"ღრმად მოხუცებულიც კი, მუდამ ახლის ძიებაში იყო" - გზაპრესი

"ღრმად მოხუცებულიც კი, მუდამ ახლის ძიებაში იყო"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან ბრძოლაში ლიდერად საქართველოს ასახელებს, ქართველ ინფექციონისტებს კი საუკეთესოებად აღიარებს. ჩვენც დამსახურებულად ვანებივრებთ მათ მადლიერებით. ქართველი ინფექციონისტები ასეთ აღიარებას და დარგის განვითარებას დიდი მეცნიერის, ინფექციონისტ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელს უკავშირებენ, რომელსაც 25 მარტს 96 წელი შეუსრულდებოდა.

ბატონმა ვახტანგმა სამედიცინო საქმიანობა სამხედრო ექიმის სტატუსით დაიწყო. შემდეგ ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში ჩააბარა და სწავლის დასრულებისთანავე თბილისში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას ჩაუდგა სათავეში.

წინა საუკუნის 70-იან წლებში ქოლერის ეპიდემიის დროს, მან ინფექციის წინააღმდეგ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი. 1970-1973 წლებში რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იყო. შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, რისთვისაც საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია მიენიჭა. შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც მკვეთრად შეამცირა ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა...

შესაძლოა, ბატონ ვახტანგს, როგორც მეცნიერსა და ექიმს, ბევრი კარგად იცნობდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ჰქონდა დასრულებული და ერთხანს რეჟისორის ასისტენტადაც მუშაობდა. ასევე გახლდათ კინოს ჩინებული მცოდნე, პოეზიის მოყვარული, ზეპირად იცოდა "ვეფხისტყაოსანი" ქართულ და რუსულ ენებზე. თავადაც წერდა ლექსებს. უცხოეთში ყოფნისას მისი ლექსების მთავარი თემა მონატრებული სამშობლო იყო. აქტიურად უჭერდა მხარს 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აზვირთებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობდა. 1999 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.

მამა რაჭველი ჰყავდა, დედა - იმერელი. 1923 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში დაიბადა. "რვა თვისა ვყოფილვარ, როცა ველისციხეში გადავსულვართ საცხოვრებლად და ეკლესიაშიც მაშინ გამატარეს", - წერდა თავის მემუარებში. გიორგეთიდან რომ მოდიოდნენ, დედის ძმამ, კოტე ფოცხვერაშვილმა, სიძეს თბილისში გადასვლა შესთავაზა, - კარგ სამსახურში მოგაწყობო. მამამ უარი უთხრა - სოფელში ორმოცი ოჯახიდან განათლებული მხოლოდ მე ვარ და მეც რომ წავიდე, ბავშვებს ვინღა უპატრონებსო?! როგორც თავად ბატონი ვახტანგი ამბობს, მამამისი ოთხ წელიწადს უსასყიდლოდ ასწავლიდა სოფლის სკოლაში, თავის ყანას კი გაკვეთილების შემდეგ ამუშავებდა...

GzaPress სტუდენტობის წლები თეატრმა მერვე კლასიდან გაიტაცა. თეატრალურ ინსტიტუტში ჩარიცხვის შემდეგ, თბილისში დასთან, ნინო ბოჭორიშვილთან დასახლდა. ახალდაქვრივებული ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, შინდისის ქუჩაზე, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. თავი სტიპენდიით გაჰქონდა. სანახევროდ მშიერი იყო. შიმშილისგან დასუსტებულს, თანაჯგუფელისგან ტუბერკულოზი გადაედო. ამ ამბავს ბატონი ვახტანგი თავის მემუარებში ასე იხსენებს: "საშინელება იყო! არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. დას შვილები ჰყავდა და იმათთან ასე როგორ მივიდე-მეთქი, ვფიქრობდი. მტკვარში გადავარდნას ვაპირებდი. შემთხვევით ჩემი ორი მეგობარი შემხვდა. მათ შემაჩერეს. სწავლას თავი მივანებე და თელავში წავედი, იმან გადამარჩინა, რომ სახლში ძროხის რძე იყო"...

ვახტანგ ბოჭორიშვილმა ექიმობა გადაწყვიტა და განათლების მისაღებად ხარკოვში გაემგზავრა. სამშობლოში დაბრუნებამდე ყაზახეთში, შემდეგ კი რუსეთში მუშაობდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ხშირად ატარებდა საჯარო ლექციას. არაერთი ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ პროფესიული არჩევანი სწორედ ბატონი ვახტანგის საჯარო ლექციის მოსმენის შემდეგ გააკეთა.

ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგე, მედიცინის დოქტორი ანა ლაღიძეც ერთ-ერთი მათგანია. მასთან ერთად ბატონი ვახტანგის შესახებ საინტერესო ამბებს გვიამბობენ: ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის გამგე, ბატონი ვიტალი ხარაიშვილი, პროფესორი, ექიმი-ინფექციონისტი ელზა ვაშაკიძე და ჟურნალისტი ია ანთაძე.

ანა ლაღიძე: - ბატონი ვახტანგი ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელი იყო. ის ჩემთვის ისეთივე ძვირფასი იყო, როგორც მამა და ძმა. ფაქტობრივად, როგორც ექიმი, მისი გაზრდილი ვარ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პედიატრად დავიწყე მუშაობა. რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა მუშაობა, მეგობარმა რომ მითხრა, რუსეთიდან ახლახან ჩამოსული ინფექციონისტი, ვახტანგ ბოჭორიშვილი სტრეპტოკოკურ ინფექციაზე ლექციას კითხულობსო. საოცრება იყო! ლექციის პირველი ნაწილის მოსმენისას სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. მეორე ნაწილის დასრულებისას უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ინფექციონისტი უნდა გავმხდარიყავი. მისი ლექციები ნამდვილი ფეიერვერკი იყო. პროფესიონალიზმი, ზოგადი განათლება, იუმორი... ეს ყველაფერი განუმეორებელს ხდიდა ბატონი ვახტანგის ლექციებს. მალევე წავედი მასთან კვალიფიკაციაზე, დახელოვნების ინსტიტუტში. კათედრაზეც მასთან გავაგრძელე მუშაობა.

მხოლოდ კარგი პედაგოგი კი არა, არაჩვეულებრივი მოწაფეც იყო: ყოველთვის მადლიერებას გამოხატავდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მედიცინას აზიარა. კაბინეტში თავისი მასწავლებლის, პროფესორ ბრაუდეს, ძვირფას ჩარჩოში ჩასმული სურათი ჰქონდა კედელზე დაკიდებული. განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა როგორც კოლეგების, ასევე პაციენტების მიმართ. როდესაც მძიმე პაციენტი გვყავდა, ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო, ჩვენთან ერთად ათენებდა ღამეებს. ვიდრე პაციენტის მდგომარეობა სტაბილური არ გახდებოდა, არ ისვენებდა. ძალიან მაღალი იყო, ინფექციურში მისი შესაფერისი საწოლი არ იყო და ფეხების გასამართავად სკამს დავუდგამდით ხოლმე. პაციენტების შემოვლისას ყველას გამოგვკითხავდა აზრს, გვაგრძნობინებდა, რომ ჩვენც შეგვეძლო სწორი დიაგნოზის დასმა... სულ პატარა გოგონამ დავიწყე მასთან მუშაობა. უზარმაზარ სტიმულს, საკუთარი თავის რწმენას ის გვიმტკიცებდა, რომ მე, ახალბედა ექიმს, შემეძლო ავადმყოფისთვის, მკურნალობის პროცესში, ბატონი ვახტანგის დანიშნულება საკუთარი შეხედულებისამებრ შემეცვალა, ოღონდ შემდეგ ეს ყველაფერი უნდა ამეხსნა და დამესაბუთებინა. ძალიან უხაროდა, როდესაც ჩემს შეცვლილ დანიშნულებას სწორად ვასაბუთებდი. თავის ერთ-ერთ მონოგრაფიაში იმ საკითხზე მსჯელობს, რომელზეც განსხვავებული პოზიციები გვქონდა და აღნიშნავს, - სამწუხაროდ, ის აღმოჩნდა მართალიო. სიტყვა "სამწუხაროდ" პირობითად ჰქონდა ნახსენები, სინამდვილეში, უბედნიერესი იყო, როდესაც მისი მოწაფე ამა თუ იმ საკითხზე მასზე სწორ პოზიციას დააფიქსირებდა.

- მედიცინისთვის გარკვეულწილად, დანაკარგი ხომ არ იყო მისი პოლიტიკაში წასვლა?

