"ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ამავდროულად ჩემი სიძლიერეა" - გზაპრესი

"ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ამავდროულად ჩემი სიძლიერეა"

"ამ წუთში ძალიან მინდა, უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობდეთ, არ არსებობდეს ვირუსი, რომელიც ყველას ასე ძალიან გვაღელვებს", - ამბობს თაკო ტაბატაძე. რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, რის გამოსწორებას ისურვებდა, რას არ გააკეთებს არასდროს არანაირი თანხის სანაცვლოდ და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1991 წლის 4 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. სკოლის კონცერტებსა და სპექტაკლებში ხშირად ვმონაწილეობდი. ბავშვობაში, ყოველ ახალ წელს ჩვენი დიდი ოჯახი, ბებიასა და ბაბუასთან ერთად ვხვდებოდით. სანათესავოში ყველაზე პატარა ვიყავი, მანებივრებდნენ. ტრადიცია გვქონდა, ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე საათით ადრე, წარმოდგენა უნდა გამემართა. შეიძლება ითქვას, ერთი მსახიობის თეატრი მქონდა (იცინის).

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვწითლდები, როცა მრცხვენია.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...სამსახიობო ოსტატობას მეტ დროს დავუთმობდი, რაც ასე ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...კავკასიის უნივერსიტეტში ჩაბარება, ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც ჩემს ცხოვრებაში საეტაპო მნიშვნელობის იყო, პატარ-პატარა წარმატებები მანამდეც მქონდა, სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა პროექტში ხშირად ვიმარჯვებდი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ჩემს მშობლებს. შვილები უდიდესი სიყვარულით გაგვზარდეს და მთელი რესურსი ჩვენს აღზრდასა და განვითარებაში ჩადეს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი, საოცარი შვილები და ერთგული მეგობრები.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...…

- ...ახლის შეცნობის, პროფესიული და შემოქმედებითი ზრდის.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს სამართლიანობა და გამბედაობაა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზედმეტად ემოციური ვარ, იმ საკითხებშიც კი, რომელიც თავისით გვარდება.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლო (იცინის).

GzaPress - პატიება შემიძლია, თუ... - ...ადამიანი აცნობიერებს თავის დანაშაულს და ჩადენილ საქციელს გულწრფელად ნანობს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მაბედნიერებს ჩემი შვილების წარმოდგენა. მაინტერესებს, როგორები იქნებიან და რა საქმიანობით დაკავდებიან.

- ვიბნევი...

- ...როცა მაქებენ.

- ვნანობ...…

- ...რომ სამსახიობო მიმართულებით განვითარების შესაძლებლობებს აქამდე არ ვიყენებდი. ახლა ამ საქმის შესწავლით აქტიურად ვარ დაკავებული. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, ვგეგმავ ამ მიმართულებით აკადემიური განათლება მივიღო.

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...ვცხოვრობდეთ უსაფრთხო გარემოში, არ არსებობდეს ვირუსი, რომელიც ყველას ასე ძალიან გვაღელვებს.

- ჩემი ჰობია...

- ...სპორტი. სპორტული შეჯიბრებებისთვის თვალყურის დევნება მიყვარს. მომწონს ფეხბურთი, კალათბურთი და როცა დრო მაქვს, სპორტული აქტივობებით თავადაც ვარ დაკავებული, დავდივარ დარბაზში, ძალიან მიყვარს ცურვა, კლდეზე ცოცვა და ა.შ.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...უსამართლობას და ცილისწამებას, თუმცა ბუნებით მშვიდი ვარ და ეს იშვიათად ხდება.

- მეზარება...

- ...დილით ძალიან ადრე ადგომა, მაგრამ მიწევს.

- სიყვარული ეს...

- მამოძრავებელი ძალაა, რომლის გარეშეც ვერ ვიარსებებთ. საოცარ მწერალს, ოტია იოსელიანს რომ დავესესხოთ, სიყვარული დიდი ტვირთიცაა, რომელსაც სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...ოჯახი შევქმენი და მას შემდეგ შეყვარებული ვარ.

- მიკვირს...

