მტკივნეული ამბავი წარსულიდან, რომელზეც პირველად ლაპარაკობს - გზაპრესი

მტკივნეული ამბავი წარსულიდან, რომელზეც პირველად ლაპარაკობს

"ის ურთიერთობა ტრაგიკულად დასრულდა. მაშინ 18 წლის იყო, კურსელის ქორწილში ჩხუბი მოხდა და შემთხვევით მოკლეს. ჩემთვის ეს ამბავი ძალიან მძიმე გახლდათ, საშინლად ვიყავი, საწოლის ქვეშ სიბნელეში ვიწექი, საკვებს არ ვიღებდი, სულ მის საფლავზე დავდიოდი", - ასე იხსენებს პირველ სიყვარულს მარტა ბარამიძე და დასძენს, რომ საჯაროდ ამ თემაზე არასდროს ულაპარაკია. როგორი ურთიერთობა აქვს გარდაცვლილი შეყვარებულის ოჯახთან, რა არის მისთვის სიყვარული, თავისუფლება, რას არ გააკეთებს არანაირი თანხის სანაცვლოდ და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 22 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მწვანილის გამყიდველი. ვუყურებდი, გამყიდველები როგორ ახარისხებდნენ, როგორ ალაგებდნენ მწვანილს და ეს ძალიან მომწონდა... უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, შემდეგ პიარი და მარკეტინგი შევისწავლე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ ძალიან კეთილი, შრომისმოყვარე, მხიარული, დაუზარელი. თავის ქება გამომივიდა, შემრცხვა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...აუცილებლად იმ გზას გავივლიდი, რომელიც გავიარე. წარსულმა დიდი გამოცდილება დამიგროვა, ბევრი რამ ვისწავლე. ბიჭები ამბობენ ხოლმე - "ქუჩის აკადემია". მეც დაახლოებით იგივე "აკადემია" დავამთავრე, რადგან დროის დიდ ნაწილს გარეთ ვატარებდი, უმეტესად ბაზრობებზე ვიყავი.

- იმ ტკივილს, რომელიც წარსულში მქონდა...

- ...აღარ გავივლიდი, რადგან იმ ტკივილმა ბევრი ცუდი შედეგი დამიტოვა, ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა. ამ სამყაროში უკვალოდ ხომ არაფერი ქრება.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...როცა მეცნიერებათა აკადემიაში თემა გავგზავნე, მაშინ X კლასში ვიყავი. გარკვეული დროის შემდეგ დამიკავშირდნენ და თემის დასაცავად დამიბარეს. მერე აკადემიის სიგელი მომცეს და წიგნის ყდაზე რომ დამბეჭდეს, მაშინ მივხვდი, რაღაც ძალიან მაგარი გავაკეთე. ეთნოგრაფიის სექციაში კირნათ-მარადიდის ექსპედიციის თემა წარვადგინე. ეს თურქეთთან მოსაზღვრე სოფელია და მრავალმხრივ საინტერესო. საზღვრის ცვლილებამ ერთი ძმა თურქეთის მხარეს მოაქცია, მეორე - საქართველოში. ჩემი ნაწერი ამ და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო თემას ეხებოდა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...სამყაროს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გაზაფხულს, მზის სხივებს, კვირტებისა და ყვავილების გაშლას ველოდები, ეს ყველაფერი აღმაფრთოვანებს. მაქვს განცდა, სამყაროსთან ერთად თითქოს მეც თავიდან ვიბადები. ამ დროს ჩემში ქალურობის შეგრძნება, სილამაზე, პოზიტივი იმატებს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...კერძების კეთების. სადაც უნდა ვიყო, როგორი მდგომარეობაც უნდა მქონდეს, სულ მაქვს სურვილი, რაღაც ვაკეთო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...დაუზარლობა და შრომის სიყვარულია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ასეთი ბევრია.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...არ ვიხსენებ. მგონია, შეცდომები არც არსებობს. ისე გავიზარდეთ, გვასწავლიდნენ, რა შეიძლებოდა და რა - არა. არ შეიძლება, ქცევას ეწოდოს შეცდომა, სხვას თუ არ აზიანებს. ჩემთვის მთავარი ესაა, სხვა არ დავაზიანო, თორემ დანარჩენს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

- საკუთარმა გადაწყვეტილებებმა მასწავლა...

