"ჩემ გამო მთელი ოჯახი ლურსმნებს ათვალიერებდა" - გზაპრესი

"ჩემ გამო მთელი ოჯახი ლურსმნებს ათვალიერებდა"

22 წლის ნინა ლორთქიფანიძე სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" ელენეს როლს ასრულებს. მანამდე ნინამ რამდენიმე პერსონაჟის "მორგება" სცადა, თუმცა როგორც ჩანს, ყველაზე უკეთ ელენე განასახიერა, რომელიც სერიალის მაყურებლებს შორის უკვე პოპულარულია და არაერთგვაროვანი კომენტარებითაც ეხმაურებიან...

- "ჩემი ცოლის დაქალების" კასტინგის მენეჯერმა - ეკა მჟავანაძემ დამირეკა, სინჯზე მივედი და ელენეს როლზე მარტივად დამამტკიცეს. მანამდე, თუნდაც ამავე სერიალში, სინჯზე ბევრჯერ ვყოფილვარ მისული. რაღაცნაირად, ვერაფერს მოვერგე... დიდად იმედიც არ მქონდა, რომ ელენეს როლზე დამამტკიცებდნენ. ასე იმედგადაწურული კასტინგზე მივედი და გამიმართლა.

- ამ სერიალში კიდევ რომელი როლებისთვის გაიარეთ კასტინგი?

- დუდუს შვილის და სანის ყოფილი შეყვარებულის (მგონი, ერთ ეპიზოდში გამოჩნდა). კიდევ, ერთი პერსონაჟი მახსოვს, რომელიც ბანკში შედიოდა. ამ როლზე ჩემგან რადიკალურად განსხვავებული გოგო აიყვანეს - ვერც მივხვდი, იმ კასტინგზე რატომ მივედი... კიდევ ბევრი როლი იყო (არა მხოლოდ "ჩემი ცოლის დაქალებში"), რომელზეც მომსინჯეს. ახლა გამიმართლა.

- ელენეს გარდა, სერიალის სხვა პერსონაჟების როლის შემსრულებლად საკუთარ თავს თავად თუ ხედავდით?

- ბანკის ეპიზოდში, გამომწვევი გოგოს როლში საკუთარ თავს საერთოდ ვერ ვხედავდი; სანის ყოფილი შეყვარებული რომ აღმიწერეს, ველოდი - შეიძლება, როლზე დამამტკიცონ-მეთქი, მაგრამ ეს პერსონაჟი ცუდ სიტყვებს ამბობდა, რასაც არ ვემხრობი და თავადაც უკან დავიხიე, - თუ ასეთი სიტყვები უნდა ვთქვა, არ მინდა-მეთქი. ელენეს რაც შეეხება, ვიფიქრე, ამ პერსონაჟის როლს მივიღებ-მეთქი, მაგრამ არ მეგონა, თუ დამამტკიცებდნენ.

- ელენეს როლი თქვენთვის საინტერესოა?

- საკმაოდ. რომ გითხრათ, ჩემგან ძალიან განსხვავებული პერსონაჟია-მეთქი, მოგატყუებთ. გარკვეულწილად - ქცევებით, ხასიათით განვსხვავდებით.

- კონკრეტულად, ხასიათის რომელ განმასხვავებელ შტრიხებზე საუბრობთ?

- ჩემი აზრით, შეიძლება, ელენე ცოტათი თავხედიცაა, თამამიც... მე ასეთი თამამი არ ვარ. სერიალიდან ეპიზოდები რომ გავიხსენოთ, ასე მარტივად, ბოდიშის მოსახდელად ბიჭს სახლში ვერ ავადგები; თუნდაც, როცა ელენეს გამო ჩხუბი ატყდა, მას რეაქცია საერთოდ არ ჰქონია. პირადად მე, ალბათ, ასეთ სიტუაციაში დავიბნეოდი და უფრო დიდ პანიკას ავტეხდი, მაგრამ ალბათ, ჩემი პერსონაჟის საქციელსაც წინა პირობა ჰქონდა... ასევე, არის რაღაცები, რაშიც ელენეს ვეთანხმები და შესაძლოა, მის მსგავსად მოვქცეულიყავი.

- კადრს მიღმა რა ხდება, როცა თქვენ ("მამუკასთან" და "სანისთან" ერთად) სამნი გადასაღებ მოედანზე ხართ?

- ყველაზე მეტად ის დღეები გვიყვარს, როცა ჩვენ სამს გადაღება გვაქვს, რადგან ძალიან ვერთობით. "სანის" წინათაც ვიცნობდი, "მამუკა" კი ახლახან გავიცანი. სამივემ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. სულ ვხუმრობთ, მაგრამ გადაღების დაწყებამდე ნერვიულობა და ფორიაქი მეწყება, ისინი კი - მაწყნარებენ ხოლმე. მგონი, ერთად თამაში კარგად გამოგვდის.

- აქვე გვითხარით, - რეალურად, ლეკვი თომა "ვინ" არის?

- ეს ლეკვი ორ პატარა გოგონას მოჰყავს (ვინ არიან, არ ვიცი). მერე, მთელ დღეს ჩვენთან ერთად ატარებენ...

- "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენს ნამუშევარს როგორ აფასებთ?

- ვერ ვაფასებ, რადგან საკუთარ თავს ვერ ვუყურებ. ეკრანზე პირველად რომ გამოვჩნდი, ტირილი დავიწყე, ყველა მაწყნარებდა... შემდეგ, რა თქმა უნდა, ადამიანი სოციალურ ქსელში კომენტარებს კითხულობ. "რაღაცნაირმა" კომენტარებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. შემდეგ საკუთარი თავი არ მომეწონა და დიდ განცდებში ვიყავი - მგონი, ეს საქმე აღარ მინდა-მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი მალევე დამავიწყდა, რადგან გადაღების პროცესი მსიამოვნებს. ეკრანზე საკუთარ თავს ახლაც ვერ ვუყურებ - არ შემიძლია, ჩემი თავი შევაფასო, მაგრამ ხანდახან თვალს ვაპარებ (იცინის).

GzaPress

- "რაღაცნაირი" კომენტარებიო, რომ თქვით, გულისხმობთ, რომ უარყოფით კომენტარებს წერდნენ? - თავდაპირველად, როცა სერიალში გამოვჩნდი, სულ უარყოფით კომენტარებს წერდნენ. შემდეგ ხალხს ცოტათი მოვეწონე - უი, კარგი გოგოაო. მერე ისევ ცუდი კომენტარები "დაიწყო"... ჩემს პერსონაჟს ლანძღავენ და პირად შეურაცხყოფაზეც გადმოდიან. ახლა კომენტარებს ძველებურად ხშირად აღარ ვკითხულობ.

- ვირტუალური სამყაროს მიღმა, ხალხს თქვენ მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს?

- მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ, ძირითადად - 10-15 წლის ბავშვებისგან. ხშირად მაჩერებენ და ჩემთან ერთად ფოტოს იღებენ. ამ დროს ძალიან ვიძაბები. არასოდეს მეგონა, რომ ასე დამემართებოდა: გულშემატკივრებთან ერთად ფოტოს გადაღებისას, სიამოვნებაზე მეტად, დაძაბულობას ვგრძნობ... იმ ბავშვების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, ვინც სოციალურ ქსელში მწერენ, მეგობრების სიაში მამატებენ... ამის გამო, მთელი დღე ბედნიერი ვარ, ეს განწყობა მომყვება... მგონი, ეს ყველაფერი ამად ღირდა.

- პროფესიით მსახიობი ხართ?

- ჯერ - არა: თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ვსწავლობ, მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. ჯერჯერობით, საკუთარ თავს მსახიობს ვერ ვუწოდებ.

- როდის გააცნობიერეთ, რომ ამ პროფესიის დაუფლება გინდოდათ?

- ამაზე პასუხი არ მაქვს. თითქოს დაბადებიდანვე ვიცოდი, რომ მსახიობობა მსურდა, მაგრამ იმავდროულად, მინდოდა ბალერინობა, მხატვრობა, ალპინისტობა... შინაგანად სულ ვიცოდი, რომ მსახიობი ვიქნებოდი. სცენარებს ვწერდი, სამეზობლოში სპექტაკლებს ვდგამდით, კონცერტებს ვმართავდით...

- სერიალში მონაწილეობის გარდა, სამსახიობო სფეროში სხვა გამოცდილებაც გაქვთ?

- სცენაზე - მაქვს: 6 წლიდან ცეკვის სტუდიაში დავდიოდი, სადაც პატარა სპექტაკლებსაც ვდგამდით... შემდეგ, როცა პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, თუმანიშვილის თეატრში, გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ვითამაშე. მერე, მესამე კურსზე, საკურსო სპექტაკლში, გოგი მარგველაშვილის "ზაფხულის ღამის სიზმარშიც" ვმონაწილეობდი. ეკრანს რაც შეეხება, პატარ-პატარა რეკლამებში, მოკლემეტრაჟიან ფილმსა და მსგავს რაღაცებში ვმონაწილეობდი.

- თქვენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- რა თქმა უნდა - დედა და ბებია, რომლებიც სულ გვერდში მიდგანან. როცა ტელეეთერში სერიალი გადის, ბებია მირეკავს, აქეთ - დედა მაწყნარებს (იღიმის)...

