"შტერზე შტერი შეყვარებული მყავდა" - გზაპრესი

"შტერზე შტერი შეყვარებული მყავდა"

მართალია, ლევან ლაშხს თეატრალურ უნივერსიტეტში არ უსწავლია, მაგრამ დღეს, სამსახიობო სფეროს გარდა, მუშაობა არსად სურს. ლევანი პოპულარულ სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ვატიკანას როლს ასრულებს, პირად ცხოვრებაში კი - რამდენიმე თვეა, სასიამოვნო სიახლე აქვს...

- სერიალში სიუჟეტი ჩემთვის საინტერესოდ ვითარდება, თუმცა ალბათ, იმაზე საინტერესოდ - ვერა, როგორც თავიდან იყო, მაგრამ ასე ვთქვათ, ჩემს პერსონაჟს უფრო მეტი გზა გამოუჩნდა... "ვაკის ფენების" თემა პირადად ჩემგან ძალიან შორს არის, თუმცა ვაკეში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, ვატიკანას დამოკიდებულება მომწონს. ალბათ, კარგიც არის, როგორც ჩემი გმირი იქცევა.

- ვატიკანას ცოლის - კეკეს მსგავს მეორე ნახევარს თუ ისურვებდით გვერდით?

- კეკე ცოტათი მოშტერო გოგოა. ასეთი გოგო მეც მყავდა... არა, ასეთი გოგო არ მინდა, არ მეყოლებოდა გვერდით, რადგან "ღრმა" მანდილოსნები უფრო მომწონს.

- ასეთი გოგო მეც მყავდაო, რომ თქვით, შეყვარებულს გულისხმობდით?

- კი, თავის დროზე შტერზე შტერი შეყვარებული მყავდა. ის პერიოდი ცუდად მახსენდება (იცინის).

- რატომ დაიწყეთ მასთან ურთიერთობა? თუ მისი სიშტერე მერე აღმოაჩინეთ?

- თავიდანვე მეტყობოდა, რომ ის ადამიანი არ ვიყავი, ვინც მის გვერდით იქნებოდა; მასაც ეტყობოდა, როგორი შტერიც იყო... სიმართლე გითხრა, ამაზე ვრცლად საუბარი არც მინდა.

- საერთოდ, შეყვარებული როგორი ხართ?

- ალბათ, როცა შეყვარებული ვარ, უფრო კარგი ადამიანი ვხდები: გულთბილი, არაეჭვიანი, მეტად მოტივირებული... როცა ადამიანს გვერდით შეყვარებული გყავს, ეს რაღაც მუხტს გაძლევს, იპრანჭები, მისთვის ბევრ რამეს აკეთებ... ჩემი შეყვარებულებისთვის მეც ბევრს ვაკეთებდი. ახლა ყველაფერს ცოლისთვის ვაკეთებ.

- რამდენი ხანია, რაც დაოჯახდით?

- ოფიციალურად ხელის მოწერას და ჯვრისწერას ზაფხულში ვაპირებთ. მანამდე ერთად ვცხოვრობთ და შემდგარი ოჯახი ვართ. ერთად ცხოვრება ნოემბრის ბოლოს გადავწყვიტეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. ის მაქვს, რაც ყოველთვის მინდოდა: გვერდით მყავს ადამიანი, ვინც ყველაფერში მიგებს - ჩემთვის ცოლიც არის და მეგობარიც. ძალიან საყვარელია. შეიძლება ითქვას, რომ თავს მეცხრე ცაზე ვგრძნობ!..

- ბევრი დრო დაგჭირდათ, რომ მიმხვდარიყავით, ეს ის ადამიანი იყო, ვის გვერდით ცხოვრებასაც ისურვებდით?

- კი, საკმაოდ, რადგან ჩვენი გაცნობიდან 4 წელი გავიდა. 4 წლის თავზე, უკვე იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჩვენი სხვადასხვა ადგილას ყოფნა არ შეიძლებოდა, არც ერთ შემთხვევაში. ამ ხნის განმავლობაშიც, ჩემ გვერდით ბევრი ადამიანი იყო. ყველამ და ყველაფერმა მიმახვედრა, რომ ქეთის გარდა, არავინ მინდა.

- გვიამბეთ, ვინ არის ქეთი, რას საქმიანობს?

- პროფესიით მომღერალია - ილიას უნივერსიტეტში სწავლას (ვოკალის მიმართულებით) ახლა ასრულებს - პროფესიონალი ვოკალისტი გახდება, რაც ძალიან კარგია. იმედი მაქვს, თავისი პროფესიით დიდ წარმატებას მიაღწევს. პირადად მე, ყველანაირად გვერდში დავუდგები.

- თქვენი საქმიანობის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს?

