ნუკა მარგველაშვილი რთულ პერიოდებზე, იღბალსა და "თათებზე" დაცემაზე - გზაპრესი

ნუკა მარგველაშვილი რთულ პერიოდებზე, იღბალსა და "თათებზე" დაცემაზე

"გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი. მას შეუძლია იყოს ულმობელი, საშიში, სასტიკი, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. მოწინააღმდეგეს ისეთ დარტყმას აყენებს, საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ ნუკა მარგველაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით მეტ-ნაკლებად დაინტერესებული ვარ. წლების წინ პირადი ჰოროსკოპიც შევადგინე, მაგრამ შემდეგ აღარ მიხელმძღვანელია.

- "მას შეუძლია იყოს ულმობელი, საშიში, სასტიკი, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".

- ეს თვისებები ჩემს ხასიათში არის, მაგრამ ულმობელი და სასტიკი იშვიათად ვხდები, უმეტესად მაშინ, როცა უსამართლობას ვაწყდები. ამ დროს ჩემი ემოცია დაუფარავად შემიძლია გამოვხატო, ვერაფრით დავმალავ, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტური არ ვარ.

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს. მათ მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ".

- არ ვიცი, ეს ჩემთვის არასდროს უთქვამთ.

- "საკუთარ ემოციებს იმდენად ფლობს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ".

- ემოციების მართვა შემიძლია, ამას ჩემი საქმიანობაც მოითხოვს, მაგრამ ეს ნერვების ფასად მიჯდება.

- "ვერ იტანს ტყუილს, მლიქვნელობას".

- ამ შემთხვევებში საშიში და ულმობელი ვხდები.

- "მას მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს, მაგრამ მტერიც პატივისცემით ეპყრობა".

- ვინმესგან მტრობა არც მიგრძნია. ყველას ძალიან და თანაბრად ვერ ვეყვარები, მაგრამ ვცდილობ, ადამიანებთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. რატომ უნდა მიმტრონ?.. შეიძლება ასეც არის და არ მეუბნებიან.

- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე გამოცადოს".

- ჩემს ნიშანს ეს თვისება ნამდვილად აქვს, ოღონდ - აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ხდება.

GzaPress- საკუთარი თავის დაზიანებას რა დროს იწყებ? - მაშინ, როცა სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვპოულობ; როცა ვგრძნობ, პრობლემის მოგვარების ძალა არ შემწევს. ეს ცუდი განცდაა. გადის დრო და მერე გზას აუცილებლად ვპოულობ, ყველაფერი თანდათან ლაგდება.

- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე, შეურაცხყოფა და წყენაც სულ ახსოვს".

- ნამდვილად ასეა. სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს. წყენებიც სულ მახსოვს, მაგრამ მათ ხშირად არ ვუღრმავდები, ბოღმით ვერ ვიცხოვრებ. კარგი მეხსიერება მაქვს.

- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. მოწინააღმდეგეს ისეთ დარტყმას აყენებს, საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".

- ესეც გაუცნობიერებლად ხდება. არ ვგეგმავ, მაგრამ ასე გამოდის. სამაგიეროს გადახდას არასდროს ვფიქრობ.

- შენი დარტყმები მტკივნეულია?

- მტკივნეულია, მაგრამ არასდროს არის უსამართლო.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ მორიელის დაბადებას ზოგჯერ წინ უსწრებს ოჯახის წევრის ან ახლობლის გარდაცვალება. შენს შემთხვევაშიც ასე მოხდა?

- კი, ბაბუა გარდაიცვალა. ისიც 14 ნოემბერს დაბადებული მორიელი იყო. მისი გარდაცვალება ოჯახისთვის მოულოდნელი გახლდათ.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- "ჯიუტი". ახლა ბევრი სიტყვა გამახსენდა, მაგრამ ეს თვისება ჩემში მაინც დომინანტია, დიდი დოზითაა.

- ასტროლოგები თვლიან, რომ ეს სიტყვაა "უძლეველი".

- უძლეველობაში სიჯიუტის წილი დიდია. მიზანს რომ ვისახავ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მივაღწიო.

- "მისი დათრგუნვა შეუძლებელია, ის ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის".

- ბრძოლისუნარიანობა ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებაა, თუმცა დათრგუნვილიც არაერთხელ ვყოფილვარ. ამ მდგომარეობიდან მალე გამოვდივარ.

- "ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".

- ასეა, თუმცა რჩევებს ყოველთვის ვისმენ. მირჩევნია, გადაწყვეტილების შედეგად მიღებული გამარჯვება თუ მარცხი საკუთარ თავს დავაბრალო.

- "მას სახალხოდ გრძნობების დემონსტრირება არ სჩვევია".

- დადებით ემოციებს ყოველთვის ვამჟღავნებ, ცუდი ამბის გავრცელებას კი მაქსიმალურად ვერიდები.

- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. გარშემო ისეთ პიროვნებას არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".

- ასეც უნდა იყოს. იყო პერიოდი, როცა ყველას ჩემს მეგობრად ვთვლიდი. რაც ასაკი მომემატა, გაფილტვრა თავისთავად მოხდა. ბავშვობის მეგობრები არ იცვლებიან, ამ ადამიანებს სულ სხვა ემოციები მოაქვთ. მეგობრებს სულ ვიძენ, მათ გარეშე ვერაფერი წარმომიდგენია.

