"კაცები მაინც პატარა ბიჭებად ვრჩებით..." - გზაპრესი

"კაცები მაინც პატარა ბიჭებად ვრჩებით..."

"მუდამ ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ უკეთესი ვიყო. მაქვს ამბიცია, ვიყო კარგი ტიპი, თუმცა, ამ ქალაქში კარგი ტიპის ცნება დაკარგულია", - აღნიშნავს მსახიობი კახა ახვლედიანი, რომელიც რუბრიკაში - "ასოციაცია" თავის ამბებს გვიყვება: რისი კოლექცია აქვს, როგორ აგონდება სკოლა და 90-იანი წლები, რას ნანობს, როდის ეწვია პირველი სიყვარული, მამაკაცები რატომ ადარებენ ქალებს კატას, რა გრძნობაა მამობა, ბედნიერება და ა.შ. სერიოზული პასუხები იუმორის თანხლებით...

კინო, ეკრანი...

- მსახიობობა ძალიან რთულია ამ ქვეყანაში. კარგი კინო ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა. აქ ბევრი მსახიობია, ზედმეტად ბევრნი ვართ და აქედან გამომდინარე, რთულია კინოში მოხვედრა. გამუდმებით ძიებაში ხარ, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინო. ეს ყველაფერი ხანდახან გღლის და თავს ანებებ, პასიური ხდები... მერე, რაღაც ძალა ისევ ტალღასავით დაგეჯახება, დგები და ისევ იწყებ ბრძოლას. ბოლო სამი წლის განმავლობაში სამ სერიალში ვითამაშე და ნორმალურ ქვეყანაში ეს საკმარისი იქნებოდა, რომ ბევრად უკეთესად ვყოფილიყავი...

პირველი შეხება კამერასთან... - პირველ კურსზე რომ ვიყავი, საქართველოში ერთ-ერთი ბანკის პირველი რეკლამა გადაიღეს. მაშინ ვნახე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგონა, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს, - მოდელი რუსკა არჯევანიძე. ჩემი პარტნიორი იყო გადაღებაზე და სამწუხაროდ, მალევე დაიღუპა...

თინეიჯერობის დროინდელი საყვარელი ადგილი გასართობად... - მე ახლაც თინეიჯერი ვარ, ხშირად დავდივარ კლუბში (იცინის). ისე კი ახლა რატომღაც გამახსენდა: ყაზბეგში ზაფხულობით ვიკრიბებოდით ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის ეზოში... ზაფხული, მთა, ფლირტი, ბავშვობა... ეეჰ...

90-იანი წლებიდან მახსოვს... - საღეჭი რეზინები - "პედრო" და "დონალდო", "პირამიდა" ჯინსები, ბენდენა, "რეიბანები", შნოწ-ინფორმერ სიმღერა, გოგოების გამომცხვარი ნამცხვარი "შუ", ჩვენი ატანილი "შნაფსი"; "რა უბნელი ხარ, ძმაო?"... "ჩვენს ქუჩაზე აფხაზეთიდან ბიჭი ჩამოასვენეს"...

სკოლაში ვერ ვსწავლობდი... - ერთ-ერთი, რასაც ყველაზე მეტად ვნანობ, ის არის, რომ სკოლაში არ ვსწავლობდი. ცუდი დრო იყო... სამაგიეროდ, ჩემი შვილი სწავლობს მაგრად და ხომ იცით, "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა" (იცინის). მხოლოდ განათლებული თაობა დააყენებს ფეხზე ამ ქვეყანას.

მასწავლებელი, რომელიც უარყოფითად დამამახსოვრდა... - რუსულის მასწავლებელი, რომელიც ჩემი დირექტორი იყო და მე-10 კლასიდან გამომაგდო სკოლიდან. მიზეზი - ირონიული დამოკიდებულება სკოლისადმი.

პირველი მაგნიტოფონი... - 90-იან წლებში მქონდა ორკასეტიანი მაგნიტოფონი. მაშინ მაგარი კასეტა თუ "გაიჩითებოდა", უბნიდან უბანში გადადიოდა გადასაწერად. მეც გოგონებს ვუწერდი კასეტებზე სიმღერებს და ამით ვამაყობდი (იცინის).

საყვარელი სათამაშო... - ჩემი მასშტაბური საკოლექციო ავტომობილების ყველა მოდელი. საკმაოდ ბევრი მოგროვდა და ყველა მიყვარს.

პირველი შეყვარებული. - საკმაოდ გვიან მეწვია სიყვარული... ძალიან ლამაზი იყო და უსაზღვროდ ნიჭიერი. ის სცენაზე იდგა, მე პარტერში ვიჯექი და უკვე მივყარდა...

ქალი ასოცირდება... - ...კატასთან. ამიტომ გვიყვარს მამაკაცებს კატა, "მიაუ" (იცინის).

იდეალური ქალის სახე... - საუკეთესო მეგობარი, რომელსაც თავს მიადებ და შინაგან კომფორტს იგრძნობ. ჩვენ, კაცები, მაინც პატარა ბიჭებად ვრჩებით...

GzaPress ყველაზე ძვირფასი, რაც ქალისთვის მიჩუქებია... - საკუთარი თავი, მაგრამ ხანდახან ისე ხდება, რომ ძვირფასი საჩუქარი უბრალოდ, აღარ გჭირდება. ეს ბუნებრივია. ცხოვრება ასეთია.

"სიყვარული ფოკუსში"... - ეს არის პირველი ფილმი, რომელშიც ვთამაშობდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პერსონაჟს, ეტლში მჯდომს... მაშინ კიდევ უფრო დავაფასე ეს ადამიანები და მივხვდი, თუ როგორი ძლიერი და შეუპოვარი ხალხია... საზოგადოებისგან მეტ ყურადღებას იმსახურებენ. ვინც მათ საჭიროებას არ ითვალისწინებს და არასწორად აპარკინგებს მანქანას, უბრალოდ, ღორია.

მსოფლიო დონის მსახიობი... - რობერტ დე ნირო. მგონია, რომ ბაბუაჩემია (იცინის)... ისე, ბევრი არტისტია, რომელიც გაგაშეშებს ეკრანთან. თუნდაც, ბოლოს, ხოაკინ ფენიქსმა რაც გააკეთა, უბრალოდ დაუჯერებელია.

ისტორიული გმირი, რომელსაც გავესაუბრებოდი... - დავით აღმაშენებელს გავესაუბრებოდი და მოვუყვებოდი ყველაფერს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში "უჯიშოებმა" დამართეს ჩვენს ქვეყანას.

ძველებური ნივთი... - ვისურვებდი მქონდეს სალვადორ დალის რომელიმე ნახატი. დიდ ოთახში დავკიდებდი, მეგობრებს შემოვიკრებდი, დიდხანს ვუყურებდით და ვისაუბრებდით ხელოვნებაზე.

ეპოქის გამორჩეული ადამიანი... - შოთა რუსთაველი. ჩემი აზრით, კოსმოსიდან ჩამოფრინდა, დაწერა "ვეფხისტყაოსანი" და გაფრინდა...

ნიღაბი... - ვინც უნდა უარყოს, მაინც ყველას გვიწევს ხანდახან სხვადასხვა ნიღბის მორგება. მთავარია, ამან ვინმეს არ ავნოს.

საოჯახო ალბომი... - ადრე სტუმრად რომ მიხვიდოდი და საოჯახო ალბომებს გათვალიერებინებდნენ, - "პიცუნდა", 1987 (იცინის)...

წინაპრების ნივთი... - ყაზბეგში, ბაბოს სახლში საუკუნის ავეჯი გვაქვს. ძველ ავეჯს თავისებური სუნი აქვს, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

გამორჩეული, ყველაზე რომანტიკული ადგილი თბილისში... - რუსთაველი. არ ვიცი, რატომ არსებობს ეს სნობური დამოკიდებულება, რომ რუსთაველზე სეირნობა გოიმობაა. ვინც ეგრე ფიქრობს, თვითონაა გოიმი.

სოფელი... - ყაზბეგი. ვიღვიძებდი თუ არა, ეგრევე ჩემი ფანჯრიდან მყინვარწვერი ჩანდა.

შიში... - გველი, მიწისძვრა, მსუქანი ობობა. თუმცა, ყველაზე მძიმე შინაგანი შიშებია, რომელთანაც გამუდმებით იბრძვი.

ვნანობ... - ...რომ ინგლისური არ ვისწავლე.

ილუზია... - პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებები.

ყველაზე ბედნიერი წამი... - როცა ჩემი შვილი მოევლინა პლანეტას... დიდი კაცი გახდება, ზუსტად ვიცი!

შვილი... - შვილი შენი გაგრძელება, შენი დარგული ხეა, რომელიც უნდა გაიფურჩქნოს, რომ სიხარული და სარგებელი მოუტანოს ხალხს.

მამობა არის...

- ...ფილმი "ჯარისკაცის მამა" არის მამობა!

ბედნიერება... - ვისთვის რა არის ბედნიერებაო, ასე იტყვიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თავს იტყუებენ. წამით, უმიზეზოდ რომ იგრძნობ თავს ბედნიერად, შენ თვითონ რომ არ იცი, რატომ, აი, ეგაა ბედნიერება. ძნელია, ეს წამი სამუდამო გახადო.

სიცოცხლე არის... - არ ვიცი, რა არის სიცოცხლე, მაგრამ ძალიან მაგარი რამეა. არ მინდა, დავბერდე. მინდა ვიცოცხლო, სანამ მომბეზრდება.

თამთა დადეშელი