"ჩემთვის ეს არის თავისუფლება და როკ-ენ-როლი!" - გზაპრესი

"ჩემთვის ეს არის თავისუფლება და როკ-ენ-როლი!"

მე-20 საუკუნეში დაბადებული ბევრი მოზარდისთვის ბაიკერობა და მოტოციკლის ქონა სასურველი და საოცნებო რამ იყო, რაც ზოგმა აისრულა, ზოგმა - ვერ. პირადად მეც, ბაიკერობისა და დრამერობის (ჯერჯერობით) ვერასრულებელი სურვილი კიდევ ერთხელ მაშინ შემახსენებს ხოლმე თავს, როცა ვხედავ ლამაზ მწკრივად დაწყობილი, შესაბამის სამოსში გამოწყობილი ბაიკერები როგორ მიაქროლებენ თავიანთ მოტოციკლებს თბილისის ქუჩებში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გასვლა ჰქონდათ ტელეწამყვან ლევან ჯავახიშვილსა და მის ბაიკერ მეგობრებს, როდესაც მათი ფოტოები სოციალურ ქსელში ვნახე.

ლევან ჯავახიშვილი:

- ჩემი თაობის ადამიანებისთვის ბაიკერობა ბავშვობის ოცნება იყო და საბჭოთა კავშირის პირობებში, მოპედით ვერთობოდით, რომელსაც "რიგა" ერქვა, ან მინიმოპედით. მერე სხვადასხვა მოდელი შემოვიდა, მაგრამ იმ პერიოდში და 90-იანებშიც, ამ ოცნების ხორცშესხმა საკმაოდ რთული იყო. ერთია, მოტოციკლეტით სიარული და მეორე - იმ ადამიანების შემოკრება, ვინც შენსავით ამ კარგი საქმითაა "მოწამლული". დაახლოებით ორი წელია, რაც ჯერ სკუტერი შევიძინე, მერე დაბალკუბატურიანი ბაიკი, მერე საშუალო-კუბატურიანი და ასე ნელ-ნელა ვვითარდებით. მთავარი ის შეგრძნებაა, რომელსაც ბაიკის მართვისას განიცდი! ზოგ ადამიანს კითხვა უჩნდება, რატომ მაინცდამაინც ბაიკი, როდესაც შეგიძლია, ავტომობილით ბევრად კომფორტულად გადაადგილდეო? ამაზე პასუხი მარტივია, პირადად ჩემთვის, ეს არის თავისუფლება და როკ-ენ-როლი!

როცა პირველი სკუტერი შევიძინე, 1-2-ჯერ დავვარდი კიდეც, მაგრამ გამოცდილება მივიღე, როგორ მემართა შემდეგ როგორც სკუტერი, ისე ბაიკი, რომ უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. მოზარდობისას, მოტოციკლეტებით, ძირითადად, მანგლისში ვერთობოდით, ისიც, თუ ვიღაცას ჰყავდა და გამატარებინეო, ვთხოვდით. ახლა უკვე, ბავშვური ოცნების ასრულებას შევეცადე, მაგრამ მარტო ვერაფერს გავხდებოდი, რომ არ ყოფილიყო ჩემი მეგობარი - ბილი ბილიხოძე და კიდევ სხვები. ერთად ვმოძრაობთ, ერთი მიზნისა და სიყვარულის გარშემო გავერთიანდით.

- როგორია ბაიკერების შეკრება?

- ჩვენი მთავარი ამოცანა "ქვეყნის თავიდან აღმოჩენაა", ამავე დროს, ამ "რაიდების" ფარგლებში, ბევრ ინფორმაციას ვიღებთ იმ ადგილების შესახებ, სადაც ვიმყოფებით. მხოლოდ წასვლა-წამოსვლა ხომ არაა, იმ ადგილის ისტორია უნდა იცოდე. სხვადასხვა მიმართულების მოტოკლუბები არსებობს და მიხარია, რომ ეს კულტურა ფეხს იკიდებს საქართველოში. იმედია, მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. ჩემს დიდ პატივისცემას დავაფიქსირებ არსებული მოტოკლუბებს მიმართ, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უკეთესია.

- თანაც, ამ ყველაფერში უკვე მანდილოსნებიც აქტიურად ერთვებიან.

- დიახ და იმ გასვლაზეც, რომელიც ჩვენ 8 მარტს მოვაწყვეთ, გადავწყვიტეთ, გოგონებიც თან წაგვეყვანა - მეუღლეები, მეგობრები. ვფიქრობ, კარგი ჩანაფიქრი იყო.

- ერთგვარი ექსკურსიებია ბაიკებით, არა?

