"შეიძლება, ცარიელი თავი უფრო გიმარტივებდეს ცხოვრებას" - გზაპრესი

"შეიძლება, ცარიელი თავი უფრო გიმარტივებდეს ცხოვრებას"

მსახიობმა ნინო მუმლაძემ საუბრის დასასრულს მითხრა, რომ ბევრი გამონათქვამი ჩვენი რუბრიკის საშუალებით გაიგო, ბევრმა დააფიქრა კიდეც და ბევრმაც გულიანად აცინა.

- "როდესაც ირგვლივ ყველაფერი საოცარია და გაოცებას არაფერი იწვევს, ეს არის კიდეც ბავშვობა" (ანტუან დე რივაროლი).

- პირიქით, ბავშვობაში გაცილებით მეტ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაფერი და გაცილებით მეტი რამ გვაოცებს, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. ემოციურად აღვიქვამდი ბევრ რამეს, მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში კარგი არაფერი ხდებოდა. მოწესრიგებული გოგო ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, დედამ უამრავ წრეზე შემიყვანა და დროც არ მრჩებოდა ონავრობისთვის.

- "მაგალითის გარეშე ვერაფერს შეისწავლი" (კომენსკი).

- არასდროს მყოლია კერპი, ვისაც მივბაძავდი. თანაც ვფიქრობ, რომ ადამიანი მაინც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და არა სხვის მაგალითზე. ყოველ შემთხვევაში, მე საკუთარ შეცდომებზე მეტი ვისწავლე. თუ ვინმეს ჰბაძავ, მგონია, ინდივიდუალობას დაკარგავ.

- "ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან" (კონფუცი).

- ვიცი კონფუცის ეს გამონათქვამი, თუმცა, ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, ვერ დავეთანხმები. შეიძლება ბევრი ვიცანცარო უცხო გარემოშიც და სახლშიც. არიან ადამიანები, რომლებიც გარეთ ნიღაბს ირგებენ და მხიარულები არიან, თუმცა სინამდვილეში დიდ დარდს ატარებენ...

GzaPress - "მკაცრი, ულმობელი, ჭკვიანი მეგობარი არ მოგასვენებს, სანამ შეცდომას არ გამოასწორებ" (ბუალო). - ეტყობა, ჭკვიანი მეგობრები არ მყავს. ამას ხუმრობით ვამბობ, ჭკვიანები არიან, მაგრამ მკაცრები - არა. არ მიმითითებენ შეცდომებზე, მხოლოდ მაშინ მაძლევენ რჩევებს, როდესაც თვითონ ვითხოვ დახმარებას.

- "არ არსებობს უფრო მეტი სისულელე, ვიდრე სურვილი, ყოველთვის იყო ყველაზე ჭკვიანი" (ლაროშფუკო).

- ბოლო დროს ადამიანები ნაკლებად ვერევით სხვის ცხოვრებაში და ჩვენს შეცდომებზე პასუხისმგებელნიც მხოლოდ თვითონ ვართ. საერთოდ, მეზიზღება შენიშვნები. დედაჩემთან თუ მომდის კონფლიქტი, იმის გამო, რომ მომცეს საშუალება, თვითონ მივიღო გადაწყვეტილებები. დამაცადე და თვითონ მივხედავ-მეთქი ყველაფერს, ვეუბნები ხოლმე. მირჩევნია, შეცდომა გავიაზრო და თვითონვე ვაგო პასუხი. თანაც, სხვას არასდროს არ უნდა გაეჯიბრო და არ უნდა ამტკიცო, რომ ყველაზე ჭკვიანი ხარ.

- "ძალიან ცუდი და აუტანელია ის, რომ ადამიანი სალაპარაკო საგნად იქცევა ხოლმე; ის უფრო უარესია, როდესაც მასზე არავინ არაფერს ამბობს" (ოსკარ უაილდი).

- თუ საინტერესო პიროვნება ხარ, აუცილებლად იჭორავებენ შენზე და თუ არავის აინტერესებ, არც არავინ იტყვის რამეს. დაე, იჭორაონ. ჭორები და მითქმა-მოთქმა რომ მაღიზიანებდეს, ამ პროფესიაში ამდენ ხანს ვიქნებოდი? სხვისთვის შეიძლება ეს ნერვების მომშლელია, მაგრამ ჩემთვის, მსახიობისთვის - არა. როდესაც გარშემო აჟიოტაჟია, ესე იგი, აქტუალური ვარ და ამიტომ ლაპარაკობენ ბევრს, რეიტინგზე მიანიშნებს. ობიექტური ადამიანები პირში მეუბნებიან ყველაფერს, პირს უკან ვინც რამეს ამბობს, ყურადღებას არ ვაქცევ.

- "ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი" (სოლომონ დოდაშვილი).

- მართალია, ცარიელი თავი ადამიანს პრობლემებს უჩენს, თუმცა, ასეთების მოთხოვნილებები უფრო ადვილად დასაკმაყოფილებელია. შეიძლება, ცარიელი თავი უფრო გიმარტივებდეს ცხოვრებას და შესაბამისად, იოლად მიაგნო ბედნიერებასაც.

- "გიყვარდეს - ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით" (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი).

- მეც ასე მგონია. ადამიანებს თუ მხოლოდ ერთმანეთის ყურება მოსწონთ, ეს სიყვარული კი არა, უფრო ვნებაა, მაგრამ თუ ერთ აზრზე დგანან, ეს აერთიანებს მათ. როდესაც წყვილი მომავალს გეგმავს, თუ თანამოაზრეები არ არიან და ერთი მიმართულებით არ იყურებიან, მაშინ ერთად ყოფნა გაუჭირდებათ.

