ორი განსხვავებული მსახიობისა და პიროვნების ჰარმონიული სიყვარულის ისტორია
font-large font-small
ორი განსხვავებული მსახიობისა და პიროვნების ჰარმონიული სიყვარულის ისტორია
"არსებობს საინტერესო როლები, მაგრამ საოცნებო როლი არასოდეს მქონია"

"ყველაზე ხშირი კომპლიმენტი, რომელსაც ცხოვრებაში ვიღებ, ანას უკავშირდება - სულ მას მიქებენ", - ღიმილით მითხრა მიხეილ თუმანიშვილისა და ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრების მსახიობმა ცოტნე მეტონიძემ მეუღლის შესახებ, რომელიც ასევე თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. "ერთმანეთისგან ყველა თვალსაზრისით, აბსოლუტურად განვსხვავდებით, მაგრამ ამგვარი სულიერი მოკავშირე არ არსებობს, ასეთი ერთობის შეგრძნება არავის მიმართ მქონია. საოცარია ისიც, რომ ამ განსხვავებულობის მიუხედავად, კონფლიქტებიც არ არსებობს. ალბათ ესაა სიყვარული", - სიტყვა ჩამოართვა მეუღლეს ანამ.


ანა:
- ერთმანეთი თეატრში გავიცანით. გოგი ქავთარაძის სპექტაკლში პარტნიორები ვიყავით. მოგვიანებით, ჩვენი გზები ნუგზარ ბაგრატიონის დადგმულ "დარისპანის გასაჭირში" გადაიკვეთა, სადაც უფრო ახლო პარტნიორობა მოგვიხდა. ერთად მეტ დროს ვატარებდით, თუმცა, ჯერ კიდევ მეგობრები ვიყავით.
- ფაქტია, ნუგზარ ბაგრატიონის ფავორიტი მსახიობი ხართ: მისი რეჟისორობით დადგმულ არაერთ სპექტაკლში თამაშობთ.
- ასე გამოვიდა. ბოლო პერიოდში რა სპექტაკლებიც დადგა, მონაწილეობა მივიღე. ამისთვის მადლიერი ვარ. ბევრი ვისწავლე. მასთან მუშაობის გამოცდილება სხვა პროექტებშიც ძალიან დამეხმარა.
- ორი მსახიობის თანაცხოვრებას ალბათ, სიმარტივესთან ერთად, სირთულეც ახლავს...
- სიმარტივე ის გახლავთ, რომ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის. რაც შეეხება სირთულეს, ეს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ჩვენი განსხვავებული დამოკიდებულებაა. პროფესიული კამათი ხშირად გვაქვს.
- ერთმანეთის შენიშვნებს ითვალისწინებთ?
- მისი აზრი მნიშვნელოვანია, გამითვალისწინებია და ამით ბევრჯერ მომიგია კიდეც, თუმცა, არის რაღაცები, რასაც არ ვითვალისწინებ, რადგან კატეგორიულად არ ვეთანხმები.
ცოტნე:
- მსახიობებს არცთუ იშვიათად გვაქვს დეპრესიული განწყობა. დიდი შვებაა, როცა ამ დროს არსებობს ადამიანი, რომელიც ზოგჯერ რეჟისორზე მეტად შენიანია და რაღაცებს გირჩევს. გაგვიმართლა, რომ საერთო თეატრი გვაქვს და სპექტაკლზე მუშაობაც, უმეტესად, ერთად გვიხდება. თუმცა, მუშაობისას არასოდეს ვართ ცოლ-ქმარი.
GzaPress
- ანა, თქვენ ფილმში თამარ მეფის როლზე დაგამტკიცეს. როგორი განცდა იყო, როცა შეიტყვეთ, რომ რეჟისორმა როლისთვის სწორედ თქვენ შეგარჩიათ?
- ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა ამ პროექტისა და მასში ჩემი მონაწილეობის შესახებ. თუმცა, რეჟისორის ხედვა იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რწმენა მეც გადმომედო და შემოთავაზებას დავთანხმდი. საბოლოო მასალა არ მინახავს. საერთოდ, იშვიათად ვუყურებ საკუთარ ნამუშევარს, რადგან საშინლად არ მომწონს საკუთარი თავი. როცა თამაშობ, ის იმწუთასაა ცოცხალი, გარკვეული დროის შემდეგ კი იმ ამოცანასა და მისი შესრულების ხერხებს სხვაგვარად ხედავ. ეს შიშია ჩემი სისუსტე. მეგობრებმა მითხრეს, რომ ფილმი საინტერესო გამოვიდა. იყო შენიშვნებიც და ქებაც. ფილმი სპეციალურად სკოლებში საჩვენებლად გადაიღეს. მიზანი ბავშვებისთვის ისტორიის მიმართ ინტერესის გაღვივება იყო.
