"ვერ მიცნობთ, ისე გავხდი" - გზაპრესი

"ვერ მიცნობთ, ისე გავხდი"

ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ, ტრენაჟორების დარბაზებიც დაიხურა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებიც. თვითიზოლაციაში ყოფნის გამო, ბევრი წუწუნებს - გავსუქდიო... ცხადია, ეს უმნიშვნელო პრობლემაა იმასთან შედარებით, რა საფრთხესაც პანდემია ჩვენს ქვეყანას უქადის, თუკი მთავრობის მიერ რეკომენდებულ მოწოდებას, რომ სახლში დავრჩეთ, არ დავიცავთ. "კომედი შოუს" მსახიობი - ქეთი ხუციშვილი კვირაში 3-4-ჯერ ტრენაჟორების დარბაზს სტუმრობდა და ვარჯიშობდა, ახლა კი ცხოვრების ჩვეული სტილი თვითიზოლაციის პირობებს მოარგო...

"მყუდროდ ვცხოვრობთ"

- ადამიანთა იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომ სახლში დიდხანს ყოფნის გამო, ისტერიკა დამემართოს. შინ მარტო, კომფორტულად ყოფნა მიყვარს. სახლში მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვართ, ცალ-ცალკე ოთახები გვაქვს. მყუდროდ ვცხოვრობთ. ერთი სული მაქვს ხოლმე, სამსახურიდან მოვიდე და დავწვე, დავისვენო. ე.წ. ღამის ცხოვრება არასოდეს მიტაცებდა: ღამის კაფე-ბარებს არ ვიცნობ. როგორ დღესასწაულზეც უნდა ვიმყოფებოდე, მაქსიმუმ, 12 საათზე შინ უნდა დავბრუნდე, რადგან თუ არ დავისვენე, არანაირ წვეულებაზე წასვლა არ მიღირს. თან, მეორე დღეს უნდა ვივარჯიშო... ეს ყველას უკვირს და ეცინება, მაგრამ ცხოვრების ასეთი სტილი მაქვს. ამჟამად, მსოფლიოში ძალიან ცუდი სიტუაციაა, მაგრამ პირადად ჩემთვის, შინ ყოფნა სირთულეს არ წარმოადგენს - ვერთობი: ხან ვცეკვავ, ხან - ვმღერი, ფილმს ვუყურებ... დრო ასე გამყავს...

"თავს იმიტომ არ ვუვლი, რომ ვინმეს მოვეწონო" - საკუთარი მომხიბვლელობა მაშინ გავაცნობიერე, როდესაც ბავშვობის ასაკიდან გამოვედი. 15-16 წლის ვიყავი, როდესაც შევნიშნე, რომ მიყურებდნენ (იცინის). კომპლიმენტებსაც მეუბნებოდნენ. სხვათა შორის, მხოლოდ ბიჭებს კი არა, გოგონებსაც უთქვამთ, - უი, რა კარგად გამოიყურებიო! ეს კარგია, მეტი მოტივაცია გაქვს, რომ უკეთ გამოიყურებოდე. საერთოდ, თავს იმიტომ არ ვუვლი, რომ ვინმეს მოვეწონო - თავის მოვლის რიტუალებით სიამოვნებას თავად ვიღებ. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. არც ძვირად ღირებულ კრემებს ვიყენებ - ამის შესაძლებლობა არც მაქვს. მაგალითად, ძალიან კარგია, თუ შვრიის ფაფას მოხარშავ და სახეზე წაისვამ. ასეთ ნიღაბს ხშირად ვიკეთებ. ამას 200-300 დოლარი ნამდვილად არ სჭირდება... სახის კანის მკვებავ კრემს რაც შეეხება, აფთიაქში, შედარებით ხელმისაწვდომ ფასად, ერთ-ერთი ფირმის ვეგანურ კრემს ვყიდულობ... მაკიაჟი მძულს, მეზიზღება! ერთი სული მაქვს ხოლმე, კოსმეტიკური საშუალებები სახიდან საპნით ჩამოვირეცხო. კიდევ კარგი, გრიმს კვირაში ერთხელ ვიკეთებ, ასევე - მაშინ, როცა "გააცინე და მოიგეს" ჟიურის წევრებს შორის ვზივარ. გადაღების შემდეგ, შინ მოვრბივარ, რომ სახე "ჩამოვიხეხო". ტონალური კრემი მეზიზღება. მირჩევნია, ადამიანებს ისეთი მოვეწონო, როგორიც ვარ. ჩემს ჩანთაში მხოლოდ ტუშსა და ტუჩსაცხს იპოვი. ტუჩსაცხი ახლობელმა საფრანგეთიდან გამომიგზავნა. 3 წელია, მაქვს - ტუჩებზე გადავიგლეს-გადმოვიგლესავ ხოლმე (იცინის). ტუშიც ხარისხიანი მაქვს.

GzaPress "ჩემი ცოლის დაქალებში" რომ მივედი, თავი გავიტუტუცე..." - ბავშვობაში ჩვენი სტილისტი დედაჩემი იყო. ზაფხულობით, როცა ცხელოდა, თმას ბიჭურად მჭრიდა. მინდოდა თუ არა, მოკლე ვარცხნილობა მქონდა. არ მახსოვს, რომ ბავშვობაში თმა მხრებამდე მაინც მქონოდა - სულ "აკორტნილი" დავდიოდი. როცა წამოვიზარდე, მხარს ზემოთ, თმის სიგრძე არ შემიმოკლებია. არც გრძელი თმა მიყვარს, არც - მოკლე: საშუალო სიგრძე მომწონს. ბუნებრივად ოდნავ ტალღოვანი, ძალიან რბილი თმა მაქვს. ამიტომ სალონებში არ დავდივარ. თმის გასაშრობად არც ფენს ვიყენებ - შხაპის შემდეგ, ჩვეულებრივ, ჰაერზე ვიშრობ... არც სალონური "ლოკონები" მიყვარს. ფრჩხილის ლაქსაც კი კანის ფერისას ვისვამ. ბუნებრიობა მომწონს... თმის ფერს რაც შეეხება, "ჩემი ცოლის დაქალებში" რომ მივედი, თავი გავიტუტუცე და "ომბრე" გავიკეთე, მაგრამ თმა ბოლოებში გაყვითლდა, ამიტომ გადავიღებე. თმა სულ რამდენჯერმე მაქვს შეღებილი. ახლახან კონიაკისფრად შევიღებე. მომდევნო 2 წელი ფერს აღარ შევუცვლი - 2 წელიწადში ერთხელ ვიღებავ, თმის ხარისხს ძალიან ვუფრთხილდები. სხვადასხვა ნიღაბს ვიკეთებ. აბუსალათინის ზეთსაც ვიყენებდი. ახლა ქოქოსის ზეთი მირჩიეს და უნდა ვცადო...

წლების წინ, თმაზე მაიონეზს ვისვამდი, 25 წუთი ვიჩერებდი, შემდეგ კი ვიბანდი. ეფექტიანი იყო... რა თქმა უნდა, შინ ფენიც მაქვს. თუ გადაღებაზე მეჩქარება, ვიშრობ და გავრბივარ, სხვა რა გზა მაქვს?

პლასტიკური ქირურგია და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები - პანდემიის გამო, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ, ესთეტიკური მედიცინის ცენტრების დახურვას ჩემთვის დიდი დისკომფორტი არ შეუქმნია: არა უშავს, მოიცდი და რისი გაკეთებაც გინდოდა, 3 თვის შემდეგ გაიკეთებ, თუმცა, თმის შეღებვის მსგავსად, ტუჩის კორექციის (არ გამიდიდებია) გაკეთებაც მოვასწარი. ახლო მომავალში, ბიორევიტალიზაციის გაკეთებას ვფიქრობ. ცხვირის პლასტიკური ოპერაცია რომ გავიკეთე და კბილებიც ჩავისვი, ეს ყველამ იცის. სახეზე ბიშექტომიას (ლოყის ცხიმოვანი წარმონაქმნების ამოკვეთა) რაც შეეხება, ამის გაკეთება მარტივად გადავწყვიტე: ექიმმა რომ შემომხედა, მითხრა, - ძალიან მცირე ჩარევა გჭირდებაო, მაგრამ უკვე სავარძელში ვიჯექი, როგორ წამოვდგებოდი (იცინის)? მარტივი პროცედურაა - 15-20 წუთი გრძელდება. 1 ნაკერს გადებენ. 3-4 დღე ყბები შესივებულია - მხოლოდ ეს გიქმნის დისკომფორტს და ცოტათი ღეჭვის პრობლემა გაქვს. შემდეგ ყველაფერი ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება. ლოყებზე "ჩაჭრა" მაშინვე არ გემჩნევა - 2 თვის შემდეგ გეტყობა. ძალიან მომწონს...

"წუწუნებენ, გავსუქდითო, მაგრამ მე ვერ მიცნობთ, ისე გავხდი" - ტრენაჟორების დარბაზი დამიხურეს. კიდევ კარგი, ჰანტელები მაქვს. "ზალაში" შევდივარ და რისი შესაძლებლობაც მაქვს, პრესის ვარჯიშებით დაწყებული, ყველაფერს ვაკეთებ... დილა-საღამოს ვვარჯიშობ, არ ვჩერდები. დღეს არსებულ სიტუაციამდე, დარბაზში კვირაში 3-4-ჯერ მივდიოდი. ახლა, როცა სახლში გამოვიკეტე, უფრო გაძლიერებულად ვვარჯიშობ, რადგან საჭიროა... სასაცილოა, მაგრამ დღეში ერთხელ ვჭამ, რაც მიზანშეწონილი არ არის: ადამიანმა საკვები დღეში ოთხჯერ, მცირე ულუფებად უნდა მიიღოს. ჭამა არ მიყვარს - ჩემი ორგანიზმი არ ითხოვს. ამიტომ საკვებს დღეში ერთხელ გეახლები და ამით ვკმაყოფილდები. თვითიზოლაციის პერიოდში, ყველა წუწუნებს, გავსუქდითო, მაგრამ მე ვერ მიცნობთ, ისე გავხდი. პურს, შოკოლადს, ცომეულს არ ვჭამ. მაგალითად, ახლა სოკოს სუპი უპუროდ მივირთვი. საერთოდ, ცომეული ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. ჩემი საკვებია წიწიბურა, შვრიის ფაფა (რომელშიც ცოტა ყველს ვყრი), წვნიანი... წლებია, ასე ვიკვებები - მიჩვევა იცის.

GzaPress "ვერავინ იტყვის, ქეთისთან ნაჩხუბარი ვარო" - ბევრ ადამიანს ვიცნობ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვერავინ იტყვის, ქეთისთან ნაჩხუბარი ვარო. თუ ურთიერთობა არ მსურს, უბრალოდ, დისტანციას ვიცავ. ცხადია, უახლოესი მეგობრები მყავს. სხვათა შორის, ბოლო დროს ბიჭებთან მეგობრობა "დავამუღამე". წინათ ვერ წარმომედგინა, ბიჭთან როგორ უნდა მემეგობრა? ვფიქრობდი ან შევუყვარდები, ან - მოვეწონები-მეთქი... ჩემი მეგობარი ბიჭები ისეთი სანდოები, მეგობრულები არიან, რომ ამას ძალიან ვაფასებ... რომ გითხრა, თვითიზოლაციის პირობებში, 24 საათი ონლაინმიმოწერა მაქვს-მეთქი, მოგატყუებ. ძირითადად, საინტერესო, სამეცნიერო გადაცემებს ვუყურებ - თავს ამით ვირთობ. ხან დედაჩემთან ჩავდივარ - მეზობლად ცხოვრობს. დრო ასე გადის...

შვილის დაბადების დღე - შვილის დაბადების დღე გრანდიოზულად არასოდეს აღმინიშნავს. ყოველთვის შინ, ოჯახის წევრების გარემოცვაში აღვნიშნავდით. ახლახან 18 წლის გახდა. "ყიყლიყოებით" მივულოცე - შევუწვი და დილით, ჩაისთან ერთად მივართვი. "ყიყლიყოში" 1 სანთელიც უნდა ჩამერჭო (იცინის)... მე და ჩემი შვილი ნამცხვრებს არ ვჭამთ, არ გვიყვარს.

თვითიზოლაცია და სოციალური დისტანცია - როცა მოგიწოდებენ, გვერდით მყოფისთვის და საერთოდ, ნებისმიერი ადამიანისთვის თვითიზოლაციის წესის დაცვა აუცილებელია, გასაგები უნდა იყოს. ვფიქრობ, უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ რეკომენდაციების გამეორება საჭიროც არ უნდა იყოს. თუ აუცილებელი არ არის, შინიდან არც გავდივარ. ან აფთიაქში მივდივარ, ან - მაღაზიაში და ამასაც წამებში ვაკეთებ, სოციალურ დისტანციას ვიცავ. ფანჯრიდან რომ ვიყურები, ვხედავ, ადამიანები კანტიკუნტად მიდიან (ალბათ, ისინიც - მაღაზიაში ან აფთიაქში). როცა ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული, ეს უკვე დიდმაც და პატარამაც უნდა შევიგნოთ - ისევ ჩვენთვის არის კარგი, რომ შექმნილი სიტუაცია უფრო დიდხანს არ გაგრძელდეს...

ეთო ყორღანაშვილი