"ექიმობას" გადარჩენილი და მოგზაურობის მოყვარული პარლამენტარის "დაკორექტირებული" ყოფა - გზაპრესი

"ექიმობას" გადარჩენილი და მოგზაურობის მოყვარული პარლამენტარის "დაკორექტირებული" ყოფა

ეკონომისტი, დიპლომატი და პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამჯერად აპოლიტიკურ თემებზე გვესაუბრება და გვიამბობს, თუ რას საქმიანობდა პარლამენტარობამდე - სწავლაზე აშშ-ში, მრავალფეროვან კარიერასა და ჰობიზე...

- როგორ ცხოვრობთ კარანტინის პირობებში? ამჟამად რამეზე თუ მუშაობთ?

- ალბათ, როგორც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა, მეც ვცდილობ, უმეტესწილად შინ ვიყო. იოლი არ არის, მაგრამ ეს აუცილებელი მინიმუმია, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ. როგორც იცით, საპარლამენტო საქმიანობაც საგანგებო რეჟიმშია, სესიები და საკომიტეტო სხდომებიც არ იმართება. არც პოლიტიკური დებატებისთვისაა შესაფერისი დრო. პარლამენტმა მხარი დავუჭირეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ამით მთავრობას მოქმედების თავისუფლება მივეცით. შესაძლოა, მათი ყველა ქმედება არ მომეწონოს ან რაიმე შეცდომას ვხედავდე, მაგრამ ახლა სწრაფი მოქმედებაა საჭირო. დრო პოლიტიკურ დისკუსიებზე ნაკლებად უნდა იხარჯებოდეს. ამაშია საგანგებო მდგომარეობის არსიც. ვცდილობ, ეს პერიოდი რაციონალურად გამოვიყენო. კითხვასა და ვარჯიშს ერთმანეთს ვუთავსებ. ასევე, სამომავლო პროექტებზე ვმუშაობ, რომლებიც ჩემს საპარლამენტო საქმიანობასთანაც კავშირშია.

- საზოგადოებამ, ძირითადად, პარლამენტარობის დროს გაგიცნოთ. მოგვიყევით, რას საქმიანობდით მანამდე?

- დიახ, პარლამენტარი 2016 წელს გავხდი, პოლიტიკაში კი 22 წელია ვარ. 1998 წელს, ახალგაზრდა სოციალისტთა ორგანიზაციას (სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია) შევუერთდი. ბევრი საფეხური გავიარე, რიგითი წევრობით დავიწყე, საბოლოოდ კი ორგანიზაციის თავმჯდომარეც ვიყავი.

2008 წელს ამირჩიეს ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის - IUშY ვიცე-პრეზიდენტად. 1907 წელს დაფუძნებული ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე ახალგაზრდულ ორგანიზაციას აერთიანებდა. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული პოლიტიკური გაერთიანებაა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში პირველი ქართველი ვიყავი, დღეს კი მისი გენერალური მდივანი ქართველი ანა ფირცხალავაა. ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტობა დიდი გამოცდილების მომტანი იყო ჩემთვის. მან შესაძლებლობა მომცა, საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე მემუშავა და პარალელურად, ჩვენი რეგიონის პრობლემები დღის წესრიგში შემეტანა. ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ კავშირს და გვაქვს არაფორმალური ქსელიც, ე.წ. იუსი-ს ვეტერანების კლუბი.

პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, სახელმწიფო სამსახურში დაახლოებით 8 წელი გავატარე: 1998-2004 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. 2005-2006 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში ვსაქმიანობდი...

- აშშ-ზე, ვაიომინგზე გვიამბეთ.

