"დარჩი სახლში" - შეინარჩუნე სიცოცხლე - გზაპრესი

"დარჩი სახლში" - შეინარჩუნე სიცოცხლე

"არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები, წვეულებები, მივყვეთ რეკომენდაციებს და მაშინ, დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით", - გვითხრა ამირან გამყრელიძემ, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად, თვეებია უკვე ჩვენს მოსახლეობას დეტალურად და მაქსიმალური სიზუსტით აწვდის ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ და ყველა საჭირო რჩევას დღის განმავლობაში არაერთგზის გვიმეორებს. რამდენად ვასრულებთ მედიკოსების რეკომენდაციებს და რამდენად ვიცავთ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს საშიში ინფექციის შეძენა-გავრცელებისგან, ეს უკვე ჩვენს მენტალობასა და დამჯერობაზეა დამოკიდებული. "დარჩი სახლში" კამპანიის ფარგლებში ბევრი ადამიანი მოუწოდებს გარშემო მყოფებს, ეს ერთი შეხედვით მარტივი რეკომენდაცია შეასრულონ. თუმცა, ურჩ მოქალაქეებზე ალბათ მხოლოდ სიმკაცრე გაჭრის. რამდენად იცავენ თვითიზოლაციის წესებს და სხვა რეკომენდაციებს და როგორ იქცევენ თავს კარჩაკეტილი რეჟიმისას, ამ საკითხებზე საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ.

ირინა ონაშვილი:

- ამ ეტაპზე, შიშველი ხელებით რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ გლობალური პრობლემის წინაშე, სახლში დარჩენაა! სხვას ვერაფერს ვიზამთ. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, ძალიან ვთხოვ, გაითვალისწინონ რჩევები, რეკომენდაციები, დაიცვან ჰიგიენის ელემენტარული ნორმები; შეკრებებისგან შეიკავონ თავი. განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვთხოვ, ვინც საზღვარგარეთ იყო, ასევე, რაიმე საეჭვო სიმპტომი აღენიშნება. მხოლოდ თვითიზოლაციით შევძლებთ ეს პროცესი დროში გავწელოთ და ასე თუ მოხდება, ყველა ერთად გავუძლებთ ამ კრიზისს.

- როგორ ფიქრობთ, უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამ წესებს არღვევენ, პოლიციას არ ემორჩილებიან, ავადმყოფობას მალავენ, მენტალური პრობლემაა თუ უბრალოდ, პრობლემად ვერ აღიქვამენ ამას?

- ალბათ რაღაცნაირად უცოდინარობის ამბავია და მგონი, ეგოისტობასაც აქვს ადგილი. ეს ისეთი გლობალური საკითხია, აუცილებელია, ყველამ სერიოზულად შევხედოთ. უნდა გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ისე ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს! განსაკუთრებით კი მოხუცებს, მათთვის ვირუსი ყველაზე საშიშია.

- ადამიანების უმეტესობას ამდენი ხნით სახლში გაჩერებაც უჭირს. რას ურჩევდით, რით დაკავდნენ, რომ მათთვის ერთ სივრცეში ყოფნა მოსაწყენი და გამაღიზიანებელი არ იყოს?

- ვინაიდან დაკავებულები ვართ, ბავშვებისთვის საკმარისი დრო არასდროს გვაქვს, ახლა კი მთელი დღე მათთან ერთად გვიწევს ყოფნა. მე უკვე დავგეგმე რაღაც აქტივობები, თამაშები, აკადემიურ ნაწილსაც შევეხეთ, საბას ვამეცადინებ, წიგნებს ვკითხულობთ, რაღაცებს ვაცხობთ და ა.შ. მთავარია, ყველა ჯანმრთელი იყოს, თორემ სახლში არ მოვიწყენთ. ჰაერზე გასეირნებაც შეიძლება, ოღონდ არ უნდა იყოს ეს ხალხმრავალი ადგილი.

GzaPress სალომე გოგიაშვილი: - შიშის მომენტი, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს, ოღონდ საკუთარ თავზე იმდენად არა, როგორც ოჯახის წევრებზე, ბავშვებზე, დედაჩემზე, ჩემს მეუღლეზე. მაინც ვთვლი, რომ ის ოპტიმიზმი, რაც მოსახლეობის უმეტესობას აქვს, ხუმრობენ და ამ რთულ სიტუაციაშიც დადებითს ეძებენ, კარგია. სახლში დარჩენამ მეტი სიყვარული გვასწავლა. პოზიტიურად უყურებენ ყველაფერს და მგონია, ასე უფრო მარტივად გადავლახავთ ამ პრობლემას.

- "საგარეო აქტივობების" გარეშე ყოფნა არ გიჭირთ?

- მთელი დღე დავდივარ და ვფიქრობ, რა გავაკეთო. ჭამის გარდა, არაფერზე ვფიქრობ (იცინის). პოსტიც დავწერე, ამ ვირუსმა რომც გადაიაროს, თუ ისე გავსუქდით ყველა ქალი, რომ გამოსვლას აზრი აღარ ექნება, რა უნდა ვქნათ-მეთქი (იცინის)? სხვებიც ამას წუწუნებენ, რომ სულ ჭამა უნდებათ. როგორც ჩანს, ყველა იმდენად მიეჩვია გარეთ გასვლას და აქტიურ ცხოვრებას, რომ გვიჭირს შინ გაჩერება. თუმცა, ინტერნეტი რაღაცნაირად გვეხმარება, მეგობრებს ველაპარაკებით. ესეც რომ არ იყოს, ალბათ საგიჟეთში მოვხვდებოდით (იცინის). მართლა რთულია. თუმცა, ფსიქოლოგიურად ასე ვმუშაობ ჩემს თავზე - ორ კვირაში ეს ყველაფერი უკან დარჩება-მეთქი და ასე ვიმხნევებ თავს.

რაც შეეხება ბავშვებს, უფროსები უკვე დიდები არიან, ყველაფერს თვითონ ეცნობიან და სიფრთხილეს იჩენენ, ორი პატარა კი ვერაფერს ხვდება და თავიანთი თამაშებით ერთობიან. თან გაკვირვებულები არიან, რომ დედას და მამას სულ სახლში ხედავენ. ეს უხარიათ და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

- საკვები პროდუქტები თქვენც მოიმარაგეთ?

- თავიდან მეც ვამბობდი, წავიდეთ, ვიყიდოთ-მეთქი, მაგრამ მეუღლემ მითხრა, არ შეიძლება ეგრე მოქცევა, არსებობს რაღაც წესი, კულტურაო და მართალია. ჩვენ ისედაც ყოველთვის დატვირთულები მოვდივართ მაღაზიიდან, რადგან ოჯახში ცხრა სული ვცხოვრობთ, აქედან ოთხი ბავშვია და ხომ წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის პროდუქტზეა საუბარი. ამიტომ, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ცხოვრებას.

- დამხმარე თუ გყავთ?

- დიახ, მყავს და ახლა, რადგან საგანგებო მდგომარეობაა, სულ ჩვენთან არის.

- რით გაამხნევებთ თანამოქალაქეებს?

- რაც უფრო დადებით განწყობაზე ვიქნებით, მით უფრო გაგვიადვილდება ამ ყველაფრის დაძლევა, რადგან ამაზე რთული პერიოდებიც გადაგვიტანია, რა უხარისხო პროდუქტსაც ჩვენ ვჭამთ და რა დაბინძურებულ ჰაერზეც ვცხოვრობთ, კორონა რას გვიზამს? ამიტომ, ნაკლებად ინერვიულეთ, ყველანაირ შედეგს მშვიდად შეხვდით და მგონია, ეს ყველაფერი მალე დამთავრდება.

გიორგი ონიანი, მომღერალი: GzaPress- რეკომენდაციებს, შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ. როცა საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება, დამჯერი ვხდები. ადამიანის ხასიათში, ზოგადად, სიტუაციის შესაბამისად ისეთი გრძნობები და ქცევები იღვიძებს, რომლებსაც მანამდე არ იცნობდა? დღეს "საზოგადოებრივი თვითშეგნება", "მოქალაქეობრივი ვალი", "საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა" - ეს დამახასიათებელი ნიშნები გახდა მნიშვნელოვანი. ბევრ რამეს ხომ არ ითხოვენ ჩვენგან? თითქოს უმარტივესია - დარჩი სახლში, არ გახვიდე გარეთ, ხელები ხშირად დაიბანე და ა.შ. მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმ ადამიანების თვითშეგნებაზე საუბარს მოვერიდები, ვინც კარანტინიდან გარბის ან თვითიზოლაციის წესებს შეგნებულად არღვევს. გაიძახიან - არ მჭირს არაფერი, ჯანმრთელი ვარ, აქ რა მინდა? მხოლოდ უგუნურები იქცევიან ასე. საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და სხვებსაც, მათ შორის, ოჯახის წევრებს. უბედურება ისაა, რომ ამ საშინელმა ვირუსმა არ იცის ჭკვიანი და უგუნური. როცა შეგნება მოიკოჭლებს, იქ ძალა უნდა ჩაანაცვლო - ეს მეთოდი ამ შემთხვევაშიც ეფექტურია.