GzaPress - "საკუთარი თავისა და სურვილების დაძლევა ომში გამარჯვებაზე უდიდესი გამარჯვებაა" (ბუდა). - თუ პიროვნული განვითარება გინდა, კომფორტის ზონიდანაც უნდა გამოხვიდე. ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ზარმაცები ვართ და რთულად გამოვდივართ კომფორტის ზონიდან. ადამიანებს გვიჭირს რისკზე წასვლა, საკუთარი თავისთვის რაღაცების დაძალება, წვალების გარეშე კი არაფერი მოდის. სიზარმაცე ქართველების სენია. ამის დაძლევა ზოგჯერ მეც მიჭირს და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პროფესიონალები გვაკლია.

- "უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ" (ვოლტერი).

- თუ ჩემი ძმაკაცის, გიორგი გაგლოევის მაგალითზე ვიტყვით, კი, ასეა (იცინის). ეს - ხუმრობით, რა თქმა უნდა. სულით პატარა ადამიანები დაბოღმილი ადამიანები არიან, არასრულყოფილების კომპლექსი რომ აქვთ.

- "ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორიაა - მოღალატეები. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად გამეორდება - ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია" (მარკუს ავრელიუსი).

- მადლობა ღმერთს, ჩემთვის ასეთი ტკივილი არავის მოუყენებია, მაგრამ ერთხელ რომ გიღალატებს ვიღაც, კიდევ გაიმეორებს. ამიტომაც, დიდი სიფრთხილით უნდა ავარჩიოთ ადამიანები, განსაკუთრებით, პარტნიორები ბიზნესში, პოლიტიკაში: თუ წინამორბედ უფროსს უღალატა, როცა გაგიჭირდება, შენც გიღალატებს.

- "რაც საწოლში ქალებს ყველაზე მეტად უყვართ, ეს საუზმეა" (რობინ უილიამსი).

- ძალიან ცუდი, რომ საუზმე ყოფილა ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს... საუზმე შეიძლება უბრალოდ, სხვა რამის გვირგვინი იყოს (იცინის).

- "ქალი სიყვარულისგან ჭკვიანდება, მამაკაცი კი სულელდება" (ერიხ მარია რემარკი).

- სიყვარულისგან სულელდება ყველა, ქალიან-კაციანად. მეც ასე მემართება, როცა შეყვარებული ვარ. რაციონალურად ვინ აზროვნებს სიყვარულის დროს? დრო რომ გადის, მერე კი ხვდები, რა სულელიც იყავი, მაგრამ...

- "ადამიანთა უმრავლესობა ცუდია" (პრუნერი).

- ღმერთო, რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაზე, - ეს ფრაზა მახსენდება. მართლაც, ხშირად გვესმის, რომ ადამიანთა უმრავლესობა ცუდია. ჩემი აზრით, ბოროტად არავინ იბადება, ჩვენში ერთნაირადაა სიკეთეც და ბოროტებაც, უბრალოდ, არჩევანს თვითონ ვაკეთებთ. თუ რეალიზებული ხარ, გყავს კარგი ოჯახი, მეგობრები, მაშინ რამ უნდა გაგაბოროტოს? მადლობა ღმერთს, ჩემს ცხოვრებაში კარგი ადამიანები ჭარბობენ.

- "ქალი არის ქმნილება, რომელიც იცვამს, ჭორაობს და იხდის" (ვოლტერი).

- რა გითხრათ, აბა?.. ვენაცვალე კლარა ცეტკინს, ჩვენი უფლებების დასაცავად ხმა რომ ამოიღო და მამაკაცებს დაუმტკიცა, რომ სხვა ბევრი რამ შეგვიძლია. კაცები ნაკლებს ჭორაობენ, არ იცვამენ და არ იხდიან, თუ რაშია საქმე?

- "მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მკერდის ბიოლოგიური ფუნქცია კაცების გამოშტერებაა" (დეივ ბერი).

- ვერ ვიტყვი, რომ მათ გამოსაშტერებლად მკერდს ვიყენებ, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება. რაკი ასე დაწერა კაცმა, ეტყობა, მართლა ძალიან მოქმედებს ქალის მკერდი (იცინის).

- "ფული არ გაგაბედნიერებთ. მე ახლა 50 მილიონი მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორიც მაშინ, როცა 48 მილიონი მქონდა" (არნოლდ შვარცენეგერი).

- ცოტა ხანს საქართველოში უნდა ეცხოვრა თვეში 300 ლარზე და მაშინ რას იტყოდა, ნეტავ? კი ბატონო, ფულში არ არის ბედნიერება, შეიძლება 3 ლარი გედოს ჯიბეში და ბედნიერი იყო, შეიძლება მილიონი გქონდეს და მაინც ვერ პოულობდე ბედნიერებას. ამას წინათ სოციალურ ქსელში წავიკითხე: რა თქმა უნდა, ფული არ გაგაბედნიერებს, მაგრამ ჯობს, ტიროდე კაბრიოლეტში, ვიდრე ავტობუსშიო. ფული ოცნებების ახდენის საშუალებაა. ბევრი ფული რომ მქონდეს, ბევრს ვიმოგზაურებდი.

- "სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს, არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი - აღარაფერი ვიქნებოდით, ვინღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს?.. მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა" (გურამ დოჩანაშვილი).

- ძალიან მიყვარს გურამ დოჩანაშვილი და "სამოსელი პირველი". სიკვდილი არავის არ გვარჩევს, თუმცა გვაძლევს დიდ სტიმულს, ვიბრძოლოთ და შევირგოთ სიცოცხლე...

ნინო ჯავახიშვილი