- როგორი დედა ხართ?
- ერთადერთი, ვინც "მერევა", ჩემი შვილია. საინტერესო, პრინციპული გოგონაა. რთულად შესაღწევი სამყარო აქვს. პროფესიად სამედიცინო მიმართულება აირჩია. ვფიქრობ, აქვს რესურსი, პროფესიაში მნიშვნელოვანი იყოს.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
ცოტნე:
- მე დიეტაზე ვარ (იცინის). თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მხოლოდ შუალედი რეპეტიციებს შორის.
ანა:
- გაგიკვირდებათ და თავისუფალ დროსაც თეატრში დავდივართ. ყოველთვის მაინტერესებს, რა ხდება სხვა თეატრებში, რა მასალაზე და როგორ მუშაობენ. დედა მსახიობია და ბავშვობაში ხშირად ვიყავი თეატრში. მახსოვს ფარდის აწევის საოცარი მოლოდინი. განცდა მქონდა, რომ ამის შემდეგ ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდებოდი და ეს ბავშვობის ემოცია დღემდე მომყვება. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ხან კმაყოფილი ვარ, ხანაც - იმედგაცრუებული, თუმცა მისვლა არასოდეს მინანია, რადგან არ არსებობს სპექტაკლი, საიდანაც თუნდაც უმცირეს პროფესიულ მარცვალს ჩემს პატარა "ხურჯინში" არ შევინახავ.
- მსახიობი როგორ გახდით?
ცოტნე:
- ბავშვობიდან მსახიობობა მინდოდა. მახსოვს, როცა სპექტაკლის დაწყებისას ფარდა გაიხსნებოდა, სულ მეგონა, რომ სცენაზე უნდა ავსულიყავი. რატომღაც, თეატრში ფარდას ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. წარმოიდგინეთ, დღეს ორი სახელმწიფო თეატრის მსახიობი ვარ და არც ერთს ფარდა არ აქვს (იცინის).
ანა:
- მოზარდობის პერიოდში მთელი გულითა და გრძნობით მუსიკაზე, ფორტეპიანოზე ვფიქრობდი. გარშემო ყველა დარწმუნებული იყო, რომ სწავლას კონსერვატორიაში გავაგრძელებდი. მახსოვს, როგორ ვთამაშობდი საკუთარ თავზე სხვადასხვა განწყობის გამოსაწვევად. ვთხზავდი ამბავს, რომელიც დამასევდიანებდა, განმაცვიფრებდა ან გამახარებდა და განწყობების ეს ცვალებადობა მიზიდავდა. თითქოს გარემომაც იმოქმედა, მეგობრების მოლოდინიც იყო, რომ მსახიობი გავხდებოდი. ალბათ იმიტომ, რომ ვმღეროდი, ვუკრავდი, ამბებს საინტერესოდ ვუყვებოდი და რაც მთავარია, ძალიან ხშირად ვიყავი თეატრში. დედა პროფესიით მსახიობი იყო, მაგრამ შვილების გამო არ მუშაობდა. ალბათ დანაკლისის შესავსებად, მონოსპექტაკლებს სახლში დგამდა. ხან უცნაურად ჩაცმული გამოვიდოდა, ხან ტრაგიკულ სცენას გაითამაშებდა. მაყურებელი მე და ჩემი ძმა ვიყავით.
- ახლა როგორ აფასებს თქვენს გადაწყვეტილებას?
- ამბობს ხოლმე, - როცა შენ გიკრავენ ტაშს, მგონია, იმ ოვაციის ნაწილი ჩემიაო. მამას არ სურდა ჩემი არტისტობა. უნდოდა, პიანისტი გამოვსულიყავი, მაგრამ ახლა კარგად ესმის ჩემი.
- მამა, შალვა მატუაშვილი ცნობილი მხატვარია.
- დიახ, მას თავისი სათუთი სამყარო აქვს, რომლის აღქმასაც, სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ ვახერხებთ. ხშირად მასთან საუბრის შემდეგ მიმიღია გადაწყვეტილება, ამერჩია თუ არა გასავლელად ესა თუ ის კონკრეტული გზა.
GzaPress
- საოცნებო როლი თუ გაქვთ?