სახლში გამოკეტვა, რა თქმა უნდა, იოლი არაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბინაში ცხოვრობს, თორემ ზოგს იმხელა სახლი და ეზო აქვს, ნახევარი საათი შეიძლება ისეირნოს ისე, რომ გარეთ არ გავიდეს. ეს არაა შინაპატიმრობა. როცა შენს სახლში კოტრიალზეა სამყაროს ბედი დამოკიდებული, კი უნდა დაეტიო ერთ ადგილას. ვინც არ დაემორჩილება, მოუწევს გვირაბში სეირნობა ნათელი შუქისკენ. მე და ჩემი ოჯახი (საბედნიეროდ, ოთხნი ვართ) ჯოკერს ვთამაშობთ, სანამ კარტი არ გაგვიცვდება (იცინის). შიგადაშიგ, ჭადრაკსაც ვეთამაშები ჩემს ვაჟს. ასე ერთად აქამდე ვერ ვახერხებდით ყოფნას, ახლა გადმოვალაგეთ შვილების პატარაობის ვიდეოები, ერთად ვიხსენებთ და მხიარულად ვუყურებთ. იმდენი თავისუფალი დრო გამიჩნდა, რომ რაც ორ-სამ წელიწადში ახალი ოპერების სიმღერა მიწევს, ახლა ვისწავლი, საქმეს წინ წავიგდებ. ნაგვის გადაყრის დრო რომ მოდის, ლამის ჰალსტუხით და "კოსტიუმ-შარვალით" გავიდე, ისე მომენატრა ამ "ნარიადში" გამოწკეპვა (იცინის).

პანიკა ზოგადად ძალზე ცუდია, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს, თორემ მერე პანიკის ღრუბელი ეფარება ადამიანის ტვინს და ხელს უშლის ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში. სიმშვიდე მნიშვნელოვანია და ყველა წარმატების საიდუმლოც მის შენარჩუნებაშია. "ნეტარ არიან მშვიდნი" და მართლაც ასეა. არ დამავიწყდება, როცა მიხეილ შუმახერს ჰკითხეს მისი წარმატების საიდუმლო, მან მოკლედ უპასუხა: "არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ ვუსმენ მოტორის ხმას და ვინარჩუნებ სიმშვიდეს".

ჩემი მეგობარი გერმანიაში, უჰანში ეპიდემიის გამოჩენისთანავე ჩავარდა პანიკაში და 3.500 ევროს პროდუქტი, სადეზინფექციო და დამცავი საშუალებები მოიმარაგა. მაშინ ერთი კვირა მეგობრები ამაზე ვშაყირობდით, ახლა კი ის გვამარაგებს ამ თავდაცვის საშუალებებით. მამაჩემის გამოხდილი ორნახადი ჭაჭაც გამომადგა. არ ვსვამ, მაგრამ ხელების დეზინფექციისთვის ნამდვილად კარგია - პატარა ფლაკონებში გადავასხი და ჯიბით დავატარებთ, როგორც პირადობის მოწმობას.

ნინო მუმლაძე, მსახიობი: - ზოგი უკვე პანიკაში რომ არის, სახლში ყოფნის გამო, ასე არ ვარ. ჩვენი მშობლები 90-იან წლებში, ბევრად უარეს პერიოდში გვზრდიდნენ და ახლა ჩვენ შუქით, გაზით, ტელევიზორით და ინტერნეტით სახლში ყოფნაზე ვიწუწუნოთ, უხერხულია (იცინის). ვფიქრობ, ახლა მოვიცალეთ, რომ უფრო მეტი წიგნი წავიკითხოთ, მეტი ფილმი ვნახოთ, მუსიკა მოვისმინოთ; ხატეთ, წერეთ, სიახლეებს გაეცანით, ინფორმაციები მოიძიეთ. ცუდი ისაა, რომ არ ვიცით, კონკრეტულად რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი.

რჩევებს, ცხადია, ვითვალისწინებ. სახლში 60-65 წლის ადამიანები, 92 წლის ბებო მყავს და მას რომ რამე ვირუსი მივუტანო, მძიმე გადასატანი იქნება. რჩევები ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ვინც ამას არ ასრულებს, უპასუხისმგებლოა, ყველაზე ახლობელ ადამიანებს საფრთხის წინაშე აყენებს და ასეთ დროს პოლიციის ჩართულობაც საჭიროა.

თამთა დადეშელი