- როგორ გარემოში გაიზარდეთ?

- ძალიან ცუდი ბავშვი ვიყავი - სულ რაღაცაზე ვწუწუნებდი. უცნაურობები მიზიდავდა და მინდოდა, რის გამოც დედა და ბებია სულ გაკვირვებულები იყვნენ. მაგალითად, როგორც მეუბნებიან, რატომღაც, ლურსმნების მაღაზიაში შესვლაზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა! როცა მიზეზს მეკითხებოდნენ, თურმე, ვპასუხობდი, - უბრალოდ, დავათვალიეროთ-მეთქი. მერე, მთელი ოჯახი ლურსმნებს ვათვალიერებდით (დაახლოებით 5 წლის ვიყავი)... კიდევ, ალბათ, ჩემი დიდი ბებიის (დედაჩემის ბებია) - თამარ სხირტლაძის პროფესიამაც განაპირობა, რომ მსახიობობა გადამეწყვიტა. ჩემი მონაწილეობით გადაღებული ყოველი სერიის ეთერში გასვლის შემდეგ, მასთან მივდივარ. რა თქმა უნდა, სულ შენიშვნებს მაძლევს. მეუბნება, რა უნდა გამოვასწორო... ფაქტობრივად, დედაჩემი თეატრში გაიზარდა - სპექტაკლის რეპეტიციებს ესწრებოდა. აქედან გამომდინარე, მეც სულ მესმოდა თეატრის ჯადოსნურობის შესახებ. ეტყობა, ეს ყველაფერი ჩემს გონებაში დაილექა. ბავშვობაში თეატრში მეც ძალიან ხშირად დავდიოდი (კინო ნაკლებად მიზიდავდა). სპექტაკლის დაწყებამდე, კულისებში ნამყოფი ვარ... როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა ისე გამიტაცა, რომ მსახიობობისკენ "წავედი".

- კიდევ რა გიტაცებთ?

- არ ვიცი, ამას "ხატვა" ჰქვია თუ არა, მაგრამ მიყვარს, როცა რაღაცებს ვჯღაბნი, საბოლოოდ კი რაღაც გამოვა ხოლმე... კიდევ, ცეკვა ჩემი განუყრელი ნაწილია, რომელსაც ალბათ, ვერასოდეს მოვეშვები.

- სამსახიობო სფეროში ახალბედასთვის თავის დამკვიდრება რამდენად რთულია?

- საერთოდ, ინტრიგების და მსგავსი რაღაცების გამო, ეს სფერო სამუშაოდ რთულია, რადგან საკუთარი თავის შესახებ სულ რაღაცებს იგებ, თუნდაც - თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას; რთულია, რადგან სამწუხაროდ, დღესდღეობით, ისეთი არაფერია, რომ ამ სფეროში თავი დაიმკვიდრო. ყველაზე დიდი და კარგი რაც არის, მხოლოდ ამ სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩენაა... მგონი, ნელ-ნელა კარგი ფილმების გადაღება იწყება. იმედი მაქვს, ეს სფერო განვითარდება, რადგან ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, სამშობლოში რაღაც ღირებული გავაკეთო და საქართველოდან არ წავიდე, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ უნდა წავიდე...

- თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დონეს ხშირად აკრიტიკებენ. თქვენ როგორ შეაფასებთ?

- რა თქმა უნდა, სწავლის მაქსიმალური დონე არ არის, მაგრამ არ მიყვარს, როცა ასე აკრიტიკებენ. პირველ რიგში, მგონია, რომ პრობლემა სტუდენტებშია. ცხადია, პედაგოგებიც მონდომებულები, მომთხოვნები უნდა იყვნენ, მაგრამ როდესაც სტუდენტს არაფრის ხალისი არ აქვს, ლექციაზე აგვიანებს, პედაგოგსაც ყველანაირ ხალისს უკარგავს. მგონია, რომ პირველ რიგში, პრობლემები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და რამეზე პრეტენზია მერე გვქონდეს, რადგან ალბათ, სანამ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ გააკეთებ ადამიანი, მანამდე ვერავის მოსთხოვ, რამე გაგიკეთოს... მოკლედ, თეატრალურ უნივერსიტეტში დაახლოებით ასეთი სიტუაციაა.

- თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი რა არის?

- ცხოვრებაში ბევრი მიზანი მაქვს, მაგრამ ამჟამად - ის, რაც წეღანაც ვახსენე: ვიდრე სწავლას დავასრულებ და საქართველოდან გავემგზავრები, მინდა, აქ რაღაც ისეთი გავაკეთო, რითიც ჩემს ხალხს დავამახსოვრდები და კვალს დავტოვებ. ყველაზე მეტად ეს მინდა.

ეთო ყორღანაშვილი