ცოტნე:
- არსებობს საინტერესო როლები, მაგრამ საოცნებო როლი არასოდეს მქონია. არც მთავარ როლებზე მაქვს განსაკუთრებული მოთხოვნილება. ვფიქრობ, როლი პროფესიონალიზმიდან, ტიპაჟიდან, ემოციებიდან, ბუნებიდან გამომდინარე უნდა მოირგო. მაქვს ახალი როლების შიში. რაც უფრო მეტ გამოცდილებას და მაყურებლის ნდობას იღებ, იძაბები, რომ შემდეგი როლით მაყურებელს იმედი არ გაუცრუო, მიღწეულმა შედეგმა დაბლა არ დაიწიოს. მოგეხსენებათ, დღეს ძალიან ადვილია, ბოლომდე გაგწირონ ადამიანებმა. ისევე, როგორც სულ მთლად უმიზეზოდ - გვირგვინით შეგამკონ, დაუმსახურებლად ვარსკვლავად გაქციონ. საოცნებო როლია, როცა გრძნობ, რომ პერსონაჟი მაყურებელმა შეიყვარა, რომ მაყურებელი შენთანაა, მოგყვება.
ანა:
- უნივერსიტეტში სწავლისას ჩემი ფავორიტი ნინო კასრაძე იყო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ნახვამ ლედი მაკბეტის როლში, რობერტ სტურუას სპექტაკლში - "მაკბეტი". სულ მინდოდა, ჩემთვის ვინმეს იგივე როლი შემოეთავაზებინა. როცა რეჟისორი როლს მთავაზობს, თავდაპირველად ეს სასიხარულოა. გიხარია, რომ დასჭირდი, მაგრამ შემდეგ იწყება მღელვარება, რატომ დამინახა ამ როლში, როგორი დამინახა?.. ბევრი კითხვა ჩნდება და იბნევი. მაგრამ ჩვენს პროფესიაში ყველაფერი არაჩვეულებრივადაა დალაგებული. ამ დაბნეულობის პერიოდში სამაგიდო მუშაობა მიმდინარეობს, როცა უკვე საკუთარი თავის რწმენა გიჩნდება, ნაფიქრი სცენაზე გადაგაქვს. ხოლო როცა გრძნობ, რომ სწორი მიმართულებით მიდიხარ, რომ არ ატყუებ საკუთარ თავს და შესაბამისად, მაყურებელს, უკვე მობილიზებული და კონცენტრირებული ხარ, - სწორედ ეს არის საოცნებო მომენტი ნებისმიერი როლის შესრულებისას და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რა როლია.
- რამდენად მნიშვნელოვანია მსახიობისთვის, პიროვნული ურთიერთობების ხელოვნებაში ერკვეოდეს?
- მნიშვნელოვანია, თუმცა, ძალიან რთულია, ისეთი სამოქმედო ფორმულა შეიმუშაო, რომ არაფერი გეტკინოს ან არავის ატკინო: ბევრი რამ გწყინს, გთრგუნავს. ბევრჯერ მტკენია გული. მიფიქრია, რომ დავიჩაგრე... ვფიქრობ, გულწრფელობა ყოველთვის ყველაფრის გასაღებია. შესაძლოა ზოგჯერ ამან გავნოს კიდეც, მაგრამ მთავარია, საკუთარ თავს არ ატყუებდე. მე ყოველთვის გულწრფელობას ვირჩევ.
ცოტნე:
- პირადი ურთიერთობები მნიშვნელოვნად განაპირობებს მსახიობის მომავალს. ამ მიზეზით ბევრი ნიჭიერი მსახიობის ცხოვრება ისე დასრულებულა, რომ საკუთარი შესაძლებლობების 10%-იც ვერ გაუხარჯავს... ჩემთვის მთავარია, ჩემი პროფესიით ვისიამოვნო, დრო მის დაუფლებას დავუთმო, ინტრიგანული სვლები კი უნიჭოების საქმე მგონია.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თაკო ჩარკვიანი მამასა და მის მეგობრებზე
როდის დაემსგავსა ნუკი კოშკელიშვილი 75 წელს გადაცილებულ ქალს?
ნინა ლორთქიფანიძის ყველაზე დიდი ოცნება
ლევან ჯავახიშვილის ცხოვრების წესად ქცეული ჰობი
ვის ამხნევებდა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ემოციური ლალი ბადურაშვილი
"...სიბნელეში ვიწექი, საკვებს არ ვიღებდი, სულ მის საფლავზე დავდიოდი"
"ახლა ამ დიპლომს მშობლები ინახავენ და ამაყობენ"
"ბნელი" ადამიანი უნდა ვიყო, რომ მისი შენიშვნები ვერ გავიგო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი