თამარ ბუხნიკაშვილის უცნაური ფობია და საინტერესო ტანდემი ოთარ ტატიშვილთან - გზაპრესი

თამარ ბუხნიკაშვილის უცნაური ფობია და საინტერესო ტანდემი ოთარ ტატიშვილთან

სერიალში - "მისამართის გარეშე" - მსახიობ თამარ ბუხნიკაშვილის პერსონაჟი მაყურებელს ძალიან ახალისებს. როგორ შედგა მისი ტანდემი ოთარ ტატიშვილთან, პერსონაჟის მსგავსად, ჩარეულა თუ არა საკუთარი შვილის პირად ცხოვრებაში, რა უცნაური ფობია აქვს და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1972 წლის 23 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. 5 წლიდან "ვმსახიობობდი", ლექსებს ვკითხულობდი, ვცეკვავდი, წარმოდგენებს ვმართავდი. დედას ვთხოვდი, სადმე მივეყვანე, საიდანაც მსახიობი გამოვიდოდი. მერე ვოკალზეც დავდიოდი, მაგრამ დრამა მეტად მაინტერესებდა. მსახიობობის გარდა, სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ხშირად დადებითი შეფასება მესმის მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან, კოლეგებისგან... ზოგჯერ რაღაცები მავიწყდება და ამაზე ხალისობენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...აუცილებლად ისევ ამ გზას გავივლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...ის სპექტაკლები, რომლებშიც ბავშვობაში ვთამაშობდი. ამ სპექტაკლებს ჩემი კლასელები ესწრებოდნენ და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მათგან ვგრძნობდი დიდ სიყვარულს, პატივისცემას და გარკვეულწილად, მიმბაძველობასაც.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. ჩემი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ერთდროულად ძალიან ბევრ წრეზე დავდიოდი. არ ვიცი, ამას დედა როგორ ახერხებდა. ამაზე მოგვიანებით დავფიქრდი, მეტად მივხვდი, როცა თავად გავხდი დედა და გავიაზრე, ეს რამდენად რთული იყო: ჩემი შვილების სხვადასხვა წრეზე ტარება ფიზიკურად ძალიან გამიძნელდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ჩემი შვილები, ოჯახის წევრები ჯანმრთელად და კარგად არიან.

GzaPress - ყოველთვის მაქვს სურვილი... - ...დავხატო, მაგრამ ვერ იქნა და პალიტრამდე ვერ მივედი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შრომისმოყვარეობაა. - თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზედმეტად ფრთხილი ვარ. კარგი იქნებოდა, ცოტათი რისკიანი რომ ვიყო.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...პერიოდულად ვიხსენებ და ვცდილობ, აღარ გავიმეორო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ცხოვრება.

- პატიება შემიძლია...

- ...არც ისე იოლად. პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ, სხვა ადამიანის მდგომარეობაში შევიდე, გამართლება მოვუძებნო.

- თავად ადამიანებისგან პატიებას...

- ...ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვითხოვ, მაგრამ თუ დავაშავებ, ბოდიშის თქმა ჩემთვის პრობლემა საერთოდ არ არის.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...დიდი ოჯახი, მწვანე მდელო, ბუნება და ბედნიერება მესახება. თავი ბევრი შვილიშვილის გარემოცვაში წარმომიდგენია.

- ვიბნევი...

- ...ხშირად. ადამიანების ცუდი ზრახვები მაბნევს. არ მესმის მათი, ვერც ვერასდროს გავიგებ. ვერ წარმომიდგენია, ადამიანი ასე რატომ უნდა ფიქრობდეს.

- ამწუთას ძალიან მინდა...

- ...არ არსებობდეს ეს ვირუსები და დაავადებები. ამ მდგომარეობამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ყველაზე მეტად მინდა, მსოფლიოში ადამიანები ჯანმრთელად იყვნენ და ყველგან მშვიდობა იყოს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მხოლოდ საკუთარ შვილებს. ჩვენ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობის ბრალია, რომ ყველა საკითხზე ერთნაირად არ ვფიქრობთ. ზოგჯერ მიჭირს დავეთანხმო, ზოგჯერ ვკამათობთ...

- მეზარება...

- ...არაფრის მიმართ სიზარმაცე ჩემს ხასიათში გამოკვეთილი არ არის.