- "მორიელი ქალი მომხიბლავი, თავდაჯერებული და ამაყია, მაგრამ ერთი საიდუმლო სურვილი აქვს: მამაკაცობა უფრო სურს".

- მამაკაცობა არ მინდა, მაგრამ საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას ზოგჯერ მამაკაცივით ვიღებ. ასეთი მომენტი ცხოვრებაში არაერთხელ მქონია. მაქვს განცდა, რომ თანასწორი ვარ, ბევრი რამის გაკეთება შემიძლია.

- "კარგად იცის საკუთარი თავის ფასი, არასდროს კისრისტეხით არ გაიქცევა, რომ შეყვარებულს კისერზე ჩამოეკიდოს".

- მსგავს რამეს არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ, რომ მოვკვდე, მაინც.

- ამას როგორ ხსნი? ხელს რა გიშლის?

- თავმოყვარეობა და სიამაყე. შემთხვევას გააჩნია: როცა ურთიერთობა დაძაბულია, მისკენ პირველ ნაბიჯს არასდროს გადავდგამ. თუ ყველაფერი კარგადაა, რატომაც არა?!

- "გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ - უჩვეულოდ ვნებიანი".

- ალბათ ასეა. სანამ გამიცნობენ, ჰგონიათ, ცუდი გოგო ვარ, მერე სასიამოვნოდ გაოცებული რჩებიან.

- "მორიელი ქალები "ჯადოქრები" არიან. მეექვსე გრძნობის წყალობით, თავიანთ გულის სწორს დანახვისთანავე ცნობენ".

- დანახვისთანავე შემიძლია ვთქვა, რამდენად კარგი პიროვნებაა. ინტუიცია საოცრად მაქვს განვითარებული, მაგრამ ჯერ "ჯადოქრობამდე" არ მივსულვარ.

- "საოცარი შორსმჭვრეტელობის უნარი აქვს. ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება ელის".

- იშვიათად შევმცდარვარ. ზოგჯერ ვფიქრობ, ამ ადამიანზე ეს აზრი თავში რატომ მომივიდა-მეთქი?.. გასულა მცირე დრო და გამართლებულა.

- ასტროლოგები თვლიან, რომ კურდღლის წელში დაბადებულები იღბლიანები არიან. თავად თუ თვლი თავს ასეთ ადამიანად?

- რა თქმა უნდა. სწორ დროს სწორ ადგილზე არაერთხელ მოვხვედრილვარ, ძალიან ხშირად მაქვს შემთხვევა, თავადაც ვერ ვიგებ, როგორ მიმართლებს.

- საქმეში მეტად გიმართლებს თუ პირად ცხოვრებაში?

- ორივეში.

- "თანდაყოლილი სიფრთხილე, კომფორტის დიდი სიყვარული და ფინანსური ალღო აქვს".

- კომფორტი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, არასდროს ვყოფილვარ ლაშქრობაში. ჩემთვის იქ ყოფნა, სადაც არ არის წყალი და მოწესრიგებას ვერ მოვახერხებ, წარმოუდგენელია.

- რთული პერიოდების დროს, ყოველთვის "თათებზე" ეცემი?

- ყოველთვის ასე არ ხდება. ისეთი განცდაც მქონია, დამთავრდა, ვეღარ გავუძლებ, ვეღარ გადავრჩები-მეთქი, მაგრამ შემდეგ მდგომარეობიდან გამოვსულვარ.

- მატერიალისტი ხარ?

- უფრო ვგავარ, ვიდრე ვარ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ეს თვისება არ მაქვს.

- "ელიტური ჭორების ცენტრში ყოფნა უყვარს".

- ვერ გეტყვი, რადგან ამ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ. ჩემზე ისეთი რა უნდა თქვან, რომ ცუდ ხასიათზე დამაყენონ? ალბათ ვიცინებ და ეგ იქნება. ასეთ ამბებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ვინმეს არასწორი ინფორმაცია თუ ექნება და ამაზე ილაპარაკებენ, გარშემო იმდენად მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამაზე ლაპარაკი უხერხულიც კი მგონია.

- "უყვარს სალონური საღამოების მასპინძლობა".

- ეს ჩემი საქმეა, მეორე პროფესიაა. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ საქმეს ეძღვნება.

- "ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობიც კი არის".

- ეს ძალიან მაღიზიანებს, საპირისპირო უფრო მჭირს - ასეთ ადამიანებს ვერასდროს გავუგებ.

- "იშვიათად გამოდის წონასწორობიდან, ემოციური აფეთქებები არ ახასიათებს".

- საკუთარ თავზე კონტროლს იშვიათად ვკარგავ. ეს ჩემს ხასიათში არ არის, უეცარი აფეთქებებიც არ მჩვევია.

- "ყოველთვის იცის, რა უნდა და მისთვის სასურველი რამ როგორ მოიპოვოს, თანამდებობა იქნება ეს თუ ადამიანი".

- მთავარია ვიცოდე, რა მინდა, სურვილებში ჩამოყალიბებული ვიყო, მერე ვსახავ გზას, ეს სურვილი როგორ ავისრულო. ეს ჩემი სტრატეგიაა.

თამუნა კვინიკაძე