- ...ბევრი რამ. უპირველეს ყოვლისა, დიდი გამოცდილება შემძინა. დღევანდელი გამოცდილება ხომ ხვალინდელი მოქმედების შედეგის გათვლას გასწავლის.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი არ იტყუება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ეს არ ხდება, რადგან მომავალი არ არსებობს. ის დრო, რომელშიც ვერ ვმოქმედებთ, არ არსებობს. წარსულს გამოცდილებების ასაღებად "ვფურცლავ", ვცხოვრობ რეალობაში და არ ვფიქრობ მომავალზე. ის არ ვიცი, ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და რა უნდა გათვალო?..

- ვიბნევი...

- ...სტრესის დროს.

- ვნანობ...

- ...არაფერს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ის, ვინც ვარ, იქ, სადაც ვარ და ისე, როგორც ვარ. ახლა ბედნიერი გახლავართ.

- ჩემი ჰობია...

- ...ხატვა, თიხაზე მუშაობა, ტანსაცმლის დიზაინის შექმნა, კერვა... ამ ყველაფრით ვერთობი, ერთგვარი რელაქსაციაა. ქოთნებში მომყავს პომიდორი, წიწაკა, მწვანილი... ყველაფერი ძალიან გემრიელი და არომატულია. მიწასთან მუშაობა მომწონს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ბევრ რამეს, ყველაზე მეტად კი უსამართლობასა და ტყუილს. ყოველთვის მძაფრი რეაქციები მაქვს.

- მეზარება...

- ...არაფერი. მთავარია, მინდოდეს.

- სიყვარული ეს...

- ...სულის გაზაფხულია (პაუზის შემდეგ) კი, კი, ზუსტად ესაა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...აღტაცებული ვიყავი, თან საოცრად ბედნიერი. გრძნობის გამოხატვა არ გამჭირვებია. გამიმართლა და იმ ბიჭსაც შევუყვარდი. მაშინ სამყარო გამორჩეულად მიყვარდა.

- ის ურთიერთობა...

- ...სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა. ის მაშინ 18 წლის იყო, კურსელის ქორწილში ჩხუბი მოხდა და შემთხვევით მოკლეს. ჩემთვის ეს ამბავი ძალიან მძიმე იყო, ურთულესი პერიოდი მქონდა. მე და დედამისს დღემდე გვაქვს ურთიერთობა. ამ თემაზე საჯაროდ არასდროს მილაპარაკია.

- ვრისკავ...

- ...შიშის დასაძლევად.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სახელებს ვერ ვიმახსოვრებ.

- ვამაყობ...

- ...როცა ადამიანი აზროვნებს.

- ბოლოს ვიტირე...

- ...გადაღებიდან დაბრუნებულს, გაყინულ სახლში, გაზი რომ გათიშული დამხვდა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მერიდება.

GzaPress - მეშინია... - ...შიშის.

- ვმალავ...

- ...იმას, რაც არასდროს უკითხავთ. ამ შემთხვევაში, რაიმე ტაბუდადებულ თემას არ ვგულისხმობ. დამალული გამოდის ის ყველაფერი, რასაც არ გეკითხებიან. იმდენად ღია ვარ, ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად ლაპარაკი შემიძლია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ თავს არ ვუფრთხილდები.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...სიმეტრიას.

- ვუფრთხილდები...

- ...იმას, რაზეც პასუხისმგებლობას ვიღებ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...დროზე დაძინება.

- ვიტყუები, როცა...

- ...რაღაცას არ ვიმჩნევ.

- ყოველთვის მრცხვენია...

- სირცხვილი არ არსებობს, მოგონილი და თავს მოხვეული რამეა.

- თავისუფლება არის...

- ...ადამიანი. თავისუფლება ჩვენშია, მას არავინ არ გვანიჭებს.

- ინტუიცია...

- ...შეგრძნებების იმპულსია.

- როცა მარტო ვარ...

- ...თავს ათასგვარი სიამოვნებით ვირთობ: ვწერ, ვკითხულობ, ღვინოს ვწრუპავ, რეცეპტებზე ვმუშაობ, ფილმს ვუყურებ, მუსიკას ვუსმენ, ვსეირნობ...

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...მილიონერი ვიქნებოდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...საკუთარ თავს არასდროს ვუღალატებ.

- მენატრება...

- ...ჩემი მეგობარი ჯონი ზღვისპირეთიდან.

- ვაგროვებ...

- ...პოზიტივს.

- ბედისწერა...

- ...მე მჯერა სამყაროსი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვწყდები გარემოს და ვცდილობ, საკუთარ თავში გავერკვიო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობას სიყვარულისთვის, რადგან თქვენ ეს ინტერვიუ ბოლომდე წაიკითხეთ.

თამუნა კვინიკაძე