სიყვარულში გადაზრდილი სიბრაზე - გზაპრესი

სიყვარულში გადაზრდილი სიბრაზე

ტელემაყურებლებს იუმორისტი ნოე ჟორჟოლიანი სხვადასხვა პროექტიდან ალბათ ახსოვთ. ახლა უკვე გადაცემის - "ღამის შოუ ნოე ჟორჟოლიანთან ერთად" - წამყვანი გახლავთ: შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე იუმორისტულ მონოლოგს კითხულობს და სტუმრებს მასპინძლობს... როგორ დაიწყო იუმორის სფეროში მუშაობა, როგორ დაოჯახდა და მართლა აქვს თუ არა ბანკში სესხი აღებული - ტელეწამყვანის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როცა "ღამის შოუს" დაწყებას აპირებდნენ, პირველივე "პილოტის" ჩაწერის შემდეგ გადაწყდა, რომ წამყვანი ვიქნებოდი.

- როგორ ფიქრობთ, რითი მოხიბლეთ შოუს წარმომადგენლები, რომ წამყვანად სწორედ თქვენ დაგამტკიცეს?

- ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს და თავს ბუნებრივად ვგრძნობდი. მოეწონათ.... ეს შეკითხვა მათ უნდა დაუსვათ. მე რომ გიპასუხოთ, საკუთარ თავზე ლაპარაკი გამომივა, რაც არ მომწონს, - საუბარი თავის ქებაში გადამივა (იცინის).

- მაშინ მოგვიყევით, აქამდე რა გზა გაიარეთ? იუმორის სფეროში პირველი ნაბიჯები როგორ გადადგით?

- 14 წლისა ქუთაისში არსებულ იუმორისტულ ჯგუფში - "პიკასოს ბიჭები" მოვხვდი. ჯერ სცენარისტი ვიყავი, შემდეგ - მსახიობი. დაახლოებით 2011 წელს ბიჭებმა დამოუკიდებელი გუნდი - "ქუთეისელები" ჩამოვაყალიბეთ. "მანსანკანს" ვთამაშობდით. საქართველოს ჩემპიონები გავხდით. მაშინ ჟიურიში ოთარ ტატიშვილი იყო. "ღამის შოუს სტუდიაში" მიმიწვიეს. კასტინგში დაახლოებით 45 კაცი მონაწილეობდა, მათგან 4-6 დავრჩით. იქიდან მოყოლებული, 5 წელი "ღამის შოუს სტუდიაში" სცენარისტად ვმუშაობდი. ასევე, "ოთარ ტატიშვილის შოუში" "შემოსვლები" მქონდა. იმავდროულად, "ღამის შოუს სტუდიას" ჰქონდა პროექტი - "რომ გადახვალ, გააჩერე", - რომელშიც სცენარისტი და მსახიობი ვიყავი. მერე სერიალში - "ჩვენი ამბავი" ქუთაისელი ბიჭის, რობერტიეს როლს ვასრულებდი. მერე ისევ "ოთარ ტატიშვილის შოუს" დავუბრუნდი. სერიალი - "შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ" - რომ იწყებოდა, სცენარისტი ვიყავი. მაშინ "იმედზე" "ილო ბეროშვილის შოუ" და პროექტი - "ერთხელ საქართველოში" იწყებოდა, რომლებსაც შალვა რამიშვილი ხელმძღვანელობდა, პროდიუსერი ზვიო (ზვიად ბლიაძე) იყო. შემომთავაზეს, მათთან სამუშაოდ გადავსულიყავი. მერე "პოსტივი" გაიხსნა, რომელიც ჯერ ინტერნეტპორტალი იყო, ახლა კი უკვე ტელევიზიაა.

GzaPress

- ამ ტიპის შოუები საქართველოში კვირაში ერთხელ გადის, თქვენ კი ყოველდღე მუშაობთ. თქვენი სამუშაო რეჟიმი როგორია? - სასწაული რეჟიმით ვმუშაობთ: დილის 10 საათიდან შეკრებას ვიწყებთ, რომ 11-ზე მუშაობა დავიწყოთ: ხომ იცით, როგორც ხდება - ერთმანეთს წინადღის ამბები უნდა გამოვკითხოთ, მიმოვიხილოთ... 5 საათისთვის უკვე გადაღება გვაქვს. სამუშაოს დასრულების ზუსტი დრო არ გვაქვს, რადგან სტუმარზე ვართ დამოკიდებული...

- გადაცემაში სტუმრების ყოველდღე მოწვევა არ გიჭირთ, თუნდაც - კორონავირუსის გამო?

- ჰო, ამ ვირუსის გამო ცოტა რთულია. ბოლო დროს რასაც უყურებთ, ჩათვალეთ, რომ გაბედული სტუმრები გვყავს, რომლებიც გამბედაობასთან ერთად, ჩვენც გვენდობიან. საერთოდ, მუშაობა რთულია: ზოგჯერ ქვეყანაში ყოველდღე იმდენი რამე არ ხდება, შოუსთვის მონოლოგი ახალ ამბებზე რომ ააგო, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, მონოლოგი 4-5 თემით "აგვიწყვია" და უფრო მრავალფეროვანი გამოსულა. სტუმარი მეტ თავისუფლებას გვაძლევს: მას ერთი კვირით ადრე ჩაწერ თუ გვიან, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მასთან დაკავშირებული გარემო დიდად არ იცვლება.

- ქართულ ტელესივრცეში, თქვენი გადაცემის ტიპის კიდევ რამდენიმე შოუ არსებობს. ღირსეულ კონკურენტად ვის მიიჩნევთ?

- ღირსეულ კონკურენტად გიორგი გაბუნია რომ არ დავასახელო, არ შემიძლია, რადგან გადაცემაზე ერთად ვმუშაობთ: ის ჩემი შოუს სცენარისტია, მე კი - მისი. ერთმანეთს ვავსებთ. საინტერესო სიტუაციაა, როცა გადაცემის სტუმრები მოდიან და ერთად გვხედავენ. რადგან "ღამის შოუ ნოე ჟორჟოლიანთან ერთად" ყოველდღიურია, ზოგჯერ, როცა მონოლოგზე ვმუშაობ, იმდენი დრო არ მაქვს, რომ სტუმართან გასაუბრება წინასწარ გავიარო. ასეთ დროს, ჩემთან შემოსვლამდე, სტუმარს სცენარი შეიძლება გიორგი გაბუნიამ გააცნოს... ასეთი იდილია გვაქვს. თუკი ვინმეს შეიძლება, ამ სფეროში წარმატება ვუსურვო და ღირსეულ კონკურენტად დავასახელო, პირველ რიგში, ეს გიორგია, რომელიც ასევე, ჩემი კარგი მეგობარია.

- თუ არის შემთხვევები, როცა ფიქრობთ, თქვენი ხუმრობა ძალიან კარგია და გიორგი გაბუნიას შოუსთვის არ გემეტებათ?

- ეგ ბუნებრივი ამბავია. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა-მეთქი, ვერ გეტყვით. ალბათ, გიორგის რომ ჰკითხოთ, ისიც ანალოგიურად გიპასუხებთ. საქმეს გულწრფელად ვემსახურებით: თუ გიორგის შოუზე ვმუშაობთ, ხუმრობა გიორგისია, თუ ჩემსაზე - ჩემი. არც მას ენანება თავისი მოფიქრებული კარგი ხუმრობები და არც - მე. ამის გამო არ ვჩხუბობთ (იცინის).

- ბანკის სესხზე ხშირად ხუმრობ. რეალურად, ეს პრობლემა გაქვთ?

- ამ თემამდეც მივედით (იცინის). ბანკის სესხს პრობლემად არ აღვიქვამ. იცი, რატომ? ზოგი ამბობს, - ბანკმა დაგვაქცია, დაგვღუპაო... თუ ზრდასრული ადამიანი რაღაცას იღებ, როგორც ბანკს აქვს პასუხისმგებლობა, ასევე - შენც: თანხას რაღაც საქმისთვის რომ გამოიყენებ, უკან დაბრუნებაც საჭიროა. უბრალოდ, ამ თემაზე ბევრს ვწუწუნებ და ვხუმრობ... საცხოვრებლად თბილისში რომ გადმოვედი, ბინა იპოთეკით შევიძინე. კიდევ 5 წელი დამრჩა, რომ გადავიხადო. მოკლედ, რაზეც ვხუმრობ, რეალური ამბავია. როცა გადახდის დღეა, ხასიათზე ვერ ვარ და ბიჭებმა (სცენარისტებმა) იფიქრეს, ჩემი უხასიათობა საქმეში აესახათ (იცინის).

- დაოჯახებული ხართ?

- დიახ, მეუღლე და 2 შვილი მყავს. უფროს ბიჭს სკოლისთვის ვამზადებთ, უმცროსი გოგონა ზაფხულში 3 წლის გახდება. მე კი ვამბობ, რომ ჩემი საქმე, სამსახური მიყვარს და ბედნიერი ვარ, მაგრამ ამის შესახებ ჩემს შვილებს რომ ჰკითხოთ, შეიძლება, საპირისპირო გიპასუხონ, რადგან მამას მხოლოდ დილით ხედავენ, როცა ბაღში მიდიან, საღამოს შინ აღარ ვხვდები; როცა შინ ვბრუნდები, უკვე სძინავთ.

- ეკრანზე გხედავენ თუ ამ დროს სძინავთ?

