"ჩემი გეგმები პანდემიამ შეცვალა" - გზაპრესი

"ჩემი გეგმები პანდემიამ შეცვალა"

"სამწუხაროდ, ყველა ჩემი სამომავლო გეგმა იტალიასა და მთელ მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ შეცვალა. თავიდან მეგონა, ერთ-ორ კვირაში ჩაივლიდა და მუშაობას ჩვეულ რიტმში გავაგრძელებდი, მაგრამ რომ მივხვდი, საქმე სერიოზულად იყო და უფრო მეტხანს მომიწევდა შინ ყოფნა, ძალიან განვიცადე..." - მითხრა 17 წლის ელენე ბუჯიაშვილმა, რომლის თვითიზოლაციაში შესრულებულ ცეკვას სოციალურ ქსელში დიდი აღფრთოვანება და უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

- ელენე, ვინ აღმოაჩინა თქვენში ბალერინა და როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

- ბავშვობაში ბალეტით კი არა, სპორტით უფრო ვიყავი გატაცებული. დავდიოდი ცურვაზე, ძალიან მიყვარდა თხილამურები, "როლიკები" და ველოსიპედი. 3 წლიდან დედამ ფიგურულ სრიალზე შემიყვანა. სპორტის ეს სახეობა დღესაც ყველაზე მეტად მიყვარს. 7 წლის ვიყავი, დედამ მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში რომ მიმიყვანა და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები ბალეტში... დედა და დეიდა პატარაობიდან გატაცებულნი იყვნენ ბალეტით. 11 წლის ასაკში, ქორეოგრაფიული სასწავლებლის 70 წლისთავის ღონისძიებაზე, ნიკა ცისკარიძესთან ერთად შეასრულეს "პა დე ტრუა" ბალეტიდან "მაკნატუნა". გარკვეული მიზეზების გამო, დედამ ვეღარ გააგრძელა საბალეტო კარიერა და თავისი დანაკლისი ამ სფეროში ჩემი ხელშეწყობით "შეივსო".

- როგორი იყო პირველი საფეხურები?

- 10 წლისამ ქორეოგრაფიული სასწავლებლის მისაღები გამოცდები ჩავაბარე. ჩემი პირველი პედაგოგი იყო ნინო მაღრაძე, რომელმაც ჩემში საბალეტო პოტენციალი დაინახა და ჩემს წარმოჩენას ყველანაირად ცდილობდა. ჩემი პედაგოგები იყვნენ ასევე, ლუბა შკუნოვა, ქეთი მოწონელიძე, ნინა დიდებულიძე და ლარისა ჩხიკვიშვილი... მოვხვდი ქალბატონ ლარისას ჯგუფში, რომელმაც უამრავი შრომა და ენერგია ჩადო ჩემს პროფესიულ განვითარებაში. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. ქალბატონი ლარისა რომ არა, დღეს სცენაზე არ ვიდგებოდი.

GzaPress

- წარმატებას პატარაობაშივე მიაღწიეთ? - პირველი წარმატება მქონდა იტალიის ქალაქ ლეჩეში გამართულ საბალეტო კონკურსზე, სადაც ხუთეულში მოვხვდი და ლევორნოში დაგეგმილ საბალეტო კონკურსში უფასოდ მონაწილეობის უფლება მოვიპოვე. მერე, რუმინეთის ქალაქ სიბიუში მესამე ადგილი დავიკავე და იტალიის საზაფხულო სკოლაში სწავლის 50%-იანი დაფინანსება მოვიპოვე. სამწუხაროდ, კორონავირუსის მიერ გამოწვეული პანდემიის გამო, ეს გეგმები ჩაიშალა.

- რომელია თქვენი საოცნებო როლები?

- ბევრი საოცნებო როლი მაქვს, მაგრამ გამოვყოფ რამდენიმე მთავარ როლს ბალეტებიდან: "ბაიადერა", "გედების ტბა", "ლაურენსია", "საგალობელი" და "მძინარე მზეთუნახავი"... დღევანდელი ბალეტის მსახიობებიდან კი გამოვყოფდი: არაჩვეულებრივ მაია მახათელს, მარია ხორევას და ელეონორა სევენარდს. ბალეტი იმდენად ლამაზი ხელოვნების დარგია, რომ მისდამი ინტერესი ყოველთვის არის და იქნება!

- სამწუხაროდ, ბალერინის კარიერა დროში შეზღუდულია. ამის თაობაზე რას იტყვით?

- მართალია, ბალერინისთვის აქტიური წლები ძალიან ცოტაა. ეს დიდი ფიზიკური დატვირთვებითაა გამოწვეული. მაგრამ ამაზე ახლა ნაკლებად ვფიქრობ, ვინაიდან ყველაფერი ჯერჯერობით წინ მაქვს.

- რაიმე ჰობი თუ გაქვთ?

- ძალიან მიყვარს ხატვა, მეგობრებთან ურთიერთობა და მოგზაურობა.

GzaPress

- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე და სამომავლო გეგმები? - კვირაში ექვსი დღე დაკავებული ვარ: ვსწავლობ, შაბათის ჩათვლით... სასწავლებელი და სკოლა გაერთიანებულია. ვარჯიში გვეწყება დილის 9 საათზე, შემდეგ - გაკვეთილები და რეპეტიციები. რა თქმა უნდა, კონცერტის წინა პერიოდში უფრო დატვირთულები ვართ. სამომავლო გეგმებში ჯერ კიდევ შედის გამოსაშვები კონცერტი და იმედს ვიტოვებ, ეს კონცერტი ახლო მომავალში გაიმართება. შემდგომ, მინდა ცეკვა გავაგრძელო ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში - ჩვენს დასში საქმიანობა ძალიან დიდი გამოცდილება იქნება... სამწუხაროდ, ყველა ჩემი უახლოესი გეგმა იტალიასა და მთელ მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ შეცვალა... სკოლას ვამთავრებ და ბოლოს, შემაჯამებელი გამოსაშვები კონცერტი უნდა გვქონოდა... გადავწყვიტე, თავი ხელში ამეყვანა და შინ მემუშავა. სწორედ ამას მოჰყვა ეს ვიდეო. საერთოდ, მიყვარს რეპეტიციების გადაღება, რადგან მისი ყურებისას უკეთ ვხედავ ჩემს შეცდომებს. ეს ვიდეო დავდე სოციალურ ქსელში, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

მიხარია, თუ ამ ვიდეოთი ვინმეს დადებითი ემოციები მოვუტანე. ახლა უფრო დიდი შემართებით გავაგრძელებ მუშაობას!

მანანა გაბრიჭიძე