- ჩემი პირველი კრიტიკოსი ქეთია. თუ რამე არ მოსწონს ან მოსწონს, მაშინვე პირში მომახლის, რის გამოც ხანდახან, რამდენიმე საათი "დაგრუზულიც" ვყოფილვარ (იცინის). კრიტიკოსიც არის და შემფასებელიც. ალბათ, პროფესიონალისთვის ეს ძალიან კარგია, რადგან თუ ვინმემ ნამუშევარი საღი გონებით არ შეგიფასა და მხოლოდ ის გითხრა - ვახ, რა კარგიაო, რომ შენ წინაშე "პლუსები" დაიწეროს, ეს განვითარებისთვის სასიკეთო არ იქნება. ადამიანს ფაქტების ჯანსაღად, ობიექტურად აღიარება უნდა შეეძლოს, რაც ქეთის კარგად გამოსდის.

- თავადაც ხომ არ მღერით?

- 7 წელი ფოლკლორულ ანსამბლში ვმღეროდი, მაგრამ სიმღერა "ჩემი" არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ოჯახი მღერის. მე სხვა მიმართულებით "წავედი". სიმღერა კარგია. ხანდახან ვმღერი კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს ჰობივითაა.

- როგორც ვიცი, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება გინდოდათ და თავი შეიკავეთ. დღევანდელი გადასახედიდან, თქვენს საქციელს ხომ არ ნანობთ?

- ამ საკითხს ორი მხარე აქვს: ვნანობ, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე და სწავლა სხვა მიმართულებით განვაგრძე, მაგრამ რაც მინდოდა, იმას მაინც მივაღწიე, ანუ გარკვეულწილად, სინანულის განცდა მაინც მაქვს - ნეტავ, თეატრალურში ჩამებარებინა და ეს ყველაფერი ადრევე მესწავლა-მეთქი. ასეთ შემთხვევაში, ბევრი რაღაც შეიცვლებოდა... თან, ამაზე რომ ვფიქრობ, პარალელურად, იმასაც ვხვდები, რომ რაც უნდა მომხდარიყო, მაინც აქამდე მოვიდოდი. ამის შემდეგ, უკვე ჩემზეა დამოკიდებული, მიღებულ გამოცდილებას როგორ განვავითარებ. თეატრალურში ჩაბარების შემთხვევაში, ალბათ, იმის ამბიცია მექნებოდა, რომ უფრო და უფრო მეტი მიმეღო...

- და მაინც, დღეს ვინ იქნებოდით, თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩაგებარებინათ?

- ალბათ, როგორც ყველა პროფესიონალი, შემდგარი მსახიობი, თეატრსა და კინოს შორის "გახლეჩილი" ვიქნებოდი, რადგან როგორც ვხედავ, ყველა მსახიობი ასეა: ვინც თეატრშია დაკავებული, კინოს სფეროში მუშაობა უნდა; ვინც კინოშია, მას თეატრში ყოფნა სურს... ნამდვილად არ მინდა, ასე ორად გახლეჩილი ვიყო. მირჩევნია, ერთ მიმართულებას გავყვე. თეატრში მუშაობა ჩემთვის ცოტათი მძიმე იქნებოდა...

GzaPress

- სერიალში, კეკეს როლის შემსრულებელი - თაკო ჭანუყვაძე როგორი პარტნიორია? - ძალიან კარგი. ბოლო სცენის გადაღებაზე აღვნიშნე კიდეც - კიდევ კარგი, რომ პარტნიორად ეს ადამიანი შემხვდა-მეთქი. პარტნიორები ერთმანეთის პერსონაჟების განვითარებაშიც დიდ როლს ასრულებენ. თაკოს გარდა, კეკეს როლზე ალბათ, ვერავის წარმოვიდგენ - ძალიან მაგარი გოგოა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ პარტნიორად სწორედ თაკო შემხვდა. მადლობა, კასტინგის მენეჯერს, რომ გვერდით ეს ადამიანი დამიყენა.

- როცა თქვენს ნამუშევარს ეკრანზე უყურებთ, როგორი განცდა გეუფლებათ?

- ცოტათი ეიფორიაში ვარ, ცოტათი - სინანულის განცდაც მეუფლება - შემეძლო, ეს სხვაგვარად გამეკეთებინა-მეთქი. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულიც ვარ და კმაყოფილების განცდაც მაქვს, რასაც სიამაყეც მოსდევს. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ხანდახან ტელევიზორში საკუთარ თავს ვუყურებ და განხილვის ერთ-ერთი საგანი ვხდები - ეს კარგია.

- ხალხისთვის "ვატიკანა" მომართვის ფორმად ხომ არ იქცა?

- კი, კი. ეს სახელი ძალიან შემრჩა და მომწონს (იცინის). ბევრი "ვატიკანას" მეძახის. ასეთი შემთხვევები უცხოეთში ყოფნის დროსაც მქონია.

