ვინ უკრავს "ტაშს" ონისე ონიანს? - გზაპრესი

ვინ უკრავს "ტაშს" ონისე ონიანს?

მსახიობი ონისე ონიანი "დარჩი სახლში" შეზღუდვების ფარგლებში სულაც არ გრძნობს თავს მოწყენილად. როგორ ატარებს დროს, რა ვიდეოებს დებს "ფეისბუკზე" და რას ურჩევს ადამიანებს? - ამას ინტერვიუდან გაიგებთ.

- მარტის თვეში ბაკურიანში იყავით და თან უცხოელებს შეხვდით, არ შეგეშინდათ?

- არა, არა! ჩემს სახლთან, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ტრიალი მინდორი და იმ დღეს, როცა თოვლი მოვიდა, მე და ჩემი შვილი ლილე ამ მინდორში ვსეირნობდით. ჩავწერე ვიდეო, სადაც ვთქვი, რომ ბაკურიანში ვარ, უცხოელებს შევხვდი და ცხელ-ცხელ კორონას ჩავიტანდი თბილისში. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა...

- იზოლაციის პირობებში ზოგს ავტობუსით მგზავრობა ენატრება, ზოგს ფიტნესკლუბი, ზოგს სხვა რამ... და ადამიანებიც სხვადასხვა თემაზე იღებენ ვიდეოებს. თქვენ, სცენა გენატრებათ?

- იმ დღეს კოლეგას ვესაუბრებოდი და ერთმანეთს შევჩივლეთ - ზაფხულობით, როცა სეზონი მთავრდება თეატრში, ორი თვით სცენას ვემშვიდობებით. ამას მიჩვეულია ჩვენი სხეული, გონება... ყველაფერი, მაგრამ ახლა იძულებით ვართ ამ მდგომარეობაში და ამიტომ, ძალიან გვენატრება სცენაზე დგომა. "ფეისბუკის" გვერდზე განთავსებულ ჩემს ნებისმიერ ვიდეოს რომ გამოეხმაურებიან ხოლმე, ეს არის ტაში ჩემთვის და ამით ვინაზღაურებ ნოსტალგიას. ვიღაცამ იმღერა, ვიღაცამ ლექსი წაიკითხა, ერთმა იცეკვა, მეორემ მგზავრობის იმიტაცია მოიფიქრა და ა.შ. საკუთარ მონატრებას ყველა თავისებურად გამოხატავს.

- მსახიობმა სახლში, როლზე მუშაობისას შეიძლება მეორე ნახევარი დაიხმაროს, რომელიც წაიკითხავს პარტნიორის ტექსტს. თქვენ არ გიცდიათ?

- რატომაც არა, შეიძლება, მაგრამ არ მიცდია. საერთოდ, მირჩევნია, რეპლიკა თავად წავიკითხო, რომ დავიმახსოვრო, თან კარგად მინდა ჩავუღრმავდე ტექსტს, რომ სათქმელს ჩავწვდე.

GzaPress

- კომპიუტერსა და ტელევიზორს დროის რა ნაწილს უთმობთ? - მიჯაჭვულები ვართ ინტერნეტსივრცეს, ამისთვის დიდი დრო მოგვეცა და მეტი გზაც არა გვაქვს. მე რომ ჩამოგითვალოთ ჩემი ერთი დღის განრიგი, რაც აქამდე მქონდა, მიხვდებით, რომ ტელევიზორისთვის საერთოდ ვერ ვიცლიდი. ახლა სახლში მივიხედ-მოვიხედე და აბაზანაში კაფელი ჩემი ხელით გავაკარი, კიბე შევღებე, ლაქი წავუსვი, შპალერი გავაკარი... ბინის ერთი უჯრედი გავაცოცხლე. თუკი სურვილი გაქვს, ყველაფერი გამოგივა. როცა სულ სახლში ხარ, ბევრი ფიქრის დრო გაქვს იმისთვის, რომ რაღაცა აღმოაჩინო, შეაფას-გადააფასო და იოტისოდენა საქმეც რომ იპოვო, ის აუცილებლად უნდა გააკეთო. ეს სასარგებლოც არის.

- ალბათ, წაკითხულ წიგნებსაც გადაავლებდით თვალს.

- ალალად გითხრათ, წიგნებს სამწუხაროდ ჯერ ვერ მივუბრუნდი. იმდენად ბევრ ინფორმაციას ვიღებ ყველა მიმართულებით, რომ წიგნებისთვის დრო აღარ შემომრჩა.

- ბევრი კულინარიული ვიდეო გიდევთ...

- ჩემი მეუღლის იდეა იყო, მე გადავიღებ, შენ მოამზადეო და ასე შეითავსა ოპერატორის ფუნქცია. არ შევეწინააღმდეგე, პირიქით - ავყევი, ჩემთვის სასიამოვნო პროცესია სამზარეულოში საქმიანობა. კულინარიაზე ვგიჟდები, ჩემი ჰობია. ფიქრისთვის კარგი დროა, როცა რამეს ჭრი, თლი, წვავ... მაშინ მოდის ბევრი კარგი იდეაც. ახლა კულინარიულ ვიდეოებს აღარ ვიღებ, იმდენმა აიტაცა ჩემი მაგალითი, რომ მე გავჩერდი, საკმარისია-მეთქი.

ჩემთვის აღმოჩენა იყო პიტნიანი მჭადები, ძალიან გემრიელი გამოვიდა. მერე სხვებმაც გამოაცხვეს და კმაყოფილები მირეკავდნენ, მოგვეწონაო. შეგიძლიათ ტარხუნიანიც გააკეთოთ, ანდა პიტნა, ტარხუნა და ყველი ერთმანეთში აურიეთ და ისე გამოაცხეთ, ესეც გემრიელია.

- ანეკდოტი არ იცით კორონავირუსის თემაზე?

- ძალიან ვხალისობ ანეკდოტებზე, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ. თუკი დავიმახსოვრე, მერე ვშლი თემას და თურმე კარგადაც ვყვები, მაგრამ სხვისი მონაყოლი უფრო მომწონს.

GzaPress

- მთელი ოჯახი ერთად ხართ? - კი, ყველანი ერთად ვცხოვრობთ. უფროსი ქალიშვილი ლილე 24 წლისაა, ანასტასია 18-ის გახდება, სკოლას ამთავრებს. თუმცა ამ საყოველთაო კარანტინის პირობებში დაამთავრებს თუ არა, ეს უკვე აღარ ვიცი... ამას წინათ სამი დღე არ გვქონდა ინტერნეტი, ქარმა კაბელი გაწყვიტა. აბსოლუტურად მოვწყდით ყველაფერს, ოთხივე სახლში ვართ, რა ვაკეთოთ? მოდი, ვითამაშოთ კარტიო. ოო, ისეთი აზარტულები აღმოვჩნდით, რომ ხან ვჩხუბობდით, ხან ვიცინოდით, ერთ ამბავში ვიყავით. დრო ხალისიანად გავატარეთ. ჩვენს ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ ოჯახის წევრებმა "ჯოკერი" ერთად ვითამაშეთ.

- კომენდანტის საათი ხომ არ გთრგუნავთ? პირველსავე დღეს, შემოწმებაზე 421 დარღვევის ფაქტი გამოვლინდა...

- აუცილებელი იყო კომენდანტის საათი და მივესალმები. ვურჩევ ხალხს, რომ ეს მიიღონ ისე, როგორც მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა. ცუდია, როცა ვინმე იბრძვის გარეთ გასასვლელად მაინცდამაინც ამ დროს. ყველამ თავი შეიკავოს, ისხდნენ სახლში მშვიდად, წყნარად, მიხედონ ოჯახს და ყველაფერი კარგად იქნება.

ნანული ზოტიკიშვილი