"დიდხანს ვცდილობდი, რაღაცები არ მეთქვა..." - გზაპრესი

"დიდხანს ვცდილობდი, რაღაცები არ მეთქვა..."

წლებია, ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოს ხშირად სტუმრობს. წარმოუდგენელია, სამშობლოში მისმა ვიზიტმა ეკრანს მიღმა ჩაიაროს: ნუკი ქართული ტელეგადაცემების ხშირი და სასურველი სტუმარია... მისი პიროვნების აქტუალურობის გამო, ნუკი კოშკელიშვილს ბლიც შეკითხვები დავუსვით.

- ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდის?

- დედობა და წამყვანობა, რადგან ბევრ რაღაცას მივედ-მოვედე და მივხვდი, სხვა რაღაცები დიდად არ გამომდის.

- წამყვანობის დანაკლისს განიცდი?

- არა, არ განვიცდი. ყოველთვის მაქვს საშუალება, რაღაც საღამოები წავიყვანო.

GzaPress

- ბოლოს წაკითხული ან მოსმენილი ინფორმაცია, რომელმაც აგაღელვა... - კორონავირუსთან დაკავშირებულმა ინფორმაციებმა ყველა საშინლად აგვაღელვა. თან, მათ ვეთანხმები, ვინც ამბობს, - პანიკას არ აჰყვეთო, თან - ინტერნეტში შევდივარ თუ არა, ვირუსთან დაკავშირებულ სიახლეებს აუცილებლად ვკითხულობ. შესაბამისად, ეს არის ის, რაც მაღელვებს. როცა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება, ამის გამო სულ ვდარდობ.

- ზოგადად, პანიკიორი ხარ?

- არა, სიტუაციის მართვა შემიძლია.

- კორონავირუსთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ნორმები გააძლიერე?

- ხელებს გიჟივით ვიბან. დეზინფექტორი, "სანიტაიზერი" ყველგან თან დამაქვს. ცხოვრებაში, დღეში ამდენჯერ ხელები არ დამიბანია. დავაკვირდი - თურმე, სახესა და თმაზე ხელით შეხება როგორ მყვარებია! ვცდილობ, ამ ჩვევას ავერიდო.

- ოდესმე გრძელი ბუნებრივი თმა გქონია?

- კი, ბავშვობაში, სანამ თმის შეღებვას დავიწყებდი. 7-8 წლის ასაკს თუ არ ჩავთვლით, როცა ე.წ. კარე შევიჭერი, ყოველთვის გრძელი თმა მქონდა.

- მერე რა მოხდა?

- კარგი თმა არ მაქვს. გარდატეხის ასაკში ეს კარგად გამოჩნდა, რაშიც მეც დავეხმარე - ვიღებავდი... თან, 90-იან წლებში, თმის მოვლის კარგი საშუალებები არ იყო. თმას ტანსაცმლის უთოთი ვიუთოებდი. ალბათ, თმის ხარისხის გაფუჭებაში ამანაც დიდი წვლილი შეიტანა.

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?

- კი, როგორ არა, ძალიან ხშირად: როცა ადამიანი ცდილობ, ვიღაცას დაეხმარო, მაგრამ არ შეგიძლია.

- ბოლოს როდის და რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრე?

- რამდენიმე კვირის წინ, მეტროთი ვიმგზავრე. ნიუ-იორკში ყოველთვის მეტროთი ვმგზავრობ.

- საკვები, რომელიც შენს მაცივარში ყოველთვის არის...

- ყველი ძალიან მიყვარს და ჩემს მაცივარში ყოველთვის არის.

- გარეგნობასთან დაკავშირებული წარუმატებელი ექსპერიმენტი...

- ერთხელ თმა შავად შევიღებე. ეს ნამდვილი ფიასკო, საშინელება იყო!.. შავი საღებავი სასწრაფოდ ჩამოვირეცხე, რადგან 75 წელს გადაცილებულ ქალს ვგავდი. არადა, 17-ის ვიყავი.

- ზრდასრულობის ასაკში, რომელი საბავშვო სიმღერა ისწავლე?

- ვაიმე, ყველა საბავშვო სიმღერა ზეპირად ვიცი: "მოანა", "კოკო"...

GzaPress

- შვილის გამო? - არა. მულტფილმები მეც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - "დისნეის" მულტფილმები. ბავშვთან ერთად, მეც სიამოვნებით ვუყურებ. ისეთი კარგი სიმღერები აქვთ, რომ გინდა, არ გინდა, მაინც იზეპირებ ადამიანი. მერე ვღიღინებ ხოლმე (იღიმის).

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ამერიკაში არსებული წესის მიხედვით, ნაგავს ვანაწილებ და ისე ვყრი. ამიტომ ვფიქრობ, ეკოლოგიაში პაწაწინა წვლილი შეტანილი მაქვს, მაგრამ ამას ყველას გვაძალებენ - ნებაყოფლობითი საქციელი არ არის. ვფიქრობ, ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია, სამყაროსთვის გააკეთო, კარგი შვილის, კარგი ადამიანის გაზრდაა.

- შენთვის სამაგალითო დედა ვინ არის?

- დედაჩემი. მიმაჩნია, რომ ჩემი აღზრდისას, მან სწორი ნაბიჯები გადადგა. შეიძლება, იდეალური არ გავიზარდე, მაგრამ ეს უკვე ჩემი დანაშაულია. დედამ მაინც მოახერხა, რომ სიმკაცრე და მეგობრობა დაებალანსებინა. ახლა, როცა დედა ვარ, ვხვდები, ეს ძალზე რთულია.