- პოლიტიკაში არ წასულა, პოლიტიკაშიც იყო. ინფექციური საავადმყოფო არასდროს მიუტოვებია. მინისტრი იყო, მაგრამ როგორც კი გაიგებდა, მძიმე ავადმყოფი გვყავდა, მაშინვე ჩვენთან გაჩნდებოდა. ავადმყოფისთვის არასდროს უღალატია. დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეგვეძლო მასთან დარეკვა. საოცარი ადამიანი იყო, ყველა თვალსაზრისით - როგორც პროფესიონალი, როგორც ინტელიგენტი, როგორც ადამიანი... მედიცინა და პოეზია მისი სამყარო იყო. ამბობდა კიდეც, - ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი "ვეფხისტყაოსანი" და ინფექციური სნეულებებიაო.

GzaPress ვიტალი ხარაიშვილი: - ჩემი აზრით, ასეთი გონების ადამიანი ათასწლეულში ერთხელ იბადება. ღვთის მადლიერი ვარ, რომ ეს ადამიანი ჩემი მასწავლებელი იყო და მასთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ინფექციური დაავადებების ექიმებს შორის, მისი მოწაფეები ყოველთვის მოწინავეთა შორის ვიყავით. ჩემთვის სასწაული იყო მისი მეთოდები სეფსისის მკურნალობაში. უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. სრულიად ახალი დარგი - სეფსისოლოგია შექმნა. იმ პერიოდში ექიმთა და მეცნიერთა დიდ უმრავლესობას ბაქტერიული ინფექციები უკვე დამარცხებულად მიაჩნდა. ბატონი ვახტანგი არ იყო ვიწროდ მოაზროვნე მეცნიერი; შეეძლო, კონკრეტული ფაქტის მიღმა მთელი პრობლემა დაენახა და მომავალიც განეჭვრიტა. 30 წლით ადრე მოგვაწოდა სეფსისის დეფინიცია-განმარტება, მისი კლინიკური კლასიფიკაცია, დაასაბუთა დაავადების ადრეულ სტადიაზე სწორი მკურნალობის გადამწყვეტი მნიშვნელობა და პაციენტთა გადასარჩენად სეფსისის საწინააღმდეგო სპეციალიზებული სამსახურის შექმნის აუცილებლობა. ეს იყო "მოაზროვნე თავი", რომელიც მუდმივად საჭიროებდა ახალი ცოდნის შეძენას, განვითარებას. უკვე სახელოვანი ექიმი იყო, როდესაც ინგლისური ენა ისწავლა და ამერიკაში წავიდა, მეტი განათლება რომ მიეღო. მას ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსიც ჰქონდა!.. ახლო ურთიერთობა მქონდა მის ოჯახთან. საუკეთესო მამა და მეუღლე იყო. ამბობენ, რომ კარგი ორატორიც იყო. თქვენ უნდა გენახათ, როგორი თამადა იყო, როგორ უკრავდა პიანინოზე! ამბობენ, "ვეფხისტყაოსანი" იცოდა ზეპირადო, პუშკინიც იცოდა, ლერმონტოვიც... თავისი სიტყვა ქართულ პოლიტიკაშიც თქვა. ბევრ პოლიტიკოსზე მეტი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის.

- რომელიმე ეპიზოდს ხომ ვერ გაიხსენებთ?..

- ერთხელ ხილიანზე მივდიოდი და იქ შემხვდა. მითხრა, - ვიტალი, შენ რატომ არ მიდიხარ პოლიტიკაში? გინდა, რომ სუფთა წახვიდე ამ ქვეყნიდანო?.. ყველა სიკეთესთან ერთად, იუმორის საოცარი გრძნობაც ჰქონდა.