- ...როცა ამბობენ, სიყვარულს დრო აფერმკრთალებსო. სიყვარული წლებთან ერთად იზრდება, შესაძლოა, ტრანსფორმაცია განიცადოს, მაგრამ არსად ქრება.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემი შვილების მოღიმარმა სახემ, მათმა სახალისო გამონათქვამებმა, რომლითაც ყოველდღე მამხიარულებენ.

- ვრისკავ...

- ...ძირითადად მაშინ, როცა ვგრძნობ, წარმატების მიღწევის შანსი დიდია, რისკით მიღებული შედეგი შესაძლო ზიანს, გაცილებით აღემატება.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ამავდროულად ჩემი სიძლიერეა, ჩემს შვილებს ვგულისხმობ.

- ვამაყობ...

- ...რომ ვარ ოთხი არაჩვეულებრივი ადამიანის დედა.

- ბოლოს ვიტირე...…

- ...როდესაც უდიდესი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის და მისი ქალიშვილის გარდაცვალების ამბავი გავიგე.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...უხერხულობის განცდა მაქვს, თუმცა დადებითი შეფასებების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა.

- შიში მაქვს...

- ...საყვარელი ადამიანების გამო, მინდა სულ ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ.

- ვმალავ...

- ...ემოციებს, როცა მეშინია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ცოტა მძინავს, მაგრამ ოჯახის საქმეების, სწავლის და პროფესიული საქმიანობის შეთავსება სხვაგვარად შეუძლებელია.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…

- ...არაფერს, რადგან ვფიქრობ, ჩემი ინდივიდუალიზმი დაიკარგება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გარეგნობაში ყველაფერი მომწონს, უბრალოდ ვიღებ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ვარ, მადლიერი გახლავართ.

- ვუფრთხილდები...

- ...ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის ძვირფასები არიან. ვუფრთხილდები გარემოს, რომლის მიმართ პასუხისმგებლობას მშობლები ბავშვობიდანვე მინერგავდნენ. იმ პერიოდში, როცა ქალაქში ნაგვის ურნები არ არსებობდა, კანფეტის ქაღალდები მთელი დღე ჯიბით დამქონდა, სანამ სახლამდე მივიდოდი.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ბილიარდის თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ბილიარდის მაგიდა აგარაკზე გვაქვს. როგორც ჩანს, სათანადო ინტერესი არ მაქვს.

- ვიტყუები, როცა...

- ...გამოცდის წინ გათენებული ღამის შემდეგ ვამბობ, კარგად ვარ (იცინის).

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...როცა ვაგვიანებ, რაც არაოფიციალურ შეხვედრებზე სამწუხაროდ, ხშირად ხდება.

- თავისუფლება არის...

- ...შინაგანი მდგომარეობა, როცა ადამიანი არჩევანს ზეგავლენის გარეშე აკეთებს.

- ინტუიცია...

- ...მეხმარება ადამიანების ამოცნობაში.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვმეცადინეობ, ვკითხულობ - ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სახლში სიჩუმეა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ვეცდებოდი, მნიშვნელოვანი ნაწილი სასარგებლო და საინტერესო აქტივობებში დამეხარჯა. ძალიან მდიდარი და ბედნიერი ადამიანი იშვიათად მინახავს.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ჩემი ეთიკური, მორალური და პროფესიული პრინციპების წინააღმდეგ ვერ წავალ.

- მენატრება...

- ...ბებია და ბაბუა; ის დრო, როცა არდადეგებზე მათთან ერთად ვისვენებდი. მენატრებიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარდნენ და დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან.

- ვაგროვებ...

- ...სასიამოვნო ემოციებს; მომენტებს, რომლებიც ცხოვრებას საინტერესოს ხდიან.

- ბედისწერა...

- ...შეუცნობელია. ვფიქრობ, ბედისწერას განსაზღვრავს ის ქმედებები და არჩევანი, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ იმ ადამიანებთან ვიურთიერთო, რომლებიც მოვლენების სასიკეთოდ შესაცვლელად ძალას და ენერგიას მომცემენ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ყოველთვის ძლიერი ვიყო, რამდენჯერაც დავეცემი, იმდენჯერ წამოვდგე, სიმართლით და სიკეთით ვიცხოვრო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ჩემს პიროვნულ ზრდასა და ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა. მადლობელი ვარ მათი, ვინც მხარში მიდგას და ყველა კეთილის მსურველის, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ.

თამუნა კვინიკაძე