- სიყვარული - ეს...

- ...ყველაზე დიდი და სასიამოვნო გრძნობა, ბედნიერებაა, რომელიც ცხოვრების ხალისს გაძლევს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ეს იყო აღმაფრენა, კარგი განწყობა, სულ გაბრწყინებული და კარგ ხასიათზე ვიყავი.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა სპექტაკლმა, კარგმა მუსიკამ... ახლახან ლევან წულაძის "კრეიცერის სონატა" ვნახე. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ემოცია დღემდე მომყვება. ამ სპექტაკლმა შემძრა.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების გულგრილობა, ტყუილი. ეს საერთოდ რაში სჭირდებათ, ვერ ვხვდები.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ზედმეტად ფრთხილი ხასიათია. ეს ბევრ რამეში მიშლის ხელს.

- ვამაყობ...

- ...გულწრფელობით, სხვისი სიხარულის გაზიარების უნარით, უბოროტობით...

- ბოლოს ვიტირე...

- ...გულჩვილობა ასაკთან ერთად მოდის. არ მახსოვს, ბოლოს რის გამო ვიტირე, მაგრამ არასდროს დამავიწყდება, "ჯარისკაცის მამამ" როგორ ამატირა. ეს წლების წინ იყო, ახლა კი ემოციურ ამბებსა და მელოდრამებზე გული იოლად მიჩუყდება.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მრცხვენია, მერიდება და მეშინია. მეშინია, რადგან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. "კარგი იყო, გილოცავ!" - ამის თქმაც კი საკმარისია.

GzaPress - მეშინია... - ...უცნაური ფობია მაქვს, რომელიც სრული პარადოქსია, არ ვიცი, როგორ დამემართა. ზვიგენის მეშინია. მითხრეს, შავ ზღვაში არ არსებობსო. ამავე დროს, ძალიან მიყვარს ცურვა. როცა ზღვაში შევდივარ, სულ ამ ზვიგენზე მეფიქრება. მგონია, თავს ამოყოფს. ამ შიშს რომ ავყვე, შეიძლება ზღვიდან ამოვხტე. სასაცილოა, მაგრამ აუზში ცურვის დროსაც იგივე შიში მაქვს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაბნეულობის გამო.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავი იდეალური ქალი მგონია. ვთვლი, რომ მაინც ბუნებრიობა ჯობს: რადგან ღმერთმა ასეთი შემქმნა, ასე იყო საჭირო.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...უცხო ენები. ახლა განსაკუთრებით, გერმანული ენის სწავლა მინდა, რადგან ჩემი შვილი გერმანიაში ცხოვრობს.

- ვიტყუები, როცა...

- ...ის ტყუილი სიმართლეს სჯობია, რომელიც სიკეთის მომტანი იქნება და არავითარ შემთხვევაში - ბოროტი.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ამაზე მიფიქრია. ჩემი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს უზრუნველი მომავალი ექნებოდათ.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...სინდისს, წესიერებას ვერ გადავაბიჯებ.

- მენატრება...

- ...ის პერიოდი, როცა ყველა თავს მევლებოდა, როცა დედის, მამის, ბებიის, ბაბუის მზრუნველობას ვგრძნობდი, ყველა ხელისგულზე მატარებდა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს ჩემთვის საუკეთესო "წამალი" საქმის კეთებაა. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, ბუნებაში ფეხით სიარულიც მშველის. მარტო ყოფნა მირჩევნია, მაგრამ არა - შინ ჩაკეტვა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ახლა კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებისგან დარიგება ხშირად მომისმენია. შეიძლება ითქვას, რომ იმ დარიგებებს ვითვალისწინებ. ვცდილობ, სწორად ვიცხოვრო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ამ ბოლო დროს სამყაროში ცუდი აურა ტრიალებს. ადამიანები მეტად ლმობიერნი უნდა ვიყოთ, ერთმანეთში პოზიტივს ვხედავდეთ, ერთმანეთზე ვზრუნავდეთ, ვუფრთხილდებოდეთ, შური და ბოროტება გულში არასდროს გავივლოთ. როცა რაღაც არ მოგვეწონება, "გავატაროთ" და უკეთესად თავად გავაკეთოთ!

თამუნა კვინიკაძე