ნოდიკო ტატიშვილის აქამდე უცნობი პროფესია - გზაპრესი

ნოდიკო ტატიშვილის აქამდე უცნობი პროფესია

ნოდიკო ტატიშვილი ქართველმა საზოგადოებამ მისი წარმატებული მუსიკალური საქმიანობით გაიცნო, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მას კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო პროფესია აქვს.

- მუსიკალური სასწავლებლის შემდეგ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის მოხელის ფაკულტეტი წარჩინებით დავამთავრე, თუმცა ამ განხრით ერთი დღეც არ მიმუშავია. სხვათა შორის, ეს ბევრმა არ იცის და უკვირთ, - გვეგონა, შენ მხოლოდ სიმღერა შეგიძლიაო. მუსიკა და სიმღერა ჩემთვის სულ სხვა რამაა, ჩემი პროფესია, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც არსებობისთვის გვჭირდება ჟანგბადი, წყალი, საკვები, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუსიკა ჩემთვის. ეს ის პროფესიაა, რომელიც მიყვარს და ამით ვცხოვრობ. გადაღების, ჩაწერის პროცესი, რეპეტიციები ჩემზე დადებითად მოქმედებს. სცენაზე გასვლას ყველაზე დიდ სიამოვნებას ვადარებ. ჩემი სოლო კონცერტი პირველად 2012 წელს ჩატარდა, მაშინ 25 წლის ვიყავი, მეორე კი - 30 წლის ასაკში. ამ დროს, რასაკვირველია, ღელავ, ფილარმონია გადავსებულია, ყველა ბილეთი გაყიდულია, ორკესტრი სცენაზე გელოდება, დარბაზში - ხალხი, ნერვიულობ და ტაშის ხმა რომ გესმის, ეს ისეთი ნეტარებაა, ყველაფერი გავიწყდება. ამას არაფერი შეედრება.

- ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული პროფესიით სადმე გიმუშავიათ?

- არასდროს და სურვილიც არ მაქვს. მართლა კარგი კურსი და ჯგუფი შემხვდა, ყველა კარგად სწავლობდა, რადგან, თუ გინდა, სახელმწიფო მოხელე გახდე, რაღაცის სათავეში იყო, მაგრად უნდა ისწავლო. ასეც გახლდათ. მართლა კარგად ვსწავლობდი, პირველი კურსის შემდეგ, სტიპენდიაც დამენიშნა. მაშინ ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტის წევრი ვიყავი და მაესტროს გასტროლებზე დავყავდით, ამიტომ გამოცდებს წინასწარაც ვაბარებდი. კარგი იყო ეს ყველაფერი. ახლა ამ დიპლომს მშობლები ინახავენ და ამაყობენ, თუმცა, ყველაზე მეტად მაინც იმით ამაყობენ, რომ სცენაზე ვდგავარ და ვმღერი.

GzaPress

- შემოსავალი ალბათ სახელმწიფო მოხელეებს მეტი აქვთ, არა? ამის გამო მაინც, გული ხომ არ გწყდებათ? - ამას ვერ ვიტყვი. შესაძლოა, ერთ კორპორაციულ საღამოზე შესრულებულ სიმღერაში მათი მთელი თვის ხელფასი ავიღო... ყოველ შემთხვევაში, სადმე მუშაობა, სახელმწიფო სტრუქტურა იქნება ეს თუ არასახელმწიფო, რაიმე თანამდებობა ჩემთვის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. გეგმური გრაფიკით სადმე სიარული არ შემიძლია, დილის 9-ზე რომ უნდა მიხვიდე, კაბინეტში იჯდე და საღამოს შვიდზე წამოხვიდე. ხელოვანი ხალხი ვერ იტანს ჩარჩოებს, შებოჭილობას. როცა მეუბნებიან, რომ კონცერტი 8 საათზე უნდა დაიწყო და ათზე დაასრულო, არა მაქვს პრობლემა, მაგრამ სადმე კაბინეტში რომ "გამომსვა" და კარგ სავარძელში ჩამსვა, პიჯაკი ჩამაცვა, თავისი ჰალსტუხით - ამას ალბათ ვერაფრით შევეგუები, რადგან, რა ცოდნა და გამოცდილებაც მაქვს, მენეჯერული, ორგანიზებისა თუ პროდიუსინგის თვალსაზრისით, მირჩევნია, საკუთარ თავსა და მეგობრებზე გამოვიყენო. ამიტომაც არ ყოფილა ჩემი მიზანი არც ერთი თანამდებობა და პოლიტიკაში წასვლა ხომ საერთოდ, აბსურდია. ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. საქართველოში ეგ პრობლემა გვაქვს: ყველამ რომ ის აკეთოს, რაც იცის და უყვარს, მაგარი იქნება!

- ნოდიკო, შემოქმედებითი კუთხით რა სიახლეებია?

- ახალი სიმღერის ჩაწერა სულ მალე დასრულდება, შემდეგ კი კლიპს გადავიღებთ. ჩემი გადაცემაც - "რას ფიქრობს საქართველო" - წარმატებით გადის ეთერში. მაისისთვის კი ბათუმში, მუსიკის ცენტრში ჩემი სოლო კონცერტი იგეგმება, სადაც ალექსანდრე ბასილაიას პროექტი მიმაქვს.

თამთა დადეშელი