- დიახ, ჩვენ ექსტრემალები არ ვართ, ამიტომ, უფრო "სასეირნო ტურები" გვაქვს. მთაგორიან ადგილებში ექსტრემალურად სასიარულო ბაიკები სხვანაირია. ჩვენ ისეთ ადგილებში ვგეგმავთ მარშრუტებს, სადაც ჩვეულებრივ გზებზე შეგვიძლია სიარული. ძირითადად, სამეგობრო და მათი მეგობრები მივდივართ. მაგალითად, უჯარმაში რომ ვიყავით და ორ რიგად მივდიოდით, მოპირდაპირე მხრიდან ახალგაზრდა ადამიანი შემოგვხვდა სპორტული ბაიკით და მერე ისიც ჩვენთან ერთად წამოვიდა. ბაიკერობა მხოლოდ მოტოციკლეტის ყოლას არ ნიშნავს, ურთიერთობებია. მე რაც ვიპოვე და დავინახე ამ ლამაზ და კარგ საზოგადოებაში, არის ის, რომ ყველა მზად არის, ერთმანეთისთვის საკუთარი თავი გადადოს და ნებისმიერ დროს, ერთმანეთს გვერდში ვედგეთ. ალბათ, სწორედ ეს არის ამ კულტურის მთავარი არსი და მიზანი.

- ამავე დროს, დატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე, განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაცაა, ხომ?

- აუცილებლად! გადაღლის შემდეგ, ცოტა "დარეფრეშება" კარგია. პირადად მე, ეს ძალიან მეხმარება. როგორც ბაიკი, ასევე, მუსიკა.

GzaPress

- საკუთარ ბაიკს ზოგი სახელსაც არქმევს, თქვენც თუ შეურჩიეთ რამე? - კი, "შავი რაში" და სქესს რაც შეეხება, ბიჭია (იცინის).

- ქალაქში მოტოციკლით მოძრაობთ?

- კი, სამსახურშიც ბაიკით დავდივარ, განსაკუთრებით, თბილ სეზონებზე და ამის გამო, მანქანა "მივატოვესავით".

- რამდენად მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა თბილისსა და რეგიონებში?

- 1990-იანი წლები რომ იყოს, ვიტყოდი, რომ მოუწესრიგებელია, მაგრამ ახლა, რამდენიმე გამონაკლისი შეიძლება იყოს, მაგრამ საერთო ჯამში, პრობლემას ვერ ვხედავ.

- ხომ არ გაგიჭირდათ ბაიკის მართვის სწავლა?

- თეორიულად, ჩემს წარმოდგენაში, რთული იყო, მაგრამ როგორც კი დავჯექი, უმარტივესი აღმოჩნდა. მით უმეტეს, თუ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვა იცი, არანაირი პრობლემა არ არის, მცირედი განსხვავებაა. იქ ოთხი საბურავია, აქ - ორი და ასეთი გამოთქმა არსებობს - თუ ოთხ საბურავს სხეული დაჰყავს, ორი საბურავი სულს მიაქროლებს. ამით ზუსტადაა გამოხატული ამ ყველაფრის არსი და იდეა. როგორც კი მოტოციკლეტი ადგილიდან იძვრება, როგორც ბუმბული, ისეთი ხდება!

- სხვა სპორტული აქტივობებისთვის თუ გრჩებათ დრო?

- ადრე აქტიურად ვიყავი დაკავებული, ფეხბურთს, რაგბის ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე, ვეღარ ვახერხებ. ახლა ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო და ფორმაში ჩავდგე.

- ბაიკერობის გარდა, ვიცით, რომ მუსიკა, სიმღერა არის თქვენი ჰობი...

- დიახ, სკოლის პერიოდში ანსამბლ "მართვეში" ვმღეროდი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა და რამინ მიქაბერიძემ დააფუძნეს. იქ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე. მუსიკა ძალიან მიყვარს, ამ პროფესიას არ გავყევი, თუმცა, კავშირი ყოველთვის მაქვს. ამ ეტაპზე, მამუკა ჩიხლაძესთან და ბენდთან ერთად ვაკეთებ რაღაცებს და ვნახოთ, რა გამოგვივა საბოლოო ჯამში. მთავარია, ადამიანებმა ბავშვობის ნატვრები ავისრულოთ, რაღაც დოზით მაინც.

- თქვენ რა დაგრჩათ ასასრულებელი ბავშვობის ოცნებებიდან?

- ფეხბურთელობა მინდოდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გვიანაა (იცინის). "დიდობის ოცნებებს" რაც შეეხება, ერთს ვისურვებდი, ჩვენი ქვეყანა ისე დალაგებულიყოს, რომ ერთმანეთის შეხედულებებს პატივი ვცეთ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზეა. ისეთ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, რომელიც საკუთარ საქციელებზეცაა პასუხისმგებელი და ასევე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სხვებს დაეხმაროს.

- მუსიკა და ბაიკი - რას უსმენთ ამ დროს? რომელია თქვენი საყვარელი მუსიკალური მიმდინარეობა?

- რა თქმა უნდა, როკმუსიკა! როგორც ჰარდ-როკი, ასევე, კლასიკური და პროგრესივ-როკი, ალტერნატიული როკი, კლასიკური მეტალი, ეთნო და კლასიკური ჯაზი... პოპმუსიკა არ მიყვარს და თანამედროვე შემსრულებლებს რომ ვუყურებ, ბევრის სახელი და გვარიც კი არ ვიცი. ეს ალბათ უკვე ასაკის ბრალია (იცინის). პოპმუსიკა ჩემთვის ის სამყარო არ არის, სადაც შემიძლია სულიერი საზრდო მივიღო, როკისა და ჯაზის მოსმენისას კი თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში.

- საყვარელი შემსრულებლების კონცერტებზე თუ ახერხებთ წასვლას და ვის კონცერტზე დასწრებას ისურვებდით?

- სამწუხაროდ, ვერა, სამსახურის გამო. რობერტ პლანტი რომ იყო ჩამოსული, მაშინაც ეთერში ვიჯექი და გული დამწყდა, რომ ვერ წავედი. პირადად ჩემთვის, ის დღემდე ერთ-ერთი სათაყვანებელი მუსიკოსია, ბავშვობიდან მოყოლებული.

დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი, დევიდ გილმორისა და როჯერ უოტერსის კონცერტს, ანუ "პინკ ფლოიდის"; ასევე, "მეტალიკის" და ვფიქრობ, იქ საკუთარ თავსაც დავკარგავდი (იცინის), რადგან ბავშვობიდან "მეტალიკის" ფანი ვარ! ალბათ, ვერავინ გამაჩერებდა (იცინის). რომელი ჟანრის მიმდევარიც უნდა იყო ადამიანი, აღიარება მაინც უნდა შეგეძლოს, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული და დიდია! ასევეა, "ნირვანა", მაგრამ მოგეხსენებათ, კურტ კობეინი დიდი ხანია აღარ არის ცოცხალი...

- დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით დამწყებ ბაიკერებს, ასევე მათ, ვისაც მოტოციკლის შეძენა სურს და ჯერ ვერ გადაუწყვეტია? ბაიკის მართვისას, სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო, თანაც, ხარისხიანი, რომ ბაიკერი მაქსიმალურად იყოს დაცული. ეს კი ცხადია, იაფი არ ღირს, მაგრამ აუცილებელია. ზოგი ცდილობს თანხის დაზოგვის მიზნით, შედარებით დაბალფასიანი სამოსი და ჩაფხუტი შეიძინოს, რომელიც რთულ შემთხვევებში სათანადოდ ვერ იცავს...

- პირველ რიგში, ჯობია, გასაკეთებელი ბაიკი არ შეიძინონ, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე; ეკიპირების გარეშე არ დასხდნენ; ახალგაზრდები, პირველსავე ჯერზე, მაღალკუბიან ბაიკს ნუ იყიდიან, ჯობია, დაბალი კუბატურით დაიწყონ და ნელ-ნელა გაზარდონ, საკუთარი და სხვისი უსაფრთხოებისთვის. ბაიკერი ისეთივე მონაწილეა ავტომოძრაობისა, როგორც ნებისმიერი სხვა, ვინც საჭესთან ზის. მთავარია, სამოქალაქო ბაიკერები ვიყოთ, სპორტი მე ვიცი ტრეკზე ან რაიმე შეჯიბრებაზე და ქალაქის ქუჩები ამისთვის არ გამოდგება. აღჭურვილობის გარეშე არ შეიძლება მოძრაობა, ყოველთვის მიკეთია ჩაფხუტი, ხელთათმანი, მაცვია ქურთუკი, თერმოსამოსი, რომ სიცივეში არ გავიყინო და ა.შ. როდესაც ჩაფხუტზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, მის ხარისხს ყველაზე მეტი ყურადღება მივაქციოთ, ამით პირველ რიგში, საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, ამავდროულად, სხვისაზე. ფორმალობისთვის არ უნდა გვეხუროს. რაც შეეხება უსაფრთხოების წესების დაცვას, ეს ჩვენც ისევე მოგვეთხოვება, როგორც ავტომობილის მძღოლებს. ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ.

თამთა დადეშელი