ელზა ვაშაკიძე: - ვახტანგ ბოჭორიშვილი ჩემი მასწავლებელი არ იყო, მაგრამ მის ლექციებზე დასწრების, შემდეგ კი მასთან მუშაობის შანსი მომეცა. როგორც საკანდიდატო, ისე სადოქტორო დისერტაციის დაცვისას, ბატონი ვახტანგი ჩემი ოპონენტი იყო. ისე მიწევდა ოპონირებას, როგორც თანასწორს. მერწმუნეთ, ასეთი რანგის მეცნიერისა და ექიმისგან ეს დიდი პატივია... არასოდეს დამავიწყდება ერთი შემთხვევა: ჰეპატიტიანი ძალიან მძიმე პაციენტი მოიყვანეს. ბატონმა ვახტანგმა დამიბარა და პაციენტის პატრონებს უთხრა, - თქვენს ავადმყოფს ელზას ვაბარებ, მან ჰეპატიტები ჩემზე უკეთ იცისო... საბედნიეროდ, ის პაციენტი განიკურნა და მიმაჩნია, რომ ამაში გადამწყვეტი როლი ნამდვილად შეასრულა იმ ნდობამ, რომელიც ბატონმა ვახტანგმა ჩემ მიმართ გამოიჩინა. უმცროსი, ახალგაზრდა კოლეგისადმი ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ დიდ პიროვნებასა და დიდ ექიმს შეუძლია. ჩემი აზრით, ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება კარგ ექიმსაც კი დაემართოს, დროთა განმავლობაში სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მოქცევაა. ჰგონია, უკვე ყველაფერი იცის და, რაც 20 წლის წინ წაიკითხა, დღესაც ჭეშმარიტებად მიაჩნია. ამას ნამდვილად, ვერ ვიტყვით ვახტანგ ბოჭორიშვილზე. პირიქით, ღრმად მოხუცებულიც კი მუდამ ახლის ძიებაში იყო. ლექციებზე იშვიათი და რთული დიაგნოზებით კი არ იწონებდა თავს, არამედ გვესაუბრებოდა და დეტალურად გვირჩევდა საკუთარ დიაგნოსტიკურ შეცდომებს, რაც დიდ და გლობალურად მოაზროვნე ექიმებს შეუძლიათ მხოლოდ... არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მოგეხსენებათ, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი იყო და ხშირად მიემგზავრებოდა ამერიკაში ლექციების წასაკითხად. ინგლისური ენა უკვე ხანდაზმულმა შეისწავლა. კერძო მასწავლებელთან მეცადინეობდა. მიუხედავად მოუცლელობისა, გაკვეთილს არასდროს გააცდენდა. ხუმრობით იტყოდა ხოლმე: ჩემი 90 წლის პედაგოგი, დავალებას კარგად რომ შევასრულებ, ასე შემაქებს: ახალგაზრდის გონება მაინც სულ სხვააო (თავად, ამ დროს, 70 წელს გადაცილებული გახლდათ). საოცარი ენერგიის პატრონი იყო. ღამის მორიგეობისას ბევრჯერ მინახავს კლინიკაში დილაადრიანად მოსული. ჯერ მძიმე ავადმყოფებს მოინახულებდა, მერე კი გულდასმით იმეორებდა ლექციის მასალებს, ამდიდრებდა მათ უახლესი მონაცემებით. ამ დროს, ღამენათევი იყო: ის ხომ თავად უვლიდა უმძიმეს ავადმყოფს, ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს!..

ია ანთაძე: - გერმანულ სკოლაში მუშაობისას, რაღაც უცხო ვირუსი "შევისრუტე" და ორმხრივი ფილტვების ანთებით "ლეჩკომბინატის" რეანიმაციაში მოვხვდი. მაშინ საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე თენგიზ ბეგიშვილი იყო - ჩემი მოსწავლის, ნინი ბეგიშვილის ბაბუა. ბატონმა თენგიზმა კონსილიუმზე მოიწვია ყველა, ვისაც კი შეეძლო, რამით დამხმარებოდა. მათ შორის იყო ბატონი ვახტანგიც. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ნელ-ნელა ყველა ექიმი შემომეცალა და დარჩა მხოლოდ ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელიც ბოლომდე იბრძოდა ჩემს გადასარჩენად. ამასობაში 31 დეკემბერი დადგა და, როდესაც ბატონი ვახტანგი ჩემს გასასინჯად მოვიდა, ვთქვი, - ალბათ, ექიმებისთვის ახალი წელი არ არსებობს-მეთქი. ვერ წარმომედგინა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი. მხოლოდ მაშინ, როდესაც დავინახე, როგორ გადაეხვივნენ ერთმანეთს ბატონი ვახტანგი და ბატონი თენგიზი, მივხვდი, რომ ჩემი გადარჩენის სიხარული გამოხატეს ამ უნებლიე ჟესტით. მოგვიანებით, როცა ჟურნალისტი გავხდი, ხოლო ბატონი ვახტანგი - პარლამენტის წევრი, დედაჩემმა მთხოვა, დაელაპარაკე და მადლობა ახლა მაინც გადაუხადეო. რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, რომ ჟურნალისტი ია ანთაძე ის ავადმყოფი იყო, რომელიც წლების წინ გადაარჩინა. მაშინ ვერ გავბედე მასთან მისვლა და ახლა ძალიან ვნანობ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ინფექციონისტები ყოველთვის შესაბამის პატივს მიაგებენ ბატონ ვახტანგ ბოჭორიშვილს, ლეგენდარულ ექიმს და სამაგალითო ადამიანს.

ხათუნა ბახტურიძე