- თქვენს პერსონაჟს როგორ დაახასიათებთ?

- ვატიკანა ჭკვიანი, განათლებული ადამიანია. გარემოს მორგება მარტივად შეუძლია. ჩემი აზრით, მას ბევრ რამეში გაუმართლა: მეუღლეში, მიუხედავად იმისა, რომ კეკე ცოტათი შტერია; მეგობრებში, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი, ბევრმა ზურგი შეაქცია, მაგრამ შემდეგ თავიანთ დანაშაულს მიხვდნენ და ყველამ დაინახა, ვატიკანა როგორი კარგი ადამიანია - ისეთი მიიღეს, როგორიც არის. ჩემს პერსონაჟს ზუსტად ეგ უნდოდა და მიზანს მიაღწია - ძალიან მიზანდასახულია. ალბათ, ყველაფერი შეუძლია, რასაც მოისურვებს - ამის პოტენციალიც აქვს და რაც მთავარია, ამბიციაც, რომ წარმატებული იყოს, ცხოვრებაში წინ და წინ წავიდეს. საბოლოო ჯამში, ისეთ სახეს ქმნის, რომ შეიძლება, ადამიანმა ის იდეალად აქციოს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ყველაზე მისაღები პერსონაჟია. რატომაც არა? ყველას უნდა, ჭკვიანი, განათლებული, მიზანდასახული იყოს.

- ჩამოთვლილთაგან თქვენთვისაც დამახასიათებელი და მკვეთრად განსხვავებული თვისება რა არის?

- ვატიკანასგან იმით განვსხვავდები, რომ ასე ძალიან მდიდარი არ ვარ (იცინის). ასე თუ ისე, ჭკვიანი გახლავართ. კიდევ, ცხოვრებაში მეც გამიმართლა, რადგან მეც მყავს მეუღლე, მაგრამ შტერი - არა; ცხოვრებაში წინსვლის ამბიცია და პოტენციალი მეც მაქვს. საკუთარი თავის რეალიზებას ვცდილობ, ვატიკანამ კი ეს უკვე მოახერხა.

- ცხოვრებაში გქონიათ ეტაპი, როდესაც მეგობრებისგან, ახლობლებისგან გარიყული ყოფილხართ?

- კი. ალბათ, ასეთი პერიოდი ყველას ჰქონია, როცა საკუთარ თავში რაღაც ახალს აღმოაჩენ და სხვებისთვის ცოტათი მიუღებელი ხდები. ასეთ დროს, თავდაპირველად, უმეტესობა გაგრიყავს, რადგან მათთვის მიუღებელია, როცა ბრბოსგან რამით განსხვავდები. ასეთი პერიოდი მეც მქონდა, თინეიჯერობის ასაკის შემდეგ: სიმართლე გითხრა, ჩემი შეხედულებებიდან, დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, თავად გავერიყე ხალხს, გარემოს, რომ დამენახა, ვინ და რა მინდოდა... შემდეგ, ყველაფერი თავისთავად, კალაპოტში ჩადგა. ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან დრო რომ გავიდა და "დავლაგდი", მისაღები მივიღე, მიუღებელი - არა. უკვე მარტივად ავირჩიე, რა მინდოდა, ვინ მინდოდა... ეს ყველაფერი რომ არ გამევლო, ალბათ, ახლაც გარიყული ვიქნებოდი.

- როგორი როლით შეძლებდით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას?

- ამაზე ხშირად მიფიქრია: როცა ადამიანი გამოცდილებას იღებ, უფრო მეტი გამოწვევის მიღების სურვილი გიჩნდება... საკუთარი თავის რეალიზებას კრიმინალურ, მძაფრსიუჟეტიან, საშინელებათა ფილმში ან თრილერში მოვახდენდი. ალბათ, საკუთარ თავს ასეთ სტილში თუ დავინახავდი და შევაფასებდი, კარგი იქნებოდა, მაგრამ საქართველოში ასეთ რაღაცებს არ იღებენ და მიკვირს - რატომ?..

- სამსახიობო სფეროში მუშაობის გარდა, რას საქმიანობთ?

- არაფერს, რადგან სხვა სფეროში უკვე აღარაფრის კეთება მინდა, სხვაგან საკუთარ თავს ვეღარ ვხედავ. "ჩემი" არაფერია, მსახიობობის გარდა...

- სიმღერის გარდა, რაიმე ჰობი გაქვთ?

- ვხატავ, კომპიუტერული თამაშები მიყვარს... ახლა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს: ზამთარს დათვივით გადავაგორებ ხოლმე - სახლში ყოფნით, თამაშით, მეგობრებთან ერთად დროის გატარებით...

ეთო ყორღანაშვილი