- მე და ჩემს მეუღლეს სურვილი გვაქვს, რომ საღამოს 9 საათზე ეძინოთ, მაგრამ არ სძინავთ (იღიმის). ჩემს ამბებში უფროსი შვილი უფრო ჩართულია. საერთოდ, ასაკით ჩემზე უფროსი მეგობრები მყავს. ჩემი ბიჭიც ჩემს მეგობრებთან უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე თანატოლებთან. ურჩევნია, სამსახურშიც წამომყვეს, იქ რაღაცები დახატოს, ჩემს მეგობრებს აჩვენოს, მათ ელაპარაკოს... ახლაც, საბავშვო ბაღებში სწავლა რომ შეჩერდა, დასავლეთ საქართველოში მივდიოდით და მეუბნებოდა, - შენთან დავრჩებიო. - რომ ვმუშაობ, მამა, რა ვქნა-მეთქი? - ვკითხე. - არაფერი; სამსახურში ბევრი ფურცელი ხომ გაქვს? 4 ცალი მომეცი, მეტი არ მინდა და იქ რაღაცებს დავხატავ, სანამ შენ იმუშავებო...

GzaPress

- თქვენი რჩეული როგორ გაიცანით? - საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ჩემპიონატი მიმდინარეობდა (ამ დროს უკვე ჩემპიონი ვიყავი და "ღამის შოუს სტუდიაში" ვმუშაობდი). დამირეკეს და სამხატვრო აკადემიის გუნდის მომზადება მთხოვეს. ადამიანებთან ლაღი ურთიერთობა მიყვარს - ამ დროს საქმის კეთებაც უფრო იოლია. სტუდენტებთანაც, "მანსანკანის" ჩემპიონატისთვის რომ ვამზადებდი, მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ერთხელ ბავშვებმა თქვეს - ქალაქგარეთ ხომ არ გავიდეთ, ერთმანეთს უკეთ გავიცნობთო. გუდალეთში წასვლა გადავწყვიტეთ. გამგზავრების დღეს, დიდუბეში შევიკრიბეთ და ვიღაცას ველოდებოდით. როცა ადამიანს 10 წუთი ელოდები, ეს კიდევ არაფერია, მაგრამ როცა ლოდინი ნახევარ საათს გადასცდება, უკვე ნერვები გეშლება. ვინ არის, ამდენი ხანი ვის ვუცდით-მეთქი? - ვიკითხე. - ჩვენი მეგობარია, კარგი ადამიანია, დაველოდოთო, - მიპასუხეს. მეც სტუმარი ვიყავი და ისე ძალიან აღარ ვბრაზობდი... ბოლოს და ბოლოს, მოვიდა გოგო. თავიდან ნერვები მომეშალა - როგორი კარგი გოგოც უნდა იყოს, ამდენი ხანი 15 ადამიანი რატომ უნდა ელოდოს-მეთქი?! მაშინ ამოვიჩემე - რაღაც ისეთი ჩავიდე გულში, რომ სიყვარულში გადაგვივიდა (იცინის). თურმე ეს ის გოგო ყოფილა, ვისაც წლები ველოდი...

- ამას რამდენ ხანში მიხვდით?

- მაშინვე, რადგან ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ როგორც კი დავინახე, ისე "დავთბი", რომ სიბრაზის გამოხატვის ნაცვლად, მისთვის კომპლიმენტების თქმა დავიწყე. ისიც სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. შემდეგ, "მანსანკანის" ფინალზე ხელი ვთხოვე.

- ნერვებს კიდევ გიშლით? იგვიანებს ხოლმე?

- არა, ჩემი მეუღლე ჩემი საუკეთესო გულშემატკივარია.

- 10 წელია, იუმორის სფეროში ხართ. დამწყებ იუმორისტებს რას ურჩევთ?

- მონდომებას. ამას მხოლოდ იუმორისტებს კი არა, ყველას ვურჩევ: ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა მიზანი უნდა ავირჩიოთ - ვინ გვინდა გავხდეთ, რა ვაკეთოთ... როცა ამას გადავწყვეტთ, მერე უკვე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიზანს მივაღწიოთ. აქვე აღვნიშნავ, რომ მონდომება, ნიჭი და შესაძლებლობა კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია ადამიანი, ვინც შენი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალებას გაძლევს. ჩემთვის ასეთი ადამიანი ჩვენი აღმასრულებელი პროდიუსერი ზვიად ბლიაძეა. 10 წელია, ტელევიზიაში ვარ, ბევრ სხვადასხვა პროექტზე, მაგრამ პირადად მე ამ კაცზე შრომისმოყვარე ადამიანი არ მინახავს. მადლობელი ვარ, რომ ჩემი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მომცა.

ეთო ყორღანაშვილი