- სხვათა შორის, იქ 2011 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის "მასკის პროგრამით" წავედი. სამაგისტრო კურსი გავიარე ვაიომინგის უნივერსიტეტში, საგარეო პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით. შუალედში პრაქტიკა გავიარე ვაშინგტონში, ერთ-ერთ გავლენიან კვლევით ორგანიზაციაში, ჰადსონის ინსტიტუტში. დაბრუნების შემდეგ კი, 2013 წელს "ქართულ ოცნებას" შევუერთდი, რომლის დატოვებაც გასული წლის ბოლოს მომიხდა... "მასკის პროგრამის" სტიპენდიანტი ბევრი ქართველი პოლიტიკოსი იყო, საქართველოს ბევრი პროფესიონალი შესძინა სხვადასხვა სფეროში. პროგრამა სრულად აფინანსებდა სწავლისა და იქ ყოფნის ხარჯებს; უზრუნველყოფილი იყო სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, რესურსები, ბიბლიოთეკები და სამუშაო სივრცეები, მაღალი კლასის აკადემიური პერსონალი და სტუდენტების მხარდასაჭერი პროგრამები. მანამდე, საქართველოში, თავართქილაძის უნივერსიტეტში საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები დავამთავრე. მაშინ თავად ბატონი გურამი იყო რექტორი. ვაიომინგი განსხვავებული, უნიკალური შტატია, ფილმებში რომ გინახავთ, ზუსტად ისეთი, - ფერმერებისა და კოვბოების შტატი, და ეს კულტურა დღესაცაა შემორჩენილი. ამერიკაში ცხოვრება საინტერესო იყო.

- თქვენს ბიოგრაფიაში ამოვიკითხე, რომ 1990 წელს სანიტრად მუშაობდით. ექიმობას ხომ არ აპირებდით?

- მაშინ, საბჭოთა დროს, სამუშაო სტაჟი უნდა გქონოდა და ამიტომ ფორმალურად ვიყავი გაფორმებული, სამსახურში ხანდახან დავდიოდი. უნივერსიტეტში ჩაბარების დროს, ერთწლიანი სტაჟი ერთ ქულას უთანაბრდებოდა და მაღალი კონკურენციის პირობებში შესაძლოა გამოგდგომოდა... მედიკოსების ოჯახიდან ვარ და მშობლებს სურდათ, სამედიცინოზე ჩამებარებინა. მამაჩემი სულ ცდილობდა, გარკვეული სიახლეები დაენერგა. კარგი ვიდეომასალები ჰქონდა. მაშინ ინტერნეტი არ იყო და ვიდეოზე ვუყურებდი, როგორ ტარდებოდა ოპერაციები. შიში არ მქონია, სამედიცინო გარემოში შინაურულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ექიმობის სურვილი არ მქონდა.

- რა იყო თქვენი მიზანი? რა გიტაცებდათ?

- საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია, პოლიტიკა მომწონდა. ცოტა ხანს ვიმუშავე დიმპლომატიურ სამსახურში. საერთაშორისო პოლიტიკა უფრო მხიბლავს და ვარ კიდეც ამ სფეროში... ბავშვობისას, მოგზაურობა მინდოდა და იმ პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მიმაჩნდა, რომ დიპლომატია მოგზაურობის საშუალება იყო. გარკვეულწილად ასეც არის, მაგრამ მოგზაურობის სურვილი სხვა საქმიანობით დავიკმაყოფილე. მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ვარ ნამყოფი, ბევრ ქვეყანაში, ზოგან - 5-6-ჯერაც. პარლამენტამდეც წელიწადში შესაძლოა, 10-15-მდე ვიზიტი მქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული მატერიალური შესაძლებლობები არ მქონდა, მაინც ვახერხებდი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში მონაწილეობას, საქმესა და ჰობის საინტერესოდ ვუთავსებდი ერთმანეთს.

- უცხოეთში მოგზაურობისას, ყველაზე მეტად რა გიზიდავთ?

- ყოველთვის ვცდილობ, ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნისას, დავათვალიერო არა მხოლოდ ტურისტული ადგილები, არამედ გავეცნო ქალაქის შიდა კულტურულ ცხოვრებას, ადგილობრივ ტრადიციებს. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ - არა... თბილისშიც მიყვარს ძველ უბნებში სიარული, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებშიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია მულტიეთნიკური კულტურა და თბილისური სულისკვეთება.

- თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი რომელი ქალაქი იყო?

- რომი. გგონია, რომ რაღაც ჩვეულებრივი ნაგებობა დგას, მიუახლოვდები და აღმოჩნდება, რომ რომის იმპერიის პერიოდისაა. გეგონება, სანახევროდ ზღაპარში ხარ. საბერძნეთსაც აქვს აკროპოლისი და სხვა ისტორიული ადგილები, მაგრამ რომში ისტორია განსაკუთრებულად იგრძნობა, მთელი ქალაქი მუზეუმია. მითსა და რეალობას შორის ხარ და ეს შთამბეჭდავია.

თამთა დადეშელი