაჩემივით), მე კი - 26 ოქტომბერს.

- ვინ იყო მზიკოს პარტნიორი "ცეკვავენ ვარსკვლავებში", რომელმაც პროექტში გაიმარჯვა და რომელ სეზონში?

ტატო:

- მაშინ პროექტის მეხუთე სეზონი იყო. მზიკოს პარტნიორი ზურა მანჯავიძე გახლდათ.

მზია:

- მეხუთე სეზონი იყო, ამას რა დამავიწყებს?! ზურა მანჯავიძესთან ერთად ვცეკვავდი.

- ყავა თუ ჩაი?

ტატო:

- ორივეს ჩაი გვიყვარს.

მზია:

- არც ერთი არ გვიყვარს.

- დილით ჯერ "ფეისბუკს" "სქროლავს" თუ საუზმობს? თავად როგორ იქცევი?

ტატო:

- მზიკოს რომ სძინავს, მაშინაც "ფეისბუკს" "სქროლავს" (იცინის). მოკლედ, პირველ ადგილზე "ფეისბუკია", მაგრამ პარალელურად, საუზმობასაც ასწრებს. მეც ანალოგიურად: თვალს გავახელ, გამოვფხიზლდები და ვიდრე საწოლიდან ავდგები, მანამდე "ფეისბუკში" შევდივარ - ახალ ამბებს ვეცნობი...

მზია:

- რა თქმა უნდა, ჯერ "ფეისბუკს" "ვსქროლავ" (იცინის). ტატო არც "ფეისბუკს" "სქროლავს" და არც საუზმობს - ჯერ ფეხბურთის საიტზე შედის.

- მისი საყვარელი კერძი რომელია? შენი?

ტატო:

- შემწვარი კარტოფილი და სოსისი ორივეს ძალიან გვიყვარს.

მზია:

- ტოლმაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს!.. ახლახან მე და ტატოს ახალი საყვარელი კერძი - "ხინკილა სოკოს სოუსში" - გამოგვიჩნდა, რომელსაც ერთ-ერთ რესტორანში ამზადებენ. კიდევ, ტატოს შემწვარი კარტოფილი უყვარს... ჩემთვის არასოდეს უთქვამს, - კონკრეტულად, ეს კერძი მიყვარსო. ბადრიჯნის გარდა, ყველაფერს ჭამს. ბადრიჯანი ეზიზღება.

- მისი საყვარელი ფერი რომელია? შენი?

GzaPress ტატო: - ჩემი საყვარელი ფერი შავია. მზიკოს შავი და ლურჯი უყვარს, უფრო მეტად - შავი.

მზია:

- ჩემი - მწვანე და შავი, მისი - არ ვიცი (იცინის).

- თავისუფალ დროს ყველაზე მეტად რისი კეთება უყვარს? შენ რისი კეთება გიყვარს?

ტატო:

- ბევრი რამის კეთება უყვარს, მაგალითად - კერძების. მე ტელევიზორის ყურება მიყვარს, კონკრეტულად კი - ფეხბურთის.

მზია:

- ახალი გატაცება მაქვს: თავისუფალ დროს ვკერავ. ტატოს ჩემთან ერთად ჯდომა უყვარს.

- მისი აკვიატებული ფრაზა ან სიტყვა რომელია? შენი?

ტატო:

- საუბრისას, წინადადებას სიტყვა "ქალოს" დაურთავს ხოლმე - ჩვევად აქვს. ჩემი აკვიატებული ფრაზაა - "რა "ძერსკი" ხარ, ტოო".

მზია:

- ჩემი - "რა ცოდო ვარ", ტატოსი - "რა "ძერსკი" ხარ, ტოო".

- ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

ტატო:

- "მზიკოთი" და "მიკათი" იშვიათად მივმართავ. სიტყვა "ცხოვრება" შევამოკლეთ და ერთმანეთს "ცხოვრით" მივმართავთ.

მზია:

- "ცხოვრება" შევამოკლეთ და ერთმანეთს ასე მივმართავთ: "ცხოვრი", "ცხოვრიკო"...

- ბავშვობაში რომელ პროფესიაზე ოცნებობდა? შენ რომელზე ოცნებობდი?

ტატო:

- დარწმუნებული ვარ, მოცეკვავეობა და მომღერლობა უნდოდა, ალბათ უფრო მეტად - მოცეკვავეობა. მე ფეხბურთელობა სიგიჟემდე მინდოდა!..

მზია:

- ტატო რომელ პროფესიაზე ოცნებობდა, არ ვიცი. მე კოსმონავტობა ან ქირურგობა მსურდა. განსაკუთრებით, კოსმონავტობაზე ვოცნებობდი.

- რომელი ფერის ფრჩხილის ლაქი არ მოსწონს? შენ რომელი არ მოგწონს?

ტატო:

- ალბათ, შავი არ მოსწონს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ცოტა არ იყოს, მეც არ მომწონს, როცა გოგოს ფრჩხილებზე შავი ლაქი უსვია.

მზია:

- მოშინდისფრო ლაქი არ მოსწონს. მე ნაზ ფერებს ვამჯობინებ.

- როგორ ფიქრობ, თქვენი პასუხები ერთმანეთს რამდენი პროცენტით დაემთხვევა?

ტატო:

- აუ, ალბათ - 35-40%-ით.

მზია:

- მგონია, რომ 40%-ით მაინც უნდა დაემთხვეს...

ეთო ყორღანაშვილი