- შენი თვისება, რომელიც გეამაყება...

- პირდაპირი ადამიანი რომ ვარ, ალბათ, ეგ. დიდხანს ვცდილობდი, რაღაცები არ მეთქვა. შემდეგ მოვეშვი და ყველაფერს ვამბობ. მივხვდი, ცხოვრება ბევრად მარტივია, როდესაც შეგიძლია, პირდაპირი იყო... კიდევ, პატიება მარტივად შემიძლია. გულში არაფერს ვიტოვებ. ადამიანმა ცუდი საქციელიც რომ ჩაიდინოს, მის გასამართლებლად მიზეზს ყოველთვის ვიპოვი. ვფიქრობ, ჩემი ეს თვისებაც არ არის ცუდი...

- მადლიერების განცდა ხშირად გეუფლება?

- ყოველ დილით მადლიერების განცდით ვიღვიძებ, რომ ჯანმრთელი ვარ, ჩემი ოჯახის წევრები ჯანმრთელები არიან...

- 2-3 სიტყვით, შენი და ბენის წყვილი დაახასიათე...

- საუკეთესო მეგობრები.

- მოზარდობისას ვისი ფანი იყავი?

- არავის ფანი არ ვყოფილვარ. უბრალოდ, რიკი მარტინი განსაკუთრებულად მომწონდა. ფანატიზმი არც მოზარდობისას მახასიათებდა და არც - ახლა: შეიძლება მომწონდეს, მაგრამ გაგიჟებით სიყვარული არ მჩვევია.

- კომპლექსი, რომელიც ვერ დასძლიე...

- კომპლექსების ბუდე ვარ. ყოველთვის ვცდილობ, "წინ წამოვწიო" ის, რის გამოც ვკომპლექსდები. ამით თავს ვიცავ. ჯობია, თავად ვთქვა, ვიდრე სხვა შეამჩნევს. თვითირონია ჩემთვის თავდაცვის ერთ-ერთი გზაა. ამით ცხოვრება გავიმარტივე.

- სოციალურ ქსელში ვისი ცხოვრების დეტალებს ადევნებ თვალყურს?

- ისეთი ჭორიკანა ვარ, რომ აბსოლუტურად ყველას ცხოვრება მაინტერესებს - მნიშვნელობა არა აქვს, ცნობილია თუ უცნობი... 24 საათი "ინსტაგრამზე" "ვზივარ" - ნახე, ეს როგორ გამხდარა, ამას როგორი კაბა აცვია, ის ვისთან დადის-მეთქი... ყველაფერი მაინტერესებს.

- მობილურ ტელეფონთან ახლოს გძინავს?

- კი. ყოველთვის ვშიშობ, რამე არ მოხდეს, ვინმემ არ დარეკოს, რამე სასწრაფო საქმე არ იყოს... ამიტომ ტელეფონი გვერდით მიდევს. როცა ვიღვიძებ, გამოფხიზლების ერთ-ერთი სამწუხარო გზა სოციალური ქსელია - ალბათ, ბევრი ადამიანის მსგავსად, მეც "ვსქროლავ".

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?

- რამდენიც შემიძლია: ზოგჯერ რვა საათი, ზოგჯერ - ცხრა... ძილი ძალიან მიყვარს.

- ვინმე გძულს?

- არა, საერთოდ არავინ მძულს. ჰიტლერი არ მომწონს.

- თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ფერის სამოსის ჩაცმა რომ შეგეძლოს, რომელ ფერს აირჩევდი?

- აუ, ცუდი ფერია, მაგრამ შავი ძალიან მიყვარს. "მარტივი" ფერია - ყველაფრის მოხდენა შეგიძლია. ვარდისფერი ძალიან მიყვარს, მაგრამ 1 თვე ვარდისფერ სამოსში ვერ ვივლი - საგიჟეთში დამაწვენენ.

- ქართული ანბანი უფრო მალე ისწავლე თუ გამრავლების ტაბულა?

- გამრავლების ტაბულა, დაიჯერებ? ქართული ენა გვიან ვისწავლე. შესაბამისად, ჯერ გამრავლების ტაბულა ვიცოდი, მერე - ქართული ანბანი.

- შენს სამეგობროში გოგონები ჭარბობენ თუ ბიჭები?

- გოგონები. ბიჭი მეგობრები თითქმის არ მყავს. ალბათ, გოგონებს უკეთ ვუგებ. ბიჭებთან კარგად ვერ ვჭორაობ. მე ხომ ჭორიკანა ვარ და გოგოებთან ლაპარაკი მირჩევნია.

- ცხოვრებაში შენი მთავარი ღირებულება რა არის, რაც შენს ქმედებებს განსაზღვრავს?

- ალბათ - სიკეთე. ვცდილობ, კეთილად მოვიქცე. გულში ბოროტების ჩადენის სურვილიც რომ მქონდეს, ვეცდები, ჩემს თავს ვძლიო, რადგან კარმის, ბუმერანგის პრინციპის მჯერა, რომ თუ ადამიანი ცუდს გააკეთებ, უკან დაგიბრუნდება. ამის გამო, დაშინებული ვარ. კარგად ამიტომ ვიქცევი, თორემ კარგი კი არ ვარ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი