როგორ უმკლავდება აუცილებელ თვითიზოლაციას ჯანო იზორიას 4 წლის გოგონა - გზაპრესი

როგორ უმკლავდება აუცილებელ თვითიზოლაციას ჯანო იზორიას 4 წლის გოგონა

"ეზოში, საიდანაც ახლა გელაპარაკებით, ზუსტად ისეთი ყვავილია, როგორიც სოფელში (აფხაზეთში) გვაქვს, ისეთივე სურნელი აქვს... როცა გავივლ-გამოვივლი, ცოტა ხნით ამ ყვავილთან ვჩერდები ხოლმე," - გვითხრა მსახიობმა ჯანო იზორიამ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველა შეგნებული მოქალაქის მსგავსად, თვითიზოლაციაში იმყოფება, პერიოდულად კი - შინიდან 4 წლის შვილისთვის, რომელიც აუცილებელი თვითიზოლაციის პერიოდს გადის, საკვების დასატოვებლად მიდის...

- მშვენივრად ვარ. სიცხე არ მაქვს, არ ვახველებ და ოპტიმისტური განწყობა, მომავლის იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცხადია, სიფრთხილეს ვიჩენ.

- ამჟამად, სად იმყოფები?

- წყნეთში ვარ. დასავლეთ საქართველოში წასვლასაც ვგეგმავდით, მაგრამ არ გამოდის: ჩემი შვილი - ევა შვეიცარიიდან ჩამოვიდა. იქ 2 თვის განმავლობაში, ნათესავებთან იმყოფებოდა. 16 მარტს საქართველოში დაბრუნდნენ, რადგან მერე უკვე გზები იკეტებოდა. კიდევ კარგი, ჩემი შვილი ახლა საქართველოშია. თბილისში, დედასთან და ბებიასთანაა. ჩამოსვლისთანავე თვითიზოლაციაში არიან. შედარებით მშვიდად ვარ. ევასთან მივდივარ ხოლმე და საჭმელს ვუტოვებ, რაც სჭირდება.

- რას გრძნობდი, როცა WHO-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, ამ დროს კი შვილი გვერდით არ გყავდა?

- საერთოდ, ემოციური ადამიანი ვარ. ჩემი ემოციების გადმოცემა არ მიჭირს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკუთარ თავში ჩავიკეტე და სულ ფიქრებში გართული ვიყავი, რაც მანერვიულებდა და მძაბავდა. ვიცოდი, რომ გამომგზავრება "გადასხდომით" უწევდათ. ეს რომ წარმოვიდგინე, რა განცდაც დამეუფლა, გადმოსაცემად რთულია, რა... თამბაქოს ბევრს არ ვეწევი, მაგრამ იმ პერიოდში, ძალიან ბევრს ვეწეოდი. თავს ბოლთის ცემით ვიმშვიდებდი... თავისთავად, ჩემი მეუღლე - გვანცა მამხნევებდა. კარგია, როცა საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს, გამშვიდებს, გამხნევებს...

- ალბათ, რთულია, 4 წლის ბავშვს აუხსნა, რომ თვითიზოლაციაში ყოფნა აუცილებელია. შექმნილ სიტუაციას ევა როგორ აღიქვამს?

- რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ როცა ბებიამისს აეროპორტში მოჰყავდა, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებდა: ნიღაბიც ეკეთა, ხელთათმანებიც... ახლა სახლშია. სხვათა შორის, ძალიან ფანტაზიორია: კოსტიუმებს, კაბებს გამოიტანს ხოლმე და ბევრს ერთად იცვამს. ამით ერთობა, ასევე - თოჯინებით და სხვადასხვა სათამაშოთი... ევას თავისი სამყარო აქვს. ფანტაზიის ნაკლებობას წინათაც არ უჩიოდა. ვერ იტყვი, შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება უჭირსო, თუმცა დედამისმა ფოტო გადაუღო, რომელმაც ძალიან ამაღელვა: ევა ფანჯარასთან დგას, ხელში თოჯინა უჭირავს და ფანჯრის მიღმა ცხოვრებას უყურებს...

GzaPress

- ვიცით, რომ გულღია, ენერგიული ადამიანი ხარ. თავად როგორ უმკლავდები თვითიზოლაციას და სოციალური დისტანციის დაცვას? - თეატრალური ინსტიტუტის ჯგუფელებს ველაპარაკებოდი, ბევრი ვიხალისეთ. თან, დავფიქრდით - ნეტავ რა იქნება-თქო? ერთმანეთი დავამშვიდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მიჭირს... სანაცნობოში, საახლობლოში მოუსვენარი ადამიანის იმიჯი მაქვს. თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი პედაგოგი - რეზო ჩხეიძე "ჯანო მოუსვენარაძესაც" მეძახდა (იცინის). თავისთავად, თვითიზოლაციაში ყოფნა ძნელია. არავინ მეგულება, ვისაც სახლში ჯდომა არ უჭირს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებამდეც "ჩაკეტილები" იყვნენ. ალბათ, ურთიერთობის დეფიციტს თავად ქმნიდნენ: ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგს თავისი სამეგობრო წრე ჰყავს და მხოლოდ ამ წრესთან ურთიერთობს... რაც დღეს სამყაროში ხდება, ალბათ, ღმერთმა იმიტომ მოგვივლინა, რომ ყველაფერი გადაფასდეს, ადამიანებმა ერთმანეთთან მეტი დრო გაატარონ, რადგან ურთიერთობის დეფიციტი პანდემიამდეც იყო: მაგალითად, თეატრში (განსაკუთრებით - რეგიონში) მაყურებლების სიმცირეს განვიცდიდით. ჩემი აზრით, შექმნილი სიტუაცია რომ გადაივლის, ადამიანებიც მიხვდებიან, რომ ინტერნეტში რაღაცების ყურებას თეატრში, კინოთეატრში წასვლა სჯობს. მოგეხსენებათ, კინოცენტრის ინიციატივით, ახალი ქართული ფილმები (რამდენიმეში მეც ვთამაშობ) ინტერნეტში გამოქვეყნდა. ხალხი უყურებს. კრიტიკაც არის და დადებითი შეფასებებიც... როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ჩემი აზრით, კინოთეატრებში ბევრი ქართული ფილმი უნდა იყოს და საკუთრის პატივისცემა ადამიანმა არასოდეს დაიზაროს. დღეს ეს პრობლემა დაგვიდგა - თეატრში კი არა, მეზობელთან ვერ მიდიხარ. ვხუმრობ ხოლმე: ცოტა ხანში ადამიანების შინაგან მდგომარეობას "პატიმრის სინდრომი" დაემატება-მეთქი, მაგრამ უნდა გავუძლოთ. წარმოიდგინე, ნამდვილი პატიმრები, როცა სასჯელს იხდიან, წლობით ერთ საკანში არიან გამოკეტილი. შე ოჯახაშენებულო, სახელმწიფო შინ ყოფნის რეკომენდაციას თვის ბოლომდე გაძლევს, უნდა ადგე და წესი დაიცვა!.. დიდი ხანია, საზღვარგარეთ არ ვყოფილვარ, გასტროლიც არ მქონია. გარეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გავდივარ: პროდუქტს ვიღებ, ევას ვუტოვებ... საბავშვო ბაღშიც მივედი, სადაც პატარებისთვის პროდუქტი დარიგდა. ევას წილი წამოვიღე. ჩანთით რომ მომქონდა, უცბად თვალწინ 90-იანი წლები დამიდგა: ის პერიოდი, პურის რიგები... მოგონებები გამიმძაფრდა, ცოტათი სევდაც შემომაწვა, თვალებიც ამიწყლიანდა. ეს შეგრძნება ბევრად უფრო მძაფრი იყო, რადგან ჩანთაში ჩემი შვილის წილი საჭმელი იყო, რომელიც მას საბავშვო ბაღმა გაუგზავნა. ამისთვის იდეის ორგანიზატორებს დიდ მადლობას ვუხდი... თვითიზოლაციაში აუცილებლად უნდა ვიყოთ, უნდა მოვითმინოთ, გავუძლოთ. ჯობია, მომავალში ერთმანეთი ვნახოთ, ვიდრე ვერ ვნახოთ, რა...

- პანიკური შეტევები გაქვს ხოლმე?

- მგონი, ეს არც გმირობად მიიჩნევა და არც ცუდ ტონად, რომ ვთქვა: საერთოდ, პანიკიორი არ ვარ. ჩემი აზრით, შიშმა უმწეოდ, ლაჩრად არ უნდა გაქციოს. შეიძლება, შეშინებულმა ბევრი ცუდი რამ ჩაიდინო, მაგრამ შიშის დოზირებული შეგრძნება და მასთან გამკლავების მეთოდებიც უნდა გქონდეს. არ მივესალმები, როცა ადამიანები წერენ (თუნდაც ტელეპათიური ნიჭი ჰქონდეთ): ჯერ სად ხართ? ნახეთ, ხვალ რა მოხდებაო... საზოგადოების ან თუნდაც, მეგობრის ასე "დაპანიკება" არ შეიძლება, თორემ თავისთავად, ადამიანები ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაგალითად, შვილის გამო პანიკაში რომ ვიყო, თავსაც გავიფუჭებ, გავინადგურებ და იმის გაკეთების თავიც აღარ მექნება, რაშიც შეიძლება, ჩემს გოგონას გამოვადგე, ვეღარავის ვუშველი... როცა რთულ ეპიზოდებს ცხოვრებაში რეალურად ეფეთები, რაღაცნაირად, საკუთარ თავს უნდა სძლიო, ძალა მოიკრიბო - თავსაც უშველო და შენს მომავალსაც.

GzaPress

- პანდემიამდე ცხოვრებიდან ყველაზე მეტად, რა გენატრება? - როგორც გითხარი, ევა 2 თვით შვეიცარიაში იყო. იქ აპრილამდე უნდა დარჩენილიყო. 2 თვე ბავშვი ნანახი არ მყავდა. როცა ჩამოვიდა, მაშინვე თვითიზოლაციაში წავიდა. ბუნებრივია, ვერ ვნახულობ. ძალიან მენატრებოდა და მენატრება. თავისთავად, მისი ნახვის ნატვრას მალე ავიხდენ... "ძველ" ცხოვრებას რაც შეეხება, უკვე იმ ეტაპზე ვიყავი, რომ გადაღებები უნდა დაწყებულიყო, კასტინგებიც მქონდა, თეატრებში სპექტაკლებს ვთამაშობდი... ბუნებრივია, ეს ყველაფერი, ადამიანებთან ურთიერთობა, მისვლა-მოსვლა, ღვინის წრუპვა, ჩემი ქალაქი ფოთი, აფხაზეთში სოფელი მენატრება... აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვიახლოვდება - ადამიანი ამაზეც ფიქრობ. ეს ისეთი დღესასწაულია, როცა ყველა თავის სოფელში თუ ქალაქში მიდის. ღმერთმა ქნას, სასწაული მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ალბათ, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაც ცოტათი დისტანცირებულად მოგვიწევს, მაგრამ აღდგომას მხოლოდ ერთხელ ხომ არ შევხვდებით? მხოლოდ ერთ სპექტაკლში ხომ არ ვითამაშებთ?.. მომავალში ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება, თუმცა ჩემ გვერდით გვანცა რომ არ იყოს, ალბათ, ჩემი ამბავი რთულად იქნებოდა: ბევრს ნიშნავს, როცა გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, ვისთან ერთადაც არაფრის გეშინია.

- ჯანო, თვითიზოლაციაში დრო გაგყავს თუ დროს იყენებ?

- ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ... მართვის მოწმობა არ მაქვს. თვითიზოლაციის პირობებში, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ბილეთებს თვალს გადავავლებ ხოლმე (იცინის). კიდევ, გვანცას ვეუბნები, - რა მაგარი იქნებოდა, პატარა სახელოსნოს მსგავსი რომ მქონდეს, სადაც საღებავები და სხვა საჭირო ბევრი რამე მექნებოდა-მეთქი... რაღაცებს გავაკეთებდი. ასეთ დროს ადამიანს შემოქმედებითი იდეები მოგდის - რა შეიძლება გადაიღო, რა როლი ითამაშო... თითქმის ყველა ახალი ქართული ფილმი ნანახი მაქვს, მაგრამ ინტერნეტში რომ გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ვუყურებ. ასევე, არ მინდა, საკვებს ძალიან მივეძალო, რადგან გურმანი ვარ. წონაში ვიკლებდი - გადაღებისთვის მჭირდებოდა. მაინც იმედიანად ვარ, რომ ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგება, საქმეს შევუდგებით, სპექტაკლებშიც ვითამაშებთ... ვცდილობ, სხეულის ფორმა შევინარჩუნო. საქმეს მოწყურებული ადამიანები ყველაფერს უფრო კარგად და ხარისხიანად გააკეთებენ, ჩემი აზრით... მინდა, ყველას მშვიდობა და ჯანმრთელობა ვუსურვო. მგონია, ეს ყველაფერი კარგი მომავლის გზაზე დაგვაყენებს - ამის მჯერა და მწამს, რადგან ადამიანები მიხვდებიან, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, დრო სისულელეებში არ უნდა დავხარჯოთ. მთავარია, ახლა ჭკვიანად მოვიქცეთ, რადგან მისაბაძი ქვეყანა გავხდით - მსოფლიო ისტორიაში ჩვენი ხალხი გარკვეული თვისებებით შედის და ახლა შანსი გვაქვს, მსოფლიოში ჩვენც ვთქვათ სიტყვა. ჰოდა, ვთქვათ: ყველაფერი კარგად იქნება!..

ეთო ყორღანაშვილი